"ძაღლ იყოს თარხნიშვილის მკვდრისადა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ძაღლ იყოს თარხნიშვილის მკვდრისადა, მაგრამ..."

"ხომ გახდით 41 წლის, ბატონო პრეზიდენტო, უკვე დაბერდით და წადით!"

"ქალები ისე გაპარპაშდნენ, ქვეყნის პირველ და მეორე პირებს ერთმანეთს არ ახვედრებდნენ"

"ეს აქამდე არც მითქვამს ვინმესთვის"

ლუიზა შაკიაშვილს იმ ქალბატონის ოჯახში შევხვდი, რომელიც ქალთა კოლონიაში გაიცნო. გულნარა ნადარეიშვილი მაშინ კოლონიის სამკერვალო ფაბრიკის დირექტორი იყო, პროფესიით რეჟისორი, მსჯავრდადებული შაკიაშვილი კი კოლონიაში მკერავად გაამწესეს.

ლუიზა შაკიაშვილი: - 1983 წლის შემოდგომაზე შევარდნაძე გეორგიევსკის ტრაქტატის მეორასე წლისთავის გრანდიოზულად აღსანიშნავად ემზადებოდა. ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა ანტისაბჭოურად განწყობილი ჩვენი ჯგუფი, რომელშიც თამრიკო ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე, ირაკლი წერეთელი, მარიკა ბაღდავაძე, გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ავთო იმნაძე და სხვები შედიოდნენ. ზვიადი და მერაბი ამ დროს დაჭერილები იყვნენ. გადავწყვიტეთ, პროკლამაციები გაგვევრცელებინა. პატარა გოგო-ბიჭები დადიოდნენ და დიდ კორპუსებში საფოსტო ყუთებში ყრიდნენ პროკლამაციებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას "კუდი" დაგვყვებოდა, გვისმენდნენ და ამბებიც მიჰქონდათ ინაურთან, არ ვეპუებოდით კა-გე-ბეს. ერთ დღესაც ირაკლი წერეთელსა და მის მეგობარ პაატა საღირაძეს დიღმის მასივში პროკლამაციების გავრცელებისას ჩაავლო სუკ-მა. დაიჭირეს და ანტისაბჭოური პროპაგანდისთვის 75-ე მუხლი მიარტყეს. ხომ არ გავჩერდებოდით, მათ გამოსახსნელად დავიწყეთ მოძრაობა და წარმოგიდგენიათ? იმ დროს რუსთაველის პროსპექტზე მანიფესტაცია მოვაწყვეთ. იქვე, პროსპექტზე დაწერეს ფორმატის ქაღალდზე ფლომასტერებით გოგოებმა: "თავისუფლება ირაკლი წერეთელს და პაატა საღირაძეს". ეს იცით მაშინ რა იყო?! ჩვენთან ერთად მორაგბეებიც იყვნენ. მათ აიტაცეს სახელდახელოდ დაწერილი პლაკატები ხელში და დავიწყეთ მსვლელობა რუსთაველზე. ოფიცერთა სახლთან მილიციის თანამშრომლებმა გადაგვიკეტეს გზა. გია ჭანტურია დაიჭირეს, ოფიცერთა სახლის ფოიეში შეათრიეს და სცემეს. ერთი ამბავი ატყდა. ლიდერები - 17-20 კაცი ავტობუსებში ჩაგვყარეს და ქალაქის მილიციის სამმართველოში (ახლანდელი საპატრიარქოს შენობაში) წაგვიყვანეს. იქვე იყო წინასწარი დაკავების საკნები. დაჭერილები გამოგვხშირეს. რამდენიმე ჩვენი თანამოაზრე საკანში გადაიყვანეს, მე კი სხვებთან ერთად გამომიშვეს, თუმც მესამე დღეს მაინც ამიყვანეს. ტელევიზიის რეჟისორი ვიყავი, ჩემი დაპატიმრება ხელს არ აძლევდათ, მაგრამ არ გავჩერდი. ტელეფონით ქვეყანა შევაწრიალე და ვინღა გამაჩერებდა? რასაც გიამბობთ, ეს არავისთვის მითქვამს. მე და ჩემი მეგობარი (ნინო მარჯანიძე) მაშინდელი გენერალური პროკურორის ბარაბაძის მისაღებში შიმშილობის გამოცხადებას ვაპირებდით. ამის თაობაზე კაკო ბაქრაძეს, ნოდარ წულეისკირსა და სხვებს სამსახურის ტელეფონით ველაპარაკებოდი და ტელევიზიას რომ მოუსმენდნენ, მაშინ ვერ ვხვდებოდით. ერთი სიტყვით, სანამ ცოტნე დადიანობას ჩავიდენდით, წინადღეს დამაპატიმრეს. სამსახურში ოთხმა მილიციელმა მომაკითხა. სამუშაო მაგიდა გამიჩხრიკეს, მერე კი გამაქანეს და საკანში ჩამაგდეს. ჩემი მეგობარი მეორე დილას ჩამოვიდა ქარელიდან. ტელევიზიაში მომაკითხა. როდესაც გაიგო ჩემი დაჭერის ამბავი, ატირებული გამოვარდა შენობიდან და მასაც იქვე დახვდნენ მანქანით, ქალბატონო ნინო, დაბრძანდით მანქანაში, ცოტნე დადიანობა გინდოდათ შენ და ლუიზა შაკიაშვილს? ის ავიყვანეთ, მაგრამ შენ ამასაც არ გაღირსებთო. იცით, რატომ (იცინის)? ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის სტუდენტი იყო და რაიკომის მდივნად ამზადებდნენ. მანქანით ჩაიყვანეს ქარელში და ორი წელი ქალაქიდან გაუსვლელობა მიუსაჯეს. აი, ასე ჩაიშალა ჩვენი ცოტნე დადიანობა. ორი თვე ორთაჭალის ციხეში ვიჯექი, მერე ნავთლუღის  ბაზართან ქალთა კოლონიაში გადამიყვანეს. დაპატიმრება ძნელად გადავიტანე. ერთი კვირა ვტიროდი. კოლონიაში უმეტესობა რუსები იყვნენ. ღმერთმა იცის, მერამდენე "სროკს" იხდიდნენ. თუ ჯანმრთელი იყავი, უნდა გემუშავა, ამიტომ სამკერვალო ფაბრიკაში გამამწესეს და იქ გავიცანი გულნარა. სხვათა შორის, ჩემს იქ ყოფნაში კოლონიაში თინიკო ფეტვიაშვილი (გეგა კობახიძის მეუღლე) შემოიყვანეს.

