"მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის გაჭიანურებას "ოცნება“ კი არა, ოპოზიცია ცდილობს“ - კვირის პალიტრა

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის გაჭიანურებას "ოცნება“ კი არა, ოპოზიცია ცდილობს“

შაქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ისევ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება და მტყუან-მართლის გარჩევის მცდელობაა. დავის საგანი ამჯერად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციები გახდა. ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა, რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების შექმნა, მხოლოდ დროის გაყვანის ცდაა. შესაბამისად, ოპოზიციის ერთი ნაწილი უარს ამბობს პროცესში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად პარლამენტიც საკმარისია და პარალელური სტრუქტურებისა და ინსტიტუციების შექმნა საჭირო არ არის. მმართველი გუნდის ლიდერების აზრით, ოპოზიციონერები სამუშაო პროცესში იმიტომ არ ერთვებიან, რომ არ სურთ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ქულები ხელისუფლებამ დაიწეროს და პროცესის ჩაშლას მაქსიმალურად ცდილობენ. სად უნდა ეძებოს საზოგადოებამ სიმართლე,­ რომელი პოლიტიკური გუნდი ცდილობს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევა ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს, როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესი, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს 6 თვეში ისევ მიუბრუნდეს და რა მიმართულებით მიჰყავს პროცესი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ამის შესახებ ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ­ საყვარელიძე­ გვესაუბრება:

- ჩემი აზრით, ოპოზიცია ჭირვეულობს. მოგეხსენებათ, თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმება. თუ ოპოზიციას ნამდვილად უნდა საქართველომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შეასრულოს, ხელისუფლების შეთავაზებაში გადაულახავი სირთულეების ძებნას არ დაიწყებს. კომისიებში იმუშავებენ, კომისიების გარეშე თუ პარლამენტში რა მნიშვნელობა აქვს?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის გაჭიანურებას­ "ოცნება" კი არა, ოპოზიცია ცდილობს. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ოპოზიციას სურს პროცესი უშედეგო გახდეს და მერე თავი იმართლოს, მე არ მიმიღია ამაში მონაწილეობა და პასუხს არ ვაგებო.

- ოპოზიცია, მაგალითად, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს: "მათ სიტყვას ჩალის ფასი აქვს, ხელს მოაწერენ შეთანხმებაზე და მერე გადიან ხოლმე ურცხვად... გადაგდება მათგან არ უნდა გაგვიკვირდეს, მათ სიტყვა არ შეუნახავთ, პირობებს ყოველთვის არღვევენ, ეს მათი ხელწერაა, მათი ცხოვრების სტილი".

- გასაგებია, რომ ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ენდობიან, თუმცა,­ როდესაც საქმე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს­ ეხება, ნაბიჯი უნდა გადადგა. რა მოხდება, მოჭიდავე არენაზე გასვლის წინ თუ გამოაცხადებს, ჩემი მოწინააღმდეგე ისეთი ვერაგია, ვიცი, მიკბენს და მაგასთან არ ვიჭიდავებო? მსაჯი მაშინვე დამარცხებულად გამოაცხადებს. სამწუხაროდ, პოლიტიკური არენის მსაჯები ობიექტურები არ არიან. ოპოზიციასაც ამიტომ გასდის კაპრიზები.

- ოპოზიციას ვისთან გასდის კაპრიზები ან პოლიტიკური არენის მსაჯების არაობიექტურობაში რას გულისხმობთ?

- დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის ქმედებას ისე მკაცრად ვერ აფასებენ, როგორც სპორტში ხდება ხოლმე. როდესაც ორი მოწინააღმდეგე გუნდიდან ერთი თამაშზე უარს ამბობს, მსაჯი მეორეს აცხადებს გამარჯვებულად. ოპოზიცია უკვე რამდენი ხანია უარს ამბობს თამაშზე, ხან პარლამენტში არ შედის და ბოიკოტს აცხადებს, ხან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ამბობს უარს. დასავლელი პარტნიორები "ძალაზე არიან", უნდა თუ არა ოპოზიციას, თქვენ მაინც ითანამშრომლეთ მათთან და დეპოლარიზაციას მიაღწიეთო.

- ფიქრობთ, ხომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დეპოლარიზაციისთვის?

