"დამწვარი შენობის სარდაფს ვცლიდით. დამიძახეს, რომ ერთ-ერთ ოთახში ადამიანის ცხედარი იპოვეს" - კვირის პალიტრა

"დამწვარი შენობის სარდაფს ვცლიდით. დამიძახეს, რომ ერთ-ერთ ოთახში ადამიანის ცხედარი იპოვეს"

თითქმის ოთხი თვე გავიდა, მაგრამ ომის დასრულების წინა პირობები არ ჩანს.

"მეტიც, შესაძლოა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფონზე ძალისხმევა გაზარდოს, რათა ის ტერიტორიები შეინარჩუნოს, რომლის კონტროლსაც ახლა ცდილობს... ამიტომ ჩემი ნათესავები და მეგობრები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, თითქმის ყოველდღე მეკითხებიან - ხომ არ გინდა, ცოტა ხნით მაინც წამოხვიდე ქვეყნიდან, ჭრილობა ბოლომდე მოიშუშო და მერე დაბრუნდეო?.. არა, აქ უამრავი დაჭრილია, მაგრამ იბრძვიან, რადგან სხვა გზა არ არის, ყველანი ვჭირდებით ჩვენს ქვეყანას..." - ამბობს უკრაინელი ირინა კონოვა, რომელიც თითქმის სამი თვეა უკრაინაში მიმდინარე ომის სხვადასხვა ფრონტზე სხვადასხვაგვარად არის ჩართული.

ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ ყველაზე ცხელ წერტილად ისევ დონბასის რეგიონი რჩება. გრძელდება ბრძოლა სევეროდონეცკისთვის. დასავლეთი კიევს უფრო მეტ შეიარაღებას აწვდის. თავის მხრივ, რუსული მხარე ცდილობს, მთელი ლუგანსკის ოლქი 26 ივნისამდე დაიკავოს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისიდან რუსეთის არმიამ განაახლა შეტევები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმართულებით და ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, შეასრულოს რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების ბრძანება - 26 ივნისამდე გავიდეს ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე.

ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტ მეტელკინოზე, მაგრამ უკრაინელები ირწმუნებიან, რომ ეს დროებითია.

უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდით, რუსეთის სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო გააქტიურდება ევროკავშირის სამიტამდე, როდესაც ევროპის ლიდერებმა საბოლოო სიტყვა უნდა თქვან უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ასზე მეტი დღის განმავლობაში მის მიერ ნანახი და გატანილი ამბების შესახებ გვიყვება, დაახლოებით ერთი თვის წინ დაიჭრა, მაგრამ ამას არ შეუშინებია, რადგან ტყვიამ მხოლოდ კუნთში გაიარა. ჭურვის ნამსხვრევებიც მოხვდა, რომლის ამოღებაც ექიმებმა სრულად ვერ შეძლეს, რადგან არასრულფასოვანი მკურნალობის გამო შესაძლოა ჭრილობა გართულდეს და მოხალისემ ცხოვრება შშმ პირის სტატუსით გააგრძელოს.

ირინა კონოვა:

- 24 თებერვლამდე ომის შესახებ არაფერი ვიცოდი. რუსეთი 2014 წელს დაგვესხა თავს, მაგრამ ამ მასშტაბის არ ყოფილა და გარკვეული დროის განმავლობაში, მეც, როგორც ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა, ჩავთვალეთ, რომ რუსეთი აქ გაჩერდებოდა. მიუხედავად ამისა, ორჯერ მაინც გავიარე სამთვიანი მომზადება, რომელიც მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი მეგონა. მაგრამ ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში მივხვდი, რეალური ომი სრულიად განსხვავდება თეორიულად ნასწავლისგან. როდესაც პირველი დაღუპული ადამიანი ვნახე, მოხუცი, რომელსაც შინ პური მიჰქონდა და ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა, მე და გარშემო მყოფები გაოგნებული შევცქეროდით, როგორ ჰქონდა უკვე გარდაცვლილ მოხუცს ჩანთა ორივე ხელით ჩაბღუჯული... შემდეგ, როდესაც ირპენში ჩვენ გარშემო მთვრალი შეიარაღებული რუსები დადიოდნენ, ჩვენ კი ჩუმად მშვიდობიან მოსახლეობას პურსა და წყალს ვაწვდიდით, ხშირად ვფიქრობდი შენობასთან მიყუჟულ მოხუცზე, რომელმაც სიკვდილს ვერ გაასწრო. მერე ყველაფერს შევეჩვიეთ. ზოგჯერ დაბომბვისას თავშესაფარში შესვლას ვერ ვასწრებდით, რომელიმე ჩამონგრეული შენობის სარდაფს ვაფარებდით თავს, მაგრამ ისეთი გადაღლილი ვიყავით, წარმოუდგენელი გრუხუნის ფონზეც ვიძინებდით 15-20 წუთით მაინც.