ფაბრიკაში ხალათების ჩასადგამი ქამრების კერვა დამავალეს. ჩემი მეწყვილე ერთი რუსის "ბრადიაგა" ქალი იყო, გარყვნილი, მუდმივად იგინებოდა. ოცდამეექვსედ იხდიდა სასჯელს. ისე, კერვა ემარჯვებოდა. თავიდან ძალიან უხეშად მექცეოდა. ბრაზობდა, მალე რომ ვერ ვკერავდი, გამუდმებით ილანძღებოდა. ერთ დღესაც ვეღარ მოვითმინე, მაკრატელს წამოვავლე ხელი და შევუტიე... ამის შემდეგ "ბრადიაგა" დამიმეგობრდა.

- ბოლო დროს პოლიტიკურად რატომ აღარ აქტიურობთ?

- ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. წელიწად-ნახევრის წინ ავარიაში მოვყევი, ფეხები დამემტვრა. მიჭირს ფეხზე დგომა და სიარული. თანაც, რაც დღეს ხდება, ძალიან განსხვავდება ეროვნული მოძრაობისაგან.

უნდა ვაღიარო, მე ის ქალი ვარ, რომელმაც ჩემი მოსატეხი მარჯვენით ბიულეტენი სააკაშვილის სასარგებლოდ ჩავაგდე, როდესაც პირველად ავირჩიეთ პრეზიდენტად. ამის გამო არაერთხელ მოვუხადე ბოდიში ჩემს ხალხს. კახური პირდაპირობით ვამბობ, ჯობდა, მარჯვენა მომტეხოდა. პრეზიდენტი უჩემოდაც გახდებოდა, სამაგიეროდ ამდენი თვითგვემა ხომ აღარ მექნებოდა? სააკაშვილი ისეთი ნიჭიერი გამოდგა, რომ დამაჯერა, რასაც გვპირდებოდა. ერთხელ გაზეთში ისიც კი დავწერე, იქნებ ეს ის ამირანია, კავკასიის ქედზე რომ იყო მიჯაჭვული და ქართველებს ცეცხლი უნდა მოუტანოს-მეთქი. გული პირველად მაშინ დამწყდა, კონსტიტუცია ჩოხასავით რომ მოირგო. აღარაფერს ვამბობ ზონდერბრიგადებზე, ნულოვან ტოლერანტობასა და ბიჭების ჩახოცვაზე. ასეთი რომ იქნებოდა, ვერ მივხვდი, ოსტატურად ეჭირა თავი და ისე კარგად თამაშობდა, ეს რეჟისორი ქალიც მომატყუა. შევარდნაძეს ამითაც ჰგავს. ისიც კარგი მსახიობი იყო. ისეთი დამაჯერებელი ლაპარაკი იცოდა, ზოგჯერ თვალში კურცხალიც ისე მოადგებოდა, რომ ეჭვს ვერ შეიტანდი. აი, შევარდნაძე იყო თუ იყო... გაგრა რომ დაეცა, მაშინ შევუვარდი გამწარებული და ისეთი აცრემლებული დამხვდა, შემეცოდა კიდეც. სააკაშვილი რომ ისეთივე ნიჭიერი პოლიტიკოსი იყოს, როგორიც არტისტია, ჩვენი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა.

