ვაშლატამას რთველი კახეთში - კვირის პალიტრა

ვაშლატამას რთველი კახეთში

"წლეულს საუკეთესო მოსავალი გვქონდა. იმდენი მოსავალი მოგვივიდა, ხეებს ბჯენები შევუყენეთ. თანაც მაღალი ფასიც აქვს“

ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში შეიძლება შრომით ფეხზე დადგომა, თუმცა კახეთი ამ მხრივ მართლაც ზღაპარია. საქართველოს ბეღელი აქ არის და აქაურებიც სამაგალითო მშრომელები არიან. ამ მიწაზე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ უცნობმა ვაშლატამამაც ისეთი შემოსავალი მოიტანა, დღეს აქაურებსაც უკვირთ. ოდნავ მომჟავო ეგზოტიკური ვაშლატამა ვაშლისა და ატმის ნაჯვარია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოეთში. კეკენაძეების ოჯახს ის ყვარელში, სოფელ ბალღოჯიანში 4 ჰექტარზე მოჰყავს და მასზე დახარჯული შრომის ნაყოფით თითქმის ყოველთვის კმაყოფილია. გვესაუბრება ბესო კეკენაძე.

ბესო კეკენაძე:

- კარგად მახსოვს, როგორ შემოვიდა ვაშლატამა, მომჟავო ხილი, რომელსაც ატმის გემო დაჰკრავდა და ბევრს მოეწონა. როგორც ვიცი, 20 წლის წინ ვაშლატამას ნერგი ჩუმლაყელმა მეურნემ შემოიტანა კახეთში იტალიიდან.

- მეც ასე ვიცი, რომ ვაშლატამა მთელ კახეთში ჩუმლაყიდან გავრცელდა. ჩვენ თავიდან ვაშლატამას მხოლოდ ოციოდე ძირი გვედგა, მაგრამ მამაჩემიც კარგი მეურნეა, როგორც კი დაინახა ვაშლატამას სარგებლიანობა, მაშინვე გადაწყვიტა რომ დიდ ფართობზე გაეშენებინა. დღეს ვაშლატამას ბაღი 4 ჰექტარზე გვაქვს.

vashlatama4-1657440788.jpg

- რამდენადაც ვიცი, ვაშლატამა ზუსტად ისე განაშენიანდება, როგორც ატამი.

- ვაშლატამა იგივე ატამია, მხოლოდ იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ატმისგან, რომ ბუსუსები არა აქვს. შესაბამისად, ვაშლატამას ბაღი მართლაც ატმის ბაღივით შენდება. მოვლაც ისეთივე სჭირდება, როგორიც ატამს, აუცილებლად გასხვლითა და შეწამვლით. ვაშლატამა, ისევე როგორც ატამი, დიდხანს ვერ ცოცხლობს, მაგრამ შემოსავალი აქვს. ვაშლატამას ბაღი, კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტარზე დაახლოებით 20 ტონა ნაყოფს მოგცემს. ამასთან, ხილი საადრეოა, თანაც სასარგებლო, ვიტამინებით გაჯერებული. ამიტომაც არის, რომ ჩვენში ხალხი ვაშლატამას გაშენებას მიეძალა.

vashlatama2-1657440787.jpg

- ჩვენში უკვე რამდენიმე ჯიში გავრცელდა?

- თუ არ ვცდები, საქართველოში ორი ათეული ჯიში მაინც უნდა იყოს გავრცელებული. გემოვანი თვისებები კი სიმწიფეზეც არის დამოკიდებული, რაც ჩვეულებრივი ატმის არ იყოს, ნაყოფს ვიზუალურადაც მშვენივრად ემჩნევა. წვრილი ვაშლატამა ექსპორტიორებსაც სწორედ გემოვანი თვისებების გამო არ გააქვთ და გვრჩება. მერე, რა თქმა უნდა, გავაჩუქებთ, მაგრამ ბევრიც გვიფუჭდება. ამის გამო ძალიან მტკივა გული. ჩვენში ხილის ქარხანა რომ იყოს, მოსავლის ეს ნაწილიც გადამუშავდებოდა და ყველა კმაყოფილი იქნებოდა.

