"ერთი გზა - ერთი სარტყელი": შეძლებენ თუ არა ჩინეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდად თანაცხოვრებას?" - კვირის პალიტრა

"ერთი გზა - ერთი სარტყელი": შეძლებენ თუ არა ჩინეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდად თანაცხოვრებას?"

ჰონკონგის (ჩინეთი) უძველეს ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (გამოდის 1903 წლიდან) გამოქვეყნებულია სტატია - "ერთი გზა - ერთი სარტყელი": შეძლებენ თუ არა ჩინეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდად თანაცხოვრებას?", რომელშიც განხილულია მოსკოვისა და პეკინის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. პუბლიკაციის ავტორის - აღა ჰუსეინის, რავალპინდის (პაკისტანი) ანალიტიკური ცენტრის ექსპერტის აზრით, რუსეთი და ჩინეთი კავკასიაში ერთმანეთს ბევრად უფრო რთულად ეგუებიან, ვიდრე - შუა აზიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

"ჩინეთი არ უპირისპირდება რუსეთის ბატონობას შუა აზიაში და მოსკოვი კონკურენციაში არ გამოუწვევია უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ამის ნაცვლად, ჩინეთი მოსკოვს ქოლგის სახით იყენებს, თავისი ცნობილი ინიციატივის - "ერთი გზა - ერთი სარტყელის" განსახორციელებლად. მაგრამ შეძლებენ ჩინეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თანაცხოვრებას ამ ინიციატივის ჩარჩოებში?

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დიახ, შეძლებენ.

ჩინეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, ისევე, როგორც შუა აზიაში, საქმიან ხასიათს ატარებს და უფრო მეტად პროექტ "ერთი გზა - ერთი სარტყელის" ჩარჩოებში რეალიზდება - ეს რეგიონი პეკინისათვის შეიძლება უმოკლეს მარშრუტად გადაიქცეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ - ევროპისაკენ.

რუსეთი კი კავკასიაში სამხედრო ყოფნის და დიპლომატიური გავლენის გაფართოებას ცდილობს, რომელიც კრემლმა 2020 წლის შეთანხმებით მოიპოვა - სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შეჩერებასთან დაკავშირებით. მოსკოვის ლაიტმოტივს, სადაც უნდა იყოს ის, შუა აზიაში თუ სამხრეთ კავკასიაში, ყველგან რუსული ბატონობის შენარჩუნება წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა ევრაზიულ სივრცეში.

მაგრამ სტრატეგიული საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, სამხრეთ კავკასიის გაყოფა/გადანაწილება პეკინსა და მოსკოვს შორის უფრო რთული იქნება, შუა აზიასთან შედარებით.

რაც შეეხება ევრაზიული ჰეგემონიის შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია რუსეთისათვის უფრო "მგრძნობიარე" რეგიონს წარმოადგენს, ვიდრე - შუა აზია, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით - აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს უფრო მეტი შეხება აქვთ და უფრო მეტად ესაზღვრებიან არარუსულ მიწებს, ვიდრე - შუა აზიის სახელმწიფოები.

სწორედ ამ ფაქტორის წყალობით, შუა აზიის რესპუბლიკებისგან განსხვავებით, თბილისმა, ბაქომ და ერევანმა შეძლეს, საკმაოდ მტკიცე ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება უცხოეთის ქვეყნებთან. უფრო მეტიც - სამხრეთ კავკასიაში ძირითად ინტეგრაციულ სქემებს სწორედ რუსეთის დასავლელი მოწინააღმდეგეები ახორციელებენ - ამის მაგალითია ევროკავშირის პროგრამა "აღმოსავლეთის პარტნიორობა" და ა.შ.

ბუნებრივია, გარედან - დასავლეთიდან ნაკარნახევი ცვლილებები ყოფილი საბჭოთა ევრაზიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური არქიტექტურის თვალსაზრისით, რუსეთს, როგორც წესი, აღიზიანებს და აშფოთებს, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ფსონები განსაკუთრებით მაღალია იმდენად, რამდენადაც რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკა დასავლეთისკენაა მიმართული.

