რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება, რომ საქართველოში ბენზინის ფასმა დაიწიოს - კვირის პალიტრა

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება, რომ საქართველოში ბენზინის ფასმა დაიწიოს

ნავთობპროდუქტების ფასი ბოლო დღეებში მსოფლიო ბაზარზე მცირდებოდა, თუმცა 7 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 104,65 (+3,96) დოლარი/ბარელზე, ნიუ-იორკში Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა - 102,73 (+4,2) დოლარი/ბარელზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მცირდება, საქართველში საწვავის ფასები მაინც ძალიან მაღალია - 1 ლიტრი "სუპერის" ფასია 4,15-4,25 ლარი, "პრემიუმის" - 3,7-4,2 ლარი, "რეგულარის" - 3,7-3,8 ლარი, ხოლო ევროდიზელისა - 4,7-4,8 ლარი (ფასები მერყეობს კომპანიების მიხედვით). ცხადია, ეს აისახება სამომხმარებლო ფასებზეც და მოსახლეობის მძაფრ უკმაყოფილებას იწვევს. მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენცია რისი მაჩვენებელია და რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- საქართველოში ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილება, შეიძლება ითქვას, ძირითადად ემთხვევა იმ მსოფლიო ტრენდს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ყალიბდება. ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად კოპირებულია, თუმცა ტენდენცია ასეთია. სამწუხაროდ, საქართველო ვერ აწარმოებს დიდი რაოდენობით ნავთობს, აბსტრაგირებას თუ მოვახდენთ და ჩვენს მოხმარებას ავიღებთ მთლიანობაში, ადგილობრივი წარმოება იმდენია, ახალი წლიდან, 1-ლი იანვრიდან რომ დავიწყოთ მისი გამოყენება, შობამდე შეიძლება არ გვეყოს. ამიტომაც ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ამ მხრივ ბაზარი საკმაოდ სტრუქტურირებულია, დივერსიფიცირებული და ნავთობის მომწოდებლების არჩევის უფრო ფართო საშუალება გვაქვს, ვიდრე ბუნებრივი აირის ხაზისა. აქ არიან როგორც ჩვენი უშუალო მეზობლები, ასევე გაცილებით შორეული ქვეყნები, რომლებთანაც პირდაპირი სახმელეთო კავშირი არა გვაქვს.

- ადგილზე ფასები რის მიხედვით ყალიბდება?

- პირველი არის მსოფლიო ტენდენცია, რაზეც ვსაუბრობდით, გარდა ამისა, ფასებს განსაზღვრავს როგორც წმინდად ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური ფაქტორები. ეკონომიკურ ფაქტორს მაკროეკონომიკის დონეზე განსაზღვრავს სახელმწიფო, საგადასახადო კოდექსში აქციზის შემოღებით, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება. მეორე კი არის წმინდად სუბიექტური, როდესაც ნავთობიმპორტიორები იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, არ ნახონ ზარალი, ფასში ითვალისწინებენ არა მარტო ფაქტობრივ ხარჯებს, არამედ გარკვეულწილად ე.წ. უსაფრთხოების ბალიშსაც; ანუ იმისთვის, რომ ვალუტის კურსის ცვლილებისა და ნავთობის ფასების მყისიერი რყევების შემთხვევაში არ მიიღონ ნავარაუდევზე ნაკლები მოგება. ეს ფაქტორები, რომ იტყვიან, "ხელჩაჭიდებული და შეხმატკბილებული" მუშაობენ.

- ბოლო დღეებში მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი მცირდება. ამას რა განაპირობებს?

- ეს დიდწილად დამოკიდებულია დიდი ქვეყნების, მსოფლიოს დიდი მოთამაშეების ქცევაზე. თუ გახსოვთ, 2020 წელს, როცა რეცესიისას მსოფლიო წარმოება თითქმის დაპაუზებული იყო, ნავთობგადამმუშავებელი და გადამზიდი ქსელი პარალიზებული აღმოჩნდა, რადგან საცავები გადაივსო. 2020 წლის აპრილ-მაისში, დაახლოებით შვიდი კვირის განმავლობაში, ვინც კი გაიტანდა ამ საცავებიდან ნავთობპროდუქტს, იქით უხდიდნენ ფულს, ხოლო როდესაც ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება, იზრდება წარმოება და იზრდება მოთხოვნაც. მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე საბაზისო მოთხოვნა დაახლოებით 100 მილიონი ბარელია. ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელია ჩინეთი და თუ ჩინეთის ეკონომიკას რეცესიის ნიშნები აქვს, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ეცემა და ეს მომენტალურად აისახება მსოფლიო ბაზრის ფასებზე. იმის გამო, რომ გამოჩნდა კორონავირუსის რეციდივები და განსაზღვრულ ადგილებში კარანტინი შემოიღეს, წარმოება გარკვეულწილად შეფერხდა, რამაც გავლენა მოახდინა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე. ერთი ეს ფაქტორია, მეორე კი ის, რომ მსოფლიო ნელ-ნელა სწავლობს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოძიებისა და გამოყენების გზებს. შესაბამისად, პერსპექტივაში არ არის გამორიცხული, რომ ეს გლობალური ერთობლივი მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე თანდათანობით შემცირდეს... აი, ამგვარად შეიძლება აიხსნას ახლა ფასის შემცირება, თუმცა ეს არ არის სისტემური მოვლენა და შესაძლებელია ცოტა ხანში ნავთობზე ფასებმა კვლავ მოიმატოს.

- რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მსოფლიო ბაზარზე ფასის შემცირება, რომ საქართველოშიც დაიწიოს ნავთობპროდუქტებისა და კონკრეტულად, ბენზინის ფასმა?

- საქართველოზეც რომ აისახოს, 5-6 კვირა სჭირდება. თუ ეს კლებადი ტენდენცია შენარჩუნდება, რა თქმა უნდა, აისახება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იკლებს აქ ფასი, როგორც იტყვიან, რძით შეშინებული დოს სულს უბერავდაო, ზუსტად ეს მიდგომაა და ცდილობენ თავი დაიზღვიონ მოსალოდნელი ზარალისგან. მსოფლიო ეკონომიკა და მათ შორის, ნავთობის ბიზნესი ისეთი ტურბულენტობის რეჟიმში იმყოფება, რომ რისკები მომატებულია და ამიტომ "უსაფრთხოების ბალიშის ზომა", სხვებთან შედარებით, უფრო მეტად არის გაზრდილი.

- თუ შეიძლება გრძელვადიანი ან საშუალოვადიანი პროგნოზის გაკეთება და იმის თქმა, ახლანდელი ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება თუ არა? ან თუნდაც იმის თქმა, რომ ახლანდელი ფასი შენარჩუნდება და არ დაიწყებს ერთხანს მაინც მატებას?

- ნავთობზე მოთხოვნა მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიო კონიუნქტურაზე. თუ მსოფლიო კონიუნქტურა ზრდის ტენდენციას აჩვენებს, მაშინ ნავთობზეც უნდა ველოდოთ ფასების მომატებას. სხვათა შორის, მსოფლიო ბანკმა გლობალური მასშტაბით რამდენიმე პუნქტით დაბლა დასწია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ზრდა კი იქნება, მაგრამ უფრო დაბალი ტემპით და ეს განპირობებულია რუსეთ-უკრაინის ომითა და ზოგიერთი სხვა ფაქტორით, მაგალითად, კორონავირუსის ახალი შემოტევით. ეს იქნება განმსაზღვრელი. თუ ეკონომიკას ექნება გრძელვადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენცია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა. თუ გაურკვევლობის პერიოდი დადგება, მაშინ ნავთობის ფასებიც ამგვარ რეჟიმში იქნება. თუ გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომ ერთმნიშვნელოვნად ზრდა იქნება და ნავთობის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ქცევის პროგნოზიც ზრდას აჩვენებს, უნდა ჩავთვალოთ, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი სტაბილური ან გარკვეულწილად მზარდი იქნება.

- ამ ტენდენციაში დღეს რუსეთის ფაქტორს რა წილი აქვს? ვიცით, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია და რუსეთზე არიან დამოკიდებული ცენტრალური აზიის ქვეყნებიც.

- რუსეთს წლევანდელ ბიუჯეტში გათვლილი ჰქონდა 1 ბარელის ფასი დაახლოებით 65 აშშ დოლარი. დღეს კი გაცილებით მეტს იღებს, განსაკუთრებით აზიური მიმართულებიდან, ჩინეთი იქნება თუ ინდოეთი, რაც ცხადია, მის ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს აძლევს. მართალია, ლუფტი იყო 35-40 აშშ დოლარის ოდენობით - მსოფლიო ბაზრის ფასებთან შედარებით იაფად ყიდდა ჩინეთსა და ინდოეთზე, მაგრამ ეს მაინც აძლევდა რუსეთს ჭარბი დამატებითი შემოსავლის საშუალებას. ექსპერტთა შეფასებით, 24 თებერვლამდე არსებულ რუსეთის შემოსავლებთან შედარებით, ახლა ენერგორესურსების ექსპორტიდან სადღეღამისო შემოსავლები შემცირებულია მხოლოდ სადღაც 200-250 მილიონი დოლარით. 1 მილიარდ 350 მილიონამდე ჰქონდა და ახლა 1 მილიარდზე ცოტა მეტს იღებს დღე-ღამეში.

- ეს ფასებზე რა გავლენას იქონიებს?

- ფასებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმიტომ, რომ ნავთობპროდუქტები არის პროდუქციის თვითღირებულების, ასე ვთქვათ, შემოქმედი კომპონენტი, დაწყებული ტრანსპორტირებით, დამთავრებული დამუშავების პროცესით. საერთოდ, ეკონომიკა ენერგეტიკაზე დგას და ენერგეტიკის ერთ-ერთი ძირითადი წყარო და საშუალება არის ნავთობი და ბუნებრივი აირი, მათი გაძვირება პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებასა და ფასებზე. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში ფასები არ იკლებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ აქ ნავთობპროდუქტების ღირებულება გაიზარდა.

