"იმ ადამიანს დღემდე საყვედურობენ, ჯაბუა როგორ არ მიიღეო? ნუ გადამაყოლეთ, რა ვქნა, ასე დამემართაო"
“როგორი რთული დღეებიც უნდა გქონდეს, რამდენჯერაც დაგჭირდება, ცხოვრება თავიდან იმდენჯერ დაიწყე, მანამ, სანამ ბედნიერი არ იქნები”, - იხსენებს მამისგან მიღებულ დარიგებას მომღერალი მაია ჯაბუა და დასძენს, რომ ამ სიტყვებმა ის წარმოუდგენლად ძლიერი გახადა. როგორ უმკლავდება რთულ პერიოდებს, რას ნანობს, რის გამო იღებდა დედისგან საყვედურებს, რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე და რა სურს წლის ნებისმიერი სეზონის ნებისმიერ დღეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ. მომღერალი იმასაც გაგვიმხელს, როგორ შეძლო პროექტში “ვინ ვინ არის?” მზის ნიღბის უკან ისე გარდასახულიყო, მისი ამოცნობა უახლოესი ადამიანებისთვისაც კი შეუძლებელი გამხდარიყო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...სულ მინდოდა სცენაზე დგომა. ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. პროფესიაზე არასდროს მიოცნებია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ სერიოზული, მშვიდი. ვინც ძალიან კარგად მიცნობს, მათ იციან, რომ მიყვარს სიცილი, კარგი იუმორი, - ეს მნიშვნელოვანია.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...იმდენად კარგი ცხოვრება გამოვიარე, იმავე გზას, იმავე ადამიანების გვერდით გავივლიდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ჩემი ხმა.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...ახალი წლის ღამეს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, გადიოდა საახალწლო კონცერტი და ამ საღამოს ჩვენ პირველად გამოვჩნდით ასეთი დიდი მასშტაბით. ინოლა გურგულიას “იაო უაო” და ნუნუ გაბუნიას “როცა ჩაქრება ჭადრებში” ვასრულებდით. გვიანი ღამე იყო, თვალები მეხუჭებოდა, მეძინებოდა, როგორღაც თავს ძალა დავატანე, ვუყურე ჩვენს გამოსვლას და დავიძინე. რომ გავიღვიძე, მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმებშია. ქუჩაში მეც და “მზიურის” სხვა გოგონებსაც ყველა გვცნობდა, სხვადასხვა ქალაქიდან მოდიოდა წერილების ზღვა, მერე დაიწყო და დაიწყო სულ ახალი და ახალი წარმატებები.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს. დედამ შენიშნა ჩემი მონაცემი, მიმიყვანა სწორ ადგილზე, მამაც ყველანაირად მიწყობდა ხელს. თავადაც მონდომებული ვიყავი. არ მეზარებოდა ის, რასაც ვაკეთებდი, მსიამოვნებდა. შრომის გარეშე წარმატება არ მოდის.
- ბედნიერი ვარ...
- ...ყველაფრით, რაც ჩემ გარშემოა: გარემო, ადამიანები, სიმღერა, ტკივილი, სევდა, სიხარული, წარმატება... დიდი საჩუქარია და უდიდესი ბედნიერებაა პატარა ასაკიდან შენს ქვეყანაში, შენს ხალხს რომ უყვარხარ. ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი.
- სევდაშიც ბედნიერებას პოულობთ?