- გამოდის, საქართველოს პრეზიდენტებში არ უმართლებს?

- ასეა. ვინც უნდა მისაყვედუროს და ქოქოლა მომაყაროს, მაინც ვიტყვი, მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდიაზე მაღლა ვაყენებდი. ჩემთვის ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბი იყო, მიწაზე მოსიარულე ღმერთი. სულ ვცდილობდი, მას დავმსგავსებოდი. მისნაირი პიროვნება ქართულ პოლიტიკაში არც ყოფილა და კარგა ხანს არ იქნება. სუფთა, მამაცი, განათლებული, უპატიოსნესი, უღალატო კაცი იყო. ჯერ კიდევ 1989 წელს იწყებოდა აფხაზეთის ომი, მაგრამ მერაბმა და ირაკლი წერეთელმა გააჩერეს ხალხი ღალიძგასთან. მაშინ საომარი ვითარება შეიქნა, რადგან ქართველები დახოცეს აფხაზებმა. მერაბს აფხაზებიც დიდ პატივს სცემდნენ და როდესაც ღალიძგის ხიდზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგა, უკან დაიხიეს.

ეროვნული მოძრაობა აზვირთდა და კომუნისტების გადაგდება ეჭვს არ იწვევდა, მაშინ ვუთხარი მერაბს, რა ბედნიერი იქნება საქართველო, ზვიადი რომ პრეზიდენტი იყოს, შენ კი პრემიერ-მინისტრი-მეთქი. თავჩაღუნული მისმენდა მერაბი, მერე ამომხედა და მითხრა, არა, კახელო, არც მე და არც ზვიადი ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეთ. ჩვენ ყველა ხელისუფლება გარედან უნდა ვაკონტროლოთ, მუდმივად ოპოზიციაში უნდა ვიდგეთ და საქართველოს მაჯისცემაზე უნდა გვედოს ხელიო. ეს ჩვენ გარდა არავის გაუგია და აქამდე არც მითქვამს ვინმესთვის. ბედნიერი ვარ, რომ მერაბის ნათქვამს თქვენი გაზეთის მკითხველი ჩემგან გაიგებს.

- ბევრი შეცდომად უთვლის ზვიად გამსახურდიას, რომ პრეზიდენტობა მოინდომა.

