"თუ ხელისუფლების რღვევა არ მოჰყვა ხალხმრავალ პროტესტს, პროტესტი ამაო იქნება და უფრო უარესი სიტუაცია დადგება“ - კვირის პალიტრა

"თუ ხელისუფლების რღვევა არ მოჰყვა ხალხმრავალ პროტესტს, პროტესტი ამაო იქნება და უფრო უარესი სიტუაცია დადგება“

„თუ უპერსპექტივოა ხელისუფლების შიგნიდან ჩამოშლა, მაშინ მიწოლას ხალხმრავალი პროტესტით შესაძლოა პირიქით, უარყოფითი შედეგი მოჰყვეს“

საქართველოში აქციები მუდმივად ერთი სცენარით იმართება - შეიკრიბებიან, მოითხოვენ ხელისუფლების გადადგომას, მისცემენ ვადას, დაიწყებენ ძახილს, რომ გამარჯვებამდე 3 საათი დარჩა, შემდეგ - 15 წუთი, კიდევ შემდეგ - 1 წუთი და 17 წამი, ბოლოს ათიდან უკუდათვლაც არ ავიწყდებათ. ხელისუფლება არ ტოვებს­ პოსტს, არჩევნები არ ინიშნება, აქციის ორგანიზატორები მაინც აცხადებენ, რომ გაიმარჯვეს და მერე იწყებენ შეკრებილი მოსახლეობის დაშლას, ძირითადად ვითომ სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაცვლებით. ასე ჩატარდა ბოლო აქციებიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველი აქცია სულ სხვა მიზნით - ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის პოზიციის დაფიქსირებისთვის გაიმართა და ძალიან ბევრი ხალხი მივიდა. როგორია ქართული აქციების ანატომია და სად უშვებენ მთავარ შეცდომებს, ამ საკითხებზე ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ.

- საქართველოს სპეციფიკაზე საუბარი­ რთულია, გარდა იმ ასპექტისა, რომ არასწორად ხდება ფაქტების ინტერპრეტირება. ადამიანები უფრო მეტად ხედავენ ხოლმე იმას, რაც სურთ დაინახონ, ვიდრე იმას, რაც რეალურად არის. ნებისმიერ საპროტესტო გამოსვლასა და ხალხმრავალ აქციას კონკრეტული მიზანი აქვს. თუ მიზანი არის ის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს ერთი გამოსვლით, ბუნებრივია, ყოველთვის­ იმედგაცრუებული დარჩები. როდესაც ადამიანები აქციაზე მიდიან, მათ თავისი მოტი­ვაცია აქვთ. როდესაც ძალიან ბევრი ხალხი­ იკრიბება, ორი ვარიანტია - ან ეს ხალხი­ ხელისუფლებაზეა გაბრაზებული, ან მოდის რაღაც ზოგადი პოზიციის დასაფიქსირებლად, რომ რაღაც ღირებულებით­ არჩევანს აკეთებს. პირველ შემთხვევაში მასა ყოველთვის უფრო ერთგვაროვანია, ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართ­ული და როგორც წესი, უფრო მზად არის ხანგრძლივი­ პროტესტისთვის. თუმცა ესეც რთულია, ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა თუ მოვიდა, მათი მართვა რთულია, რადგან ყველას სწრაფი შედეგი სურს.

მეორე ვარიანტია, როდესაც მოდიან არა ხელისუფლებისთვის პროტესტის გამოსახატავად, არამედ უფრო რაღაცის მხა­რდასაჭერად. მაგალითად, რაც იყო 20 ივნისს, რომელიც უფრო ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იყო, ვიდრე პროტესტი­ ხელისუფლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, შეიცავდა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტსაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ეს იყო ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია. ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი სხვადასხვა­ ზომის იყო. ვიღაცას შესაძლოა ისიც კი უნდოდა, რომ ივანიშვილს კობახიძის ნაცვლად ვინმე სხვა დაენიშნა და ასე შემდეგ... ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია თითქმის ყველას სურს. ამიტომაც, როცა ასეთი სახის პროტესტია, არც უნდა დაამყარო იმედი, რომ დაუმორჩილებლობის მსგავს კამპანიას წამოიწყებ. ეს წინასწარ განწირულია მარცხისთვის.

