თინა ხიდაშელი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გვერდზე გადადონ, თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე - "შინ ევროპისკენ“ საუბრისას განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან კარგი დამხმარე, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს.

"ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე, ეს არ არსებობს, ამიტომ ამ კეკლუცობას რაც უფრო მალე მოეშვება ეს ხალხი, რომ „ვაიმე, პარტიები, უიმე, როგორ გეკადრებათ“, კარგი იქნება. პოლიტიკურ ბრძოლას სჭირდებიან პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური ლიდერების გარეშე ცვლილებები არ ხდება. ამიტომ, მე მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გვერდზე გადადონ თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან კარგი დამხმარე, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, 3 ივლისს, აქციაზე "შინ ევროპისკენ“, ვინ დაუშვა შეცდომა პოლიტიკოსებმა თუ საორგანიზაციო ჯგუფმა, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ გუშინ შეცდომა დიმიტრი სამხარაძემ დაუშვა, ხოლო დღეს კი ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებებით.

"საერთოდ არ მგონია, რომ ვინმემ რამე შეცდომა დაუშვა, ერთადერთი შეცდომა, რაც მე ვნახე, ეს იყო გუშინ ბატონი სამხარაძე და დღეს ბატონი კობახიძე. ამ აქციების ამოცანა არ ყოფილა რევოლუციური გადატრიალება. ამ აქციების ამოცანა, ჩემი აზრით, იყო ის, რომ ხელისუფლებას დაენახა, მოესმინა, გაეგო და იქნებ დასკვნები გამოეტანა.

დღეს კობახიძის განცხადებით არ დამრჩა მე შთაბეჭდილება, რომ მან რამე გაიგო და საერთოდ მიხვდა რა მდგომარეობაში არიან და რა ვითარებაა ქვეყანაში, თუმცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ტელეპოზა იყო და სინამდვილეში ძალიანაც კარგად ესმით, რა მდგომარეობაში არიან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"