"ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი - როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან არავინ იცის"
"ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი. ერთი მხრივ, მმართველ პარტიას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში არ ჩანს ძალა, რომელიც მის შეცვლას შეძლებს“
ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 პირობის შესასრულებლად გეგმა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მმართველი ძალა პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მორატორიუმს სთავაზობს. როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. ამავე გეგმის თანახმად, პარლამენტში შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების სხვადასხვა მიმართულებაზე იმუშავებენ. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წინადადებებს მორიგ ფარსად აფასებს და მასთან თანამშრომლობაზე ჯერჯერობით უარს ამბობს. დეპოლარიზაციის პროცესს ხელს არ უწყობს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებიც, რომლებიც აშკარად შანტაჟის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს, არამედ ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც. ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.
- როგორც ვხედავთ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფი პარტიები აცხადებენ, რაც დიდი შეცდომა მგონია. ოპოზიცია თუ არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან და არ შევა სამუშაო ჯგუფებში, მაშინ "ქართულ ოცნებას" ექნება საფუძველი, თქვას, დეპოლარიზაცია არ გამოვიდა და ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციააო, ეს კი გაუგებარი იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. მოკლედ, ხელისუფლება ოპოზიციას დააბრალებს მუშაობის პროცესის ჩაშლას, ხოლო თუ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, რისი საფრთხეც არსებობს, ამასაც ოპოზიციას გადააბრალებს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, პარლამენტს ოპოზიციის გარეშეც შეუძლიათ მიიღონ ის კანონები, რომელთაც ამ 12 პუნქტის მიხედვით ითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ლანძღვა-გინება და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა კვლავაც გაგრძელდება და ამგვარი პროცესებით საბოლოოდ ქვეყანა დარჩება წაგებული.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ის ფიქრობს, რომ ამგვარად ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს და, ჩემი აზრით, არც ცდება, რადგან ვეჭვობ, სტატუსის ვერმიღების გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლება დაამხოს. მთავრობის დამხობა იოლი აღარ იქნება, ჩაიარა ამ პერიოდმა. დღეს 2003 წელი არ არის, არადა, ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობაში" სწორედ ამის იმედი აქვთ, ანუ ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს "ქართულ ოცნებას" შიგნიდან დაანგრევს, რაც არასწორი მოლოდინი მგონია. ვეჭვობ, ასე ადვილად მოხერხდეს "ქართული ოცნების" დაშლა. ეს ძალა, ყველაფრის პარალელურად, კარგად ახერხებს მოსახლეობას "მიჰყიდოს" მოსაზრება, რომ მათ ქვეყანას ომი ააცილეს თავიდან. ოპოზიციაში ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ჩვენში ომის ცოტას ეშინია. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მართლაც ეშინია ომის და ამ თემაზე ოპოზიციის ღლიცინი ძალიან აღიზიანებს, ეს კი "ქართულ ოცნებას" აძლევს საფუძველს, სახელისუფლებო სავარძელში თავი კვლავაც კომფორტულად იგრძნოს.ვფიქრობ, თუ ოპოზიცია ჭკუით მოიქცევა, შევა ყველა სამუშაო ჯგუფში, ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან და ყველაფერს გააკეთებს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად, ხელისუფლებას ოპოზიციისთვის რამის გადაბრალება ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, ოპოზიციამ სწორედ ასე უნდა იმოქმედოს, მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისინი ისევ დაპირისპირებისა და ბოიკოტის გზას ირჩევენ და ამ ვითარებაში რისი იმედი აქვთ, არ ვიცი...
- გაუგებარია "ქართული ოცნების" პოზიციაც. ერთი მხრივ, ისინი აცხადებენ, რომ ამ 12 პუნქტის შესრულებისთვის მზად არიან, ამავდროულად კი თავს ესხმიან ევროპელ პოლიტიკოსებს. შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნებიდან" ამისთვის გამოყვეს სამი დეპუტატი, რომლებიც თითქოს საკუთარი ინიციატივით ლამის ყოველდღიურად შეურაცხყოფის ზღვარზე ლაპარაკობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. ახლახან გამოქვეყნდა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი, რომლის ტონიც სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო, რაც აღნიშნა კიდეც ქალბატონმა დეგნანმა საპასუხო განცხადებაში. რას ცდილობს "ქართული ოცნება" ამ ორმაგი თამაშით და შანტაჟის ენით? გავიხსენებ ირაკლი კობახიძის ერთგვარ ულტიმატუმსაც, რომ ხელისუფლება თურმე საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სტატუსის მინიჭების შემდეგ დასწევს... ასევე მოვისმინეთ განცხადება, საქართველომ ომი რომ დაიწყოს, მეორე დღესვე მოგვცემენ სტატუსსო, ანუ ვითარებას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ევროკავშირი გვიბიძგებს ომისკენ...