- ხელისუფლების შეცვლის პროტესტისთვის რა არის მთავარი და როდის აქვს შედეგი?

- რაც შეეხება პირველ ვარიანტს, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გულისხმობს და ასეთი ვარიანტებიც ყოფილა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალისტურად შეაფასო ვითარება. ძალიან სერიოზული პროტესტიც შეიძლება ჩაიშალოს, თუ საპროტესტო ტალღით ცდილობ ხელისუფლების შეცვლას და არ ხდება ხელისუფლების შიგნით რღვევა. თუ ხელისუფლების რღვევა არ მოჰყვა ხალხმრავალ პროტესტს, ყველანაირი პროტესტი ამაო იქნება, ჩაიხშობა და უფრო უარესი სიტუაცია დადგება. ამის ცხადი მაგალითია ბელარუსის პროტესტი, სადაც ხანგრძლივი და ძალიან ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართებოდა არა მარტო მინსკში, არამედ ბევრ ქალაქში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქარხნებიც იყო გაფიცული. ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა იყო ჩართული პროტესტში, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან ხელისუფლება შიგნიდან არ დაინგრა. კონსოლიდირებული იყო, ძალოვანი სტრუქტურები ხელისუფლების ერთგული აღმოჩნდა და ჩაიხშო პროტესტი.

ზოგიერთი იმაზეც ბრაზდებოდა, რომ ხალხი გართულებასა და ომზე არ წავიდა, მაგრამ ამასაც არა აქვს აზრი - შეუძლებელია შეიარაღებულ ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიო. მაშინ სამოქალაქო ომი უნდა დაიწყო, რაც თავისთავად საშინელებაა. ყოველთვის ეს პრობლემა გვაქვს. ერთი პრობლემაა, როდესაც კარგად უნდა დაინახო, რისთვის არის ხალხი მოსული, რა უნდა, და მეორე ის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო განწყობა შეაფასო, რისი მიღწევა შეგიძლია.თუ უპერსპექტივოა ხელისუფლების შიგნიდან ჩამოშლა, მაშინ მიწოლას ხალხმრავალი პროტესტით შესაძლოა, პირიქით, უარყოფითი შედეგი მოჰყვეს. ამიტომაც, ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში ჯობს, "ყვავს კაკალი გააგდებინოს" პრინციპით იმოქმედო და ნელ-ნელა რაღაცები დაათმობინო, ეტაპობრივად შეეცადო რაღაცების მიღწევას.

ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაკლი ის არის, რომ ეტაპობრიობა­ და თანმიმდევრულობა არ ახასი­ა­თებს, ყველაფერი ახლავე უნდათ. იწყებენ ყველაზე­ მთავრიდან, რითაც, წესით, უნდა დაამთავრონ.ევროკავშირის რეკომენდაციებში პირველი დეოლიგარქიზაცია ჩაგვიწერეს, ანუ ბიძინა უნდა წავიდეს და მერე დანარჩენი გაკეთდეს. ბიძინა თუ წავიდა, რაღა პრობლემაა, დამთავრდა მაშინ და მოგვარდა ყველა პრობლემა. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს შედეგი და არა საწყისი წერტილი, რადგან თავისი ნებით ძალაუფლებიდან ვინ მიდის?

- რატომ ხდება ასე? გაუაზრებლობის შედეგია თუ იმის, რა შეფასებებიც გაჩნდა, რომ მიზანმიმართულად დაშალეს პროტესტი?

