"პოლარიზაციის პრიორიტეტად წარმოდგენა ძალიან ხელოვნური და ყალბია“ - კვირის პალიტრა

"პოლარიზაციის პრიორიტეტად წარმოდგენა ძალიან ხელოვნური და ყალბია“

"დღეს საუბარი იმაზე, რომ პოლარიზაცია ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, რაც ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას აძლევს... დეპოლარიზაცია არის ერთადერთი პუნქტი, რომლის წყალობითაც ხელისუფლებას აქვს იმის კომფორტი, რომ ოპოზიციისკენ გაიშვიროს ხელი“

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას და ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, "19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით". ეს არის პირველი­ პირობა იმ 12 პუნქტიდან და როგორც მითითებულია, მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. 1-ლ ივლისს, ბოლო აქციამდე ორი დღით ადრე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი­ როლი ოპოზიციას ეკისრება. "მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება­ და საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 3 ივლისის აქციის შემდეგ კი, როდესაც ხელისუფლებამ თავი გამარჯვებულად ჩათვალა, უკვე ოპოზიციას წაუყენა­ პირობა, რომ ჯერ მათ უნდა აჩვენონ დეპოლარიზაციის მაგალითი, რასაც პარლამენტში შექმნილი დეპოლარიზაციის კომისია შეაფასებს და გადაწყვეტს, რამდენად ადეკვატურად იქცევა ოპოზიცია და შემდეგ ყველა მხარე. იმის გამო, რომ არ დასახელებულა კონკრეტული საკითხი, თუ რა ქმედება, რისი თქმა ან ართქმა ითვლება პოლარიზაციად, ეს საკითხი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. არადა, დიდწილად ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობის მიღების საკითხი და შემდგომი პროცესები. დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულების პრობლემებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- მე მგონია, რომ ამ 12-პუნქტიან პირობებში ეს თემა ძალიან უცნაურად მოხვდა, რადგან პოლარიზაცია კრიზისის მიზეზი კი არ არის, შედეგია. რას ვუწოდებთ დეპოლარიზაციას და როდის ჩავთვლით, რომ მოიხსნა ეს პრობლემა? მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ სად გადის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც პოლარიზებულია პოლიტიკური პროცესი, რადგან დებატები, სიმწვავე თავისთავად ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია და მაშინ სად არის ის კრიტიკული წერტილი, რომლის იქითაც ჩვენ პოლარიზაციაზე ვიწყებთ საუბარს? ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ პოლარიზაცია არის ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების შედეგი და არა მისი მიზეზი, აქცენტი ამაზე არ უნდა იყოს.

- მაშ, რაზე უნდა იყოს?

- დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაზე და, თუ ისინი შესრულდება, მაშინ დეპოლარიზაციის საკითხი თავისთავად მოიხსნება. ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი ასე - რა იწვევს პოლარიზაციას? იწვევს ზუსტად ის პრობლემები, რაც არის ქვეყანაში: სასამართლო სისტემა, პროკურატურა, არაჯანსაღი საარჩევნო გარემო და ასე შემდეგ... თუ ეს პრობლემები მოგვარდება, პოლარიზაციის საკითხი თავისით მოიხსნება. ასე რომ, პოლარიზაციის პრიორიტეტად წარმოდგენა თავისთავად ძალიან ხელოვნური და ყალბია. გაუგებარია, რაზე ვლაპარაკობთ - პოლიტიკოსებმა ერთმანეთს მაინცდამაინც ბატონობით უნდა მიმართონ თუ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე ეძახონ? ამიტომ ვამბობ, რომ ეს საკითხი ძალიან ხელოვნურია, რასაც ხელისუფლება­ სათავისოდ იყენებს. ხელისუფლებამ ეს საკითხი პრიორიტეტად დასახა და იმას, რომ დანარჩენ 11 პუნქტს არ შეასრულებს, ოპოზიციას დააბრალებს, აი, დეპოლარიზაციის პირობა ოპოზიციამ არ შეასრულა და ამ ვალდებულების ჩავარდნაში ის არის დამნაშავეო. ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომლის წყალობითაც ხელისუფლებას აქვს იმის კომფორტი, რომ ოპოზიციისკენ გაიშვიროს ხელი. შესაბამისად, რაკი დანარჩენი 11-ის შესრულება არ უნდა, ეს პუნქტი ხელისუფლებას ასეთი მანიპულაციების საშუალებას აძლევს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ამ მოთხოვნებში ძალიან გაუაზრებლად აღმოჩნდა. პოლარიზაცია ხდება იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელთაც ხელისუფლება არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი ცდილობს აიძულოს ხელისუფლება, რომ ეს საკითხები გადაწყვიტოს, საპასუხოდ კი ხელისუფლება კედელს აშენებს და მერე ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ მძაფრდება პოლარიზაცია. თუ პოლარიზაციის მიზეზები მოიხსნება, ოპოზიციას საფუძველი ხომ აღარ დარჩება? შესაბამისად, დღეს საუბარი იმაზე, რომ პოლარიზაცია ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, რაც ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას აძლევს. ვერავინ მეტყვის, რა არის პოლარიზაცია, ვინმემ დაადგინა, სად არის მკვეთრი დემოკრატიული დებატების და ამ პოლარიზაციის ზღვარი?

