"ვამაყობ, რომ რაჭის ერისთავების შთამომავალი ვარ“ - კვირის პალიტრა

"ვამაყობ, რომ რაჭის ერისთავების შთამომავალი ვარ“

1912 წელს აკაკი წერეთელმა რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის შესახებ, რომელიც 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაგრძელდა, რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ეს ყველამ იცის, თუმცა, ალბათ, ერთეულებმა იციან, რომ ამ მოგზაურობისას აკაკის სოფელ წესში ცნობილი მომღერლის, ლაშა ღლონტის წინაპარმა, მისმა დიდმა ბაბუამ, შამადავლე ერისთავმა უმასპინძლა. მგოსნის სტუმრობასთან დაკავშირებით სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და ეს ფოტო დღეს ლაშა ღლონტის ოჯახში ინახება.

- ბატონო ლაშა, არ ვიცოდი, გურულ ღლონტს რაჭული ფესვები გქონიათ....

- გურული მამით ვარ, დედის მხრიდან კი რაჭის უკანასკნელი ერისთავის, შამადავლე ერისთავის პირდაპირი შთამომავალი გახლავართ. შამადავლე ერისთავი ჩემი დიდი ბაბუის მამაა. კიდევ შორს თუ წავალთ, მონაგარი ვარ როსტომ ერისთავისა, რომლის აშენებულიცაა ბარაკონი და ბარაკონის საკურთხეველშია დასაფლავებული. ის შამადავლეს დიდი ბაბუა იყო.

glonti-1657452781.jpg

- სიმღერის ნიჭი გურულებისგან დაგყვათ­ თუ რაჭველებისგან?

- ღლონტებიდან ერთი ბებია ერქომაიშვილის ქალი გახლდათ. ფოლკლორის­ სიყვარული მათგან მომდევს. სხვათა შორის, ჩვენი განშტოებაა ლატავრა ფოჩიანიც.­ ერისთავებიც საუცხოო მომღერლები იყვ­ნენ. ყველამ იცის ქართულ ფოლკლორში ცნობილი ასლანური მრავალჟამიერი და ასლან ერისთავიც ჩემი წინაპარია.

- ფოტოს დავუბრუნდეთ...

- ეს ფოტო გადაღებულია შამადავლე ერისთავის სახლში, რაჭაში, სოფელ წესში. ერისთავები რაჭის მფლობელები იყვნენ, იქ ყველაზე მდიდრები. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" გადაღებულია ჩემი წინაპრის, რაჭის უკანასკნელი ერისთავის, შამადავლე ერისთავის სახლში. იქ ჩანს კიდეც, აკაკი რომ მოდის, გვერდით ძალიან სიმპათიური და წარმოსადეგი კაცი მოჰყვება. ეს შამადავლეა, სწორედ მან უმასპინძლა დიდ პოეტს. საინტერესოა, რომ აკაკის ერისთავების მთელი სანათესავო დახვდა. ეზოში გაშლილ სუფრასთან 200 კაცი ცეკვავდა თურმე ფერხულს, მერე კი ბავშვებთან ერთად აკაკიც ჩაბმულა ფერხულში­. ამ მოგზაურობისას აკაკიმ ერისთავების ყველა ბავშვი, რომლებიც მოსანათლი იყვნენ, მონათლა და რამდენიმე დღეს დარჩა ერისთავებში, ასე რომ, ჩვენ აკაკის ნათლულების შთამომავლები ვართ.

ჩემი წინაპრების ცხოვრება კომუნისტების მოსვლის შემდეგ აირია. ისინი განაკულაკეს და ყველა რაჭიდან გადაასახლეს, მთელი ქონებაც წაართვეს. დედაჩემის მამა გიორგი გურიაში დასახლდა. გადასახლების დროს ერისთავები ისე დაქსაქსეს, რომ დებმა და ძმებმა ერთმანეთი 40 წლის შემდეგ იპოვეს, თუმცა რაჭაში აღარ დაბრუნებულან... რაჭველი სიძე მყავს, თორნიკე მაისურაძე. მისი ოჯახი ცხმორიდან არის. უყვართ რაჭა და მეც რამდენჯერმე ვიყავი მათთან სტუმრად. რაჭაში თითქოს სხვაგვარად ვსუნთქავ, უფრო თავისუფლად.

- შამადავლეს ნასახლარიდან არის რამე დარჩენილი?

