"ახლო აღმოსავლეთში შეიძლება ადგილობრივი ნატო შეიქმნას: რისთვის არის სამხედრო ბლოკი საჭირო და რამდენად არის ეს შესაძლებელი?" - კვირის პალიტრა

"ახლო აღმოსავლეთში შეიძლება ადგილობრივი ნატო შეიქმნას: რისთვის არის სამხედრო ბლოკი საჭირო და რამდენად არის ეს შესაძლებელი?"

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ახლო აღმოსავლეთში შეიძლება ადგილობრივი ნატო შეიქმნას: რისთვის არის სამხედრო ბლოკი საჭირო და რამდენად არის ეს შესაძლებელი?".

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ივლისის შუახანებშია დაგეგმილი და რომელშიც ჯო ბაიდენიც აპირებს მონაწილეობის მიღებას, მსოფლიოში ისევ დაიწყეს საუბარი ნატოს ახლოაღმოსავლური ანალოგის შექმნაზე - ისეთ შემაკავებელ სამხედრო კავშირზე, რომელიც მოწოდებული იქნება რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და, რაც მთავარია, ირანის საპირწონედ, მისი ამბიციების "მოსათოკად". სამიტში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, იორდანია, ეგვიპტე და ერაყი.

მართლაც, დგას თუ არა სამხედრო ალიანსის შექმნა დღის წესრიგში, ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ ბოლო კვირებში მომხდარი მოვლენები აშკარად მიუთითებენ მის აქტუალურობაზე და საშუალებას იძლევა, გარკვეული დასკვნები გაკეთდეს.

გასულ კვირას ამერიკული გაზეთი Wall Street Journal იტყობინებოდა, რომ ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში აშშ-ის ეგიდით საიდუმლო მოლაპარაკებები გაიმართა - როგორც მასპინძელი ქვეყნის, ასევე - იორდანიის, ისრაელის, საუდის არაბეთისა და ყატარის სარდლობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მოლაპარაკების შესახებ საქმის კურსში მყოფი ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შარმ-ელ-შეიხში გამართული შეხვედრა შეიძლება "საერთო საფრთხის დაცვის სტრატეგიის" შემუშავების საწყის ეტაპად ჩაითვალოს. გასულ კვირას კი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი ჰანცმაც დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მონაწილეობს ე.წ. ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ახლოაღმოსავლური ალიანსის (MEAD) მუშაობაში, რომელიც, ასევე, აშშ-ის თავმჯდომარეობით შეიკრიბა.

რას უკავშირდება ასეთი აქტიურობა? რა როლი ეკისრება ისრაელს? და რა ესაქმება "ალიანსში" სირიას, რომელიც მოსკოვის ფრთებქვეშ იმყოფება?

ამ საკითხებში გარკვევისას მსოფლიო პრესა და ბევრი ახლოაღმოსავლელი ექსპერტი საკმაოდ სკეპტიკურად განეწყო და არ ელოდება, რომ ჯიდას სამიტი რამე შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდება.

და მაინც, ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკმაოდ სერიოზული გადაადგილებები მოხდა, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვნად დააჩქაროს "ადგილობრივი ნატოს" შექმნა.

მეგობრობა... ირანის წინააღმდეგ

იმ დროს, როცა ისრაელი დიდ ძალისხმევას ახმარს რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ახლოაღმოსავლელი "გარიყულის" ადგილი ირანმა მტკიცედ დაიმკვიდრა.

ირანის ბირთვულმა პროგრამამ, რომელიც არც ერთი დღე არ შეწყვეტილა (ასე ამბობენ ახლოაღმოსავლეთის დედაქალაქებში), რეგიონის ქვეყნები შეაშფოთა და ისე გააერთიანა, როგორც არასდროს.

აშშ-ის კონგრესი სულ უფრო ხშირად საყვედურობს ჯო ბაიდენს, რომელიც ბოლო დროს მხოლოდ უკრაინით არის დაკავებული, რომ იგი თეირანთან მიმართებით ზედმეტ ლოიალობასა და მშვიდობისმოყვარეობას იჩენს და რომ ირანის საკითხი "ჰაერშია ჩამოკიდებული".

