"დევიმ მითხრა, დოდოს დაუჩოქე, მუხლებზე მაგრად შემოხვიე ხელი და, რაც უნდა მოხდეს, არ გაუშვაო... დოდო კი მთელი ძალით იქნევდა ფეხებს" - კვირის პალიტრა

"დევიმ მითხრა, დოდოს დაუჩოქე, მუხლებზე მაგრად შემოხვიე ხელი და, რაც უნდა მოხდეს, არ გაუშვაო... დოდო კი მთელი ძალით იქნევდა ფეხებს"

გუშინ სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვე - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მართლაც ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი ქეთევან შარიქაძე რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილა.

ქალბატონი ქეთევანი რამდენიმე წლის წინ გავიცანი. იმხანად კლასიკად ქცეული ქართული კინოფილმების პერსონაჟების ეკრანზე გამცოცხლებელ არაპროფესიონალ თუ პროფესიონალ მსახიობებს ვეძებდი და დედულეთში სტუმრობისას ქეთევან შარიქაძესთან გასაუბრება მირჩიეს, გადასაღებ მოედანზე გადახდენილ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებაო. ამ სევდიან დღეს მინდა, ისევ ხალისიანი ქალბატონი ქეთევანი გავიხსენო და - მისი დაუვიწყარი მოგონებები, რითაც ძალიან ამაყობდა.

ერთმანეთს დღეს უკვე საუკუნეს გადაბიჯებულ ჭიათურის თეატრში შევხვდით.

მახსოვს, გენერალური რეპეტიციის შემდეგ, ფაქტობრივად, არ ამოვასუნთქე - ერთ საათში იმხანად თეატრის მთავარი რეჟისორის, ანდრო ენუქიძის მიერ დადგმული ახალი სპექტაკლის - "ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანების" დახურული ჩვენება იწყებოდა. მსახიობი ძალიან გულღია, ხალისიანი და შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა. ჭიათურელი მეგონა, არადა, თბილისელი ყოფილა, - წარმოშობით ხარაგაულიდან ვარ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, თეატრალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი ჭიათურაში ვცხოვრობო. მერე დააყოლა, - დედას ძალიან უყვარდა თეატრი და მეც იმდენად შემაყვარა, ბავშვობაში ორშაბათსა და ხუთშაბათს თეატრისა და კინოს დღეებიც კი დავაწესე და სიაც შევადგინე, რამდენჯერ ვნახულობდი თითოეულ სპექტაკლსა და ფილმს.

sharikadze-1657010932.jpg
ქეთევან შარიქაძე სპექტაკლში „მეცხრე წმინდანი“

ერთხელაც ეს სია დედას ჩაუვარდა ხელთ და მამიდის მეუღლეს - ვასო მეტონიძეს შესჩივლა, გაგიგია, ბავშვი სულ თეატრსა და კინოში იყოსო? ძია ვასომ გადმომხედა და, - ქეთინო, შვილო, არ გრცხვენია? არ იცი, რომ სამ დღეს კინოში უნდა იარო და ოთხ დღეს - თეატრშიო? ასე დავკვალიანდი და სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემი გათვლით, ორი წლით წამოვედი ჭიათურის თეატრში, თუმცა სიყვარულმა გეგმები შემიცვალა, ამავე თეატრის მსახიობ ოთარ მაღრაძეზე დავქორწინდი და 1967 წლიდან მოყოლებული, ასე შემოვრჩი ამ პატარა ქალაქსა და მის უძველეს და ულამაზეს თეატრსო.

განუმეორებელი "ყვარყვარე", ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე და შოთა გაბელაია

ვიცოდი, რომ სწორედ ამ კუთხეში გადაიღეს რამდენიმე ქართული მხატვრული ფილმი, სადაც ქეთევან შარიქაძეც მონაწილეობდა. მეც ფილმებსა და გადასაღებ მოედანზე გენიალურ არტისტებთან ერთად თავს გადახდენილ ამბებზე ჩავეკითხე და მსახიობმაც ხალისით გაიხსენა კინო-თეატრების კორიფეები:

"რეჟისორ ელდარ შენგელაიას "სამანიშვილის დედინაცვალში" განსაკუთრებული როლი არ მქონდა - ვერიჩკას ვასრულებდი, აი, "ყვარყვარეში" კი მეტად გამიმართლა. მახსოვს, თეატრის სცენაზე "კომბლეს" ვთამაშობდით. თურმე, სპექტაკლს ესწრებოდა რეჟისორი დევი აბაშიძე, რომელიც ჭიათურაში "ყვარყვარეს" გადაღებას იწყებდა. ანტრაქტის დროს ბატონმა დევიმ ფილმში ლირსას როლი შემომთავაზა. როგორ ვიუარებდი და... გადაღებაზე სოფელ ქვაციხეში წავედით. იქ, გორაკზე, საგანგებოდ აუშენებიათ შენობა, რომელსაც ფილმში მაზრის დანიშნულება ჰქონდა. მანქანით რომ ამიყვანეს, პირველად იქვე მჯდომი ეროსი მანჯგალაძე შევნიშნე. კოსტიუმი ჩამაცვეს და დევიმ ეროსისთან წარმადგინა, - გაიცანი, შენი მეუღლე მოგიყვანეო. ძალიან დავმეგობრდით, ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა ძაღლები. ეროსი ბევრ ამბავს მიყვებოდა თავის ძაღლ ტანგოზე, რომელიც თბილისში, მეზობელთან ჰყავდა დატოვებული. თურმე, შინ ნასვამი რომ მივიდოდა და წამოწვებოდა, ტანგო გასაქანს არ აძლევდა - ტანსაცმელზე ექაჩებოდა, ვიდრე ლოგინამდე არ მიაცილებდა. ეროსი ძალიან განიცდიდა, რომ გადაღებაზე მისი წამოყვანა არ შეეძლო.

yvaryvare-1657010999.jpg
მხ.ფილმი „ყვარყვარე“ - ეროსი მანჯგალაძე, ქეთევან შარიქაძე და შოთა გაბელაია

ძალიან დავუახლოვდი შოთა გაბელაიასა და დოდო აბაშიძეს. იმხანად ისეთი გამხდარი ვიყავი, ნეკნებს დამითვლიდა ადამიანი. მახსოვს, ვიღებდით ეპიზოდს, როდესაც ყვარყვარეს ვევედრები, - შენი მუხლების ჭირიმე-მეთქი. დევიმ მითხრა, დოდოს დაუჩოქე, მუხლებზე მაგრად შემოხვიე ხელი და, რაც უნდა მოხდეს, ხელი არ გაუშვაო. წარმოიდგინეთ, ამ მთასავით კაცს უნდა ჩავჭიდებოდი. რაღას ვიზამდი? შემოვეხვიე დოდოს მუხლებზე, ვეხვეწებოდი, დოდო კი თავიდან მიშორებდა და მთელი ძალით იქნევდა ფეხებს. მეც ცოცხალი თავით არ ვეშვებოდი. ფხვიერ მიწაზე ვიდექით, როგორც ჩანს, ამ ძიძგილაობაში დოდოს ფეხი დაუცურდა, ჩემკენ წამოვიდა და ზედ თავზე დამეცა. მე, საცოდავი, ქვეშ მოვყევი და კინაღამ გამსრისა - ძლივს გამომაძვრინეს. წამოხტა დოდო და შეწუხებული დამდევდა, ხომ არაფერი გეტკინა, შვილოო? მერე დევის შეუყვირა: - შე, მამაცხონებულო, რომ უთხარი, არ მოეშვაო, როდემდე უნდა ეჭიდავა ამ პატარა ბავშვს ჩემთანო? არადა, მე საოცრად ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ბუმბერაზ ხალხთან ერთად ვიდექი კამერის წინ...

yvaryvare-1-1657011134.jpg
მხ. ფილმი „ყვარყვარე“ - დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, ქეთევან შარიქაძე და შოთა გაბელაია

რეჟისორმა რეზო ჩხეიძემაც მიმიწვია თავის ფილმ "რაიკომის მდივანში", ერთ-ერთ გადაღებაზე წასულიც ვიყავი ახალციხეში, მაგრამ მალევე ძალიან ავად გავხდი და ვეღარ შევძელი გადაღება. მხოლოდ ფილმის ერთ კადრში დავრჩი - ვენახს რომ ჩეხენ, აურზაურში ვიღაცას თმაში ვწვდები"...