- ჩვენთან არ არსებობს პოლიტიკური­ მეხსიერება. ეროვნულმა მოძრაობამ რაღაცები გააკეთა, შეცდომებიც დაუშვა და, ასე თუ ისე, რაღაცას მიაღწია. როგორც წესი, როდესაც პოლიტიკოსების შემდგომი თაობა მოდის, ეს გამოცდილება გადაეცემა და მეტ-ნაკლებად ითვალისწინებენ, წარმატება რამ მოიტანა და შეცდომები რაში დაუშვეს. ცხადია, ისინიც უშვებენ რაღაც შეცდომებს,­ რაღაცაში წარმატებას აღწევენ და მერე ამას მათი შემდეგი თაობა მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს.­ ეს გამოცდილება გროვდება და, ბოლოს და ბოლოს, დგება ის ეტაპი, როდესაც შეცდომებს აღარ უშვებს არავინ. საქართველოში კი ასეთ გამოცდილებას არ ითვალისწინებენ. ქართულ პოლიტიკაში რა შეცდომებიც იყო, იმავეს უშვებენ დღესაც. ყოველი ახალი­ თაობა ნულიდან იწყებს. ყველას ჰგონია, ის არ მოუვა, რაც სხვას მოუვიდა და, რა თქმა უნდა, მასაც ზუსტად იგივე მოსდის, რადგან იმავეს აკეთებს.

- ამ ბოლო სამ აქციაზე რა გაკეთდა არასწორად და რა უნდა გაკეთებულიყო?

- ვისაც აქვს 2007-2009 წლების დიდი საპროტესტო ტალღების გამოცდილება, ჩემი აზრით, ასეთ შეცდომებს არ დაუშვებდა, თუ შეგნებულად არ მიჰყვება ვიღაცას. უფრო სწორ ინტერპრეტაციას ათიდან ცხრა კაცი გააკეთებს, რადგან გაცილებით სწორად და ადეკვატურად აღიქვამენ რეალობას, იმიტომ, რომ რამე ახალი კი არ ხდება, მეტ-ნაკლებად გავლილია ეს ყველაფერი. ცხადია, განმასხვავებელი რაღაცებიც არის, მაგრამ მასობრივი პროტესტი და დიდი ოპოზიცია მეტ-ნაკლებად ყოველთვის ერთი და იგივეა. ამიტომ, როდესაც არარეალურ მოლოდინს შექმნი და არარეალურ ამოცანებს დააყენებ, არაფერი გამოგივა. 2009 წელს უზარმაზარი საპროტესტო ტალღა თვეები გრძელდებოდა და სრული კრახით დამთავრდა, იმიტომ, რომ ხელისუფლება მაშინ მასობრივ დარბევაზე არ წავიდა, მოითმინა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი პროვოკაციაც იყო, მაგრამ ასე თუ ისე, გაძლო, რადგან იქ ხალხი დასარბევად არ შეუშვა. დასრულდა კრახით იმიტომ, რომ მოთხოვნა იყო არარეალური - გადადგეს სააკაშვილიო და რომ არ გადამდგარიყო, რას ვშვრებოდით, არავინ იცოდა. არ გადადგა და დამთავრდა პროტესტი კრახით.­ ახლაც იგივეა, ეუბნებიან ბიძინას, წადიო და არ მიდის, ღარიბაშვილს ეუბნებიან, გადადექიო და არ მიდის და მერე რას აკეთებ? რატომღაც ეს კითხვა არ ისმის, არადა, ეს არის მთავარი. როდესაც ამ ბრძოლაში მიდიხარ, უნდა გაითვალისწინო, რომ არ არის ერთდღიანი, რომ არსებობს ეტაპები და თანმიმდევრულობის მომენტები. თან ამოცანებიც უნდა განისაზღვროს, ხომ?

- ანუ შეცდომა იყო, რომ ამ აქციების სათავეში არ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ?

