"ბორის ჯონსონს გამოსავალი აღარ აქვს... ვის შეუძლია მისი შეცვლა?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ბორის ჯონსონს გამოსავალი აღარ აქვს... ვის შეუძლია მისი შეცვლა?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულ პრესაში აქტიურად შუქდება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებული მოვლენები. ბორის ჯონსონს ამას წინათ თავისმა პარტიამ კინაღამ უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა, მაგრამ გადარჩა, ახლა კი ისევ სკანდალი იწყება - 5 ივლისს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ორმა მინისტრმა დატოვა...

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ბორის ჯონსონს გამოსავალი აღარ აქვს: მშობლიური პარტია პრემიერის წინააღმდეგ არის განწყობილი“ (ავტორი - პატრიკ ო’ფლინი).

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

„გუშინ ისე ჩანდა, რომ ბორის ჯონსონის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა - მისი მთავრობა ორმა მინისტრმა დატოვა - ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. მართალია, მინისტრების თანაშემწეებმა განაცხადეს, რომ გადადგომა კოორდინირებული არ ყოფილაო, მაგრამ მათთვის არავის დაუჯერებია.

სანამ ჟურნალისტები და ანალიტიკოსები მთავრობის ხმამაღალ განცხადებას ელოდნენ, ბორის ჯონსონმა გადამდგარი მინისტრების ნაცვლად ახლები დანიშნა. სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა. ვიღაცამ ისიც გაიხსენა, რომ რამდენიმე ხნის წინ, როცა საჯიდ ჯავიდმა გადადგომის სურვილი გამოაცხადა, მაშინაც აურზაური და აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ სახელმწიფოს გემმა თავისი გზით ცურვა გააგრძელა.

(თანამდებობა დატოვა გაერთიანებული სამეფოს კიდევ სამმა მინისტრმა - გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის მინისტრმა ვიქტორია ატკინსმა, ხაზინის მინისტრმა ჯონ გლენმა და მინისტრმა სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებში - რობინ უოკერმა - რედ.)

ახლაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისეთი არაფერი მომხდარაო, მაგრამ ასეთი ფიქრი უკვე ილუზია იქნებოდა იმიტომ, რომ იმ დეპუტატმა, კონსერვატორებმაც კი ბორის ჯონსონის მშობლიური პარტიიდან, რომლებიც პრემიერს განსაკუთრებით უჭერდნენ მხარს, ახლა მას ზურგი აქციეს. როგორც პრემიერის ერთ-ერთმა ყოფილმა მხარდამჭერმა განაცხადა, მისთვის უსიამოვნოა, რომ გაზეთებში ბორის ჯონსონთან დაკავშირებული სკანდალური ამბები პირველ გვერდზე ქვეყნდება, ხოლო [საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან] ქრისტოფერ პინჩერთან დაკავშირებულმა [სექსუალურმა] სკანდალმა (ე.წ. პინჩერგეიტმა) უკვე მოთმინების ფიალა აუვსო. ბორის ჯონსონის სხვა თანამოაზრეებიც, ალბათ, სიტუაციას კარგად აცნობიერებენ.

მოკლედ, პრემიერ-მინისტრს უკან დასახევი პოტენციური გზა აღარ დარჩენია. მან თავისივე თანაპარტიელი დეპუტატების ნდობა დაკარგა. ვითარება, რომელშიც ბორის ჯონსონი იმყოფება, მის სასარგებლოდ აღარ მუშაობს.

შეუძლია თუ არა დედოფალს ბორის ჯონსონის „დასაჩუქრება“ პარლამენტის დათხოვნით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, ვიდრე გადააყენებდნენ? ლეიბორისტთა ოფიციალური თხოვნა ჯერ არ არის, მაგრამ თუნდაც იყოს, მისი უდიდებულესობა დედოფალი, ალბათ, მრჩევლებს მოეთათბირება...