- თქვენი კითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს... რაც შეეხება შანტაჟის ენას, ეს განცხადებები გაკეთდა მას მერე, რაც ხალხმრავალმა მიტინგებმა შედეგი ვერ მოიტანა. ზოგიერთი ამ საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ "ოცნება" გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და "ოცნებამ" თავი უფრო ძლიერად იგრძნო, შანტაჟიც კი დაიწყო... მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ვერავინ ვერაფერს გვაკლებს, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერს; თუ არ მოგვცემთ, არ დავწევთ ბარიერს და კიდევ კარგა ხანს დავრჩებით ხელისუფლებაშიო. სხვა საკითხია, როდემდე გაუმართლებს ამგვარი პოზიცია "ქართულ ოცნებას," მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ასე თამაშობს, რაც ისევე არასწორია, როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანა ზიანდება, რაც ძალიან სამწუხაროა.
- როდესაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თუ ვითომ მისგან დისტანცირებული დეპუტატები თავს ესხმიან აშშ-ის ელჩს თუ ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს, ეს როგორ უნდა აიხსნას? ხომ არ ცდილობს "ქართული ოცნება" სწორედ ამგვარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდით დააშოროს ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს?
- არა მგონია. რომ მიეცათ საქართველოსთვის სტატუსი, უარს ხომ არ იტყოდნენ? პირიქით, ვფიქრობ, რომ როდესაც სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა, ისინი ძალიან ნერვიულობდნენ, აშინებდათ სწორედ ის სცენარი, რომელიც გათამაშდა კიდეც, რის მერეც ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო. რით დასრულდა ეს გამოსვლები, სხვა საკითხია, მაგრამ ხომ აშკარად გამოჩნდა, რაოდენ დიდია ქვეყანაში ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა... ჩემი აზრით, რადგან სტატუსი არ მოგვანიჭეს, განაწყენდნენ, თან მათ ამ აქციებმაც ვერაფერი დააკლო და უკვე მუქარის ტონით ალაპარაკდნენ... თუმცა შეიძლება "ქართულ ოცნებაში" ვიღაცას მართლაც სჯერა, რომ დასავლეთს მათი დამხობა უნდა და ეს შანტაჟი და მუქარაც ამით არის განპირობებული...დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ერთი პარტია მესამე ვადით მართავს ქვეყანას, რაც აჩენს მისი ლეგიტიმაციის პრობლემებს, თანაც სხვა პარტიებთან შედარებით მაინც მაღალი რეიტინგი აქვს. ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი. ერთი მხრივ, მმართველ პარტიას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში არ ჩანს ძალა, რომელიც მის შეცვლას შეძლებს. ამ ვაკუუმში ისევ "ქართული ოცნება" ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მით უფრო - საყოველთაო ნიჰილიზმის ფონზე.
- ისევ აქციებს დავუბრუნდეთ... ჩემი აზრით, ამას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი საზოგადოების უმრავლესობის ნების ჩვენების თვალსაზრისით. ხელისუფლებამ რაც უნდა სცადოს ამ პროტესტის დაკნინება, მათაც კარგად დაინახეს, რაოდენ დიდია ქვეყანაში ევროპული კურსის მხარდაჭერა, მაგრამ იმის კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა ამ პროტესტით მნიშვნელოვანი თუ არა, მცირე ცვლილებების მიღწევა მაინც? ხომ არ არის ეს არასწორად ჩამოყალიბებული მოთხოვნების ბრალი, რამაც მცდარი მოლოდინი გააჩინა?