- არა, პოლიტიკოსების სათავეში დგ­ომა არაფერს შეცვლიდა. რაც მთავარია, არავის აქვს ავტორიტეტი. პოლიტიკოსებს­ შორის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ვისაც აქვს და ყველაზე დიდი რეიტინგი, იმას ყველაზე დიდი ანტირეიტინგიც აქვს. სააკაშვილს ვგულისხმობ, რომელსაც ყველაზე მეტი მომხრეც ჰყავს და ყველაზე მეტი მოწინააღმდეგეც. ამდენად, მაკონსოლიდირებელი ფიგურა ვერ იქნება. კონსოლიდაცია იყო იდეის გარშემო და სწორედ იმიტომ, რომ ეს გაკეთდა "სირცხვილიას" აპოლიტიკური ეგიდით, ძალიან სწორი იყო, მაგრამ აქციაზე მისული ამდენი ხალხი რომ დაინახეს, ამაზე იმედის აგება, დაუმორჩილებლობა დაიწყებოდა და ხელისუფლება შეიცვლებოდა, არასწორი იყო. მოთხოვნები იყო პრინციპულად არასწორი. ცხადია, უნდა მოეთხოვათ პუნქტების შესრულება, რაზეც ახლა დაიწყეს ლაპარაკი. ის არის სწორი, რაც უზრუნველყოფს განსხვავებული ჯგუფების ერთი მიზნისკენ კოორდინირებას ისე, რომ მათ ჯგუფური პოლიტიკური იდენტობა არ დაკარგონ. ყველას ჰქონდეს თავისი პოლიტიკური პრეფერენცია და მოხდეს გაერთიანება ამ პუნქტების შესრულებაზე. ეს კი არ მისცემს არავის საშუალებას, უთხრან ერთმანეთს, ამას მიეყიდე და იმას მიეყიდეო. სამწუხაროა, რომ ეს მაშინვე არ მოხდა და გასაგებიც იყო, ის აქცია როგორ დასრულდებოდა.

- ამ აქციებმა გააჩინა ნიჰილიზმი, რომ არ შესრულდება ევროკავშირის რეკომენდაციები? ან მოხდეს მსგავსი მასშტაბის ისეთი რამ, რომ ეს ხალხი ისევ მივიდეს აქციებზე?

- შესაძლოა იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ადრინდელი აქციები არ უნახავთ, ძლიერ იმედგამაცრუებელი იყოს, მაგრამ ჩემთვის ახალი არაფერი მომხდარა. კიდევ ერთხელ მეორდება ის, რაც ადრეც მომხდარა და განმეორებულა. ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებ, ეს გარდაუვალი იყო. ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავეწყოთ და სანამ ეს ვადა გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება ყველაფერი გაკეთდეს, რომ სტატუსი მივიღოთ. თუ ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთეს, ამისთვის იბრძოლეს და ხელისუფლება მაინც შეგნებულ საბოტაჟზე წავიდა, მერე შეიძლება სხვა ფორმებზეც ვიფიქროთ. ჩემი აზრით, ასეთი­ სცენარი საზოგადოების უკვე ძალიან სერიოზულ გაბრაზებას გამოიწვევს. ჯერჯერობით კი ხელისუფლება ამბობს, მე ამ პირობებს ვასრულებ, აი, სამუშაო ჯგუფები, მობრძანდით, ვილაპარაკოთო. ოპოზიციის ნაწილიც, ასე თუ ისე, მიჰყვება, მაგრამ მეორე ნაწილი გაიძახის, არ მოვალთ, ჯერ არჩევნები დანიშნეთ, ხელისუფლება წავიდესო... ისე არ გამოვიდეს, რომ მერე ოპოზიციას დაბრალდეს, თუ არ გამოვა, და თუ გამოვა, მაშინ ხელისუფლება დაიწერს ქულებს და არა ოპოზიცია. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება წაუგებელი თამაში და არ მესმის, ამ დონის სისულელე, რასაც ამ პროცესის ბოიკოტირება ჰქვია, როგორ უნდა მოგივიდეს აზრად. ასეთი მახსენდება მხოლოდ პარლამენტის 2020 წლის ბოიკოტი და მეორედ იგივე შეცდომა რატომ უნდა დაუშვა, არ მესმის.

რუსა მაჩაიძე