უკრაინელების სარაკეტო დარტყმების შიშით რუსებმა ყირიმის ხიდის "შენიღბვა" დაიწყეს - კვირის პალიტრა

უკრაინელების სარაკეტო დარტყმების შიშით რუსებმა ყირიმის ხიდის "შენიღბვა" დაიწყეს

გაგიგიათ 19 კმ სიგრძის ხიდის ისე „შენიღბვა“, რომ მოწინააღმდეგემ ვეღარ „შეამჩნიოს“ და ამხელა „მონსტრზე“ დამიზნებული მართვადი რაკეტები ააცილოს?

ყოველ შემთხვევაში, რუსეთის გენშტაბმა, როსგვარდიასთან ერთად, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები იმისთვის, რომ ყირიმის ხიდი უკრაინელების მორიგი წარმატებული სარაკეტო დარტყმების სამიზნე არ გახდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეები უკრაინელი სამხედროები ერთმანეთის მიყოლებით ზუსტი სარაკეტო დარტყმებით რუსებს უფეთქებენ საბრძოლო მასალის იმ დიდ საწყობებს, რომლებიც ოკუპირებული დონბასის სიღრმეშია და აქამდე, 8 წლის განმავლობაში, არაფერი დამუქრებიათ.

ყირიმის ხიდის ისტორია პირდაპირ კავშირშია 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ ოკუპაციასთან და შემდგომ კი - ანექსიასთან - რუსეთს სასწრაფოდ სჭირდებოდა სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციის შექმნა ტამანის ნახევარკუნძულიდან ყირიმის ქერჩამდე, რათა ანექსირებულ ყირიმში დიდძალი შეიარაღება და საბრძოლო მასალები შეეტანა და უკრაინაზე რუსეთის სხვადასხვა მიმართულებიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს ყირიმიდანაც შეეტია უკრაინის სამხრეთისთვის...

როგორც აღმოჩნდა, რუსეთის გენშტაბის ამ გეგმამ, კიევისთვის სამწუხაროდ, მეტწილად იმუშავა და სწორედ ანექსირებული ყირიმიდან წარმატებული რუსული შეტევების შედეგად დაეცა მარიუპოლი, ოკუპირებულია მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ხერსონი და საფრთხე ემუქრება ნიკოლაევსა და ოდესას...

2016-2019 წლებში აშენებული ყირიმის 19 კმ-იანი ხიდი, ფაქტობრივად, პარალელურად მიმავალ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალს წარმოადგენს, რომლის შუაში 227 მ სიგრძის თაღია დატანებული, რათა ხიდის ქვეშ უპრობლემოდ შეძლოს გაცურვა 35 მ სიმაღლის გემმა შავიდან აზოვის ზღვაში, ან - პირიქით.

ყირიმის ხიდის აგებით რუსეთმა, ფაქტობრივად, ჩაკეტა აზოვის ზღვაში შესასვლელი, ხოლო მარიუპოლისა და ბერდიანსკის დაპყრობით აზოვის ზღვაზე სრული კონტროლი დაამყარა.

ყირიმის ხიდის აფეთქებას უკრაინელებისთვის ორი ძირითადი მიზანი შეიძლება ჰქონდეს

პირველი - წმინდა სამხედროა, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს სარკინიგზო ეშელონებით დანარჩენი რუსეთიდან ანექსირებულ ყირიმში მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და საჭურვლის შეზიდვა. თუმცა მარიუპოლი-მელიტოპოლის გზის დაპყრობის შემდეგ რუსეთს ალტერნატიული საშუალებაც გაუჩნდა როსტოვის ოლქიდან ყირიმში მოსახვედრად.

მეორე მიზეზი კი პოლიტიკური და ამასთანავე, პროპაგანდისტულიც შეიძლება იყოს - უკრაინამ შეძლო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების სიმბოლოს - ყირიმის ხიდის აფეთქება...

ყირიმის ხიდის ყველაზე კონტრასტულ მონაკვეთს სწორედ მისი 227 სიგრძის თაღი წარმოადგენს, რომელიც წყლის ზედაპირიდან 80 მ-ის სიმაღლეზეა აწეული და საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენს, როგორც რადიოლოკაციური, ისე - ოპტიკური დამიზნების სისტემების მქონე მართვადი რაკეტებისთვის.