სარდაფში, 50-დან 100-მდე ადამიანი ვაფარებდით თავს, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ. გარეთ ძალიან ციოდა, ყინავდა და როგორც იქ შევცვივდებოდით, პირველ რიგში სითბოს ვგრძნობდით, თითქოს გათბობა იყო ჩართული, თუმცა რამდენიმე წუთში უკვე გვაძაგძაგებდა. ბავშვებს კბილს კბილზე აცემინებდათ. მოხუცები ამბობდნენ, რომ თუ იმ ცივ დღე-ღამეებს გადაურჩებოდნენ, კიდევ დიდხანს იცოცხლებდნენ, მაგრამ ზოგი ვერ გადაურჩა და გაიყინა.

ერთხელ, სარდაფში რომ ვიყავით, გარშემო ყველაფერს ბომბავდნენ. მერე ჭურვი ამ შენობის ნაწილსაც მოხვდა და მისი კედელი მიწიანად ჩამოიშალა. შუქი ჩაქრა, რადგან ელექტროგადამცემი დაზიანდა. მუხლებამდე მიწასა და კედლის ნაშალში აღმოვჩნდით. ბავშვები შიშისგან აკივლდნენ. როგორც იქნა, ტელეფონები ვიპოვეთ, იქაურობა გავანათეთ და ტყვიების ზუზუნში გარეთ გავცვივდით. ყველამ ვერ მოასწრო. ვინც დაიჭრა, ჩარჩა. შემდეგ მათი ცხედრები გამოვიტანეთ.

- რა არის ამ დროს ყველაზე მძიმე და რთული?

- ცხედრების გამოტანა, რომელიც ახლაც გრძელდება. ამ დროს ყველა ფეხს ვითრევთ, ამის გაკეთებას ფრონტის ხაზზე, მტრის პირისპირ ყოფნა მირჩევნია. იქაც ვხედავ სიკვდილს, სისხლს, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა... ამას წინათ ჩემი შვილი გვეხმარებოდა, 14 წლის ბიჭია. პირველი დღეები ძალიან გაუჭირდა, შემდეგ მიეჩვია. უკრაინელი ბავშვები ხომ ოთხი თვეა უკვე, დიდები გახდნენ, რადგან რუსეთმა ბავშვობა წაართვა.

დამწვარი შენობის სარდაფს ვცლიდით. დამიძახეს, რომ ერთ-ერთ ოთახში ადამიანის უკვე გახრწნილი ცხედარი იპოვეს. ჩემი შვილი ამბობდა, რომ სადღაც გვამის ნახევარიც უნდა ყოფილიყო, რადგან სიგრძეში ძალიან პატარა იყო... ბავშვი აღმოჩნდა, რკინის სათამაშო მანქანით ხელში... მერე მეზობლებმა იცნეს. მამამისი იბრძოდა. დედა კი, როგორც ითქვა, რუსებმა გააუპატიურეს, შემდეგ კი სავარაუდოდ, დახვრიტესო... მოხალისეთა ჯგუფში ყველაზე უფროსი, 71 წლის კაციც გვყავს, რომელმაც ახალგაზრდებს უთხრა, - მე შეიძლება ამ ომის დასრულებას ვერ მოვესწრო, რადგან პუტინი გაჩერებას არ აპირებს; ახალგაზრდები აუცილებლად ნახავთ მშვიდობას, ბედნიერ და განვითარებულ უკრაინაში იცხოვრებთ, მაგრამ ეს დღეები არასდროს აპატიოთ რუსეთსო... როდესაც ბუჩაზე ლაპარაკობენ, სამართლიანობა მოითხოვს, იქვე ირპენიც ვახსენოთ. ეს ერთ დროს ულამაზესი ქალაქი იყო, ფაქტობრივად, სულ ახალგაზრდა წყვილები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ომის დაწყებისთანავე, მამაკაცების უმეტესობა ფრონტის ხაზზე წავიდა, ქალები კი შინ დარჩნენ, შვილებისთვის რომ მიეხედათ. ამიტომაც გადაუარა რუსულმა არმიამ ქალაქს. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ მტრებს, დაუცველ ქალებსა და ბავშვებს უსასტიკესად გაუსწორდნენ. ხელებგაკოჭილი ადამიანების ცხედრებს, რომელთაც თვალებზე წებოვანი ლენტი აქვთ გადაკრული და ტყვია ზურგში აქვთ ნასროლი, ახლაც ვპოულობთ, მაგრამ ასობით ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. იმედია, ყველას ვიპოვით, რათა ტანჯვით დაღუპულ ადამიანებს საფლავი მაინც ეღირსოთ.