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ის ეტაპობრივი გასვლა, რომელსაც მსოფლიო უკვე რამდენიმე წელია, თვალს ადევნებს, იმას ნიშნავს, რომ რეგიონის უსაფრთხოების გარანტიები რეგიონის ქვეყნებსავე დააწვებათ საკუთარ მხრებზე.

"მოვიდა დრო, მოინახოს ახალი მიდგომა რეგიონის შიდა პრობლემებისადმი - გეოპოლიტიკურიდან ეკონომიკურამდე. განსაკუთრებით, "კოვიდ-19"-ის პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე", - ასე თვლის აჰმედ ელ-საიედი, ქაიროში მდებარე "ალ-აჰრამის" პოლიტიკური და სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან.

იორდანიის მეფემ აბდალა მეორემ გასულ კვირას განაცხადა, რომ იგი პირველი დაუჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთის სამხედრო კავშირის შექმნას.

პატარა იორდანია ტრადიციულად ითვლება ძალზე გავლენიან რეგიონულ მოთამაშედ. სწორედ იორდანია გახდა მეორე ქვეყანა, ეგვიპტის შემდეგ, რომელმაც ხელი მოაწერა ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას, ჯერ კიდევ 1994 წელს.

"ჩვენ ყველა ვერთიანდებით და ვამბობთ: "რით შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება?" და ეს, ვფიქრობ, ძალიან უჩვეულოა ჩვენი რეგიონისათვის", - თქვა მეფე აბდალამ გასულ კვირას ამერიკული ტელეარხის - "სი-ენ-ბი-სისთვის" (CNBS) მიცემულ ინტერვიუში.

ისრაელი: ვის აწყობს და ვის - არა

სამხედრო ალიანსის შესახებ განახლებულ საუბრებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მასში ისრაელი მონაწილეობს. ძალიან დიდია ინტერესი, რომელსაც პარტნიორებისათვის ისრაელის უახლესი შეიარაღება იწვევს, განსაკუთრებით - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ისრაელი მოლაპარაკების უბრალო მონაწილე კი არ არის, არამედ - ის რეგიონში ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანას წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, სავარაუდო ალიანსის მთელი ინფრასტრუქტურა ისრაელის ირგვლივ აიგება, - ასე თვლიან ექსპერტები.

აშკარაა, რომ ალიანსი, ძირითადად, არაბული ქვეყნებისაგან შეიქმნება, რომლებსაც ისრაელთან უკვე პირდაპირი სტაბილური ურთიერთობა აქვთ (ეგვიპტე, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი) ან - აშშ-ის მეშვეობით (საუდის არაბეთი, ომანი, ყატარი და ქუვეითი). ასეთი განლაგებით "ბორტსმიღმა" დარჩებიან ერაყი, ლიბანი, სირია, იემენი და ჩრდილოეთ აფრიკის არაბული ქვეყნები (სუდანის გარდა).

ლიბანს და სირიას ახლო ურთიერთობები აკავშირებთ მთავარ ახლოაღმოსავლელ "გარიყულთან" - ირანთან. "ახლოაღმოსავლურ ნატოში" მისი მიწვევა ისედაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა და რადგანაც სავარაუდო ალიანსში ისრაელიც იქნება, მაშინ ალიანსში ირანის ყოფნა სრულიად გამორიცხულია.

მაგრამ ისრაელის მიმართ ლოიალურად განწყობილ ქვეყნებს შორისაც არსებობს ერთგვარი შიში, რომ მასში ისრაელის მონაწილეობა რეგიონის პოლარიზაციას გაამწვავებს და, ფაქტობრივად, პალესტინასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას გამორიცხავს.

მაგრამ ისრაელის გამორიცხვა განტოლებიდან ვერ მოხერხდება, რადგან ვაშინგტონი თავის ძველ მოკავშირეს ყველა სიტუაციაში მხარს დაუჭერს, თუნდაც ამისთვის ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება დასჭირდეს.

თუმცა ისიც მართალია, რომ თეთრ სახლს ამჟამად არსად დაბრუნების რესურსი არ აქვს. აშშ-ის ადმინისტრაციის მთელი საგარეოპოლიტიკური ძალა ევროპული ომის დარეგულირებისა და ჩინეთთან დაპირისპირებისკენაა მიმართული.