- არა და ვერა! დეპოლარიზაცია ისეთი­ დავალებაა, რომლის შესრულება წარმოუდგენელია. რომელ ქვეყანაში არ არის პარტიები დეპოლარიზებული? შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში ამერიკის კაპიტოლიუმში შეიარაღებული ხალხი შევარდა. როგორც მალევე გაირკვა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. 2019 წელს რამდენჯერ დაარბიეს მემარცხენე "ყვითელჟილეტიანებმა" პარიზის ქუჩები?! მიმაჩნია, რომ დეპოლარიზაციის მსგავსად დეოლიგარქიზაციაც სრულიად გაუგებარი მოთხოვნაა. ტრამპი არ იყო ოლიგარქი?

- ტრამპი იყო მდიდარი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი­ გახდა, ოლიგარქი კი არის მდიდარი ადამიანი, რომელსაც არა აქვს თანამდებობა, მაგრამ კულუარებიდან მართავს.

- საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე მის 24 წლით უფ­როს ცოლს, ბრიჟიტ ტრონიეს, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და კულუარებიდანაც კარგად მართავდა პროცესებს. ასევე დიდი გავლენა ჰქონდა ნენსი რეიგანს რონალდ რეიგანზე და დიპლომატიურ თუ სხვა გადაწყვეტილებათა მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ამერიკელებმა ამის გამო რონალდ რეიგანი ისტორიიდან­ ამოიღეს? უკრაინელებსა და მოლდოველებსაც მიუთითეს ოლიგარქიაზე. იქ საშინელება ხდება - ჩვენ ერთი ოლიგარქი გვყავს, უკრაინაში კი ყველა უბანს თავისი ოლიგარქი ჰყავს. მათ ხომ მისცეს სტატუსი?

- ევროპარლამენტართა განმარტებით, უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი იმიტომ მიიღეს, რომ რეფორმებისკენ სწრაფვა და აღმავალი დინამიკა აჩვენეს, საქართველოში კი დინამიკა შეჩერებულია და დაწყებულია უკუსვლა.

- მე და თქვენ დაახლოებით ერთნაირი ინფორმაცია გვაქვს. ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენჯერმე აგორდა ტალღა. ამის გამო ეს კაცი წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ მერე ოპოზიციამ იმის გამო დაუწყო გაკრიტიკება, რატომ წავიდა, პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს მიმდინარე პროცესებზეო. ხან იმის გამო ჩივიან, კულუარებიდან მართავს პროცესებსო. ამათ ისე მოსდით, ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო. რეიგანი ცოლის გავლენისგან როგორ უნდა დაეხსნათ? რომც გაეშორებინათ, სხვა ქალაქიდან დაურეკავდა და იქიდან ჩაერეოდა მის პოლიტიკურ საქმიანობაში. ასეა ივანიშვილიც. ვთქვათ, ის ოლიგარქია და კულუარებიდან მართავს პროცესებს. როგორ მოახერხებენ მისი გავლენის შეზღუდვას? კომუნისტებივით მოიქცევიან და დახვრეტენ?

- სხვა გამოსავალიც არის, კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც ოლიგარქთან დაახლოებული პირების თანამდებობებზე დანიშვნა აიკრძალება.

- საქართველოში ყველას აქვს ერთმანეთთან კავშირი. წარმოუდგენელია ისეთი პოლიტიკოსის მოძებნა, რომელსაც ფინანსურ წრეებთან არ ექნება შეხება. არარეალისტურია დეოლიგარქიზაციაც და დეპოლარიზაციაც.

- მაშინ რატომ დააყენა ევროკავშირმა არარეალისტური მოთხოვნები?

- აი, ეს არის საკვანძო საკითხი. ვფიქრობ, ამ შეკითხვის პასუხი უნდა ვეძებოთ­ "ოცნებიდან" გასული სამი დეპუტატის განცხადებებში. განსაკუთრებით ყურადსაღებია მიხეილ ყაველაშვილის განცხადება, რომლითაც საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და ამბობს, რომ ნარატივი, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფ-ეს-ბეს სახელმძღვანელოებში, არამედ ამერიკისგან დაფინანსებული თუ ამერიკასთან აფილირებული პირების განცხადებებში უნდა ვეძებოთ.

- ყაველაშვილის ეს განცხადება დეგნანმა უკვე შეაფასა და აღნიშნა, რომ წერილი "სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით" და ბოლომდე ვერც წაიკითხა.