მოვლენების ყველაზე სავარაუდო სცენარი ახლა იმით გამოიხატება, რომ სერ გრემ ბრედი, კონსერვატორთა კომიტეტის თავმჯდომარე, მკვეთრ რეაგირებას მოახდენს და მას მკაცრად ეტყვის, რომ „თამაში დასრულდა, უნდა გადადგე“, თორემ თუ ნდობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი მეორედ დადგება, უკვე ვეღარ გადარჩება და ეს მისთვის - ბორის ჯონსონისათვის - უკიდურესად დამამცირებელი ფაქტი იქნება.

მარგარეტ ტეტჩერმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე იმიტომ გაძლო დიდხანს და იმიტომ გადაიტანა რთული მომენტები, რომ იგი პრიორიტეტს ანიჭებდა „თავის ხალხს - შინაურებს“, რომლებშიც იგულისხმებოდა წვრილი ბიზნესმენები და მუშები. მათ კარგად იცოდნენ, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო „რკინის მარგარეტის“ მიერ დაშვებული შეცდომები, ის მზად იყო მათ გამოსასწორებლად.

ბორის ჯონსონმა კი „თავისი ხალხი“ ვერ იპოვა და მას საკუთარი პოპულარობის იმედი ჰქონდა. ბრექსიტის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე გაემახვილებინა ყურადღება, განსაკუთრებით - იმიგრაციულ კონტროლზე, ყველაფერს პირიქით აკეთებს.

პრემიერ-მინისტრს დაუნინგ სტრიტზე ყოფნის დრო ეწურება. ძალიან იშვიათია სიტუაცია, როცა პრემიერ-მინისტრი დიდ საწყის პოლიტიკურ კაპიტალს ასე სწრაფად ფანტავს. ველოდებით, რომ დავინახოთ, რა იქნება შემდეგ. ალბათ, დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირდება (წყარო)

------------

„სფექთეითორში“ ამ თემაზე კიდევ ერთი სტატიაა გამოქვეყნებული სათაურით „ვის შეუძლია ბორის ჯონსონის შეცვლა?“ (ავტორი - სტივენ დესლი), რომელშიც, ბორის ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობაა მიმოხილული.

„ყველა შემთხვევაში, როცა „ბოჯოს“ [ბორის ჯონსონის] სავარაუდო წასვლაზე ვლაპარაკობთ, ერთი შენიშვნა უნდა გავაკეთოთ: დიახ, მნიშვნელოვანია მისი თავიდან მოცილება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ვის ავირჩევთ მის შემცვლელად. „ბოჯო“ ქაოსის გამომწვევი „ჯაგერნაუტია“ - არავის ერიდება და პირდაპირ, ჯიქურ მიდის, მაგრამ ზოგიერთი მისი ალტერნატიული პიროვნება შეიძლება უარესიც კი გამოდგეს“, - წერს ავტორი.

სტატიაში დასახელებულია, თუ ვინ არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი: მაგალითად, უკვე გადამდგარი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, მისი ყოფილი კოლეგა ჯერემი ჰანტი, პარლამენტის წევრი ტომ ტუჰენდჰატი...

„ყველაზე სერიოზული კანდიდატები შეიძლება იყვნენ ახლანდელი თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი და უკვე გადამდგარი ჯანდაცვის ექსმინისტრი საჯიდ ჯავიდი. ჩემთვის უხერხულია, რომ ერთხელ ბენ უოლესს გადადგომისაკენ საჯაროდ მოვუწოდე, თუმცა იგი შთამბეჭდავ ფიგურას წარმოადგენს. დასაფასებელია მისი მოქმედება და პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხში რუსეთის წინააღმდეგ. ძლიერი პოზიციები აქვს საჯიდ ჯავიდსაც...

მოკლედ, კონსერვატორები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ის, ვინც ბორის ჯონსონს შეცვლის, უარესი კი არ იქნება, არამედ - მას ზიანის გამოსწორების უნარიც ექნება და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, სერ კირ სტარმერსაც „ადგილს მიუჩენს“. მაგრამ ვის აქვს ეს თვისებები?“, - ასეთი რიტორიკული კითხვით მთავრდება პუბლიკაცია (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