"ყოველკვირა შემთხვევები ორმაგდება... შეიძლება დავიწყოთ მსჯელობა რეგულაციების შესახებ“ - კვირის პალიტრა

"ყოველკვირა შემთხვევები ორმაგდება... შეიძლება დავიწყოთ მსჯელობა რეგულაციების შესახებ“

რაც პირბადეები მოვიშორეთ, მოსახლეობას პანდემიის დასასრულის მოლოდინი გაუჩნდა, თუმცა ამ ბოლო ხანებში ვხედავთ, რომ ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა. შემთხვევების რაოდენობა იმატებს. დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე­ ჩხაიძე:

- პანდემიის დასრულება ჯანმოს არ გამოუცხადებია, შესაბამისად, არც საქართველოა ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გამოაცხადოს, რომ პანდემია დასრულდა. ამისთვის ძალიან ბევრი კრიტერიუმია საჭირო და ჯერჯერობით ვერც ერთი კრიტერიუმით ამას ვერ ვიტყვით, პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვქონდა ორ-სამთვიანი პერიოდი, როდესაც კორონავირუსის მეექვსე ტალღის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი მინიმალური იყო და ყველა შეზღუდვაც გაუქმდა, რაც სწორი ნაბიჯი იყო, რადგან როდესაც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია, გარდაცვალების შემთხვევებიც მინიმუმამდეა შემცირებული, შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელი არ არის. ახლა ინფიცირების შემთხვევები იმატებს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. დაავადების მაჩვენებლის 5-6-ჯერ მატება დადასტურდა საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში... დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენთან კვირის განმავლობაში 500 შემთხვევა დასტურდებოდა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი ხუთასიდან 2500-მდე გაიზარდა, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ თებერვალში იყო დღეები, როდესაც 20 ათასი ადამიანი ინფიცირდებოდა, ეს რიცხვი მცირეა. აქ მნიშვნელოვანია მეორე მხარე - მატების ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, რომ ყოველკვირა შემთხვევები ორმაგდება და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება დავიწყოთ მსჯელობა გარკვეული რეგულაციების შესახებ. მაგალითად, ისევ სავალდებულო იყოს ნიღბის გამოყენება დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.

- ანუ შემთხვევების რაოდენობის მატება მოსალოდნელია?

- დღეისათვის მოლოდინი, რომ შესაძლებელია არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში მივიღოთ პანდემიის ისეთივე­ ძლიერი ტალღა, როგორიც იყო მეექვსე,­ არ არსებობს. მეექვსე ტალღისას გაჩნდა კორონავირუსის ახალი მუტაცია. ახლა ჯერჯერობით ახალი მუტაცია არ გამოჩენილა,­ თუმცა შემთხვევების მატება განაპირობა "ომიკ­რ­ონის" ახალმა ქვემუტაციამ. ეს არის მისი მეოთხე და მეხუთე ვარიანტები,­ რომლებიც უფრო გადამდებია, ვიდრე "ომიკრონის" პირველი და მეორე ვარიანტე­ბი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს მოსახლეობის იმუნური ფენა, რომელმაც ან გადაიტანა კორონავირუსი, ან აცრილია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ იმუნური მაჩვენებელი თანდათან იკლებს, ოღონდ არა ისე სწრაფად, როგორც ბუნებრივი იმუნიტეტის შემთხვევაში, ამიტომ ვაქცინის გაკეთებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ვამატებდით ბუსტერ-დოზას. ვისაც ვაქცინის ორი დოზა გაქვთ გაკეთებული, მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან დამატებითი მესამე დოზა, პრაქტიკულად, არის მძიმე შემთხვევების, საავადმყოფოში მოხვედრისა და მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების 100%-იანი გარანტია, ხოლო ვისაც ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია: თუ 50 წელს გადაცილებული ბრძანდებით და მესამე დოზიდან გასულია ოთხ თვეზე მეტი, აუცილებლად გაიკეთეთ ვაქცინის მეოთხე დოზა.

- ახალი ქვეშტამი როგორ მიმდინარეობს?

- ისევე, როგორც ძირითადი შტამი: ტემპერატურა მერყეობს 37-38 გრადუსის ფარგლებში, ახლავს ყელის ტკივილი, ხველა, ცემინება, თუმცა არცთუ იშვიათია უსიმპტომო მიმდინარეობაც, როდესაც ადამიანი მხოლოდ ტესტის გაკეთების შემდეგ იგებს, რომ ინფიცირებულია.

- როდემდე უნდა ვიკეთოთ ეს ბუსტერები? დასასრული არ ჩანს?

- ახლანდელი ბუსტერის შემდეგ შეიძლება გაიცეს რეკომენდაცია, რომ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას წელიწადში ერთხელ. ეს სავალდებულო არ იქნება, ეს იქნება მხოლოდ რეკომენდაცია.

- ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლაში ხომ არ დაწესდება შეზღუდვები?

- არა. ჯერჯერობით იგივე რეკომენდაციებია, რაც იყო ერთი-ორი თვის წინ.

- სწავლის დაწყების პირველი თვე როგორი იქნება?

- ვითვალისწინებთ გაეროს ბავშვთა ფონ­დის რეკომენდაციას, რომ პანდემიის დროს პირველად სკოლები უნდა გაიხსნას­ და ბოლოს დაიხუროს. ეს აქტუალური იყო იმ პერიოდშიც, როცა ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დასტურდებოდა. ახლა მით უმეტეს არ ველოდებით შემთხვევების ისეთ რაოდენობას, რომ სკოლების გახსნა საეჭვო იყოს. ვფიქრობ, სასწავლო პროცესი გრაფიკის მიხედვით დაიწყება.

- პროგნოზი როგორია?

- ოქტომბერ-ნოემბერში შეიძლება შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატოს.

- ერთ პუბლიკაციაში ეს მოსალოდნელი მატება ცუნამს შეადარეს. გადაჭარბებულია ასეთი შედარება?

- ეს ამერიკელების - ფაუჩისა და მისი კოლეგების მოლოდინია. ისინი ელიან ისეთ მატებას, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც პანდემიის ახალი ტალღა.