- დეგნანიც ადამიანია და გაბრაზდა. ძალიან ემოციური იყო მისი პასუხი, ამასთან, შეურაცხმყოფელიც. ეს კობახიძემაც აღნიშნა. ასეთი სიმძაფრის დაპირისპირება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ისტორიაში არ მახსენდება. ვფიქრობ, ახალი ტიპის მოვლენასთან გვაქვს საქმე.

- ოპოზიცია შანტაჟად მიიჩნევს კობახიძის განცხადებას, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, მინიჭებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

- ჯერ სკამები და მერე ფულიო, არა? კობახიძის ეს განცხადებაც იმ საყურადღებო პროცესის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომლის შესახებაც უკვე აღვნიშნე. "ოცნება" პარტნიორებთან კამათს იწყებს. "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ შეგვაჩვია მოცემულობას - აკეთებ იმას, რასაც პარტნიორები გეტყვიან, "ოცნებამ" კი ურთიერთობაში ახალი კომპონენტი - კამათი შემოიტანა. სხვათა შორის, ანალოგიური გზა აირჩია თავის დროზე შევარდნაძემაც. როდესაც საქართველოში ბეიკერი ჩამოვიდა და შევარდნაძეს უთხრა, გადამდგარიყო და გზა ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის - ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძისთვის დაეთმო, შევარდნაძე გაბრაზდა. ამერიკისგან მხარდაჭერას ელოდა, მით უფრო, რომ ბეიკერი მისი მეგობარი იყო. გაბრაზებულმა ამერიკელი პარტნიორების ზარებს აღარ უპასუხა, შედეგად კი "ვარდების რევოლუცია" მიიღო. ამ საქმეში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ამერიკის მაშინდელი ელჩი საქართველოში. ამ ტიპის პროცესში საელჩოს ამოტივტივება ისევე არ არის ახალი ამბავი, როგორც გართულებული პოლიტიკური პროცესის რევოლუციისკენ წაყვანა. არ ვიცი, "ოცნებას" გათვლილი აქვს თუ არა, რა შეიძლება მოჰყვეს მის გზას. შეიძლება გათვლილიც აქვს და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია იმდენად სუსტია, ამერიკამ როგორც უნდა მოინდომოს, რევოლუციას ვერ მოახდენს.

- ასეთი იმედი ხელისუფლებას იმის გამოც­ ხომ არ გაუჩნდა, ოპოზიციამ ქუჩაში­ გამოსული ხალხის მუხტი ვერ მართა?

- რა თქმა უნდა. 3 ივლისი ოპოზიციისთვის ტესტი იყო. არის ერთი ფაქტორიც - ოპოზიციას მოაკლდა ინტელექტუალური ბაზა. ხავერდოვანი რევოლუციების თეორია შექმნა ამერიკელმა მეცნიერმა შარტმა. მისი თეორიის მიხედვით ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის "მაიდანი", "არაბული გაზაფხული", იუგოსლავიის ამბები, მათ შორის ჩვენი "ვარდების რევოლუციაც". ასეთ რევოლუციებს ფინანსური და ინტელექტუალური დახმარება, ასევე საერთაშორისო ფონი სჭირდება. იმ პერიოდში ხავერდოვანი რევოლუცია ძალიან მოდური გახდა. ალბათ, გახსოვთ, საქართველოში ბუშიც კი ჩამოვიდა, რომელმაც განაცხადა, ამ ხავერდოვანი რევოლუციებით ავღანეთამდე ჩავალთ და იქ ბინ ლადენს დავიჭერთო. შემდეგ ამერიკელებმა ნახეს, რომ მათი დაფინანსებული რევოლუციებით­ შეცვლილი ხელისუფლებების სათავეებში რუსეთი თავის ხალხს სვამდა და გაჩერდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ გასულ წლებში რევოლუციებს მხარდაჭერა ჰქონდა - ფულით, ინტელექტუალური რესურსით და გაწიკწიკებული სცენარებით. რაც მთავარია, ამ სცენარებში ფუნქციებიც კი გადანაწილებული იყო - ამერიკაც მუშაობდა და რუსეთიც. გახსოვთ, ალბათ, "ვარდების რევოლუციის" დროს საქართველოში ივანოვიც ჩამოვიდა. აი, ასეთი ორკესტრირების გარეშე ხელისუფლების შეცვლა ძალიან რთულია.

ხათუნა ბახტურიძე