რუსული პროპაგანდა და სასარგებლო იდიოტები - კვირის პალიტრა

რუსული პროპაგანდა და სასარგებლო იდიოტები

რა საფრთხის შემცველია დეზინფორმაციის გავრცელება, არის თუ არა ამ ავტორთა­ ქმედება მართული და ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან, ამის შესახებ IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე გვესაუბრება:

- პროპაგანდისთვის გაყალბებული ისტორია მძლავრი იარაღია. ცოტა სიმართლეს ემატება ბევრი ტყუილი და გამოდის "საინტერესო" ამბავი. პუტინმა თავისი აგრესიული პოლიტიკა და უკრაინასთან ომი სწორედ გაყალბებულ ისტორიაზე დააფუძნა. სამწუხაროდ, ქართველი აქტორების ერთი ნაწილიც რუსულ პროპაგანდას ემსახურება. თუმცა მათი ხელაღებით, მტკიცებულებების გარეშე დადანაშაულება რთულია. სქემა ასეთია - კრემლთან აფილირებული პირები სოცქსელებში ავრცელებენ გაყალბებულ ფაქტებს, შემდეგ საქმეში ერთვებიან სასარგებლო იდიოტები. სხვათა შორის, სასარგებლო იდიოტები ამ ამბავში მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ მათი საშუალებით ვრცელდება ყალბი­ ნარატივი ელვისებურად. მათ მიერ გადაზიარებულ პოსტებს ათასობით ნახვა, გაზიარება და მოწონება აქვთ. სიმართლისა­ და სიყალბის ნაზავით შექმნილი ისტორიებით პროპაგანდა მუშაობს. სამწუხაროდ, ეს ტყუილები და მითები ძალიან პოპულარულია და ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს მათ აღმოსაფხვრელად.

- ყალბ ამბებს შორის განსაკუთრებით პოპულარული რომელია?

- ათი ცნობილი ფაქტი სტალინის შესახებ: საფრანგეთში ჩასულმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ გაანიავა ეროვნული საგანძური, სტალინმა კი საქართველოს დაუბრუნა. ჩვენმა ინსტიტუტმა რეალურ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადა მასალა იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.­ სტატიის გამოქვეყნებას უახლოეს მომავალში ვაპირებთ. ჩვენ მასალაზე მუშაობის დროს მოვიშველიეთ ექვთიმე თაყაიშვილის წერილები, რომლის საშუალებითაც დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობას სინამდვილეში საგანძური არ გაუნიავებია. დასტურდება ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილი განძის ერთადერთი კი არა, ერთ-ერთი მცველი იყო. კიდევ ერთ ყურადსაღებ ფაქტზე მინდა გავამახვილო თქვენი მკითხველის ყურადღება - სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით ამ შინაარსის ფრაზას: "რუსეთს კი აქვს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული, მაგრამ თურქეთიც­ არანაკლები ოკუპანტია და არანაკლები­ ტერიტორია აქვს ჩვენთვის წართმეული"­. ამ თემას მოჰყვება ხოლმე საუბარი, რომ თითქოს აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა. რაც ყველაზე გულსატკენია, ამ საქმეში საქა­რთველოს მთავრობის, ქართველი გენერლების როლი მთლიანად უგულებელყოფილია. საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული მითებით ხომ სრულიად სოციალური ქსელია დახუნძლული. რუსეთთან აფილირებული პირები და სასარგებლო იდიოტები ხშირად იხსენებენ საბჭოთა პერიოდს და საკუთარ აუდიტორიას არწმუნებენ, თითქოს სწორედ იმ პერიოდში დაგროვდა საქართველოში დოვლათი და სიმდიდრე.

- ისტორიული ფაქტებით მანიპულაციის მიზნობრივი დანიშნულება რა არის?

- ქართველი ხალხის დარწმუნება, რომ საქართველო შეუმდგარი ქვეყანაა, ქართველებს არაფრის უნარი არ გაგვაჩნია და ჩვენი ერთადერთი ხსნა, ფიზიკური გადარჩენა და ეკონომიკური სიდუხჭირიდან ამოსვლა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაა. ასეთი ამბავი მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ეს აპრობირებული მეთოდია ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ავტორები ხშირად ადგილობრივი აქტორები არიან.

- რა არის ამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შემაკავებელი მექანიზმი?

- კანონმა რა პასუხი უნდა მოსთხოვოს გაუთვითცნობიერებელ იუზერს, რომელიც უბრალოდ აზიარებს ასეთ ნარატივებს? რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნე­ საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც საქმეში კარგად არ არის ჩახედული. ამბები ისე ეშმაკურად არის შეფუთული, უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს.

- ამ ამბებს მხოლოდ გამზიარებლები ხომ არ ჰყავს? ავტორებზე რას იტყვით, რომლებიც ვინაობასაც კი არ მალავენ?

- ამ საქმეში უმეტესად "ობიექტივის" ჟურნალისტები, "ალტ-ინფო" და "ქართული მარში" არიან ჩართული. თუ როგორია მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება და პოლიტიკა, თქვენც იცით.

- ამ ყველაფრის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია?

- სულაც არ არის შეუძლებელი. ზოგიერთმა სახელმწიფომ მიიღო კიდეც ფეი­კების გავრცელების შესახებ კანონი. ჩვენმა საპარლამენტო ჯგუფმაც ჩაატარა დიდი მოკვლევა ფეიკებსა და დეზინფორმაციაზე, რაც საქართველოს პარლამენტმაც აღიარა უდიდეს გამოწვევად და სხვათა შორის, სუს-მაც. უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვრცლად არის ამ საკითხზე საუბარი. არ ვიცი, რატომ აღარ დაუბრუნდა ამ საკითხს პარლამენტი, ალბათ, უკრაინის ომისა და შიდა დაპირისპირების თემა უფრო აქტუალურია ახლა მათთვის. არადა, ეს ძალიან საშური საქმეა.

