"ვაპირებ დავასახელო ყველას გვარი, ვინც ჩართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში, თავს ესხმის აშშ-ს, ესაა გოგა ხაინდრავა" - კვირის პალიტრა

"ვაპირებ დავასახელო ყველას გვარი, ვინც ჩართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში, თავს ესხმის აშშ-ს, ესაა გოგა ხაინდრავა"

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იმ ადამიანის ვინაობა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, საქართველოში „ეფესბეს“ დავალებას ასრულებს და ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირველი ასეთი ადამიანი, რომლის სახელსა და გვარს საჯაროდ ასახელებს, რეჟისორი გოგა ხაინდრავაა. ვაშაძის ინფორმაციით, ხაინდრავას დაჯგუფებამ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ცეცხლი გაუხსნა. ამასთან, გოგა ხაინდრავა „თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და აღვივებს რუსეთის უძლეველობის მითს“.

,,დღეს ვაპირებ დავასახელო სახელი და გვარი იმ ადამიანის, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში, თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და აღვივებს რუსეთის უძლეველობის მითს - ეს არის ბატონი გოგა ხაინდრავა. ადამიანი, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობთ. მამტკიცებელ საბუთად მინდა მოვიყვანო ჯაბა იოსელიანის წიგნი - „სამი განზომილება“, სადაც ის ამბობს, რომ 1992 წლის 6 იანვარს, ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ და გია სვანაძის ბიჭებმა გაუხსნეს ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და თავს ესხმის ამერიკას, ევროპას, სამშობლოს სიყვარულზე გველაპარაკება. ამ ყველაფერზე კი პასუხი არ გაუცია საქართველოს ისტორიის წინაშე. სანამ არ ვამხელთ ყველა აგენტს, რომელიც „ეფესბეს“ დავალებებს ასრულებს ქვეყანაში, მანამდე ეროვნული თანხმობა არ იქნება.

ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ და ყველას აუცილებლად დაგასახელებთ. მსგავს ადამიანებს გამოვამზეურებთ სისტემურად, რომ ხაინდრავათი დაწყებულმა, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა და რუსმა აგენტებმა არ მოახდინონ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულების სისრულეში მოყვანა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

IPN