- ენა, პირი უნდა გამიხმეს და დამიდუნდეს, რომ ვთქვა, ზვიადს სამშობლო არ უყვარდა-მეთქი. ბავშვობიდანვე თავგადაკლული იყო საქართველოსთვის, მაგრამ სუსტი ხასიათი ჰქონდა. ჩემი ახლობელი იყო და უფლება მაქვს ვთქვა, საქართველოში ხომ კაცი უნდა იყოს ოჯახის თავი? ეს არ იყო მის ოჯახში, - ვერც ცოლს უვლიდა, ვერც ცოლისდას და ვერც შვილებს ისე, როგორც ამხელა ლიდერს უნდა მოევლო. ეროვნული მოძრაობა ზვიადის გაპრეზიდენტებამდე გაიხლიჩა ორად. 1990 წლის იანვარში ეროვნული ძალებიდან 4 ათასმა კაცმა 40 აგვირჩია ეროვნულ ფორუმში. იმელის შენობაში ვმართავდით სხდომებს. მაშინ გავარდა პირველი ტყვია, - "მხედრიონი" და "თეთრი გიორგი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "თეთრი გიორგი", როგორც ამბობენ, ზვიადის შეიარაღებული ფორმირება იყო, მაგრამ ზვიადი კი არ ჩნდებოდა. ფორმალურად, "თეთრ გიორგის" სხვა ხელმძღვანელობდა. ფორუმის სხდომაზე ვიყავით, როდესაც გაბმული სროლის ხმა გავიგეთ და ყველანი გარეთ გაცვივდნენ. უკან რომ ამობრუნდნენ, ზვიადმა თქვა, სამარცხვინო რამ მოხდა, ტყვია გავარდა. ამას დიდ დანაშაულად ვთვლი, ფორუმს ვტოვებ და ვინც მემხრობა, წამომყევითო. "ილია მართლისა" და "მერაბ კოსტავას" საზოგადოება გაჰყვა. მალევე შექმნეს "მრგვალი მაგიდა". ამის მერე გამოაცხადა "მრგვალმა მაგიდამ", რომ კომუნისტების დანიშნულ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. არადა ფორუმის არჩევნებზე ზვიადი ამბობდა, ის ხალხი, ვინც კომუნისტურ არჩევნებს ემხრობა, ფორუმში არ უნდა შევიყვანოთო. როცა განაცხადა, არჩევნებში ვმონაწილეობთო, აი, მაშინ გაუჩნდათ ეჭვი, ზვიადს არჩევნებში მონაწილეობა უნდოდა და ინსპირირებული ხომ არ იყო შეიარაღებული დაპირისპირებაო. ფორუმში დარჩენილებმა: გია ჭანტურიამ, ირაკლი წერეთელმა და სხვებმა პროტესტი გამოვთქვით იმის გამო, რომ "მრგვალი მაგიდა" ამ არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას. ეს ეწყინათ ზვიადის მომხრეებს და ასე გაიყო ეროვნული მოძრაობა და საზოგადოება. იმელის წინ ტყვიის გასროლის შემდეგ დაიწყო ქართული საზოგადოების გახლეჩა, რასაც მოგვიანებით სამოქალაქო ომიც მოჰყვა. ღმერთმა დამსაჯოს, თუ ვტყუოდე... აი, ამას ვუთვლი ზვიად გამსახურდიას დიდ შეცდომად. მე მისი ახლობელი და თანამზრახველი ვიყავი და ამის თქმის უფლება მაქვს. ზვიადსა და მერაბთან ერთად მაქვს შემოვლილი მთელი საქართველო. ჩემო ლომო და ვეფხვოო, - ასე მეძახდა ზვიადი. რისი თვითმხილველიც ვიყავი, უნდა ვთქვა, რომ დაიწეროს. მე ხომ მუდმივად არ ვიქნები.

- მიგაჩნიათ, რომ მაშინ გახლეჩილი საზოგადოება დღესაც არ გამთლიანებულა და ამის შედეგია დღევანდელი დაპირისპირება?

- აბა რა... როდესაც გავიხლიჩეთ, "მრგვალი მაგიდა" დღევანდელი სახალხო დამცველის ოფისში დაბინავდა და იქ ატარებდა ყოველდღე მიტინგებს, ფორუმის წევრები კი ოპერასთან ვმართავდით მიტინგებს. აბა, მეტი რა არის გახლეჩა? მეკითხებით, რატომ არ ჩანხართო? მაშინ კი უჩემოდ მიტინგი არ ჩატარდებოდა, ყოველდღე სიტყვით გამოვდიოდი. იმასაც არ დაგიმალავთ, რომ ხალხს მოვუწოდებდი, ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის გთხოვთ, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად არ აირჩიოთ, საქართველოს ვერ მოუვლის კაცი, რომელიც თავის ოჯახს ვერ უვლის; ვერც ქვეყანას მიხედავს, ამით კი თავსაც დაიღუპავს და საქართველოსაც-მეთქი. ისე აგიცხადდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს გამართლდა. ნეტავ არ აცხადებულიყო! ქალები (ლელე და მანანა არჩვაძეები) ისე გაპარპაშდნენ, ქვეყნის პირველ და მეორე პირებს ერთმანეთს არ ახვედრებდნენ. თვეობით ვერ ხვდებოდნენ კაკო ასათიანი და ზვიადი ერთმანეთს, რადგან პრეზიდენტის მისაღებში ეს ქალები ისხდნენ და ანაწილებდნენ, ვინ სად უნდა შესულიყო. კაკოს დაპირისპირებული მხარეების მოსალაპარაკებლად დასხმა უნდოდა, თავგამოდებით იბრძოდა ამისთვის, მაგრამ არ შეუშვეს ზვიადთან. ბოლოს ნაწყენი წავიდა ქობულეთში, აქ არავინ არაფერს მეკითხება და რაღა მინდაო. ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო...

