"შეიძლება თუ არა, ბორის ჯონსონის გადადგომამ რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეცვალოს?" - BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "უკრაინას არაფრის არ უნდა ეშინოდეს", რომელშიც გადმოცემულია დასავლელი ექსპერტების თვალსაზრისები - აისახება თუ არა ბორის ჯონსონის გადადგომა დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისათვის სამომავლო დახმარებაზე?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც ბოლო დღეებში პოლიტიკური და სახელმწიფო ძალაუფლება ხელიდან ეცლება, მსოფლიოს ლიდერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პროუკრაინულად განწყობილ პოლიტიკოსს წარმოადგენს და სიტყვითაც და საქმითაც კიევს რეალურად მხარს უჭერს. გარდა ამისა, იგი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ უკრაინამ რამე დათმოს რუსეთის წინაშე.
შეიძლება თუ არა ბორის ჯონსონის გადადგომამ და ბრიტანეთის მთავრობაში ახალი პრემიერ-მინისტრის მოსვლამ რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეცვალოს?
"ბი-ბი-სი" ექსპერტებს ესაუბრა და მათი თვალსაზრისები შეაგროვა.
"გმადლობ, ძმაო, ყველაფრისათვის"
ბორის ჯონსონი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რუსეთის მისამართით სხვადასხვანაირ შეხედულებებს გამოხატავდა. მაგალითად, 2015 წელს, როცა იგი ლონდონის მერი იყო, დასავლეთს ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებდა სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებთან ბრძოლაში - მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის რუსეთს უკვე ანექსირებული ჰქონდა ყირიმი და მხარს უჭერდა დონბასელ სეპარატისტებს.
მაგრამ როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა, ბორის ჯონსონმა მოსკოვის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია დაიკავა და მხარი უკრაინას დაუჭირა. მისმა მთავრობამ, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრამდე, მისცა კიევს ტანკსაწინააღმდეგო სისტემები (NLAW), რომლებიც უკრაინის არმიამ, ამერიკულ "ჯაველინებთან" ერთად, წარმატებით გამოიყენა რუსეთის არმიის მოსაგერიებლად.
ამჟამად ბრიტანული სამხედრო დახმარება მოიცავს რეაქტიულ საარტილერიო სისტემებს, თვითდამიზნებად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ჯავსანტრანსპორტიორებს და ჯავშანმანქანებს, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, აგრეთვე - ათასობით სამხედრო ჩაფხუტს, ჯავშანჟილეტს და სამედიცინო დახმარების კომპლექტს. ბრიტანელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებსაც წრთვნიან.
ბრიტანული სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საერთო მოცულობა უკრაინისადმი, ომის დაწყებიდან, 3,8 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აღწევს.
ბორის ჯონსონი ორჯერ ეწვია კიევს ომის დაწყების შემდეგ, ლაპარაკობდა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საერთაშორისო სამიტების დროს და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების წინააღმდეგ გამოდიოდა - ვლადიმერ პუტინთან რამის დათმობის ფასად, რაც ევროპულ დედაქალაქებში ხშირად ისმოდა.
ბორის ჯონსონის როლი მაღალ დონეზე იქნა შეფასებული როგორც რიგითი უკრაინელების, ასევე პოლიტიკოსების მიერ. ხუთშაბათს უკვე გადამდგარ პრემიერ-მინისტრს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დიდი მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, უფრო ადრე კი, გასულ კვირას, ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
"გმადლობ, ძმაო, ყველაფრისათვის!", - ეს სიტყვები წარმოთქვა ბორის ჯონსონის გადადგომაზე უკრაინის არმიის სამხედრო ქვედანაყოფის - პოლკ "აზოვის" მეთაურმა როდიონ კუდრიაშოვმა, ღიმილისა და ხელის ჩამორთმევის "ემოჯების" დამატებით.
გასაკვირი არაა, რომ ბორის ჯონსონის წასვლამ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია უკრაინასა და მის დასავლელ მოკავშირეებში. ზოგიერთებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა "კრემლისათვის საჩუქრად" ჩათვალა. ამერიკელი ექსპერტი ჯოზეფ ჩირინჩონე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევით ცენტრში მუშაობს, ვარაუდობს, რომ დიდ ბრიტანეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი უკრაინის დასახმარებლად მიმართულ დასავლურ ძალისხმევას შეასუსტებს და შეიძლება, კიევის მოკავშირეების სიმტკიცე დაარღვიოს.
მხარდაჭერა კრიზისის მიუხედავად?
