ლისიჩანსკიც დაეცა, სამაგიეროდ, უკრაინელებმა რუსებს შეიარაღების ყველაზე დიდი საწყობი აუფეთქეს... - კვირის პალიტრა

ლისიჩანსკიც დაეცა, სამაგიეროდ, უკრაინელებმა რუსებს შეიარაღების ყველაზე დიდი საწყობი აუფეთქეს...

სევეროდონეცკის დაცემის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უკრაინის არმია ვერც მეზობელ ლისიჩანსკს შეინარჩუნებდა დიდხანს და, კიევისთვის სამწუხაროდ, ასე მოხდა...

რუსი ოკუპანტები და ადგილობრივი სეპარატისტები, ფაქტობრივად, გავიდნენ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე და ახლა, სავარაუდოდ, ეცდებიან, მეზობელ დონეცკელ სეპარატისტებს წაეხმარონ, დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად.

სწორედ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის სლავიანსკი და კრამატორსკი, რომელთა მიმართულებითაც გაგრძელდება ოკუპანტებისა და სეპარატისტების ერთობლივი შეტევები სხვადასახვა მიმართულებიდან და უკრაინული ქალაქების დამცველებს უახლოეს კვირებში კიდევ უფრო მძიმე ბრძოლები მოუწევთ, რადგან კრამატორსკისა და სლავიანსკის აღების შემთხვევაში, მტერი აუცილებლად შეეცდება, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ გაიჭრას, სადამდეც ბრძოლებით გასავლელი მხოლოდ 180 კმ დარჩება.

რუსეთის მიერ დნეპრის მარცხენა სანაპიროს ოკუპირების შემთხვევაში კი, უკრაინა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, შუაზე გაიხლიჩება...

ლისიჩანსკის დაკარგვის ფონზე, უკრაინელებისთვის ერთგვარ შვებად შეიძლება იქცა მრავალტანჯულ კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების გამოძევება, შეუწყვეტელი დაბომბვების შედეგად და, ასევე, ძალზე წარმატებული, ზეზუსტი სარაკეტო დარტყმების განხორციელება რუსი ოკუპანტების სტრატეგიულ ობიექტებზე.

2-1656926647.jpg
ოკუპირებულ მელიტოპოლის აეროდრომზე რუსული სამხედრო ტექნიკა იწვის...

გასულ დღეებში უკრაინელმა არტილერისტებმა ორ ათეულზე მეტი ზუსტი დარტყმა მიაყენეს მელიტოპოლის აეროდრომს, სადაც რუს სამხედროებს მართვის პუნქტი ჰქონდათ გაშლილი და მათი საარმიო ავიაციის შვეულმფრენებიც ბაზირებდნენ. აფეთქებების შედეგად გაჩენილი ხანძრის კერების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მელიტოპოლის დაპყრობილ აეროდრომზე არა ერთი რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა.

შემდეგი დარტყმების სერია უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდისა და კურსკის მიმართულებით განხორციელდა.

უკრაინის საზღვრიდან ასიოდე კმ-ში მყოფი კურსკის სამხედრო აეროდრომის დასაზიანებლად უკრაინელებმა საბჭოთადროინდელი ორი უპილოტო რეაქტიული მზვერავი - „ტუ-143“ „რეისი“ გაუშვეს, რომელიც სადაზვერვო აპარატურის ნაცვლად, საბრძოლო ქობინებით იყო აღჭურვილი, მაგრამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა მოახერხეს ორივე მათგანის ჩამოგდება, თუმცა ამისთვის იმ უპილოტოებზე ბევრად ძვირი, არა ერთი საზენიტო რაკეტა დახარჯეს.

უკრაინის გენშტაბი, ეტყობა, სწორედ იმ ტაქტიკით მოქმედებს, რაზეც ჩემი ბლოგის ჯერ კიდევ 16 მაისის სტატიაში - „ცრუ საჰაერო სამიზნეები რუსული საზენიტო რაკეტების მოსატყუებლად და რუსული ქალაქების ასაფორიაქებლად"... ვწერდი...