- არა, ყველაფერი გაანადგურეს. ვიღაცები გადაასახლეს, ვიღაცები დახვრიტეს­. ბაბუაჩემი გიორგი გადასახლებიდან რომ დაბრუნდა,­ მერე დაიბადა დედაჩემი. ბათ­უმში ცხოვ­რობდა. მშრომელი კაცი იყო, დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. არაჩვეულე­ბრივად უკრავდა­ ბანტიან გიტარაზე, შვიდსიმიანზე.­ გიორგის დედა ჩიქოვანის ქალი გახლდათ­, ანუ მეგრული სისხლიც მაქვს. ვამაყობ, რომ რაჭის ერისთავების შთამომავალი ვარ. როსტომზე კი ამბობენ, სეპარატისტი იყოო, მაგრამ დედაჩემი მიიჩნევს, რომ მას გიორგი სააკაძის ბედი ერგო...

- ექიმებიც გყავდათ წინაპრებში?

- დედაჩემის მამიდა მერი ერისთავი­ იყო გამორჩეული ექიმი, ჯერ პეტერბურგში და მერე ბათუმში. მედიცინა მან შემაყვარა.

მზიული ერისთავი, ლაშა ღლონტის დედა: - მამიდაჩემ თამარისგან ვიცი, რომ ამ მოგზაურობისას შამადავლეს ყველა­ შვილი­ დანათლა აკაკიმ. თამარა ერისთავი ბევრ რამეს მიამბობდა ჩვენს წინაპრებზე. ასლან ერისთავი, ჩემი ბაბუის ძმა, ფილიმონ ქორიძესაც ჰყავდა ჩამოყვანილი, როცა საგალობლებს იწერდა. ეს ფაქტი აღწერილია ფილმში "გალობის რაინდები". კომუნისტების შემოსვლის შემდეგ რეპრესიები დაიწყო. ჩემი ბაბუა, შამადავლეს უფროსი ვაჟი რაფიელი ბათუმში წავიდა. ჩვენ ვცხოვრობდით მარქსის ქუჩაზე, ოთახნახევ­რიან ბინაში. მისი და თამარ ერისთავიც ჩვენთან იყო. ჩემი ბაბუა ხარკოვში სწავლობდა მედიცინას და როგორც კი კომუნისტები შემოვიდნენ, შამადავლემ ჩამოიყვანა.

glonti2-1657452782.jpg

- ეს ფოტო რას ნიშნავს თქვენთვის?

- ძალიან ძვირფასია. მას ვუყურებ,­ როგორც საქართველოს ისტორიას, იმიტომ,­ რომ ჩვენ ახლა სხვა საქართველოს ვაშენებთ, უფრო ბრწყინვალეს, იმას, რასაც "ჩუმის ნატვრით ნატრობდა ქართველი"... სრულიად საქართველოს გადარჩენას, აყვავებას და გაბრწყინებას ვუსურვებ...

ერისთავების რეზიდენცია

მიხეილ ალავიძე 1947 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" წერს: "განსაკუთრებული სიყვარულით დახვდნენ აკაკის წესში.­ წესი ისტორიული სოფელია. აქ ჰქონდათ რეზიდენცია რაჭის ერისთავებს. წესის ახლოს, ბარაკონში, არის დიდი ციხე-სიმაგრე და შესანიშნავი ტაძარი. ეს ტაძარი ააგო 1745 წელს როსტომ ერისთავმა.­ ხალხური გადმოცემით, როსტომ ერისთავმა თავად იაშვილს ცოლი მოსტაცა. იაშვილმა იჩივლა კათალიკოსთან, რომელმაც დასაჯა როსტომი. დანაშაულის ჩადენისათვის მას ტაძარი უნდა აეგო. როსტომმა კათალიკოსის გადაწყვეტილება აღასრულა... ნადიმი ფერხულით დამთავრდა...

"ბარაკონში, როსტომ ერისთავის მიერ აგებული ტაძრის გვერდით, მისივე სასახლე მდგარა. ამ სასახლეში უამრავ ცნობილ ადამიანს გაუთევია ღამე. აქ შეისვენა მოსკოვში მიმავალმა ვახტანგ VI-მ თავისი ორასკაციანი ამალით, თეიმურაზ II-მ, მგოსანმა ბესიკ­ გაბაშვილმა და სხვებმა. ამ სასახლეში 200 წლის წინ სასულიერო წიგნებს ბეჭდავდა ერეკლე II-ის ყოფილი მესტამბე რომანოზ რაზმაძე-ზუბაშვილი, რომელიც 1811 წელს "გამოკრებილი სადღესასწაულოს" ბეჭდვის დროს გარდაცვლილა და ტაძრის ეზოში დაუკრძალავთ... ამ სასახლეში მცხოვრებ ერისთავთა უკანასკნელი ჩამომავალი იყო შამადავლე ერისთავი, რომელიც ბოლშევიკებმა გაასახლეს.