- დღევანდელ ოპოზიციაზე რას იტყვით?

- ხელისუფლება არ მომწონს, მაგრამ არც ოპოზიციაზე ვარ მაღალი აზრის. ერთ ოპოზიციურ პარტიაში მივედი, თქვენთან მიმიღეთ, ისეთი რამეები ხდება, ისეთ რაღაცებს ვხედავ, მინდა ამას შევეწინააღმდეგო-მეთქი. ანკეტა შემავსებინეს და აღარ შემომხმიანებიან. ქალი არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, გავბრიყვდი, მივედი და ასეთი დამოკიდებულება მივიღე, ლიდერობა არ მინდოდა. გამოვეყენებინე, შევეხიდებოდი და მივეხმარებოდი. არადა, შეხედეთ იმ ქალ ორატორებს, რომლებიც ტრიბუნაზე დგანან და გაიხსენეთ ჩემი გამოსვლები. არ უნდა გამომიყენონ ასეთ დროს? ზვიადი და მერაბი ლომს მეძახდნენ და ესენი ვინ არიან, რომ ვეხვეწო? კომუნისტებს რომ ვებრძოდი და ციხეს ვხეხავდი, დღევანდელი ლიდერები კვერცხში წიოდნენ და ტორტის ჭამის მეტი არაფერი იცოდნენ. რატომ არ მისცეს სიტყვა შალვა ნათელაშვილს სტადიონზე? ყველასთვის ეყოთ დრო და შალვასთვის არა? ასეთი ხალხის გვერდით მე ვერ დავდგები. ესენი არიან დემოკრატები? ძაღლ იყოს თარხნიშვილის  მკვდრისადა, მეზიზღება, ქალი ვარ და შემიძლია, გავლახო, მაგრამ სწორი იყო, თეატრში მიმავალ კაცს პანღურები და კვერცხები რომ უთავაზეს? თარხნიშვილი ამას, შესაძლოა, იმსახურებს, მაგრამ ასეთი საქციელი ჩვენი ერის უკულტურობასა და დაცემაზე მეტყველებს. ის რომ უვარგისი, გამყალბებელი, ცინიკოსი და უზრდელია, შენ რატომ უნდა დაეცე? 5 წელიწადი ვიყავი მთავრობაში, მაგრამ უნახავს ვინმეს, ვინმესთვის ხელი გამერტყას ან შემეგინებინოს?! რა, ქალები არ იგინებიან ან ხელს არ არტყამენ? ძაღლ იყოს ნიკა ავალიანის მკვდრისადაც, მაგრამ რომ გამოეკიდნენ და სცემეს, კარგი საქციელი იყო?

ხელისუფლებასთანაც მაქვს პრეტენზია. თუ ვინმე პოლიციელს ან მათიანს ხელს წამოჰკრავს, იმას რომ უცებ იპოვიან ხოლმე და ცემით ხერხემალში ამტვრევენ, რატომ დეპუტატ გელაშვილის ან კობა დავითაშვილის ცემის საქმე ვერ გამოიძიეს? შეიძლება კანონი მხოლოდ სხვებისთვის კანონობდეს და ხელისუფლების წევრები ხელშეუხებელნი იყვნენ? მაგრამ ოპოზიციასაც რომ ვერ ვატყობ დემოკრატიულობას? ხელისუფლება თუ უვარგისია და ცუდად იქცევა, ოპოზიცია მოიქცეს ამაღლებულად და ზნეობრივად.