- ჩემი დაკვირვებით, აქტორები, რომლებიც რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივებს ავრცელებენ, ძალიან აგრესიულები არიან და შეკითხვებს შეურაცხყოფით პასუხობენ. თქვენ თუ გიცდიათ მათთან საუბარი?

- კი, მიცდია და დასკვნაც მაქვს გამოტანილი, მათთან საუბარს აზრი არა აქვს, პასუხს მაინც ვერაფერზე მიიღებ, მხოლოდ ბილწსიტყვაობას მოისმენ, თანაც არა მარტო ავტორისგან. ხუთ წუთში მოგესევა რამდენიმე ასეული დაზომბირებული, ან სულაც ბოტი და ნერვების მოშლის მეტს ვერაფერს მიიღებ. დიალოგი საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ ისევ ჩვენს ბაბლში ვტრიალებთ და ჩვენი სტატიების წაკითხვაც მათ უწევთ. თუმცა დროდადრო განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებიც გვიწერენ კომენტარებს, რაღაცებს გვეკითხებიან, ჩვენ ვპასუხობთ, ვცდილობთ, რაღაც შედეგს მაინც ვაღწევთ. ჩვენ გარდა, არიან სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც მეცნიერულ კვლევებს დებენ, მაგრამ ასეთ ნაშრომებს ხუთი კაციც არ კითხულობს. ჩვენ ვცდილობთ სამეცნიერო კვლევის ფორმა არ მივცეთ, პატარ-პატარა პოსტერებზე, ინფოგრაფიკებზე, ამონარიდებზე ვაკეთებთ აქცენტს. ასეთი თანამედროვე მეთოდებით ვცდილობთ სწორი ინფორმაციის გავრცელებას.

- თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბებით ვიმსჯელებთ, თქვენი მუშაობა საკმარისი არ არის.

- ნამდვილად არ არის. ერთ მაგალითს გეტყვით. ადგა ვინმე, პირობითად, ნიკოლოზი, ამოარჩია 10 რეალური ინფორმაცია სტალინის შესახებ და გააფორმა შეთხზული ისტორიებით. ამისთვის მას სულ რაღაც 1 საათი დასჭირდებოდა,M მე კი იმ ათი პუნქტიდან მხოლოდ ერთ საკითხზე, რომელიც ეროვნულ საგანძურს უკავშირდება, უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ. გამოვითხოვე დოკუმენტები არქივიდან, წავიკითხე რამდენიმე ნაშრომი, გავეცანი სხვადასხვა წყაროს. ის პირობითი ნიკოლოზი კი შეიძლება არქივში ნამყოფიც არ არის, შეთხზულ ამბებს წერს. მე მეცნიერული ნაშრომებით, დამადასტურებელი ფაქტებით უნდა დავამტკიცო, რომ ის მართალი არ არის. ჩვენც ხომ არ ვიჭორავებთ.

- გამოსავალს სად ხედავთ?

- შესაბამისი კანონის მიღებასა და საზოგადოების მეტად განათლებაში. ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის მეც, ერთი ასეთი რამ გვახასიათებს - სასურველს რეალობად­ მივიჩნევთ. სოციალურ ქსელში გავრცელებულია საქართველოს რესპუბლიკის რუკა, რომელშიც ჩვენი საზღვრები, ერთი მხრივ, თურქეთშია შესული, მეორე მხრივ კი სოჭს მოიცავს. სტატიაში, რომელსაც ეს რუკა თან ერთვის, წერია, თითქოს ერთა ლიგამ ამ საზღვრებში ცნო საქართველო. სინამდვილეში ეს არის 1919 წელს პარიზში წარდგენილი რუკა, სადაც საქართველომ მოხაზა საკუთარი ისტორიული ტერიტორია და გამოაცხადა მასზე პრეტენზია. სამწუხაროდ, საქართველო ამ საზღვრებში არც ერთა ლიგამ და არც სხვა რომელიმე ორგანიზაციამ არ ცნო. ეს მხოლოდ ჩვენი სურვილი იყო. ასეთ ვერსიებს ისტორიკოსებიც კი წერენ, მათ შორის პატივსაცემი და ავტორიტეტული პირებიც.

- ესეც რაიმე მიზანს ემსახურება, თუ სენტიმენტების გამოვლინებასთან გვაქვს საქმე?

- დიახ, ეს მხოლოდ სენტიმენტების გამოვლინებად მიმაჩნია. ალბათ, ჩვენი ემოციური ბუნების ბრალია, რომ ხშირად აღვიქვამთ სასურველს რეალობად. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, რომ აჯობებს რეალობა ობიექტურად აღვიქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ წავალთ. ჩვენ ისტორია ისე ვისწავლეთ, თითქოს ყოველთვის მართლები და დაჩაგრულები ვიყავით, სხვა ყველა ცუდი იყო. ამით ის შედეგი მივიღეთ, რომ მოვლენების გაანალიზება ვერ ვისწავლეთ. ნახეთ, ბოლო 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ და ანალიზს ვერ ვაკეთებთ, დასკვნები ვერ გამოგვაქვს. სანამ რეალობას ობიექტურად არ აღვიქვამთ, ჩვენი ისტორიის უხერხულ მოვლენებს თვალს არ გავუსწორებთ და სწორად არ გავაანალიზებთ, წინსვლა ყოველთვის გაგვიჭირდება.

ხათუნა ბახტურიძე