"ხელისუფლება ოპოზიციას ეუბნება, რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ოპოზიციას ეუბნება, რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო"

ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ბოდვა გრძელდება. აღწერაც კი ძნელია, რა გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენს პარტნიორებს ეუბნება, თუ საქართველოსთვის კარგი გინდათ, უნდა გაგვისწოროთ, ჩვენს რეჟიმს უნდა შეეგუოთ და მაშინ შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთ. ასევე ოპოზიციასაც ეუბნება, რომ რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ვერ ხვდება, რომ ქვეყნის ტრანსფორმაცია და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ასე არ ხდება.

"ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ იმ ფონზე, როცა გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ესმის, რომ საქართველოს ევროპული, თავისუფალი, უსაფრთხო მომავალი ივანიშვილის რეჟიმთან შეუთავსებელია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. იმ ზღვარს უნდა მივაღწიოთ, როცა არჩევნების გზით იძულებული იქნება შეეგუოს ძალაუფლების დათმობას და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარივით წყალს უნდა გავატანოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"