მონატრებული ბაღი თბილისში - კვირის პალიტრა

მონატრებული ბაღი თბილისში

"აქ სხვადასხვა დასახელების მცენარეა, კვიპაროსები, სხვადასხვანაირი ტუია, ზოგი ერთწლიანი, ზოგი მრავალწლიანი და მარადმწვანეც“

თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე, ოთხსართულიანი კორპუსის ეზოში გაშენებული მშვენიერი ბაღი გამვლელების ყურადღებას მუდმივად იქცევს, მისი პატრონი კი აფხაზეთიდან დევნილი, პროფესიით მედდა ნუნუ გოგოხია გახლავთ. დევნილობაში ნუნუ გოგოხიას პროფესიით აღარ უმუშავია, თუმცა 83 წლის ქალს ბაღი საოცრად მოვლილი აქვს. ეზო-კარი გალშიც ლამაზი ჰქონდა და ამიტომაც გადაწყვიტა, თბილისის იმ გარემოში, სადაც დასახლდა, "საკუთარი ეზოს მსგავსი" ბაღი გაეშენებინა.

მისი დილა მცენარეების მოვლით იწყება. იქაურები ბაღს ამქვეყნიურ სამოთხეს ადარებენ. მართლაც, აქ შეგიძლიათ დატკბეთ მშვენიერი მცენარეებით, დეკორატიული ცხოველებით, ფრინველებით, მაგიდითა და სკამებით. ჩვენს რესპონდენტს ძალიან უყვარს ბუნება, მცენარეები, მათზე ზრუნვა, ფერადი სამყარო, წესრიგი და სისუფთავე. ბაღში, რომელიც დაახლოებით 13 წელს ითვლის, დასასვენებლად უამრავი ადამიანი მოდის და იქაურობით ტკბება. ყველა ყვავილოვანი და დეკორატიული მცენარე საკუთარი სახსრებით აქვს შეძენილი, დარგული და გახარებული, რაც მთავარია, ამ საქმეს დიდი გულისყურით აკეთებს, სიყვარულს აქსოვს და უდიდეს ძალისხმევას დებს.

ნუნუ გოგოხია:

- მცენარეების მოვლა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა, დიდი შრომა დამჭირდა ამ ბაღის გასაშენებლად. თავდაპირველად მისი ფორმირება დავიწყე, მომქონდა განოყიერებული და დამუშავებული მიწა, ვრგავდი ნერგებს, ყვავილებს. უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც შენი ჩარგული მცენარე შენ თვალწინ იზრდება, ყვავილდება, როდესაც შრომას გიწონებენ და გიფასებენ. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს, ენერგიას მმატებს და კარგ ხასიათზე მაყენებს. მათი ცქერით თითქოს ცხოვრებაც მშვენიერდება.

bagi3-1657441414.jpg

"აქაურობის ასე მოწყობა აფხაზეთში დატოვებული უმშვენიერესი ეზოს სიყვარულითა და მონატრებით გადაწყვიტა. ეს გალამაზებული და გაცოცხლებული გარემო კი კარგია, მაგრამ ცხადია, იმ ეზოსგან ბევრად განსხვავდება. თუმცა ეცადა მიმსგავსებული მაინც ყოფილიყო", - გვიყვება ხათუნა ფაჩულია, ნუნუ გოგოხიას რძალი. "ოჯახს გალში დიდი ორსართულიანი სახლი ჰქონდა აუზით, ფაცხით, მარნითა და ულამაზესი ბაღით, სადაც არაერთი დეკორაცია იყო, - აქ რომ დავსახლდით, აქაურობა მოუვლელი იყო, ამის ყურება არ შეეძლო და საქმეს მაშინვე შეუდგა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა კორპუსს ეკუთვნის".

- როგორც ჩანს, ქალბატონ ნუნუს უყვარს სხვადასხვა ნივთისგან ამა თუ იმ დეკორაციის შექმნა...

- კი, ასევე შეღებვა, ნივთების მორთვა, ქვებით გაფორმება. ამაში ჩემი მეუღლეც ხელს უწყობდა, ხან საიდან მოჰქონდა ქვები და ხან საიდან. აქაც თუ სარემონტო სამუშაოები იყო და რაიმეს თხრიდნენ, რაღაცებს პოულობდა, რეცხავდა და ბაღში აწყობდნენ. ასე ერთმანეთზე შეკოწიწებით გაშენდა ბაღი და დამშვენდა. მერე გასაფორმებლად სხვადასხვა ნივთი მეზობლებსაც მოჰქონდათ. მოკლედ, აეწყო და დამშვენდა ეს ადგილი.

- ახლაც ყოველდღიურად შრომობთ აქ?

