"რეალური მიზეზი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის თეატრიდან წასვლაა" - რატომ მოიხსნა ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი თუმანიშვილის თეატრში?
რამდენიმე საათის წინ თუმანიშვილის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ივლისს დაგეგმილი სპექტაკლი "მეფე ლირი" მოიხსნა. აღნიშნულის მიზეზად თეატრის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
"12 ივლისს დანიშნული სპექტაკლი "მეფე ლირი" მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოიხსნა. ბოდიშს გიხდით" - ნათქვამია ინფორმაციაში.
თუმანიშვილის თეატრის მსახიობები აღნიშნავენ, რომ სპექტაკლის მოხსნის მიზეზი რეალურად სხვა რამ არის. კერძოდ, როგორც ისინი ამბობენ, ეს უკავშირდება სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებლის თეატრიდან წასვლას, საუბარია აკაკი ხიდაშელზე.
ზურა გეწაძე: რეალური მიზეზი რატომაც მოიხსნა სპექტაკლი - "მეფე ლირი", არის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არასამართლიანი, უკანონო და დისკრიმინაციული დამოკიდებულება მსახიობების მიმართ. კომენტარებში იხილეთ აკაკი ხიდაშელის განცხადება და ყველაფერს მიხვდებით. ჩემი სოლიდარობა ქართული თეატრის გამორჩეულ, უმაგრეს მსახიობს, პროფესიონალს, ღირსეულ პიროვნებას - ბატონ აკაკი ხიდაშელს!
ნანუკა ლითანიშვილი: 12 ივლისს "მეფე ლირის" მოხსნის მიზეზი მსახიობის ჯანმრთელობას დაბრალდა, სინამდვილეში ახალი სამხატვრო ხელმღვანელის უტიფარი საქციელის მიზეზი გახდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის თეატრიდან წასვლა!!! სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ აკაკი ხიდაშელს! მისი ღირსეული ნაბიჯი სტიმულია ჩემთვის…
ცნობილი ხდება ასევე, რომ ხიდაშელმა ცოტა ხნის წინ მსახიობების ანაზღაურებასთან დაკავშირებით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობას კრიტიკული წერილი მისწერა და თეატრიდან წასვლის შესახებ აცნობა.
განცხადებას სოციალურ ქსელში ასევე მსახიობები ავრცელებენ და თეატრიდან წასულ ხიდაშელს სოლიდარობას უცხადებენ. (გააგრძელეთ კითხვა)