რატომ ეშინიათ დიქტატორებს განათლებული ადამიანების:  პუტინი  რუსეთის  მეცნიერებზე  "ნადირობს" - კვირის პალიტრა

რატომ ეშინიათ დიქტატორებს განათლებული ადამიანების:  პუტინი  რუსეთის  მეცნიერებზე  "ნადირობს"

განათლებული ადამიანი "ერის ტვინი" და მომავალია, თუმცა დიქტატორებისთვის, რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო საშიშია. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იმ "შარიკოვს" მაგონებს მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობიდან "ძაღლის გული", რომელიც მუდამ, ყველა ცხოვრებაში "ბოლშევიკი" იყო და ასეთად დარჩა. ის ორგანულად ვერ იტანს "ბურჟუაზიულ ელემენტებს" - განსაკუთრებით მეცნიერებს, ზოგადად კი მთლიანად ინტელიგენციას. ეს შინაგანი ზიზღი ყველა ჭკვიანი და გონიერი ადამიანისადმი დიქტატორებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. პუტინს მართლაც, რომ "ღირსეული მასწავლებლები" ჰყავდა.

გასული საუკუნის 20 იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ პირდაპირი ტერორი დაიწყო ინტელიგენციის წინააღმდეგ ბოლშევიკებმა განსაკუთრებით ნეგატიურად იყვნენ განწყობილი მეცნიერების მიმართ. 1922 წლის იანვარში მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორებმა უარი თქვეს სტუდენტების სწავლებაზე მანამ, სანამ რუსეთში ადრე არსებული უნივერსიტეტის ავტონომია ისევ არ აღდგებოდა. რა რეაქცია ჰქონდა "მსოფლიო პროლეტარიატის დიდ ბელადს"? 1922 წლის 21 თებერვალს ლენინმა წამოაყენა წინადადება: " 20-40 პროფესორი აუცილებლად გათავისუფლეთ. მოემზადეთ და ძლიერად დაარტყით". ყველაზე "რბილი" ეპითეტები, რომლებითაც ვლადიმერ ილიჩი "ამკობდა" ინტელიგენციას ამგვარია: "რუსი ინტელიგენცია ნაგავია", "ძველი რუსეთის ინტელიგენციის დიდი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების დაუძინებელი მტერია", "ჩვენ არასოდეს დავეყრდნობით ინტელიგენციას, არამედ დავეყრდნობით მხოლოდ პროლეტარიატის ავანგარდს" და ა.შ. ლენინს მიაჩნდა, რომ დემოკრატიულად მოაზროვნე ინტელიგენცია ბურჟუაზიის მოკავშირეა. მისი დავალებით ჩეკა მუდმივად უთვალთვალებდა ძველ პროფესურასა და სპეციალისტებს. აგრეთვე ჩეკას უნდა გამოევლინა ინტელიგენციის შესაძლო კავშირი საზღვარგარეთის სპეცსამსახურებთან. 1922 წლიდან ლენინის გადაწყვეტილებით მასიურად დაიწყო საბჭოთა კავშირიდან "ძველი ინტელიგენციის" იძულებითი გასახლება საზღვარგარეთ. 1922 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე იძულებით 225 ადამიანი გაასახლეს. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ინტელიგენციის ფიზიკური განადგურების "ესტაფეტა" სტალინმა გადაიბარა. დღემდე უცნობია რეპრესირებული საბჭოთა მეცნიერების, მწერლების, რეჟისორებისა და მსახიობების ზუსტი რიცხვი. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: "დიდი დიქტატორის" ზეობის პერიოდში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის 100-მდე წევრი და წევრ-კორესპონდენტი იყო რეპრესირებული, მათგან 44 დაიღუპა: 23 დახვრიტეს, 13 პატიმრობაში, ხოლო 8 გადასახლებაში გარდაიცვალა. დანარჩენი კი საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

საბჭოთა იმპერიის მთავარი ნიშანი ყოველთვის იყო მტრების ძიება. საზღვრებს გარეთ ესენი “საზიზღარი იმპერიალისტები”იყვნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი და რაღა თქმა უნდა “ნატო”. შინაურ მტრებში, რომლებიც ბუნებრივია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ იყვნენ “მოსყიდულნი”, პირველ ადგილს პოლიტიკური ოპონენტები და სხვაგვარადმოაზროვნენი, საბჭოთა მეცნიერები, მწერლები და საერთოდ ინტელიგენცია იკავებდა. ათწლეულების შემდეგ რუსეთში არაფერი შეცვლილა. პრეზიდენტმა პუტინმა მლევე შეძლო თავისი წინამორბედის, ბორის ელცინის, დროს ოდნავ მიჩუმათებული რუსული იმპერიული ამბიციების იმ დონეზე გაცოცხლება, „ჯაშუშომანიის“ ისტერიის გაღვივება და საზოგადოებაში შიშის ჩანერგვა , რომ გასული საუკუნის 30-50 წლების საბჭოთა რეპრესიები დღეს რუსეთში რეალობად აუხდათ.