- გეთანხმებით, სწორედ მოთხოვნები იყო ყველაზე დიდი პრობლემა... როდესაც აყენებ მაქსიმალისტურ და არარეალისტურ მოთხოვნებს, ცხადია, ამაზე უარს გეტყვიან, ამიტომ უნდა იცოდე, შემდეგ რას აპირებ... როცა ულტიმატუმს უყენებ და გადადგომას სთხოვ მთავრობას, ისიც ხომ უნდა გქონდეს გათვლილი, თუ არ გადადგა, მერე რას იზამ? 3 ივლისის აქცია ზოგიერთი გამომსვლელის გამო საერთოდ კომედიად იქცა... მიტინგის ორგანიზატორებისაც მესმის - ისინი ორ ცეცხლს შუა იყვნენ. ერთი მხრივ, ცდილობდნენ, მიტინგზე არ ყოფილიყო "ნაცმოძრაობის" "სული," რადგან ფიქრობდნენ, რომ ამის გამო იქაურობას ბევრი ხალხი დატოვებდა (გვახსოვს, ჩააგდეს კიდეც ტრიბუნიდან რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მიშას პორტრეტი ეჭირათ), მაგრამ მეორე მხრივ, კარგად ვიცით, რომ პროტესტანტებში, როგორც წესი, ძალიან ბევრია "მიშისტი" და რამდენ ხანს არ მისცემ მათ მიშაზე ლაპარაკის უფლებას? აი, ამ პრობლემამაც იჩინა თავი... სააკაშვილი არის თემა, რომლითაც "ქართული ოცნება" უკვე 10 წელია, სპეკულირებს და სარგებლობს. ოპოზიციის პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში კარგად ხვდებიან: თუ "ქართული ოცნება" წავა, მას ისევ "ნაციონალური მოძრაობა" შეცვლის, ეს კი ხალხის ნაწილს არ უნდა. აი, ასეთი მოჯადოებული წრეა შექმნილი, რომელიც არ ვიცი, ბუნებრივად შეიქმნა, თუ ივანიშვილმა შექმნა, მაგრამ თუ მან შექმნა, მართლაც გენიოსი ყოფილა. ეს არის ძალიან კარგი განლაგება "ქართული ოცნებისთვის", რათა კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ცუდია ქვეყნისთვის. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, არც მე და, მგონია, არც არავინ იცის...
- ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს დავუბრუნდეთ... იქ დეპოლარიზაციის გარდა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგალითად, სასამართლოს სისტემის რეფორმა... სურს კი ამის განხორციელება "ქართულ ოცნებას"?
- რომც მოინდომოს, 6 თვეში სასამართლოს სისტემის შეცვლას ხელისუფლება ვერ შეძლებს. 30 წელიწადია, ამ სისტემას საშველი ვერ დაადგა და 6 თვეში რა უნდა მოხდეს?! თუმცა მათ შეუძლიათ აჩვენონ პოლიტიკური ნება, რასაც ყველა დაინახავს და იფიქრებს, რომ სერიოზულ რეფორმებს იწყებენ, მაგრამ მართალი ბრძანდებით, როდესაც კითხულობთ, უნდა კი ეს "ქართულ ოცნებას"?
მათ შეიძლება განახორციელონ კოსმეტიკური ცვლილებები, ფასადურად შეცვალონ რაღაც, რის მერეც თუ სტატუსი არ მოგვცეს, თქვან, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ აგერ, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა დეპოლარიზაციის პროცესში და ეს გახდა უარის მიზეზიო... გარდა ამისა, შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ეს კოსმეტიკური ცვლილებები შეადაროს მოლდოვისა და უკრაინის ვითარებას და კვლავაც ილაპარაკოს, რომ მათზე წინ არიან რეფორმებით. უკრაინა ომშია და სად სცალია ახლა რეფორმებისთვის, მოლდოვაშიც არ არის მთლად სახარბიელო ვითარება რეფორმების თვალსაზრისით. თანაც საკითხავია, წლის ბოლოს რა ვითარება იქნება უკრაინაში. არავინ იცის, ომი როდის და როგორ დამთავრდება. ღმერთმა ნუ ქნას და უკრაინისთვის უარესად თუ შეიცვალა მდგომარეობა, ჩვენ რა დღეში აღმოვჩნდებით, ვინ იცის...
- აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში ზოგიერთი პირისთვის სანქციების დაწესების განხილვა იწყება. შეგახსენებთ, ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის ერთ-ერთი კოორდინატორია. ოპოზიციამ ეს განცხადება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების დასაწყისად მიიჩნია. ელით პროცესის ამგვარ განვითარებას?
- ვფიქრობ, ეს არ არის მარტივი საკითხი. მოდი, ასე შევხედოთ პროცესს: ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანი. კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, რატომ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, არ მესმის... თანაც სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?! მაგალითად, არსებობდეს ფაქტები, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან არის გარიგებული და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს... კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ სანქციებს დაუწესებენ, არის ვარაუდი, რომ ის საქართველოს არაფორმალურად მართავს, მაგრამ ამის მტკიცებულებებიც არ არსებობს. როგორ დაუმტკიცებენ, რომ მართლაც მართავს? თანაც გაითვალისწინეთ, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ვიღაც რუსმა რომ დაურეკა და ბორენკა ეძახა, ამის გამო შეიძლება სანქციები დაუწესონ? შეიძლება მაკფოლს უთხრა ვიღაცამ, ივანიშვილი ეხმარება რუსეთსო და ამის შემდეგ გადაწყდა, შეესწავლათ ეს საკითხი, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც შეისწავლიან, რას იპოვიან? ვიმეორებ, ის არის ძალიან ფრთხილი ადამიანი. როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში გამოგვეცხადა, დაიწყეს აქტიურად მუშაობა, რომ მასზე რაიმე კომპრომატი ეპოვათ, მაგრამ ვერაფერი უპოვეს. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ბოლო ხანს ცდილობს, არაფერი გააფუჭოს, რადგან ახლა იმ ასაკშია, ყველაზე მეტს პირად სიმშვიდეზე, ოჯახისა და დაგროვილი მილიარდების უსაფრთხოებაზე ფიქრობს.
მოკლედ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ის ადვილად არ გაეხვეოდა ისეთ შარში, რაც სანქციებამდე მიიყვანს, თუმცა ეს ჩემი აზრია... შეიძლება ვცდები და ივანიშვილი იმაზე ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე მგონია...
- დასასრულ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ. მან დატოვა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი, შემოდგომიდან კი პრემიერის თანამდებობასაც დატოვებს. ბევრი მიიჩნევს, რომ იმ სკანდალის უკან, რომელიც მას აუგორეს, რუსეთი დგას და ეს უკრაინის თაობაზე მის პრინციპულ პოზიციას უკავშირდება?
- უპირველესად ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, მისი წასვლა უკრაინისადმი ბრიტანეთის დამოკიდებულებაში არაფერს შეცვლის და ეს მასშტაბური მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. ბორის ჯონსონი იმიტომ ატარებდა ამგვარ მკაცრ ანტირუსულ პოლიტიკას, რომ ის იყო ბრიტანეთის პრემიერი და არა იმიტომ, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. მართალი გითხრათ, მას მე სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი. რაც შეეხება იმას, რომ მასთან დაკავშირებული სკანდალების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს, ჩემი აზრით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ამ ადამიანს რაღაც-რაღაცები შეეშალა, მათ შორის ის, რომ ხვდებოდა რუს ოლიგარქს, რომელიც ოდესღაც იყო რუსული დაზვერვის ოფიცერი და თან ამას მალავდა. ასეთ რამეს რომ აკეთებ, უნდა იცოდე, რომ ეს შეიძლება ოდესღაც ვიღაცამ გამოიძიოს და "აგიფეთქოს". ეს დასავლეთია, იქ არაფერი იმალება, ამასთანავე, დასავლური საზოგადოება ვერ იტანს ტყუილს და ამას მით უფრო არ ჰპატიობენ პოლიტიკოსებს. ასეთი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნის პრემიერი როცა ხარ, წლების წინაც კი თუ გაქვს მსგავსი რამ გაკეთებული, უნდა იცოდე, რომ მშვიდად ვერასდროს იქნები... ვიმეორებ, იდგა თუ არა ამ ყველაფრის უკან რუსეთი, მეორეხარისხოვანია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვინც უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც აქამდე ჰქონდა ქვეყანას.