"მიყვარხარ 30 წელია..." - დემნა გვასალია განმარტავს, ვის მიუძღვნა სასიყვარულო ბალადა "ბალენსიაგას" შოუზე
"ბალენსიაგას" ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ 6 ივლისს პარიზში "ოტ კუტიურ" კოლექციის ჩვენება გამართა. დემნასთვის მაღალ მოდაში ეს მეორე კოლექცია იყო.
დიზაინერის ამ შოუსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კოლექცია წარადგინეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ნიკოლ კიდმანი, ნაომი კემპბელი, ბელა ჰადიდი, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი და სხვები.
მოდელები დრამატული მუსიკის ფონზე გამოვიდნენ, თუმცა მუსიკის დაწყებამდე გაისმა სასიყვარულო ბალადა ფრანგულ ენაზე.
სოციალურ ქსელში მისი თარგმანი გავრცელდა (თარგმანის ავტორია ანანო ბაკურაძე):
"მიყვარხარ, მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი, ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ აღმეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია, მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები".
ამ ლექსმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გააჩინა იმის შესახებ, თუ ვის ეძღვნებოდა ის. როგორც გამოცემა Vogue წერს, თავად დემნა გვასალია განმარტავს, რომ სიტყვები თავის პროფესიასა და ქმარს, ლოიკს მიუძღვნა.
"მიყვარხარ - ჩემთვის ყველაზე ლამაზი სიტყვაა. მივხვდი, რომ ჩემთვის მოდა ერთადერთი რამაა, რისი კეთებაც მიყვარს და მინდა, ეს საქმე სულ ვაკეთო.
ეს სასიყვარულო წერილი იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს და იმ ხელოვნებისადმი, რომელსაც ვქმნი. ორივეს ეძღვნება", - ამბობს დემნა.
ცნობისთვის, დემნა გვასალიას ქმარი ფრანგი მუსიკოსი ლოიკ გომესია. მათ 2017 წელს შვეიცარიაში იქორწინეს. აღსანიშნავია, რომ "ბალენსიაგას" ბოლოდროინდელი შოუების უმეტესობისთვის მუსიკას ლოიკი წერს. (წყარო)