ყოფილმა კა-გე-ბეშნიკმა პუტინმა სახელისუფლებო ვერტიკალი საბჭოთა სპეცსამსახურების ასევე ყოფილი თანამშრომლების დახმარებით იმგვარად ააგო, რომ საზოგადოებაში 30-50 ანი წლების საყოველთაო ჯაშუშომანია კვლავ გამოცოცხლდა. “უცხო ქვეყნების ჯაშუშების” გამოვლენა რუსეთში ისეთივე ყოველდღიური მოვლენა გახდა, როგორც პუტინის “ჟურნალისტ–აგიტატორის”, მარგარიტა სიმონიანის ტყუილები. უკრაინასთან წარუმატებელი ომის გამო გაცოფებული პუტინი ჯავრის ამოყრას საკუთარი მოქალაქეების რეპრესიებით ცდილობს. გამოგონილი ბრალდებებით სოკოებივით მომრავლებული „ჯაშუშების გამოვლენა“ და ხანგრლივადიანი პატიმრობის მისჯა რუსეთის საზოგადოების დაშინების ერთიანი გეგმის ნაწილია. ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთსი 40-დე მსოფლიო დონის მეცნიერი დააპატიმრეს ჯაშუშობისა და „სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების“ ბრალდებით.

2 ივლისს მოსკოვის ერთ–ერთ საავადმოყოფოში 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტის კვანტური ოპტიკური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი კოლკერი.

b2-1657003721.jpg
დიმიტრი კოლკერი

30 ივნისს ეფ–ეს–ბემ მძიმედ ავადმყოფი პროფესორი კოლკერი პირდაპირ საავადმოყოფოს პალატაში დააკავა და „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. პროფესორი 2018 წელს ლექციებს კითხულობდა ჩინეთში და მას სწორედ ამ ქვეყნისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემას აბრალებდნენ. დ. კოლკერის შვილის თქმით, ჩინეთში მივლინებისას მამამისს მუდმივად თან ახლდა ეფ–ეს–ბეს ოფიცერი და ყველა ის ლექცია და მოხსენება, რომელსაც მეცნიერი ჩინეთში აკეთებდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამორიცხვის მიზნით ეფ–ეს–ბეს მიერ წინასწარ იყო შემოწმებული და ვიზირებული.

2022 წლის 29 ივნისს ეფ–ეს–ბემ ღალატის ბრალდებით ნოვოსიბირსკში დააკავა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი 75 წლის პროფესორი ანატოლი მასლოვი.

b3-1657003760.jpg
ანატოლი მასლოვი

ის ეჭვმიტანილია ჰიპერბგერასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის ჩინეთისთვის გადაცემაში. ამჟამად მასლოვი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

„ჯაშუშების გამოვლენის“ პროცესი რუსეთში 1990-იანი წლების ბოლოს, პუტინის მიტითებით დაიწყო. “პირველი მერცხალი” სამხედრო ჟურნალისტ გრიგორი პასკოს იყო. ის დაუფარავად ამხელდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში გამეფებულ კორუფციას, რისთვისაც სამაგალითოდ დასაჯეს და როგორც “იაპონიის შპიონს” მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შეეზღუდათ რუსი მეცნიერების უცხოელ კოლეგებთან არასანქცირებული, ანუ ეფ-ეს-ბეს კონტროლს გარეშე კონტაქტები. ამ გეგმის ხორცშესხმას ემსახურებოდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული “შპიონური სკანდალი”. კრასნოიარსკის მკვიდრი პროფესორი ვალენტინ დანილოვი იაპონიის ჯაშუში “აღმოჩნდა”. 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ვალენტინ დანილოვის სარჩელი, დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია მისი უფლებები და რუსეთის ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დაავალა.

b4-1657003822.jpg
ვალენტინ დანილოვი

2005 წელს ეფ-ეს-ბემ დააკავა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზეპლასტიური ლითონების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ოსკარ კაიბიშევი. 65 წლის მეცნიერს უცხო ქვეყნის აგენტობა “ვერ აკადრეს” და ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება წაუყენეს. 2006 წლის აგვისტოში სრულიად უდანაშაულო ღვაწლმოსილ მეცნიერს ექვსი წლით პირობითი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს.

b5-1657003861.jpg
ოსკარ კაიბიშევი

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ “შეკერილი საქმეების” კიდევ ერთი მაგალითია კოსმოსური ტექნოლოგიების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ იგორ რეშეტინის და მისი ორი თანამშრომელი (სერგეი ტვერდოხლებოვი და სერგეი ვიზირი) დაპატიმრება ჩინეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გადაცემის ბრალდებით.

2007 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლომ სამივე მეცნიერს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. საინტერესოა ერთი ფაქტიც: მას შემდეგ რაც, ტვერდოხლებოვმა თავისი კოლეგების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, საღსალამათი კაცი მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა.

b6-1657003897.jpg
იგორ რეიტინი

იმ პერიოდშივე გაირკვა ის რეალური მიზეზი, რის გამოც მეცნიერები გაწირეს. აღმოჩნდა, რომ პროფესორი რეშეტინი თვალისდასანახავად ვერ იტანდა სპეცსამსახურებს და თავისი ინსტიტუტის ეფ-ეს-ბეს ეკონომიკური კონტრდაზვერვის სამსახურის და რუსეთის საგარეო დაზვერვის “საფარად” გამოყენებაზე ჯიუტად არ თანხმდებოდა. იგორ რეშეტინს სულ რამდენიმე თვეღა რჩებოდა სასჯელის ვადის სრულად მოხდამდე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ის ‘შეიწყალა” და რეშეტინი 2012 წლის ივნისის დასაწყისში გაათავისუფლეს.

(პირველი ნაწილის დასასრული)