- ამის გარეშე ცხოვრება არ არის. ცოცხალი ადამიანი სევდის, დანაკარგის, ტკივილის გარეშე არ არსებობს. ყველაზე მაღალ მწვერვალს მაინც მადლიერებას დავარქმევ, ეს ყველანაირ განცდას მოიცავს, რომელსაც ადამიანს ცხოვრების გზაზე სამყარო უგზავნის.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მიუხედავად ბევრი რამისა, მაინც ვერავინ გამაბრაზა. გაბრაზებული ადამიანი არ ვარ. განა არ მწყინს, არ მტკივა, მაგრამ მაქვს უნარი გავთავისუფლდე, ნეგატივისგან არ ვმძიმდები, ბოღმა გულით არ დამაქვს. ამისგან თავისუფალი ვარ და ეს მომწონს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვშრომობ, ვარ დედა, ცოლი, მეგობარი, მომღერალი და ვცდილობ ყველაფერი მაღალ ხარისხში ვაკეთო, საკუთარ თავს მაინც ზარმაც ადამიანს ვუწოდებ. არის რაღაცები, რისი კეთებაც მეზარება. ამის გამოსწორებას არც ვცდილობ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ის, რომ ვერავის გადააკეთებ, ვერ შეცვლი. ერთადერთი, მხოლოდ საკუთარ თავს თუ შევცვლი.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...იყოს კარგი ამინდი, ვიყო ზღვის სანაპიროზე. ეს არის სურვილი, რომელიც წლის ნებისმიერი სეზონის ნებისმიერ დღეს მაქვს. როგორც მზე და ზღვა, ისე არაფერი მასვენებს, მამშვიდებს.
- სიყვარული ეს...
- ...ვერავინ შეძლო აღეწერა, რა არის. სიყვარულია ჩემი ცხოვრება, თითოეული წუთი, გაღვიძება, დაძინება, სუნთქვა... სიყვარული თანმდევი ხაზია დაბადებიდან, ამ ქვეყნიდან წასვლამდე. შეიძლება გქონდეს რთული ცხოვრება, ტკივილი, მაგრამ რაზეც ვდგავართ, რაც გვშველის, სიყვარულია. თენდება და დღე თავიდან იწყება, გაზაფხულდება და დამჭკნარი ყვავილები ცოცხლდებიან. ცხოვრება მუდმივად ახალ ურთიერთობებს, ახალ განცდებს, ახალ აღმოჩენებს გვიგზავნის.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...არ ვიყავი ისეთი გოგო, ვინც საკუთარ განცდებს, ემოციებს გამოხატავდა, მით უმეტს - ხმამაღლა. გარეგნულად ცივი ვიყავი, არასდროს მეტყობოდა. ემოციებს ახლაც ნაკლებად გამოვხატავ. ვის მიმართაც მაქვს ეს დამოკიდებულება, მან ზუსტად იცის, რას ვგრძნობ მისდამი და ეს მარტო ჩვენია.
- მაკვირვებს...
- ...კი არ მაკვირვებს, აღმაფრთოვანებს ზრდილობიანი ადამიანი, შინაგანი კულტურის მქონე. საოცარი ბაბუა მყავდა, მასთან ოთახში რომ შევდიოდი, ფეხზე დგებოდა და მეუბნებოდა, - დაბრძანდი, ბაბუ. ეს დღემდე ჩემი ცხოვრების ულამაზეს კადრად რჩება. ასეთი ადამიანები მაოცებენ.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...კარგ იუმორს, მუსიკას, სურნელს...
- ვრისკავ...
- ...იშვიათად. რისკიანი არ ვარ, მაგრამ არც დიდი სიფრთხილით გამოვირჩევი. რისკის ქვეშ სხვას არასდროს დავაყენებ. რეალისტი ვარ და ყოველთვის ვენდობი ინტუიციას, თითქმის არ მაგონდება შემთხვევა, ეღალატოს.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მერიდება, მინდა სწრაფად დამთავრდეს, თან სასიამოვნოც არის, მაგრამ როცა ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანი მაჩერებს, საკუთარ ემოციას მიზიარებს, მაშინ უფრო ბედნიერი ვარ, მამახსოვრდება ყველა სიტყვა, რასაც მეუბნება. ამ დროს კომპლიმენტს ვიღებ და მადლიერი ვარ, უხერხულობას არ ვგრძნობ. მერე ვაგრძელებ გზას და ბედნიერებისგან მეღიმება, ეს კარგია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...წარსულში გასტროლიდან რომ ვბრუნდებოდი, დედა ამბების მოყოლას მთხოვდა, მე სულ მეზარებოდა და ვპასუხობდი, “იყო რა”. ძალიან ბრაზობდა. მერე რეკავდა ჩემი მეგობრების მშობლებთან. ისინი უამბობდნენ შვილების მონათხრობს. ამის გამო დედა სულ მსაყვედურობდა, მამა კი ბევრი შეკითხვით არ მაწუხებდა.
