ვინ არის რუსი მილიარდერი და "კა-გე-ბეს" ყოფილი აგენტი ალექსანდრე ლებედევი, რომელსაც, მედიის ცნობით, ბორის ჯონსონთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს - კვირის პალიტრა

ვინ არის რუსი მილიარდერი და "კა-გე-ბეს" ყოფილი აგენტი ალექსანდრე ლებედევი, რომელსაც, მედიის ცნობით, ბორის ჯონსონთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში აღიარა, რომ მას ოფიციალური პირების გარეშე ჰქონდა შეხვედრები რუს ბიზნესმენ, მილიარდერ ალექსანდრე ლებედევთან, რომელიც წარსულში "კა-გე-ბეს" თანამშრომელი იყო.

„მე მას ოფიციალური პირების გარეშე შევხვდი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა, რომელიც ახლა პოლიტიკურ კრიზისშია.

კითხვაზე, შეხვდა თუ არა ის რუს მილიარდერს იტალიაში 2018 წელს, როცა ჯერ კიდევ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამ კითხვაზე მან დადებითი პასუხი გასცა.

"ჩვენ იტალიაში შევხვდით, როგორც ხდება ხოლმე", - თქვა ჯონსონმა.

ჯონსონი 2018 წლის აპრილში, ბრიუსელში გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ, იტალიაში, პერუჯის ციხესიმაგრეში გაემგზავრა, რომელიც ალექსანდრეს შვილს, ევგენი ლებედევს ეკუთვნის.

ივნისში კანადამ ალექსანდრე ლებედევს, რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ ჩართვის გამო, სანქციები დაუწესა.

07072022-1319-1657185578.20_REC.png
ალექსანდერე ლებედევი

როგორც მედია წერს, სწორედ ჯონსონის წვლილია იმაში, რომ რუსი ბიზნესმენის ვაჟი ევგენი ლორდთა პალატის წევრია.

Sunday Times-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსახურების ცნობით, შესაძლოა, უმცროსი ლებედევი ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენდეს, მას მაინც მიენიჭა ტიტული.

„რა თქმა უნდა, მე შევხვდი იმ ჯენლტმენს, რომელზეც ახლა საუბრობთ და რომელიც გაზეთ Evening Standard-ის მფლობელი იყო, როცა მე ლონდონის მერი ვიყავი. თუ იმ შემთხვევაზეა ლაპარაკი, როცა მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, დიახ, შევხვდი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

თავად ლორდი ლებედევი, რომელიც ახლა გაზეთ Evening Standard-ის მფლობელია, მუდმივად უარყოფდა, რომ ის ბრიტანეთისთვის რამე საშიშროებას წარმოადგენდა.

რამდენიმე წლის წინ ბრიტანული გამოცემები წერდნენ, რომ რუსული წარმომავლობის ბრიტანელ ბიზნესმენს ბარონის ტიტული მიენიჭა. თავად ლებედევი კი აღნიშნავდა, რომ პირველი რუსი ლორდია და ამ წოდებით ძალიან ამაყობდა.

jonsoni2-1657181405.jpg
ევგენი ლებედევი და ბორის ჯონსონი

მას ლორდის წოდება თავად ელისაბედ II-ის განკარგულებით მიენიჭა და მისი სახელი ევგენი ლებედევის ნაცვლად, შემდეგი წოდებით შეიცვალა: ბარონი ლებედევი ჰემპტონიდან, ლონდონის რიჩმონდ-აპონ-ტემსისა და რუსეთის ფედერაციაში ციმბირისა გახდა... თუმცა, ყველასთვის უცნობი იყო, რა აკავშირირებდა ლებედევს ციმბირთან, როცა იგი მოსკოვში დაიბადა და იზრდებოდა...

გამოცემა Independent, რომელიც BBC-ის ცნობით, ლებედევის მფლობელობაშია, წერდა, რომ რუსული წარმომავლობის ბიზნესმენს ტიტული მედიაინდუსტრიაში გაწეული საქმისთვის მიენიჭა.

ევგენი ლებედევი რუსი ბიზნესმენის უფროსი ვაჟია. მათ მფლობელობაშია უდიდესი გამოცემები - Evening Standard და Independent.

როგორც ცნობილია, 1980-იან წლებში ალექსანდრე ლებედევი "კა-გე-ბეს" აგენტი იყო, ბიზნესი კი 1990-იან წლებში წამოიწყო.

1987 წელს ალექსანდრე ლებედევი ლონდონში საცხოვრებლად 7 წლის ევგენისთან ერთად გაემგზავრა, მას შემდეგ ისინი ლონდონში ცხოვრობენ. 2010 წელს ევგენის ბრიტანეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

მედიის ცნობით, ლებედევებსა და ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, ხშირად ქვეყნდება მათი ერთობლივი ფოტო სხვადასხვა ღონისძიებიდანაც.

რამდენიმე წლის წინ დიდი კრიტიკა მოჰყვა ბრიტანეთის პრემიერის - ჯონსონის წარდგენილ 36-კაციან სიას, სადაც აღნიშნულნი იყვნენ პირები, რომელთაც პერის წოდება უნდა მიეღოთ, მათ შორის იყო თავად ევგენი ლებედევი და პრემიერის ძმა - ჯო ჯონსონიც. ბორის ჯონსონი ამ სიის გამო გააკრიტიკეს როგორც პოლიტიკოსება, ასევე - ექსპერტებმა. ზოგიერთი მათგანი აცხადებდა, რომ ის სამუდამო ტიტულს მეგობრებს და ახლობლებს ურიგებდა.

კრიტიკას უპასუხა თავად უმცროსმა ლებედევმა და განაცხადა, რომ მას კრემლთან კავშირი არასდროს ჰქონია, არც კონსერვატორთა პარტიას აფინანსებს და მის ძაღლს ბორისი არა ბრიტანეთის პრემიერ ჯონსონის, არამედ - რუსეთის პირველი პრეზიდენტის - ბორის ელცინის პატივსაცემად დაარქვა.

„ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მე ჯონსონის მეგობარი და პუტინის მარიონეტი ვარ, რა თქმა უნდა, არ შედიან Independent-ის 28-მილიონიან მკითხველთა სიაში. დიდი სერიოზულობით ვუდგები რედაქციის თავისუფლებას და ვამაყობ, რომ ეს გამოცემა ბრიტანეთში ერთ-ერთია პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე“, - განაცხადა რამდენიმე წლის წინ ლებედევმა. (წყარო)