ამის შემდეგ თუ ვინმე იტყვის, რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე ხალხიაო, მოკლედ ვუპასუხებ - არა!.. და თუ მაინც იმავეს გაიმეორებს, ვუსურვებ, რომ ასეთი "მოძმე" ერი ჰყავდეს. ეს არის იმპერიალისტური ამბიციებითა და იდეებით დაავადებული ერი. ომი იყო, გვბომბავდნენ და ჩვენი ახლობელი რუსები გვირეკავდნენ ან გვწერდნენ, - მოითხოვეთ თქვენიანებისგან, შეწყვიტონ ომი, ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ; ახლა მშვიდობიანმა მოსახლეობამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი, ქუჩაში გამოვიდეს, სამხედროებს დაუპირისპირდეს, ომი მალე რომ დასრულდეს, ყველამ მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ, ამერიკასა და დასავლეთს ნუ უსმენთ, თორემ ყველანი დაიხოცებითო... ოღონდ მათთან ერთად ვყოფილიყავით, საბჭოთა სივრცეში დაბრუნებას გვთავაზობდნენ. ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ერთ დროს ბორისპოლის აეროპორტში ჩემთან ერთად მუშაობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დამირეკა და სრულიად გულწრფელად მითხრა, - გამოგიგზავნი საჭირო თანხას და გააკეთე აქციის ორგანიზება, რომელიც უკრაინაში ომის გაჩერებისკენ იქნება მიმართულიო.

- სად უნდა მოგეწყოთ?

- რამდენიმე ქალაქში, სადაც ყველაზე ძლიერი ანტირუსული განწყობაა. ოღონდ მართლა, გულწრფელად ფიქრობდა, რომ მეხმარებოდა და უკრაინის ძალიან დიდ ნაწილს ისევ რუსეთთან უნდოდა თანაცხოვრება!.. თავაზიანად ავუხსენი, რომ საბჭოთა კავშირი არასდროს დაბრუნდება და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სინანულით მიპასუხა, - ძვირფასო, გატყობ, რომ დასავლეთის, ამერიკის გავლენის ქვეშ ხარ; ეს ყველაფერი ხომ სისულელეა; ჩვენ ენაც კი თითქმის ერთნაირი გვაქვს, უკრაინა ცალკე არასდროს ყოფილა, "კიევის რუსეთი" გაიხსენე, არც ყირიმი ყოფილა უკრაინის; ჩვენ ერთად ვლოცულობდით, ნატოსა და ევროპას ყველგან სიკვდილი და განადგურება მოაქვს, ისინი მართლმადიდებლობას ებრძვიან; სანამ დროა, გააჩერეთ ომი, თორემ პუტინი მაინც არ დათმობს თავის ხალხს, ტერიტორიებს, იქ ნატოს ძალაუფლება ვერასდროს გავრცელდება; გააჩერეთ ომი, თორემ ხალხი დაიხოცება, რუსეთი კი თავის დიდებას მაინც დაიბრუნებსო. ძალიან გრძელი პასუხი მივწერე. ავუხსენი, რომ უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს ნათელი მომავლისთვის და არასდროს იქნება დამპყრობელი რუსეთის შემადგენლობაში. მან ჩვენი მიმოწერა "დასქრინა" და სოციალურ ქსელში განათავსა - მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდათ "ფეისბუკზე" წვდომა. კომენტარებში საშინელება ხდებოდა. მლანძღავდნენ, გონებაარეულ, ამერიკას აყოლილ, უბადრუკ უკრაინელს მეძახდნენ, რომელიც ძალიან მალე გაიგებდა "რუსულ ძალას"... შემდეგ, როდესაც დავიჭერი, ვფიქრობდი, ნუთუ ისე მოვკვდები, რომ მათ გამარჯვებული უკრაინიდან არ მივმართავ და სათქმელს ბოლომდე ვერ ვეტყვი-მეთქი?!. არადა, ტექსტი რამდენი თვეა, შედგენილი მაქვს, მას ყოველდღე თავიანთი სისხლით წერენ ჩემი უკრაინელები.