- ბოლო დროს ყველაზე მკვეთრად რეაგირებენ ერთი მხრიდან "ომი გინდათ" და "ომის პარტიის" და მეორე მხრიდან, პუტინის მონების, პრორუსების, რუსეთის ინტერესების გამტარებლების ძახილზე. თუკი ეს ნარატივი­ მოიხსნება, არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ შორის დიალოგის საშუალება გაჩნდება?

- მე დიალოგის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. ამ 12 პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებელი ვინ არის? ხელისუფლება! ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, ეს ვალდებულებები შეასრულოს. შესაბამისად, შეუძლიათ ოპოზიციას საერთოდ­ გაანებონ თავი და წარმოადგინონ თავიანთი ხედვა. ხომ ამბობენ, მზად ვართ შესასრულებლადო. ჰოდა, წარმოადგინონ პაკეტი­, რას როგორ გააკეთებენ. ამ პუნქტების შესრულების წინა პირობად რატომ აყენებენ ოპოზიციის საკითხს? მათი პასუხისმგებლობაა, რომ შეასრულონ, ყველა ინსტრუმენტი­ აქვთ ამისთვის. მერწმუნეთ, თუ შეასრულებენ, ოპოზიციას პოლარიზაციისთვის საფუძველი აღარ დარჩება.

- ამ გზით რომ წავიდნენ, არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციის გარეშე რაიმე კარგის გაკეთებას­ თავად ოპოზიცია არ შეეგუება­ და არ ეცდება რაიმე ფორმით საკუთარი მნიშვნელობა გამოკვეთოს?..

- ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოვაცხადოთ, მაგალითად, ერთი თვე პოლიტიკური დუმილის თვედ, ცოტა დავისვენოთ და მივცეთ ეს ერთი თვე ხელისუფლებას, რომ ამ პუნქტების შესრულების მოდელი, ხედვა, წინადადებები წარმოადგინოს, მერე ეს ბაზისად ავიღოთ და ვნახოთ, ხელისუფლება მართლა რამის შეცვლას აპირებს თუ არა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი გახდება. დღეს კი, როდესაც დებატები გრძელდება, ამით ხელისუფლებას ჩვენ ვუქმნით იმის კომფორტს, რომ თქვას, ვერ ვაკეთებ იმიტომ, რომ ხელს მიშლიანო­. არ შევუშალოთ ხელი, მივცეთ ერთი თვე სამუშაოდ და გადაბრალების საშუალება მოვუსპოთ. ეს იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი. მალე 37 გრადუსი იქნება სიცხე და წავიდნენ სოფლებში, დაისვენონ, ვაცადოთ, ხომ შეიძლება, მართლა კარგი რაღაც გამოუვიდეთ?

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ ოპოზიციამ თქვენი რჩევა გაითვალისწინოს?

- ჩვენი პოლიტელიტისგან დიდი მოლოდინი არასოდეს მქონია და მით უმეტეს,­ ახლა, მაგრამ ჩემი ფუნქციაა, ვთქვა, რაც მიმაჩნია სწორად.

- თუკი ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების ასეთი რჩევა იქნება, რომ აცადონ, იმოქმედებს ოპოზიციაზე?

- როგორც წესი, ოპოზიცია დასავ­ლეთს უჯერებს, გარკვეულწილად ხელისუფლებაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად უარყოფითად იქცეოდა, მაგრამ ბოლო დღეებში რაღაც დაფრთხნენ და იქნებ ცოტა ჭკუა იხმარონ. ასე რომ, თუ დასავლეთიც მედიატორად თუ კონსულტანტად მიიღებს ამაში მონაწილეობას, ვფიქრობ, საქმეს ძალიან წაადგება.

რუსა მაჩაიძე