- მართლაც, სამწუხაროდ, შემოდგომით ჩვენში უამრავი ხილი იყრება იმის გამო, რომ ხილის გადამმუშავებელი ქარხანაა ცოტა. არადა, პროდუქციაც მეტი გვექნებოდა და ხალხიც დასაქმდებოდა... წლეულს წვიმების სეზონია, ატმის და ვაშლატამას კრეფა კი წვიმიანში არ შეიძლება, რადგან სათუთია და დაზიანდება.

- ვერც ვკრეფთ წვიმიან დღეებში, არადა, მუშახელის დეფიციტია. დიდი დრო გვჭირდება ხალხის შესაგროვებლად. პირადად ჩვენს ბაღში ხალხი ახლომახლო სამი სოფლიდან მოგვყავს. მუშაობას დილის 6 საათზე ვიწყებთ და შუადღის 2 საათამდე ვამთავრებთ, სანამ შუადღის პაპანაქება დადგება და ჯანმრთელობას ავნებს.

vashlatama3-1657440788.jpg

- სამუშაო დღის ანაზღაურება?

- 50 ლარი.

- ეს არ არის მცირე თანხა მისთვის, ვისაც სურს ოჯახის გვერდით იყოს სამუშაოს შემდეგ და არა საზღვარგარეთ.

- თავადაც ასე ვფიქრობ, თუმცა სანამ ჩვენი ემიგრანტები ამ დასკვნამდე თავად არ მივლენ, მანამდე არაფერი გამოვა. არადა, ჩვენში უკვე იმდენი სამუშაო დაგროვდა სოფლის მეურნეობაში, რომ ხალხს ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით შეუძლია სტაბილურად იმუშაოს.

- ვაშლატამას ყველაზე უხვმოსავლიანი ადგილი გურჯაანია. ყვარელში როგორი მოსავალი მოგდით?

- კარგი, წლეულს კი საუკეთესო მოსავალი გვქონდა. ისეთი მოსავალი მოგვივიდა, ხეებს ბჯენები შევუყენეთ. თანაც მაღალი ფასიც აქვს, 1 კილოგრამი 3 ლარია. ამ დროისთვის ვაშლატამას კარგი ფასი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ წლეულს, სამწუხაროდ, სხვა რაიონებში ბაღები დაისეტყვა და ხალხმაც ჩვენ მოგვაშურა. ასე რომ, მაღალ ფასს ვინარჩუნებთ. ამ ეტაპზე ბაზარში ეს ხილი ჩვეულებრივზე მეტი ღირს. ექსპორტსაც არ ვემდურით. ჩვენი ვაშლატამა სომხეთსა და აზერბაიჯანში კარგად გადის. უკრაინაშიც გადიოდა, მაგრამ ამ ეტაპზე შეფერხდა.

- მინდა წარმატება გისურვოთ. როდესაც ადამიანს შრომა ასე უყვარს, წინ ბევრი სიკეთე აქვს.

- შრომა ჩვენს ოჯახში ყველას უყვარს, ჩემი მშობლებისა და შვილების ჩათვლით. ვაშლატამას სეზონიდან პამიდვრის სეზონზე გადავდივართ, მერე ყურძნის კრეფა იწყება და ა.შ. მაგრამ უნდა დაგვერწმუნოთ, რომ ასეთი დამღლელი შრომაც შეუდარებელი ბედნიერებაა იმასთან შედარებით, რასაც სიღარიბე ჰქვია. ნეტავ კიდევ რაიმე შემოსავლიანი კულტურა შემოვიდოდეს კახეთში და არც მისი გაშენებისგან დაიხევს ჩემი ოჯახი უკან.