"უკრაინის ომის ენდშპილი: სავარაუდო ვერსიები" - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"უკრაინის ომის ენდშპილი: სავარაუდო ვერსიები" - რას წერს ამერიკული გამოცემა

ამერიკულ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "უკრაინის ომის ენდშპილი: სავარაუდო ვერსიები" (ავტორი - მაიკლ ო’ჰენლონი, აშშ-ის ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამრომელი), რომელშიც განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების რამდენიმე ვარიანტი.

გაგაცნობთ პუბლიკაციას:

"უკრაინის კონფლიქტს ყოველდღიურად არა მარტო ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, არამედ სიტუაციას მთელ მსოფლიოში ამწვავებს - როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე - ეკონომიკურად, ჩნდება შიმშილის საფრთხე, იზრდება ფასი ენერგომატარებლებზე, მატულობს ინფლაციის ტემპი, მწვავდება ურთიერთდამოკიდებულება მოსკოვსა და დასავლეთს შორის. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს. ეჭვგარეშეა, რომ ეს ამოცანა იოლი არ არის, მაგრამ მაინც უნდა შევეცადოთ.

ხაზს ვუსვამთ: მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება თავისი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. უკრაინას ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა პირობები არ უნდა უკარნახონ. ამასთან, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა მოლაპარაკების მიმართულებით არ იმუშაოს. ვაშინგტონმა, ლონდონმა, პარიზმა და ბერლინმა კიევს იდეები უნდა შესთავაზონ, რომლებიც ისტორიის გაკვეთილებსა და საერთო კოლექტიურ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული.

მშვიდობისაკენ პირველი ნაბიჯი, ალბათ, ზავით გადაიდგმება, ცეცხლის შეწყვეტის სახით, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე დაიდება - ბრძოლის ველზე შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.

ამ შემთხვევაში კრემლი, უახლოეს პერსპექტივაში, შეინარჩუნებს კონტროლს იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს დღეისთვის აქვს დაკავებული ანუ - დონბასზე, ყირიმზე და მათ დამაკავშირებელ სახმელეთო დერეფანზე. მხარეებისათვის ჯერ ნაადრევია შეთანხმების მიღწევა მუდმივი საზღვრების თაობაზე. კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები პრინციპულად განაცხადებენ, რომ სადავო ტერიტორიები უკრაინას ეკუთვნის. შესაძლოა, მათ იმედი აქვთ, რომ რუსეთის მომავალი ლიდერი, რომელიც ვლადიმერ პუტინს შეცვლის, სიტუაციას ისე შეხედავს, როგორც უკრაინელები უყურებენ და, საბოლოოდ, უკრაინას მიწებს დაუბრუნებს. შესაძლოა, ეს მოხდეს უკვე 2030-იან წლებში, როცა ვლადიმერ პუტინი საბოლოოდ წავა ხელისუფლებიდან. მანამდე კი, რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით, სანქციები ძალაში იქნება.

თუმცა ვლადიმერ პუტინისათვის, ერთგვარი სტიმულის სახით, დასავლეთმა შეიძლება მიანიშნოს, რომ თუ მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებას დაიწყებს და შეთანხმებას დადებს, მაშინ სანქციები არ გამკაცრდება - ვთქვათ, გაზის იმპორტს არ დაბლოკავს. თუ შეთანხმება დაიდება, სავარაუდოდ, უკრაინაში დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია განთავსდება და რუსეთს გაუძნელდება საომარი მოქმედებების განახლება.

ალბათ, დღეს თვითონ უკრაინაც მზად არ არის დროებითი შეთანხმების დასადებად. თუმცა, დიდი ალბათობით, მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ კიევმა თავისი პოზიცია შეცვალოს, მაგალითად, რამდენიმეკვირიანი აქტიური სამხედრო მოქმედებების შედეგების მიხედვით, როცა უკრაინა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს - იმ თანამედროვე იარაღის გამოყენებითაც კი, რომელსაც აშშ აწოდებს (მაგალითად, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - HIMARS-ები).

მას შემდეგ, როცა ზავის პირობები [შუამავლების დახმარებით] შეთანხმდება, მხარეებს შეუძლიათ სწრაფად დაიწყონ უშუალო მოლაპარაკება გრძელვადიანი გადაწყვეტილების მისაღწევად. ალბათ, მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება, წარმატებას ვერ მიაღწიონ, მაგრამ მოლაპარაკების მცდელობა მაინც აუცილებელია. სანამ მოლაპარაკება გაგრძელდება, დასავლეთი უკრაინისათვის დახმარებას არ შეწყვეტს და ანტირუსული სანქციებიც ძალაში დარჩება.

