შადრევანი და "დედა ენა"
15 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში - საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. ადრე სწავლა 1-ელ სექტემბერს იწყებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სექტემბერი, თავისი რთველითა და ოქროს შემოდგომით, ულამაზესია საქართველოში, განათლების სამინისტროს სწავლა ერთი ან ორი კვირით გვიანაც რომ დაეწყო, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო.
ასეა თუ ისე, სწავლა დაიწყო და ამ დღის მთავარი გმირები ძველებურად ბავშვები და მასწავლებლები უნდა ყოფილიყვნენ. ტრადიციულად, განსაკუთრებულ ყურადღებას პირველკლასელები იქცევდნენ, ისინი ვინც პირველად შეაღებდნენ სასწავლებლის კარს.
შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წელს ასე არ იყო. მასწავლებლების იგნორირება უკვე რამდენიმე წელია ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენებენ, თუ რამე დააშავეს, რისთვისაც უმკაცრესადაც ისჯებიან. წინა პლანზე სწორედ მათი დანაშაულის გამომვლენი და აღმნუსხავი სამსახურის მუშაკები - მანდატურები გამოვიდნენ. ვფიქრობთ, მრავლისმეტყველია ისიც, რომ სასწავლო წლის დაწყების წინადღეს განათლების მინისტრი ხვდება არა მასწავლებლებს, არამედ მანდატურებს. ამ შეხვედრის სკოლასა და ბავშვებთან დაკავშირება ნამდვილად გაგვიჭირდება, ეს სახელმწიფო ტელევიზიით მთელმა საქართველომ იხილა.
რაც შეეხება პირველკლასელებს, ისინი იმდენად მოექცნენ საინფორმაციო საშუალებებისა და შესაბამისად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რამდენადაც საჭირონი იყვნენ ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტის პოპულარიზაციისათვის დადგმული სარეკლამო რგოლების გადასაღებად.
აქედან გამომდინარე, წლევანდელი 15 სექტემბერი საზოგადოებას დაამახსოვრდება ბავშვებისათვის ნაჩუქარი ნეტბუქებითა და პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მიხეილ სააკაშვილის კომენტარებით. მათგან ერთი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გახლავთ პრეზიდენტის ხუმრობით ნათქვამი ფრაზა: ,,რატომ ვიყავით ვარდების რევოლუციამდელი ბავშვები ჩამორჩენილები, იმიტომ, რომ არ გვქონდა ნეტბუქები". პრეზიდენტი პრეზიდენრია და მისი ხუმრობით ნათქვამი ფრაზაც ყურადსაღებია. საკმაოდ ძველი და გაცვეთილი ამ გამონათქვამის მისეულმა პერიფრაზმაც განათლების მუშაკთა და პოლიტიკოსთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. მაგალითად, 24-ე სკოლის დირექტორმა ბატონმა გია მურღულიამ რადიო ,,პალიტრასთან" საუბარში სააკაშვილის გამონათქვამზე ასეთ კომენტარი გააკეთა: ,,ამ ფრაზის აღქმა, ალბათ, მეტაფორულად სჯობს. კომპიუტერი სანამ არ არსებობდა, მას ვერავინ გამოიყენებდა. მიუხედავად ამისა, ძველი განათლების სისტემის წინააღმდეგ ბევრის თქმა არ შეიძლება, ვინაიდან ჩვენ ვიცნობთ უამრავ ძალიან განათლებულ ადამიანს, რომელიც ძველ სისტემაში მომზადდა. ახალ ვითარებაში კომპიუტერის უპირატესობა ის არის, რომ უპირველეს ყოვლისა მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვისებრივად მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია მიიღოს. თუმცა, აქაც ბევრი რამ თავად პიროვნების მონდომებასა და უნარზეა დამოკიდებული", - განაცხადა ბატონმა გიამ და ის, ალბათ, ერთადერთი საჯარო პირი ბრძანდება, რომელმაც იმ დღეს სიტყვა მასწავლებელი ახსენა.
აჟიოტაჟი მოჰყვა ექსპერიმენტულ სკოლაში უკვე სერიოზულად ნათქვამ მეორე ფრაზას. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკლასო ოთახში შესულმა სააკაშვილმა თქვა: ,,სკოლებში ასეთი კლასები ვიღაცისთვის ფუფუნებაა, თუმცა ამერიკისთვის, იაპონიისთვის, ჩვენთვის არის ყოველდღიურად აუცილებელი". რესპუბლიკური პარტიის წევრს დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ამ ინფანტილურ გამონათქვამზე მსჯელობა უაზრობაა. რაც შეეხება კომპიუტერს, ის დღევანდელი ცხოვრების ყოველდღიური ატრიბუტია და იმის თქმა, რომ ბავშვებისთვის მისი სათამაშო ვარიანტის მიცემა მათ ინტელექტუალურ განვითარებას განსაკუთრებულ სიმაღლეზე ასწევს და საერთოდ ამ საგნის მიმართ რაღაც მისტიკური, მოწიწებული დამოკიდებულება ღრმა პროვინციალიზმია. ისიც საკითხავია, - ამ ასაკში ბავშვისთვის კომპიუტერის მიცემა რამდენად გამართლებულია? სხვათა შორის, არც ამერიკაში და არც იაპონიაში ნაციონალურ, საყოველთაო დონეზე დამწყები კლასებისთვის ასეთი გადაწყვეტილება არავის მიუღია. იგივე შეიძლება ითქვას პირველი კლასიდან ინგლისურის სწავლებაზე.
არ შეიძლება აქვე არ ვახსენოთ იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენაც", რომლის მსგავსიც კი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ვერავინ შექმნა. წელს გოგებაშვილის საანბანე წიგნს, რომლის საშუალებითაც პატარები წერა-კითხვას სწავლობდნენ, გრიფი აღარ მისცეს. უპირატესობა მიანიჭეს სხვა ავტორების სახელმძღვანელოებს, რომლებშიც გოგებაშვილის მიერ შექმნილი სწავლების მეთოდიკა სრულიად უგულებელყოფილია.
ასევე ხდება ,,დედაენის" გაპოლიტიკურებაც. სახელმძღვანელოდან ვითომ მოძველებული, დღევანდელი ბავშვებისათვის გაუგებარი შინაარსის სიტყვების მოტივით ამოღებულია თოხი, ცელი, ნამგალი და მათ ნაცვლად შეტანილია თვითმფრინავი, ვარდი, ხოლო ასო-ბგერა "შ"-ს საილუსტრაციოდ არც მეტი, არც ნაკლები - შადრევანია მოყვანილი!
კარგი იქნება, თული სასწავლებლების დეპოლიტიზაციის პრინციპი რეალურად გავრცელდება სკოლებზე და თუნდაც "დედა ენა" მაინც, მხოლოდ წერა-კითხვის სასწავლ წიგნად დარჩება...
დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)