- იმავე შეკითხვებს თავად თუ უსვამთ ლიზას, როცა კონცერტიდან ბრუნდება, ემოციის გაზიარებას სთხოვთ?
- ვეკითხები და ხასიათზე თუ არის, მიყვება, თუ არადა, თავს ვანებებ, მერე თავად უნდება და ვსხდებით, ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებთ, პარალელებს ვავლებთ.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ლიზას დაქორწინებასთან დაკავშირებით, ეს სიმართლეა?
- არა. 5 თვეა ლიზა ამერიკაშია. გეგმავს, რომ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს, კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდეს, ჯერ ბიუროკრატიულ საკითხებს გადის, მუშაობის უფლება უნდა მოიპოვოს.
- შემდეგ რა გეგმა აქვს?
- შემდეგ უნდა თეატრში მიუზიკლზე იმუშაოს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ინსტრუმენტზე არ ვუკრავ და ამაზე გული მწყდება. როცა მუსიკაზე დავდიოდი, პედაგოგი ჩემზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ...
- ამის მიზეზი რა არის?
- ბავშვობაში ნიჭიერთა ათწლედში არ მიმიღეს, ამის გამო ეს ინსტრუმენტი საერთოდ გავაპროტესტე; ჩემს თავს დავუშავე იმით, რომ აღარ გავეკარე და დღეს ამას ვნანობ. მაშინ არ უნდა გავბრაზებულიყავი.
- ალბათ ის პედაგოგიც არანაკლებად ნანობს, ვინც ნიჭიერთა ათწლედში მიღებაზე უარი გითხრათ.
- იმ ადამიანს დღემდე სულ საყვედურობენ, ჯაბუა როგორ არ მიიღეო? ნუ გადამაყოლეთ, ნუ მომკალით, რა ვქნა, ასე დამემართაო.
- თავისუფლება არის...
- ...დიდი პასუხისმგებლობა, სხვაზე ზრუნვა, არ არის აუცილებელი, ის შენიანი იყოს. თავისუფლებაა, როცა სხვა ადამიანს არ უქმნი პრობლემას შენი ქცევით, ტროტუარზე გაჩერებული მანქანით. თავისუფლება, რაც მოგინდება იმის თქმას და კეთებას არ ნიშნავს. თავისუფლება მარტივი რამ არ არის, კეთილგანწყობაა, მოსმენის უნარია, პატივისცემაა განსხვავებული აზრისადმი, კანონისადმი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვიმღერებ და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...მშობლებს ჩემი და ჩემი დებისადმი საოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ, უდიდესი ნდობას გვიცხადებნენ, თავისუფლად გვიშვებდნენ სამოგზუროდ, მეგობართან დასარჩენად, საქეიფოდ... იმდენად ლაღი ოჯახი გვქონდა, ვიღაცის ნათქვამს “არ მიშვებენ” ვერ ვხვდებოდი, ძალიან უცხო და გაუგონარი რამ იყო. მატერიალურ ფუფუნებაში არ ვიზრდებოდით, მანქანაც კი არ გვყავდა, მაგრამ გვქონდა დიდი სითბო, ნდობა, პატივისცემა, სიყვარული.
ერთხელ მამამ მითხრა, როგორი რთული დღეებიც უნდა გქონდეს, რამდენჯერაც დაგჭირდება, ცხოვრება თავიდან იმდენჯერ დაიწყე, მანამ, სანამ ბედნიერი არ იქნებიო. ჩემთვის ეს სიტყვები დიდი ძალის მომცემი იყო, სწორედ ამის გამო, ცხოვრების არასდროს შემშინებია. შვილებსაც ყოველთვის იმავეს ვეუბნები, ამ ქვეყანაზე ბოროტებაზე მეტი სიკეთეა. სულ ვფიქრობ, მთავარია ადამიანს (შვილი თუ მეგობარი) საჭირო დროს საჭირო სიტყვები ვუთხრათ, ამას დიდი ძალა აქვს.