თეატრი - გრიშა ტყაბლაძისა და მიშა ვაშაძის ტანდემი და... სიგარეტი

"ჭიათურის თეატრში მართლაც გენიალური მსახიობები იყვნენ. სამწუხაროდ, მათ ნაწილს საზოგადოება მხოლოდ კინოფილმებით იცნობდა, არადა საოცარი ამბები სწორედ თეატრის სცენასა და კულისებში ხდებოდა. თეატრზე რომ ვკითხე, ქალბატონმა ქეთევანმა გაბრწყინებული სახით მითხრა, - მათთან მუშაობით ინსტიტუტის კი არა, აკადემიის კურსი გავიარეო. მერე კი მიამბო:

sharikadze-2-1657011435.jpg

"მაგალითად, გრიშა ტყაბლაძე გრიმის გაკეთების დიდოსტატი იყო. ტყაბლაძეც და მიშა ვაშაძეც იმდენად შეხუმრებულები იყვნენ, ათასგვარ ოინს უწყობდნენ ერთმანეთს. მახსოვს, ბატონი გრიშა ძალიან ბევრ სიგარეტს ეწეოდა და, შესაბამისად, მუდამ ყიდულობდა. ბატონი მიშაც ბევრს ეწეოდა, მაგრამ სიგარეტს ყოველთვის გრიშა ტყაბლაძეს სთხოვდა. მერე, როგორც ჩანს, თხოვნის ერიდებოდა და ჩუმად აცლიდა ხოლმე ჯიბიდან. გრიშა ხვდებოდა და არაფერს ეუბნებოდა. ერთხელაც გაბრაზდა და თავისი სიგარეტი მიშას ჩაუდო ჯიბეში. მიშა რას მოიფიქრებდა, რომ სიგარეტი ჯიბეში ედო და როცა შეიტყო, მაგრად გამწარდა... კიდევ, გადმოცემით ვიცი, მე არ მოვსწრებივარ, ჭიათურის თეატრის მსახიობ ბიჭიკო ვაშაძეს თეატრის იმჟამინდელ დირექტორთან რვეულში თავისი ხელით გადაწერილი გალაკტიონის ლექსები შეუტანია და უთქვამს, ლექსები დავწერე და ძალიან გთხოვ, გამისწორეო. ამ დირექტორსაც გულმოდგინედ წაუკითხავს და სულ წითელი კალმით აუჭრელებია რვეული - თავისი ჭკუით, გაუსწორებია. ამას დიდი სიცილ-კისკისი მოჰყოლია...

საერთოდ კი, ჭიათურის თეატრს დიდებული მსახიობები ჰყავდა, მართლაც ვარსკვლავები იყვნენ, ოღონდ არა - დღევანდელი გაგებით. ისეთი ხალხი წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ... სულ ვფიქრობ, თეატრში სერიოზული რომ არაფერი გამეკეთებინა, მხოლოდ იმ ბრწყინვალე ხალხთან ერთად თეატრსა და კინოში ყოფნას მივიჩნევდი ჩემი ცხოვრების გვირგვინადო".

shariq-1657011052.jpg
ძალიან გულღია და ხალისიანი მოსაუბრე აღმოჩნდა

"უკან დაბრუნება" სამუდამოდ გამომშვიდობების წინ

ქეთევან შარიქაძე ჭიათურის თეატრში 1968 წლიდან მოღვაწეობდა და 200-მდე როლი განასახიერა. სოციალურ ქსელში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, ქალბატონმა მარიკა ხვედელიძემ დაწერა: "ბოლო პერიოდში ტელეფონით ზედმეტად შეწუხებას ვერიდებოდი, თუმცა არ მახსენდება მასთან საუბარი, - ღმერთო, ისე არ მომკლა, ჩემს თეატრში ერთხელ კიდევ არ შემახედოო, არ ეთქვას...

ხუთშაბათს თეატრში კიდევ ერთხელ "შემოიხედავს" (სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება) და ამჯერად სამუდამოდ დაემშვიდობება მის კედლებს და მტვერს, დაემშვიდობება მაყურებელს და ქალაქს...

sharikadze-3-1657011492.jpg
ფოტო ბოლო სპექტაკლიდან - „უკან დაბრუნება“

მერე გავაცილებთ მის ბავშვობაში, მის მშობლებთან და ცხოვრების საუკეთესო პარტნიორთან - მეუღლესთან, რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტთან ომარ მაღრაძესთან.

ეს ფოტო მისი ბოლო სპექტაკლიდანაა.

"უკან დაბრუნება" ჰქვია ამ სპექტაკლს!

რამდენიმე თვის წინ ითამაშა და ისევ ყველა გაგვაოცა თავისი ახალგაზრდული ვიზუალით, ენერგეტიკით და შესრულების ხარისხით.

ჩვენც ასეთი ქეთევანი გვემახსოვრება!"

ჩვენი რედაქციის სახელით გისამძიმრებთ ქალბატონი ქეთევან შარიქაძის გარდაცვალებას ოჯახს, ჭიათურის თეატრს, მთელ ჭიათურას, ასევე, ქართულ კინემატოგრაფსა და თეატრალურ საზოგადოებას. ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს!

(სპეციალურად საიტისთვის)