დღევანდელ ოპოზიციონერებს სკანდირებაც არ შეუძლიათ. მე კი უზარმაზარ მიტინგს ხან ვაცინებდი და ხან ვატირებდი. რას ვითხოვდი სანაცვლოდ? ერთსა და იმავეს ვისმენ მიტინგებზე. სააკაშვილი უნდა გადადგესო, ერთ ფირფიტას ატრიალებენ. დროა, გადაატრიალონ. სააკაშვილი რომ მოსაშორებელია, ვიცით, მაგრამ როგორ უნდა მოვიშოროთ და რა გავაკეთოთ, ის გვითხრან. სანამ არ გადადგება, ეგრე ვიდგებით? ხალხი დაიღლება და წავა. ამდენმა ლიდერმა რამე ჭკვიანური ხომ უნდა მოიფიქროს? ჩვენ თავგანწირვით გადავამტვრიეთ კომუნისტები ხერხემალში. ახლაც თავგანწირვაა საჭირო. როგორ შეიძლება ხალხი ორი თვე ტყუილად აყურყუტო ქუჩაში? სამწუხაროდ, აღარ არიან გია ჭანტურია, მერაბ კოსტავა, ზვიადი... ასეთები 100 წელიწადში ერთეულები იბადებიან. ერთი მათგანიც რომ ყოფილიყო ცოცხალი, საქართველო ასეთ დღეში არ იქნებოდა. ერთს დაიძახებდნენ, გაჰყვებოდა ხალხი და პირველები თავად შეაკვდებოდნენ მოწინააღმდეგეს.

- ბევრმა "უცნობის" საქციელიც თავგანწირვად შეაფასა...

- მასაც აქვს ქარიზმა. არაჩვეულებრივი ბიჭია. მამაცი, ვაჟკაცი, თავგანწირული, გულატკივებული. ხშირად გამჩენია მასთან საკანში მისვლის სურვილი, მაგრამ თუ არ დამიძახებს, როგორ მივიდე? თუ ვინმესი მჯერა, "უცნობის" მჯერა. ეს ბიჭი თავისი სიმღერით ებრძოდა წინა მთავრობასაც და ახლანდელსაც. ახლა კი საკანი მოიფიქრა, მაგას შემოევლოს ჩემი სიცოცხლე. ვგიჟდები, ისე მიყვარს.

რაღაც ჭორებს ვიგებ ამ ძმებზე, მაგრამ მაინც ოდნავადაც არ მეპარება მათში ეჭვი. რატომ არ უნდა შეხვედროდა ლევანი მიშას, რა გაფუჭდა ამით? მიშა გადადგომას აპირებდა და ლევანმა გააჩერა? ხომ უნამუსოდ, უზნეოდ და გიჟად მიაჩნიათ? რომ დამიძახოს, მეც შევხვდები და ვეტყვი, თავმოყვარეობა და ღირსების გრძნობა სად გაქვს, ხომ ხედავ, ხალხს არ უნდიხარ, წადი-მეთქი. ზოგმა ისიც თქვა, პრეზიდენტთან რაზე ილაპარაკა, რატომ არ თქვა ლევან გაჩეჩილაძემო. ვაჟკაცი კაცია და კაცურად არ ამბობს რაღაცებს. ეს სულაც არ ნიშნავს გარიგებას. ძნელია იმასთან დაპირისპირება, ვისაც ოდესღაც გვერდზე ედექი. რაკი ედუარდ შევარდნაძეს მხარი დავუჭირე ჩამოსვლისას, მეც გამიჭირდა მასთან დაპირისპირება. ლევანი სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო და როგორ გადაუსვამს ყველაფერს ხაზს? ადამიანს წარსული აკავებს. ოპოზიციაში კი უდგას მიშას, მაგრამ შეხვედრისას ხომ შეიძლება ითქვას რაღაც ძველძმაბიჭური, რომელიც გარეთ არ უნდა გამოიტანო? მე და ზვიადს იმდენი საიდუმლო გვქონდა, იმას როგორ ვიტყვი?! საფლავში ისე ჩავალ, არავის ვეტყვი, მერე რა, რომ მის ოპოზიციაში ვიყავი. ამიტომ ლევანის საქციელს გარიგებად კი არა, ვაჟკაცურ, სინდისიერ ქმედებად მივიჩნევ.

სააკაშვილს თუთაბერისთანა უზნეო ადამიანები სჭირდება, კარგად რომ დაიმონოს. პროფესიონალები ყველა უწყებიდან გაყარეს. 40 წლის ზემოთ ყველა ბებრად გამოაცხადა სააკაშვილმა. თქვა, 40 წლისა ხეც არ მინდაო, მაგრამ ხომ გახდით 41 წლის, ბატონო პრეზიდენტო, უკვე დაბერდით და წადით! მარტო სხვისთვის არის 40 წელი ზღვარი და მისთვის არა?! მიშა, წადი და ეშველება ქვეყანას.