"სად ჩერჩილი და სად ჯონსონი..." -  რას წერს გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"სად ჩერჩილი და სად ჯონსონი..." -  რას წერს გერმანული გამოცემა

გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle), დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, აქვეყნებს კომენტარს სათაურით „ბორის ჯონსონმა თავისი გადადგომა გააჭიანურა“ (ავტორი - ბერნდ რიგერტი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ბორის ჯონსონმა მარცხი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. მისი გადადგომა არა იმდენად არჩევნებში წარუმატებლობამ და ან კონსერვატიულ-პოპულისტურმა ოპოზიციამ კი არ გამოიწვია, არამედ მისმა საკუთარმა ხასიათმა. ბოლოს და ბოლოს, სამი წლის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტ სკანდალებს დასასრული უნდა ჰქონოდა. საზოგადოებაში დიდი ხანია ლაპარაკობენ პრემიერის ტყუილებზე, მის მცდელობებზე, რომ აშკარად ნეგატიური ფაქტები შეალამაზოს და მისი შეცდომების გამო დაწყებული უსიამოვნო პროცესები მიაჩუმათოს.

„ამქვეყნად შეუცვლელი არავინ არ არის“

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი და მმართველი კონსერვატიული პარტია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის პოლიტიკოსი, რომელიც სამი წლის წინ, პრემიერობის დანიშვნის პირველ ეტაპზე პერსპექტიული ჩანდა, დღეს საკმაოდ სასირცხვილო პიროვნებად იქცა. დიახ, ბორის ჯონსონს ნამდვილად აქვს პოლიტიკური ტალანტი, შეძლო სახელის მოხვეჭა, გაიჩინა ბევრი მხარდამჭერი, ახერხებს ხალხის დარწმუნებას, მაგრამ იმავდროულად ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო სხვადასხვა ქაოტური მოვლენებიც გამოიწვია - დაპირებები ვერ შეასრულა, საკუთარი რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა და საერთოდ, „შარში გაეხვია“.

ბორის ჯონსონის თავდაჯერებულ ხასიათზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ იგი ხშირად ხაზს უსვამდა თავის შეუცვლელობას. დღეს, როცა იგი უკვე ე.წ. „კოჭლი იხვის“ - ანუ წარმავალი პოლიტიკოსის როლშია, მაინც ცდილობს დაუნინგ სტრიტზე (მთავრობაში) დარჩენას და პრემიერობა ოქტომბრამდე გაიგრძელა - სანამ კონსერვატიული პარტია ახალ კანდიდატს არ დაასახელებს. ბორის ჯონსონი ბოლო დრომდე ვერ (ან არ) აცნობიერებდა იმას, თუ რატომ და რისთვის უნდა წასულიყო თანამდებებიდან, ვერ გრძნობდა პასუხისმგებლობას.

თავის გამოსვლაში გადადგომის თაობაზე ბორის ჯონსონმა თქვა, რომ კონსერვატიულ პარტიის რიგებში „ჯოგური ინსტინქტი“ მოქმედებსო და ამით თავისი მინისტრების მასობრივი გადადგომის მიზეზებზე მიანიშნა. ეს მცდარი შეფასებაა და ამით იგი დონალდ ტრამპს გვახსენებს, ამერიკელ ექს-პრეზიდენტს, რომელსაც ასევე არ სურს იმის გაცნობიერება, რომ მისი დრო უკვე წავიდა. ისევე როგორც დონალდ ტრამპი, ბორის ჯონსონიც ვერ გრძნობს, თუ რა ზიანს აყენებს მისი ქცევა ბრიტანულ პოლიტიკურ სისტემას.

ბორის ჯონსონს წარმატებებიც ჰქონდა...

რასაკვირველია, ბორის ჯონსონის პრემიერ-მინსტრობაში მხოლოდ მუქი კი არა, ნათელი ფერებიც უნდა დავინახოთ. მაგალითად, მან მეტ-ნაკლებად წარმატებით დაასრულა ბრექსიტის პროცესი, რაც ვერ შეძლო წინამორბედმა პრემიერმა ტერეზა მეიმ. ბორის ჯონსონმა ევროკავშირთან ხელი მოაწერა საბოლოო შეთანხმებას ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე, რაც პრინციპში, მისი პარტიის არჩევნებში გამარჯვების მთავარ ფაქტორად იქცა. მაგრამ შემდეგ თვითონ პრემიერმა დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა... თავისი ნაბიჯებით ბორის ჯონნსონმა ბრიუსელი პირდაპირ გააწამა. დღეს ევროკავშირის ლიდერებში ბევრმა შვებით ამოისუნთქა, რომ ჯონსონის პრემიერობა წარსულს ბარდება, თუმცა იმის იმედი, რომ მისი მემკვიდრე ბრექსიტის შეთანხმებას დაიცავს, ჯერ ნაადრევი იქნება.

კორონავირუსის პანდემიის დროს ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთი „მიხვეულ-მოხვეული გზებით“ ატარა. გავიხსენოთ, რომ თავდაპირველად მას კოვიდ-19-ის საფრთხე სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, შემდეგ ვაქცინაციის კამპანიას თვითონ ჩაუდგა სათავეში და წარმატებასაც მიაღწია - უფრო უკეთესს, ვიდრე კონტინენტურმა ევროპამ. მაგრამ იმავდროულად თვითონ არღვევდა საკუთარ დადგენილებას ლოქდაუნის შესახებ, როცა თავის ოფიციალურ რეზიდენციაში გასართობ ღონისძიებებს და დროსტარებას აწყობდა... და სწორედ ამის გამო მოიტეხა კისერიც.

„კოჭლი იხვის“ როლში

ვინც ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება, მას მოუწევს მაღალ ინფლაციასთან გამკლავება, საგარეო ვაჭრობის შემცირების შედეგად გამოწვეული ნეგატიური მოვლენების გამოსწორება (კონტინენტურ ევროპასთან განშორების - ბრექსიტის გამო), მოუწევს ძალისხმევა დაძაბულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით (რუსეთ-უკრაინის ომის გამო), შეეჯახება მსოფლიო სასურსათო კრიზისს და კლიმატის სავარაუდო ცვლილებას, რადგან ბრიტანეთი ისევ წიაღისეული საწვავის გამოყენებას უბრუნდება.

ბორის ჯონსონის პრემიერის თანამდებობიდან წასვლა საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მოქმედების პარალიზებას გამოიწვევს. გაურკვევლობის ფაზა მანამდე გაგრძელდება, სანამ ლონდონში ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება. რთული საერთაშორისო სიტუაციის ფონზე პერსპექტივა მაინცდამაინც დიდად სასიხარულოდ არ მოჩანს.

სად ჩერჩილი და სად ჯონსონი...

ბორის ჯონსონი არ მალავდა იმას, რომ დიდ ბრიტანელ პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს ბაძავდა, ხშირად იყენებდა მის ჟესტებს და მიდგომებს. მაგრამ, ბუნებრივია, მხოლოდ მიბაძვა არასაკმარისია. უინსტონ ჩერჩილისაგან განსხვავებით, ბორის ჯონსონს არც მტკიცე პრინციპები არ აქვს, არც ღრმა რწმენა და არც სინდისი.