"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: 2003 წლის 22 ნოემბერს არავინ ფიქრობდა, რომ სხდომათა დარბაზში შევიდოდით და მიშა სააკაშვილი შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა" - კვირის პალიტრა

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: 2003 წლის 22 ნოემბერს არავინ ფიქრობდა, რომ სხდომათა დარბაზში შევიდოდით და მიშა სააკაშვილი შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა"

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, აუცილებელია აქციების პარალელურად დაწესდეს სამოქალაქო მონიტორინგი ყველა იმ საკითხზე, რაც ხელისუფლებამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა გადადგას, პროცესში კი პოლიტიკოსები მაშინ ჩაერთონ, როცა საქმე პარლამენტამდე მივა.

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროცესი ქუჩაში აქციებით სამოქალაქო სექტორმა უნდა მართოს, პარლამენტში კი, პოლიტიკოსები გააქტიურდნენ.

„არ ვიცი, ვის რა მოლოდინები ჰქონდა ამ აქციების მიმართ, მაგრამ ჩემი მოლოდინი იყო, რომ ადამიანები გასულიყვნენ და თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, დღეს მთავრობაშია „ქართული ოცნება“. მას შემდეგ, რაც მთავრობა ძალიან დიდ პროცესს ჩააგდებს, თვითონ უნდა ჰქონდეს უნარი თქვას, რომ მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირია, ვერ წავიყვანე სწორად პროცესი და მოდით, ახალი ნდობა გავაჩინოთ, ხომ არ შევქმნათ კოალიციური მთავრობა, რომ ეს პროცესი წარმატებულად წარმართოს? მაგრამ ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გაგრძელდეს, თუმცა ჩემი ხედვით, დავაწესებდი სამოქალაქო მონიტორინგს ყველა იმ საკითხზე, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ 6 თვის განმავლობაში ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად და მუდმივად ჩავაყენებდი მოსახლეობას საქმის კურსში. თუმცა, მუდმივად მექნებოდა პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ თუ საკითხები პარლამენტში წავიდოდა, იქ უკვე პოლიტიკოსები გააქტიურებულიყვნენ. ეს ყველაფერი უნდა იყოს აქციების პარალელურად. აქციები აუცილებელია.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ თავისი ამოცანა აქვთ. პოლიტიკოსებს ვერ გავექცევით, რადგან პროცესი საბოლოოდ მაინც პარლამენტში უნდა მივიდეს. პოლიტიკოსები ადრე თუ გვიან ამ პროცესში მაინც ჩაერთვებიან, რადგან თუ საკითხი დადგა ვადამდელი არჩევნების, პოლიტიკოსების გარეშე ეს არ გამოვა. მე რომ ახლა ოპოზიციის კონსულტანტი ვიყო, ვურჩევდი, რომ საშემოდგომო სესიის დღის წესრიგი აეწყოთ მხოლოდ იმაზე, რამდენად ასრულებს მთავრობა იმ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რაც მმართველი ძალის გასაკეთებელია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება ეს 6-თვიანი პერიოდი, ამას უნდა ვუყუროთ როგორც შორ დისტანციას და არა მოკლე დისტანციას. მე არ მქონდა მოლოდინი, რომ გუშინდელი მრავალათასიანი აქციის მერე „ქართული ოცნება“ ადგებოდა და იტყოდა, რომ საქართველო რადგან კანდიდატი ვერ გავხადეთ, მოდით, ვადამდელი არჩევნები დავნიშნოთ, თუმცა მე ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლების მიზანი არ არის ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება პროცესის მართვას, როგორც მაჭავარიანი ამბობს, არ არის აუცილებელი კონკრეტული გეგმები არსებობდეს და ეს გეგმები არც 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს ჰქონია ოპოზიციას და არც მოგვიანებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციისას.

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, 2003 წლის 22 ნოემბრის დილას არავინ ფიქრობდა, რომ პარლამენტის სხდომა ჩაინიშნებოდა, ჩვენ სხდომათა დარბაზში შევიდოდით და მიშა სააკაშვილი შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა. ისევე, როგორც „გავრილოვის ღამეს“ არავინ მოელოდა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა ხელისუფლება. მესმის ადამიანების, რომ მათ უნდათ კონკრეტული გეგმა იყოს გაწერილი, მაგრამ ასეთი გეგმის დაწერა და ამაზე საუბარი საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში რთულია. ჩემთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს გეგმა, როგორ შეასრულოს ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა“, - განაცხადა მაჭავარიანმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

IPN