ამას წინათ ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ კიევი ყველანაირი შეთანხმების დროს იძულებული იქნება, ტერიტორიულ დათმობებზე წავიდესო. 99 წლის ყოფილი სახელმწიფო მდივნის სიტყვები ზოგს შეიძლება ზედმეტად მკვეთრი მოეჩვენა, მაგრამ მან ისეთი საკითხი წამოსწია, რომლის გაანალიზება აუცილებელია. რასაკვირველია, საქმე არ ეხება ისეთ ვარიანტს, რომელიც ტერიტორიის პირდაპირ გადაცემას ითვალისწინებს.

მოკლედ, არსებობს მიდგომების სამი ვერსია, რომელთა რეალიზება, პრინციპში, შესაძლებელია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით და პრეცედენტების გათვალისწინებით.

პირველი ვერსია ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებას სადავო ტერიტორიების სუვერენიტეტზე. რეფერენდუმის გამართვას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს "გაცივების პერიოდი". ამომრჩევლებს მოუწევთ გადაწყვიტონ საკითხები:

ა) სურთ თუ არა დარჩნენ უკრაინის შემადგენლობაში; ბ) სურთ თუ არა მიუერთდნენ რუსეთს; გ) სურთ თუ არა დამოუკიდებლობა.

აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ ეს სცენარი გამორიცხავს ყოველგვარ ინსცენირებას და გაყალბებას იმის მსგავსად, როგორც ეს მოხდა ყირიმის "რეფერენდუმის" დროს, რასაც წინ უძღოდა რუსი სამხედროების მიერ ყირიმის უკანონო გაკონტროლება, ფაქტობრივად - დაპყრობა. ნამდვილი რეფერენდუმის დროს აუცილებელია საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება. გარდა ამისა, რეფერენდუმში ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო იძულებულნი გახდნენ, სადავო ტერიტორია დაეტოვებინათ. ასეთი მიდგომების პრეცედენტებია კოსოვოში (ყოფილი იუგოსლავიის ნაწილი), აღმოსავლეთ ტიმორში (ინდონეზიის ყოფილი ნაწილი), სამხრეთ სუდანში და სხვა ქვეყნებში.

მეორე ვარიანტი გულისხმობს ავტონომიური ზონების შექმნას, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთდროულად იქნებიან როგორც უკრაინის, ასევე - რუსეთის ნაწილები. ეს იდეა განხორციელდა ბოსნიის ისეთ ადგილებში, როგორსაც, მაგალითად, ქალაქი ბრჩკო წარმოადგენს. ამ ქალაქისათვის 1990-იან წლებში ერთმანეთს ებრძოდნენ სერბები, ხორვატები და ბოსნიელები. შესაძლოა, ეს მიდგომა განხორციელდეს მარიუპოლისა და ზოგიერთი სხვა ქალაქის მიმართ, რომლებიც "სახმელეთო დერეფანში" მდებარეობენ, დონბასიდან ყირიმის მიმართულებით და - პირიქით.

მესამე ვერსია, უბრალოდ, მძიმე სიტუაციის თავიდან აცილებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული: კონფლიქტის მხარეები თავიანთ პოზიციაზე დარჩებიან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთის მოთხოვნებს არ დაეთანხმებიან. რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, უკრაინა კი გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ოკუპირებული ტერიტორია მას ეკუთვნის. არ არის გამორიცხული, რომ პაუზის დროს, სამომავლოდ, სრულმასშტაბიანი მოლაპარაკებისათვის, მხარეებმა საკუთარ პოზიციებს გადახედონ. ისტორიიდან შეიძლება ანალოგიური შემთხვევა გავიხსენოთ: დასავლეთის ქვეყნებმა არ აღიარეს 1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ანექსია და ეს სიტუაცია ნახევარი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ სამივე რესპუბლიკამ მოსკოვისაგან, ცივი ომის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებლობის აღიარება არ მიიღო.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ სამივე მიდგომის დროს მოლაპარაკება ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ თეორიულად უახლოეს რამდენიმე კვირაში უკვე შეიძლება გარკვეული ჩარჩოების შეთავაზება და განხილვა, ზაფხულის ბოლომდე მაინც. მოლაპარაკება ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ ალტერნატივა უფრო უარესია - პოტენციურად უსასრულო და საშინელი, დამანგრეველი და სისხლისმღვრელი სამხედრო კონფლიქტი იმდენად მიუღებელია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად, ბიძგი მივცეთ დიალოგის დაწყებას. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