- რა ვითარებაში დაიჭერით?

- ღამით, ერთ-ერთ პოზიციაზე საჭირო ნივთები მიგვქონდა: სამედიცინო ინვენტარი, სკოლის მოსწავლეების მიერ მოგროვებული სურსათი, სხვადასხვა სახის დახმარება, წერილები, პატარა საჩუქრები. აღდგომის წინა დღეები იყო და ლუგანსკის მიმართულებით მივდიოდით, რამდენიმე მანქანისგან შემდგარი კოლონით, ოღონდ ერთმანეთისგან თითქმის კილომეტრიანი დაშორებით. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაინც შეგვნიშნეს. ჩვენ ბოლოს მივდიოდით, "ჰაელუქსის" მოდელის მანქანით. ჯერ ცეცხლი გაგვიხსნეს, მერე კი სარაკეტო იერიშზე გადავიდნენ. ჩვენთან ერთად სრულიად გამოუცდელი ორი სტუდენტი გოგოც იყო და მინდოდა, ისინი ტყისკენ წამეყვანა. მძღოლი დაიჭრა, საჭეს ვეღარ მართავდა, მანამდე გეზი ტყისკენ აიღო... წლების განმავლობაში "სასწრაფო დახმარების" ექიმი იყო, დიდი გამოცდილებით, და მანქანის გაჩერებაც მოახერხა, მაგრამ გადმოსვლა ვეღარ მოასწრო - კიდევ ერთი ტყვია მოხვდა... ჩვენ სამნი და კიდევ ერთი მამაკაცი, თხრილში დავიმალეთ. ვიგრძენი, რომ მარჯვენა ფეხი სველი მქონდა. ოკუპანტებმა სროლა შეწყვიტეს, რადგან ასეთ ადგილებში თავადაც ეშინოდათ. ტყე უკვე შეფოთლილი იყო და ყველგან "აზოველები" ელანდებოდათ. ვერც გზის სავალი ნაწილიდან გადასული მანქანა შენიშნეს ან არც უძებნიათ. ერთი სიტყვით, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა, ტელეფონით გავანათე და დავინახე, რომ მარჯვენა ფეხი სისხლიანი მქონდა. მტკიოდა, მაგრამ მეგონა, დაცემის დროს დავარტყი რამეს - ხის კუნძს ან ბასრ ქვას, ტყვიის მოხვედრა არ მიგრძნია. ტკივილი ძლიერდებოდა. ერთადერთი, ძალიან შემეშინდა, სისხლისგან არ დავცლილიყავი. ჭრილობასთან ახლოს ლახტით გადამიკვანძეს და სისხლდენა ოდნავ შეჩერდა. მძღოლი გარდაცვლილი იყო. დანარჩენებს დავუკავშირდით. ერთ-ერთი მანქანა, ჩამქრალი ფარებით, მობრუნდა. გვითხრეს, - გავიგონეთ სროლის ხმები და გზის პირას ვიცდიდითო... მერე ყუთები ჩვენი მანქანიდან გადაიტანეს და გზა განაგრძეს, ჩვენ კი უკან გამოვბრუნდით დაცხრილული მანქანით. ძარაზე მე და ჩვენი გარდაცვლილი მძღოლი ვიწექით... სიკვდილის არ მეშინოდა, შვილის დატოვება მენანებოდა, დედა მებრალებოდა, რომელიც ყოველ წუთს ჩემს ზარს ელოდა... ექიმმა მითხრა, რომ საკმაოდ იოლად გადავრჩი, რადგან მხოლოდ კუნთი მქონდა დაზიანებული და ჭურვის ნამსხვრევებმა ქსოვილი დამიზიანა, მაგრამ მუხლისა და სახსრის ძვალს არც კი შეხებია. მერე საზეიმოდ გამომიცხადა, რომ კიდევ ბევრი ადამიანისთვის შევძლებდი დახმარებას. აუცილებლად შევძლებ, ჩემს ქვეყანას ვჭირდები... დიდი სისხლის ფასად მსოფლიოში ახალი გადანაწილება იწყება და იმედია, ყველა ის ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეგობარი საქართველო, იცხოვრებს და განვითარდება თავისუფლად და სტაბილურად. რუსეთი აუცილებლად დაასრულებს ამ ფორმით არსებობას უკრაინაში. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"