"დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვეში, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება" - კვირის პალიტრა

"დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვეში, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება"

დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.

„ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.

დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა კობახიძემ.

IPN