გადაულახავი უთანხმოება

ახლოაღმოსავლური სამხედრო კავშირის შექმნას ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან ცდილობდა და ყოველთვის სხვადასხვა მიზეზით - დაწყებული საბჭოთა კავშირის გავლენის ხელის შეშლით რეგიონში (ცივი ომის პერიოდში) და დამთავრებული დღევანდელი ირანის საფრთხით.

და ყოველთვის მხარეები ვერ თანხმდებოდნენ ერთი და იმავე საკითხებზე, რომლებიც დღემდე არ არის გადაჭრილი.

უფრო დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ მათი დომინირება ალიანსში ბუნებრივია, მაგრამ ასეთ მიდგომას შედარებით სუსტი მოთამაშეები არ ეთანხმებიან.

1970-იანი წლების ბოლოდან სამხედრო თვალსაზრისით შედარებით ძლიერი ეგვიპტე უარს აცხადებდა ისრაელის წინააღმდეგ გამოსულიყო - კემპ-დევიდის შეთანხმების (1978 წლის 17 სექტემბერი) საფუძველზე, რომლის თანახმად, ეგვიპტეს ისრაელმა 1973 წლის ომის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნა. შესაბამისად, რეგიონის ქვეყნები იძულებულნი იყვნენ, ეგვიპტის პოზიცია გაეზიარებინათ. დღეს კი ე.წ. განხეთქილების ვაშლს ირანისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს: ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ირანს მთავარ საფრთხედ არ მიიჩნევს. ზოგიერთებს - მაშინაც და ახლაც - არ შეუძლიათ ან არ სურთ სამხედრო ალიანსის ამოცანებისა და ცალკეული მთავრობების პოლიტიკური ამბიციების ერთმანეთისაგან განცალკევება.

და ბოლოს - იმის მიუხედავად, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობას ერთმანეთთან მრავალრიცხოვანი შეთანხმებები აკავშირებს, მათ შორის ნდობის დონე მაინც ძალიან დაბალია. სამხედრო ალიანსების წარმატებული მოქმედებისთვის აუცილებელია სადაზვერვო მონაცემების გასაცვლელი მექანიზმების არსებობა, როგორც ამას ჩრდილოატლანტიკური ბლოკის (ნატოს) წევრები აკეთებენ, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ისრაელისა და საუდის არაბეთის, ან ბაჰრეინისა და ყატარის სპეცსამსახურები ერთმანეთს რამე მონაცემებს გაუზიარებენ.

უსარგებლო განზრახვა?

სპარსეთის ყურის ქვეყნებს უკვე აქვთ შეიარაღებული ძალების მსგავსი გაერთიანება, რომლის სახელწოდებაა "ნახევარკუნძულის დამცველი ძალები" (Peninsula Shield Force), 40 ათასი სამხედრო მოსამსახურის პირადი შემადგენლობით (გაერთიანებას ხშირად მოიხსენიებენ სახელითაც - "ნახევარკუნძულის ფარი").

სპარსეთის ყურის სახელმწიფოების დიდი ფინანსური დანახარჯების წყალობით, "ნახევარკუნძულის ფარი" აღჭურვილია უახლესი შეიარაღებით. ასეთი მაღალი ფინანსური შესაძლებლობების საფუძველზე, ორგანიზაციის სამხედრო ქვედანაყოფების უახლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა რეგულარულად მიმდინარეობს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ "ნახევარკუნძულის ფარის" მეომრებს საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ. არადა, სწორედ ისინი შევლენ ახალი სამხედრო ალიანსის შემადგენლობაში, თუ ის შეიქმნება.

აქედან გამომდინარე, როგორც ბევრი ექსპერტი თვლის, ალიანსის დაფუძნება საკმაოდ უსარგებლო წამოწყებად მიიჩნევა - იმიტომ, რომ ირანის მხრიდან რეალური აგრესიის შემთხვევაში, თეირანის ჯარებს წინააღმდეგობას მხოლოდ აშშ და ისრაელი თუ გაუწევს. ექსპერტთა აზრით, ახლო აღმოსავლეთში ერთიანი თავდაცვითი კავშირის შექმნისაკენ რეალური ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შემდეგ თუ იქნება შესაძლებელი, რაც ჯერ ძალიან შორს არის. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