ამასთან დაკავშირებით მოსკოვს არ შეიძლება, ეჭვებს არ უჩენდეს ის სავარაუდო ახლო პერსპექტივა, რომ ამიერკავკასია გადაიქცევა სავაჭრო ცენტრად ჩინეთსა და ევროკავშირს შორის "ერთი გზა - ერთი სარტყელის" მეშვეობით.

რუსეთს არ აქვს იმის სტრატეგიული სტიმული, რომ მხარი დაუჭიროს ჩინეთის ყოფნის პერსპექტიულ გაფართოება-განმტკიცებას ყოფილ საბჭოთა რეგიონებში, თუ პეკინი მოსკოვს მხარს არ დაუჭერს დასავლეთთან მეტოქეობაში. [რასაკვირველია, შესაძლოა, ფარული გარიგებებიც - "სამსახური სამსახურისათვის"] - მაგალითად, როცა ჩინეთმა, რუსეთთან სოლიდარობით, 2015 წელს მხარი არ დაუჭირა ყირიმის მიტაცების გამო დაწესებულ დასავლურ სანქციებს, მოსკოვმა შუა აზიაში პეკინს თავისი პოზიციები დაუთმო.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ძალიან დამოკიდებული გახდა ჩინეთზე პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით - იმ უპერეცედენტო სანქციური კამპანიის გამო, რომელიც დასავლეთმა კრემლის წინაშე გამოაცხადა, უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, მოსკოვი ღიად გამოვიდეს ჩინეთის კავკასიური პოლიტიკის (ინტერესების) წინააღმდეგ. უფრო მეტიც - არსად წინააღმდეგ არ გამოვა, სადაც კი ჩინეთის ინტერესი გაჩნდება.

ჩინეთი ცდილობს, თავისი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, "ერთი გზა - ერთი სარტყელის" საფუძველზე, ნეიტრალურად (აპოლიტიკურად) წარმოადგინოს, მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ ყველასთვის მომგებიანად, რომელიც გეოპოლიტიკურ სტატუს-ქვოს არ დაარღვევს.

ამ კონტექტსში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩინეთი არ გახდება რუსეთის კონკურენტი და არ გახდის სადავოს კრემლის სტრატეგიულ მიზანს, ამიერკავკასიასთან მიმართებით. ამ მიზნის მიღწევის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე ომის შეჩერება მოსკოვის შუამავლობით, 2020 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვით, რუსები ყველა საკვანძო-სატრანპორტო არტერიას იცავენ.

გარდა ამისა, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" რუსების სამხედრო ყოფნის წყალობით, კრემლს შეუძლია დაემუქროს ამიერკავკასიის მთავარ საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციებს, თუ მოსკოვს მოეჩვენება, რომ თბილისი კონტროლიდან გასვლას ცდილობს.

ამიტომაც ჩინეთის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასია უფრო მეტად დანაღმულ მინდორს ჰგავს, ვიდრე იმ რეგიონს, რომელსაც "ერთი გზა - ერთი სარტყელის" პროექტში ჩაბმის დიდი სურვილი აქვს.

საკითხავი ისაა, თუ როგორი მიდგომა აღმოჩნდება პეკინისთვის ოპტიმალური - "ფსკერზე დაწვეს და სიტუაციას დაელოდოს" თუ ისარგებლოს თავისი სავაჭრო-ფინანსური შესაძლებლობებით და კრემლი დაარწმუნოს გარკვეულ დიპლომატიურ დათმობებზე, რაც მოსკოვის მხრიდან "მოქნილი პოლიტიკის" გატარებაში იქნება გამოხატული. ჯერჯერობით კი, ახალი გეოპოლიტიკური რეალიების პირობებში, მოსკოვისა და პეკინის სამხრეთკავკასიური ინტერესების გადაკვეთაში გაურკვევლობაა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