უკრაინელების შეიარაღებაში სამამულო წარმოების ხომალდსაწინაააღმდეგო „ნეპტუნების“ გარდა, ამერიკული „ჰარპუნებიც“ გამოჩნდა, რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე 280 კმ-მდეა.

ფრონტის ხაზიდან, რომელიც უკრაინის სამხრეთში, ზაპოროჟიედან დონეცკამდეა გადაჭიმული, არის ადგილები, საიდანაც ყირიმის ხიდამდე მხოლოდ 250-260 კმ-ია, ანუ არსებობს იმის თეორიული და პრაქტიკული შანსიც, რომ უკრაინელებმა „ნეპტუნები“ და „ჰარპუნები“ ყირიმის ხიდის მთავარ, 80 მ-ის სიმაღლის თაღამდე მიაღწიონ.

4-1657010904.png
ზღვის ტალღების თავზე მფრენი „ჰარპუნის“ რაკეტა

მაგრამ ეს მანძილი მხოლოდ პირდაპირი ხაზით გადის რუსი ოკუპანტების მიერ დაპყრობილი მელიტოპოლის, ბერდიანსკის, მარიუპოლის სიახლოვეს, სადაც რუსებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აუცილებლად ექნებათ განთავსებული და დიდი შანსია, მათ დაბალ სიმაღლეზე მფრენი ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, თითქმის ოცწუთიანი ფრენის პერიოდში, სადმე ჩამოაგდონ ანუ უკრაინელების რაკეტებს, საწვავის მარაგიდან გამომდინარე, რჩებათ ძალიან მცირე შესაძლებლობა იმისა, მოახდინონ ხშირი მანევრირება ფრენის მარშრუტზე.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება ღირდეს გარისკვაც ან შეიძლება, უკრაინელები ელოდებიან , რომ ამერიკელების ნაცვლად ბრიტანელები მაინც გადასცემენს „ჰაიმარსის“ 300 კმ-მდე მფრენ რაკეტებს.

ისე, ყველაზე ეფექტიანი საშუალება ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად, 500 და 1 500 კგ კალიბრის ბეტონმგრეველი საავიაციო ბომბების გამოყენება იქნებოდა, მაგრამ უკრაინულ ბომბდამშენებს ყირიმის ხიდამდე მიღწევის ძალზე მცირე შანსი თუ აქვთ, უკან დაბრუნების კი, ალბათ, საერთოდ არ...

2-1657010859.png
სპეციალური კვამლის „ფარდის“ შექმნა ყირიმის ხიდის „შესანიღბად“

რუსებს სურთ, თავი დაიზღვიონ და დაიწყეს კონკრეტული ზომების მიღება ყირიმის ხიდის „შესანიღბავად“ ორი კონკრეტული სახის საფრთხიდან.

ოპტიკური დამიზნების სისტემების (რომლებიც ხილულ და სითბურ დიაპაზონებში მუშაობენ) მქონე რაკეტების „დასაბრმავებლად“ რუსები ყირიმის ხიდის მიმდებარედ სპეციალურ კვამლის ღრუბლებს უშვებენ, რომლებიც გარკვეული პერიოდი ხიდის ძირითად, თაღის ნაწილს „უხილავს“ ხდის.

ეტყობა, რუს სამხედროებს იმედი აქვთ, რომ უკრაინული რაკეტების სტარტს ადრეულად აღმოაჩენენ და მოასწრებენ ასეთი შემნიღბველი ხელოვნური ღრუბლების „გაშვებას“.

3-1657010884.png
ყირიმის ხიდთან მოდრეიფე ბარჟა მასზე დაყენებული ალუმინის კუთხოვანი ამრეკლებით, ყირიმის ხიდის არკის რადიოლოკაციური სურათის გადასაფარად...

რადიოლოკაციური დამიზნების, იმავე „ჰარპუნის“ მოსატყუებლად კი ყირიმის ხიდის სიახლოვეს დააყენეს ბარჟა, რომელზეც ალუმინისგან დამზადებული სპეციალური კუთხოვანი ამრეკლებია დამონტაჟებული, რომელთა მიერ არეკლილმა რადიოტალღებმა უნდა „გადაფაროს“ თავად ხიდის რადიოლოკაციური სურათი და რაკეტა ხიდის ნაცვლად ამ „ბარჟა-სატყუარას“ დაემიზნოს...