- მამის ნათქვამი ხშირად გაგხსენებიათ? ცხოვრება თავიდან ბევრჯერ დაიწყეთ?
- ამ სიტყვების შემდეგ ცხოვრება თავიდან დავიწყე, საბედნიეროდ, მეტჯერ აღარ დამჭირვებია.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდ მადლობას სიყვარულისთვის. ერთი რამ ვიცი, შენ თუ არ გიყვარს, სხვა ვერ შეგიყვარებს. პატარა ასაკიდან მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ვმღერი, სცენაზე გულწრფელი გავდივარ. ჩემს შვილსაც ვეუბნები: რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყო და როგორი პრობლემაც უნდა გქონდეს, სცენაზე გაბრაზებული არასდროს გახვიდე-მეთქი. ჩემთვის კონცერტი იწყება დარბაზიდან. მოსული მსმენელით ჯერ დარბაზი ივსება, ენერგეტიკა ჯერ იქ გროვდება, მერე შენ გადიხარ სცენაზე, იღებ ამ ენერგეტიკას და მერე შენ უნდა გასცე, ამ პროცესს და ამ უხილავ კავშირს კი საოცარი ძალა აქვს.
ამ პროექტის უცხოური ვერსიები ნანახი არ მქონდა. ძალიან დიდხანს არ მიფიქრია, მაგრამ წინადადებას შემოთავაზებისთანავეც არ დავთანხმებულვარ. როდესაც გავერკვიე, რომ ეს იქნებოდა გასართობი, სანახაობრივი შოუ, არ იქნებოდა კონკურსი, ქულების წერა, ხმამაღალი შეფასებები, ესემესები (რაც ძალიან არ მომწონს), დავთანხმდი. მართლაც ყველა ასაკის მაყურებლისთვის საინტერესო, სახალისო შოუ გამოვიდოდა.
- პერსონაჟების არჩევის შესაძლებლობა თავად გქონდათ თუ პირდაპირ გითხრეს, რომ მზე უნდა ყოფილიყავით?
- არჩევნის შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა. როცა დავთანხმდი, მერე შეიკერა კოსტიუმიც.
- ნიღბის მოხსნისას, თქვენი სახის გამოჩენა, ჟიურისთვის და ალბათ მაყურებლის დიდი ნაწილისთვის შოკის მომგვრელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალიზმით გამორჩეული ხართ, ფაქტობრივად თქვენი ამოცნობა ვერავინ შეძლო.
- ჩემი მიზანიც ეს იყო. უმთავრესი იყო, ისე შევნიღბულიყავი, გამოცნობა შეუძლებელი გამხდარიყო. ჩემი ხმის ტემბრი მგონი ყველამ იცის, ამდენი წელია, ვმღერი. ჩემთვის ყველაზე დიდი სამუშაო ეს იყო. რადგან ვერავინ მიხვდა, ვინ იყო მზე, ვთვლი, რომ გავიმარჯვე.
- მით უმეტეს ჟიურიში არის დავით დოიაშვილი - ადამიანი, რომელიც თქვენი ყველა კონცერტის რეჟისორია. საინტერესოა, კადრს მიღმა რა გითხრათ?
- სახლში მივდიოდი, რომ დამირეკა, ძალიან გაოცებული იყო და გულდაწყვეტილიც, ეს რა დამემართაო. ახლა ინტერესით ვკვდები, შემდეგ ეპიზოდებში რა იქნებოდა, როგორ გამოხვიდოდიო. მაგას უკვე ვეღარ გაიგებ-მეთქი. არ არის გამორიცხული, შემდეგში რომელიმე ეპიზოდში მიხვედრილიყვნენ და ჩემი ხმა ამოეცნოთ, სადღაც პატარა მომენტში ნიღაბს იქით ნამდვილი მაია გაპარულიყო. ასე რომ, არ მწყდება გული, ჩემი მიზანი იყო მომეტყუებინა და ეს გამომივიდა.
თამუნა კვინიკაძე