„მინდა კატეგორიულად ვურჩიო ყველა კოვიდკლინიკას და „ონლაინკლინიკას“, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ რემდესივირი ან პაქსლოვიდი“ - კვირის პალიტრა

„მინდა კატეგორიულად ვურჩიო ყველა კოვიდკლინიკას და „ონლაინკლინიკას“, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ რემდესივირი ან პაქსლოვიდი“

თენგიზ ცერცვაძე: "საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი პაქსლოვიდი. ექიმების არსენალშია და ყველა კოვიდავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები (ვირუსის შესაბამისი შტამის დროს), ტოცილიზუმაბი, ბარიციტინიბი და სხვ. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ როგორც ბინაზე დარჩენილი, ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ე.წ. პროაქტიურ მკურნალობას, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა პაციენტების დამძიმების, რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების შემთხვევები. განსაკუთრებით კარგი შედეგები გვაქვს იმ ავადმყოფებში, მათ შორის ასაკოვან და/ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე ავადმყოფებში, ვისაც პირველივე დღეებში დავუწყეთ მკურნალობა რემდესივირით ან პაქსლოვიდით. ბოლო თვეებში პრაქტიკულად არ გვქონია ასეთი ავადმყოფების დამძიმების ან გარდაცვალების შემთხვევები.

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება კოვიდის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში. წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში. მაშინაც კი, თუ შემთხვევების ზრდას თავიდან ვერ ავიცილებთ, განსაკუთრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიკვდილობა დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე. ამისთვის კი აუცილებელია შემდეგი: ომიკრონის შტამით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისგან, ამიტომ აუცილებელია პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ ტესტირება (უფასოა) და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება­ ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა კატეგორიულად ვურჩიო ყველა კოვიდკლინიკას და "ონლაინკლინიკას", სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ რემდესივირი ან პაქსლოვიდი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით ავადმყოფის სიცოცხლეს".