- უახლოეს თვეებში საქართველოში ფასებზე რა ტენდენცია იქნება?

- ფასებმა საქართველოში უკვე მიაღწია მაქსიმუმს, რომლის იქითაც რეალური ეკონომიკური საფუძველი აღარ არსებობს და თუ არ გვექნება რაიმე ფორსმაჟორული გარემოება, ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარში ფასების თანდათანობითი დასტაბილურება დაიწყება - ანუ ფასები შარშანდელთან შედარებით მაღალი იქნება, მაგრამ მატების მაჩვენებელი იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე წლის პირველ ნახევარში.

- კონკრეტულად ნავთობპროდუქტების ფასებზე რას უნდა ველოდოთ?

- ვფიქრობ, ნავთობისა და ბენზინის ფასიც იმოძრავებს და უფრო შემცირებას უნდა ველოდოთ, ვიდრე სტაბილურობას ან კიდევ ზრდას. თუ მსოფლიოში რამე აპოკალიფსური მდგომარეობა არ შეიქმნა.

- ანუ, თუ დღევანდელი ტენდენცია შენარჩუნდა, საქართველოში ბენზინის ფასმა დაახლოებით ერთ თვეში უნდა დაიწყოს შემცირება?

- რა თქმა უნდა, გაცილებით მალეც შეიძლებოდა ამის გაკეთება და სხვათა შორის, 2005 წელს, ქარიშხალ "კატრინას" დროს "ბრიტიშ პეტროლიუმმა" მექსიკის ყურეში გააჩერა ნავთობის მოპოვება და ამან მსოფლიო ბაზარზე და ჩვენთანაც მკვეთრად გაზარდა ნავთობის ფასი. მაგრამ ეს მოქმედებდა, ზუსტADად მახსოვს, 22 აგვისტოდან სექტემბრის მეორე დეკადამდე და შემდეგ დასტაბილურდა. ანუ, იმ პროგნოზებისა და მოლოდინის შემთხვევაში, რომ რეციდივი არ განმეორდება, გაცილებით სწრაფად შეიძლება ფასის დაკლება. საშუალოვადიანი პერიოდი გულისხმობს დაახლოებით 5-6-კვირიან პერიოდს.

- როდესაც ქვეყანაში ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასია, რაც გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზეც, რის გაკეთება შეიძლება, რომ მოსახლეობის ძირითად კატეგორიაზე ასე მწვავედ არ აისახოს?

- ხშირად ისმის ეკონომისტების მოწოდება, რომ შევამციროთ აქციზი და ამით გავაიაფოთ ნავთობპროდუქტები. კი ბატონო, შევამციროთ აქციზის გადასახადი ან საერთოდ უარი ვთქვათ და შევუმციროთ ხარჯები სახელმწიფოსაც, მაგრამ ამ გზით ვერ წავალთ, რადგან საზოგადოებას სჭირდება მართვა და ეფექტიანი მენეჯმენტი, რათა არსებული რესურსებით, მათ შორის, ფინანსურით მაქსიმალური ეფექტი იქნეს მიღწეული. როდესაც აქციზით ვახდენთ კონკრეტული თანხების მობილიზებას, ეს სახსრები გამოიყენება ისევ სოციალური დანიშნულებით და გარკვეული ვალდებულებების გასტუმრებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო შიგაწვის ძრავებზე უარის თქმა, თუმცა საბოლოო უარი მაინც ძალიან შორეული პერსპექტივაა და ისე არ მოგვივიდეს, ვიდრე პავლე მოვიდა, პეტრეს ტყავი გააძვრესო, რადგან კიდევ კარგა ხანს დაგვჭირდება ნავთობრესურსების იმპორტი და შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ამისთვის საჭირო რესურსების მოძიება - ანუ მთავარია აქცენტი არა მისი მოხმარების შემცირებაზე ან აქციზის განაკვეთის დაწევაზე, რაც პერსპექტივაში გამორიცხული არ არის, არამედ იმაზე, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს საკმარისი რესურსი, ადამიანებს ჰქონდეთ იმდენი შემოსავალი, რომ გაძვირებული ნავთობპროდუქტების შეძენა შეძლონ. ამის საშუალება კი არის ეკონომიკის განვითარება, რეალური სექტორის ამოქმედება, რომ გაზრდილ ფასებს დავუპირისპიროთ მეტი პროდუქცია, პროდუქციის ექსპორტი, რომლიდანაც მიღებული შემოსავლებით შევძლებთ სხვადასხვა ვალდებულების გასტუმრებას. ვფიქრობ, ჩვენი ძირითადი სტრატეგია ეს უნდა იყოს.

რუსა მაჩაიძე