"ნიკა სიმონიშვილმა აღიარა, რომ პრაქტიკულად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა" - კვირის პალიტრა

"ნიკა სიმონიშვილმა აღიარა, რომ პრაქტიკულად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა"

ნიკა სიმონიშვილმა აღიარა, რომ პრაქტიკულად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი საია- ს ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, პოლიტიკოსები არასამთავრობო სექტორს არიან ამოფარებულნი, რაც მათ პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს.

"როცა საზოგადოებას ატყუებ, რომ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, რეალურად კი იქ საზოგადოებას პოლიტიკური განცხადებები და მთავრობის გადაყენების მოთხოვნები დახვდა, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ დაინახა, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ ორგანიზაციად არის გადაქცეული. ისინი სამართლებრივად პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდებიან თუ არა, მათი საქმეა, მაგრამ საზოგადოებამ ის დაინახა, რასაც ვაანონსებდით, რომ საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან. როცა პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხარ და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაქვს, აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასა და სამოქალაქო პროტესტზე ნიკა სიმონიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" ისაუბრა. ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს. თავად როგორც ამბობს, პარტიულ საქმიანობას არ აპირებს.