"უკრაინელთა შეშფოთება გასაგებია", - ამბობს ალენა გლივკო, უკრაინელი პოლიტოლოგი, რომელიც ლონდონში, ჰენრი ჯექსონის ანალიტიკურ ფონდში მუშაობს, - "უკრაინელები ომში არიან ჩაბმულნი და არ იციან დიდ ბრიტანეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ყველა ნიუანსი. უკრაინელებისათვის მთავარია, რომ დახმარება იყოს უწყვეტი, სტაბილური და თანმიმდევრული".
მაგრამ ექსპერტი იქვე ხაზს უსვამს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა დამოკიდებულია არა იმდენად ბორის ჯონსონზე, რამდენადაც - საზოგადოებრივ აზრზე. ამ შემთხვევაში ბრიტანული საზოგადოება უკრაინის მხარესაა: ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა ის, რომ უკრაინის დროშები არა მარტო მთელ ლონდონში, არამედ - ქვეყნის პატარა ქალაქების ქუჩებშიც კი არის გამოფენილი. "მხარდაჭერა შენარჩუნდება, რადგან ის მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული", - ამბობს ალენა გლივკო.
მაგრამ, სავარაუდოდ, გასათვალისწინებელია ერთი შესაძლო გარემოება: მთავრობის შეცვლამ შეიძლება იარაღის მიწოდებაში შეფერხებები გამოიწვიოს. ეს ეხება ფინანსურ დახმარებასაც. "მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად დიდი ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკურ უწყებაში უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა-რეკონსტრუქციის გეგმების შემუშავება მიმდინარეობს", - ხაზს უსვამს ექსპერტი, თუმცა იგი იმედს გამოხატავს, რომ გრძელვადიანი და ხანგრძლივი პროცესები სამომავლოდაც გაგრძელდება. "მთავარია, რომ ოპერატიული სამხედრო დახმარება არ შეწყდეს".
ნაიჯელ გულდ-დევისი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ბელარუსში, ეთანხმება იმ აზრს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ლონდონის პროუკრაინულ პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს. "ის მხარდაჭერა, რომელსაც ბრიტანეთი უწევს უკრაინას, პრემიერ-მინისტრის პირადი პოლიტიკა კი არ არის, არამედ - სახელმწიფოს პოლიტიკას წარმოადგენს. ორივე მსხვილ პოლიტიკურ პარტიაში, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში, კერძო სექტორში, ამ საკითხისადმი პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს", - ამბობს ექსპერტი "ბი-ბი-სთან" საუბარში, - "უკრაინას არ უნდა ეშინოდეს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის დროს უკრაინისადმი დამოკიდებულებაში დიდი ბრიტანეთის კურსი შეიცვლება".
გენერალი რიჩარდ ბერონსი, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი, "ბი-ბი-სის" კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ "მთავრობაში მომხდარი დრამატული მოვლენები" ლონდონის საგარეოპოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს: "ვინც უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, იგივე ბორის ჯონსონი ან სხვა პიროვნება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამჟამინდელ კურსს შეინარჩუნებს - იმიტომ, რომ ბრიტანეთი საკუთარ თავს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ დასავლელ მფარველად თვლის".
მაგრამ, იმავდროულად, გენერალი ფრთხილად შენიშნავს, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრის წინაშე დადგება გამოწვევა (რაც ასევე იქნებოდა ბორის ჯონსონის წინაშეც): როგორ შეინარჩუნოს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების ნაკადის ინტენსიურობა, თანაც - მრავალი თვის განმავლობაში. "როგორ მოახერხებს ლონდონი და, საერთოდ, დასავლეთი კიევისათვის მაღალი დონის მხარდაჭერის შენარჩუნებას საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში?", - ასეთი კითხვებია დასმული რიჩარდ ბერონსის საუბარში.
გენერლის თქმით, ზემოთხსენებული გამოწვევა მთელი ევროპის წინაშეც დადგება - რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ახალი ამბავი აღარ არის ევროპის ქვეყნების მოსახლეობისათვის და, მზარდი ინფლაციისა და ფასების მატების ფონზე, როცა საწვავის ფასი რეკორდული ხდება, როცა წინ [ზამთრის] გასათბობი სეზონია, უკრაინისათვის დახმარების გაწევა, რუსების შეტევის შეჩერება და კონტრშეტევაზე გადასვლა იოლი არ არის.
გენერლის აზრით, დასავლეთს არჩევანი არ აქვს, რადგან უკრაინის დაცვა რუსეთისაგან მისი საკუთარი ინტერესების დაცვასაც ნიშნავს, მაგრამ, იმავდროულად, მოსალოდნელია, რომ [საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში] ამ საკითხზე დიდი დავა დაიწყება. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