"რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს" - კვირის პალიტრა

"რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს"

რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას გადაიდო თუ არა მთავრობის სხდომა ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის გამო და რამდენად შეიძლება ეს აქტივისტების „გამარჯვებად“ ჩაითვალოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო მთავრობის სხდომა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში განმარტებას მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს.

„არ ვიცი, საერთოდ ინფორმაცია არ მაქვს, როდის უნდა ყოფილიყო დაგეგმილი, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო სხდომა. ამაზე მთავრობა გააკეთებს განმარტებას. ტარდება 2 საათზე. რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები დღეს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურით, სტვენითა და შეძახილებით ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტის გამოხატვას. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანი იყო ის, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხალხის ხმა გაეგონებინათ. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მორიგი აქცია არ იგეგმება.

IPN