რაც შეეხება ბელგოროდს, იქ ყველაფერი მსხვერპლით დამთავრდა, თუმცა უკრაინელების მიერ გაშვებული რაკეტები (რუსების მტკიცებით, ეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ტოჩკა-უები“ იყო) უშუალოდ არა ქალაქზე, არამედ - კონკრეტულ სამხედრო ობიექტზე ან ნავთობტერმინალზე იყო დამიზნებული, მაგრამ რუსული საჰაერო თავდაცვის მიერ გაშვებულმა საზენიტო რაკეტებმა ისინი ჰაერში დააზიანა, შეაცვლევინა ფრენის ტრაექტორია და ქალაქ ბელგოროდის საცხოვრებელ უბნებს ბალისტიკური და საზენიტო რაკეტების ნამსხვრევები დაეცა, რამაც 50-მდე სახლი დააზიანა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.

1-1656926620.png
ოკუპირებულ სნეჟნოეში რუსების უზარმაზარი შეიარაღების საწყობის აფეთქების მომენტი...

შეიძლება არაჰუმანური შედარებაა, მაგრამ რუსეთის ქალაქების მაცხოვრებლები მხოლოდ ასე თუ მიხვდებიან, თუ რას გრძნობენ კიევის, ოდესისა თუ ხარკოვის მკვიდრნი, როდესაც მათ სახლებს რუსული რაკეტები თითქმის ყოველდღიურად ეცემა... მაგრამ ყველაზე მეტად უკრაინელებს ქალაქ სნეჟნოეში ადგილობრივი საწარმოს სარაკეტო დარტყმებისას გაუმართლათ. ქალაქი სნეჟნოე დონეცკის ოლქში მდებარეობს, რუსეთის საზღვრიდან ხუთიოდე კმ-ში და გასაგებია, რომ ის ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი პირველი იქნა ოკუპირებული. მას შემდეგ სნეჟნოეს ქიმიური მრეწველობის საწარმოს ტერიტორია გადაიქცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მებრძოლი ადგილობრივი სეპარატისტების უმთავრეს შეიარაღების საწყობად, სადაც წლების განმავლობაში რუსეთიდან შეზიდული საბრძოლო მასალების უზარმაზარი რაოდენობა დაგროვდა.

რუსი გენერლები ნაკლებად უფრთხოდნენ უკრაინელების დარტყმას ამ უდიდეს შეიარაღების საწყობზე, რადგან სნეჟნოე ფრონტის ხაზიდან არანაკლებ 70 კმ-ის დაშორებით, ღრმა ზურგში იმყოფება. მართალია, უკრაინელებს შეიარაღებაში კიდევ რჩებოდათ 120 კმ მანძილზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები - „ტოჩკა-უ“, მაგრამ აქამდე სნეჟნოეს ამ უზარმაზარი საწყობის აფეთქება ვერ შეძლეს.

და, აი, 4 ივლისის გამთენიისას, სნეჟნოე საშინელი აფეთქებების ხმამ გააღვიძა - თვითმხილველების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებული და ინტერნეტში ატვირთული კადრები იმას მეტყველებს, რომ ამ საწყობებში რუსი სამხედროები შეიძლება შეიარაღების საოლქო დონის საწყობის ოდენობის საბრძოლო საჭურველს ინახავდნენ, რადგან აფეთქებების სიმძლავრე და ხანგრძლივობა ამას მიუთითებს...

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოწყობილი ყველაზე დიდი რუსული შეიარაღების საწყობის აფეთქება უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, ახლახან მიღებული ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან - „ჰაიმარსიდან“ გაშვებული მართვადი რაკეტების საშუალებით განახორციელეს, რომელთა ზუსტი დამიზნება „ჯი-პი-ესის“ გლობალური პოზიციონირების საშუალებით ხდება სტაციონალურ სამიზნეზე, რომელსაც რაკეტა 3-5 მ-ის სიზუსტით ხვდება...