ნუნუ გოგოხია:

- კი, მთელი დღე ბაღში ვარ. რომ თენდება, ბაღში გავდივარ, ვათვალიერებ, წესრიგია თუ არა, რაიმე ხომ არ წაიქცა, გაფუჭდა, ყველაფერი თავის ადგილზეა თუ არა. მერე ვიწყებ დაგვას, ვასუფთავებ, მიწაზე ასანთის ღერსაც არ ვაჭაჭანებ. ცხოველები ცოტას კი მაბრაზებენ, რაღაცებს აფუჭებენ.

bagi2-1657441414.jpg

- იმიტომ, რომ ბაღი შემოღობილი არ არის.

- კი, არ არის შემოღობილი... აქ სხვადასხვა დასახელების მცენარეა, კვიპაროსები, სხვადასხვანაირი ტუია, ზოგი ერთწლიანი, ზოგი მრავალწლიანი და მარადმწვანეც.

ხათუნა ფაჩულია:

- აქაურობა მისთვის ბევრს ნიშნავს, ეს მთელი ცხოვრებაა. ამით იწყება მისი დილა, ამით მთავრდება საღამოც. საღამოს თვალს ერთხელ კიდევ მოავლებს და მერე დასაძინებლად მიდის. გამგებელი იყო მოსული, ბაღი დაათვალიერა და დედამ სთხოვა, ეს ბაღი კიდევ გაზრდილიყო, ქინძმარაულის მეორე შესახვევში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ბოლომდე გაელამაზებინათ, რადგანაც თვითონ ამდენს ვერ მოერეოდა. სტუმრებმა ნახელავი მოუწონეს, მოუსმინეს და უთხრეს, შენი ბაღის ხათრით ბოლომდე გავაგრძელებთო, ძალიან გაუხარდა, მაგრამ მეზობლებმა უარი თქვეს, მანქანები სად გავაჩეროთო?! გული დასწყდა.

- ხშირად ზედა სართულების ფანჯრებიდან ნაგვის გადმოგდება იციან, სიგარეტის ნამწვებსაც ისვრიან ხოლმე...

- თავიდან კი, ასე იყო, მაგრამ ახლა სისუფთავეს იცავენ. ხედავენ, რომ ადამიანი Bბაღზე ასე ზრუნავს და აქაურობა ასეთი ლამაზია. ჯერ მარტო იმდენი მცენარეა და ისეთი სუფთა ჰაერია, ამას მაშინვე გრძნობ. ამიტომ ყველა ერიდება რამის გაფუჭებას. ცდილობენ ბაღის გამშვენიერებაშიც მიიღონ მონაწილეობა. გამგეობამ ჩამოსაჯდომი ადგილებიც შექმნა, სკამები და განათება გვაქვს. ახლა აუზივით ან ჩანჩქერივით წერტილის შექმნას ვცდილობთ.

- ქალბატონო ნუნუ, თქვენი ჩანაფიქრი ბოლომდე განხორციელებულია თუ აქაურობის მეტად განსავითარებლად კიდევ ფიქრობთ რამეს?

ნუნუ გოგოხია:

- მინდა ირგვლივ ყველას ჰქონდეს ასეთი გარემო. მომბაძონ და კიდევ უკეთესებიც შექმნან. ამას რა სჯობია, თუ მთელი ქუჩა ასეთი მოვლილი იქნება?! ვიღაცებმა უკვე მომბაძეს კიდეც და როგორც შეძლეს, მიხედეს ტერიტორიას. ზოგი მოდის, ბაღს სურათებს უღებს, რჩევას მეკითხება, მეც არავის ვზარდები, ვაკვალიანებ, ნერგებსაც ვაძლევ. მთელი სკოლა მოდიოდა აქ და ათვალიერებდნენ. ერთმა ქალბატონმა, იზო გურგენიძემ, რომელიც ქართულის მასწავლებელია, წიგნი მომიტანა, აქ ადამიანებს შთაბეჭდილებები ჩააწერინეთო. იმ წიგნში ადამიანები ბაღის შესახებ საკუთარ აზრს წერდნენ, მერე ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ის თავის ადგილას აღარ იდო, ვიღაცას წაეღო. არადა, ისეთი თბილი ჩანაწერები იყო... მინდა ყველას ვურჩიო, დარგონ და მოეფერონ მცენარეებს, ყვავილებს, ხეებს და ისინი აუცილებლად დააჯილდოებენ თავისი სილამაზით და უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებენ. სადაც უნდა ცხოვრობდნენ, კორპუსში თუ კერძო ბინაში, ყველამ რაღაც წვლილი შეიტანოს ქალაქის გამწვანებაში. თუნდაც პატარა ნერგი ჩავრგოთ და მას მივხედოთ. ასე ცხოვრება უკეთესი იქნება.