გავიღოთ სისხლი, გადავარჩინოთ სიცოცხლე! - კვირის პალიტრა

გავიღოთ სისხლი, გადავარჩინოთ სიცოცხლე!

სოციალური ქსელით, ალბათ, ხშირად­ გინახავთ, როგორ ითხოვენ ადამიანები­ სისხლს ავადმყოფი ახლობლის გად­ასარჩენად.­ ბოლო დროს სისხლს ორგანიზაციებიც ითხოვენ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, სისხლის ბანკის დასახმარებლად ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს, რომ სისხლის ბანკი, რომელზეც უამრავი­ ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, სისხლის დეფიციტს განიცდის. ამ პრობლემის შესახებ შემთხვევით მოვისმინე სისხლის ბანკის დირექტორის, ბატონ დავით ლოლიაშვილისაგან.

- სისხლის ჩაბარება-გაღების საქმე სისხლის ბანკს უმაღლესი კრიტერიუმებით­ აქვს მოწესრიგებული, ანუ თუკი დონორი­ მოვა, სისხლს ყველა წესის დაცვით ვიბარებთ. ბოლო დროს დონორთა რაოდენობა შემცირდა და ისღა დაგვრჩენია, ცალკეული ორგანიზაციების თანამშრომლებს სისხლის გაღება ვთხოვოთ. უარს არ გვეუბნებიან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თვეში მხოლოდ 1000-მდე დონორი შემოგვრჩა და ამით ვერ შევძლებთ, ყველა მძიმე ავადმყოფს ვუშველოთ.

- არსებობდნენ კადრის დონორები, ანუ ის ხალხი, ვინც დონორობას სამსახურად თვლიდა და ორ თვეში ერთხელ, გასამრჯელოს სანაცვლოდ, სისხლს იღებდა. ეს ხალხი სადღაა?

- ეს ხალხი ახლაც არის, მაგრამ უფრო ცოტა, ვიდრე ოდესმე იყო. ისინი 250-400 გრამ სისხლს ახლაც გაიღებენ, რისთვისაც­ მათ 50 ლარს უხდიან, თუმცა საკადრო დონორების რაოდენობა მცირდება.

- რატომ? დაბალი გასამრჯელოს გამო?

- უფრო თანამედროვე მოთხოვნების გამო. საქმე ის არის, რომ საკადრო დონორი არსად აღარ არსებობს, გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა, 2025 წელს კი მათ საქმიანობას ჩვენც ავკრძალავთ. თუმცა, გამოსწორების გზები მოიძებნება. არსებობენ ნათესაობითი და ნებაყოფლობითი დონორებიც. აუცილებლად უნდა გაჩაღდეს პროპაგანდა, რომ ხალხმა სისხლი ჩააბაროს. ევროკავშირის ქვეყნებში საკადრო დონორი აკრძალულია, სამაგიეროდ, თითქმის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს აგიტაცია, რომ ხალხი სისხლის ჩაბარებაში უანგაროდ ჩაერთოს.

- ხშირად ამბობენ იმასაც, რომ სისხლის გაღება საზიანოა ადამიანისთვის...

- პირიქით, როდესაც­ სისხლს აბარებ, აქტიურდება სისხლწარმომქმნელი სისტემა,­ რაც ააქტიურებს იმუნიტეტს. ეს მე და ჩემს თანამშრომლებს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, წელიწადში ორჯერ ვაბარებთ სისხლს.

- თქვენ გარდა არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ესმის, როგორი კეთილშობილური საქმეა სისხლის ჩაბარება და ამის გამო სისხლის ბანკში მოდის?

- რამდენიც გინდათ! მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ვერ დავივიწყებ, როგორ გვაბარებდნენ სისხლს თემურ წიკლაური, ან ნუგზარ კვაშალი.

- ახალგაზრდებს თუ ესმით ამ საქმის მნიშვნელობა?

- უფრო უკეთ, ვიდრე უფროსებს. სამწუხაროდ, რადგან აგიტაცია არ მიმდინარეობს, ისინი ყურმოკვრით იგებენ სისხლის ბანკის შესახებ და მოდიან. მაგალითად, სულ ახლახან იყვნენ ოპერის ბიჭები, ანსამბლი "ურმული"...

- ვის შეუძლია სისხლის გაღება?

- ყველას, 65 წლის ასაკამდე, ოღონდ ახალგაზრდები აუცილებლად 60 კილოგრამამდე მაინც უნდა იწონიდნენ. ტატუს ამოსვირინგებიდან ექვსი თვის მანძილზეც არ შეიძლება სისხლის აღება. რაც შეეხება სისხლის ჯანმრთელობას, მას ლუგარის ლაბორატორია ამოწმებს და გამორიცხულია, გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს.

- მადლობას გიხდით თქვენ და ყველა დონორს იმ სისხლისათვის, რომელიც უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს. თქვენ გვერდით მიგულეთ მეც და ის უამრავი ადამიანიც, ვინც ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ სისხლის ჩაბარებას გადაწყვეტს.

- დიდი მადლობა. ყველა ადამიანის­ გადარჩენა ჩვენთვის ბედნიერებაა,M მაგრამ არსებობენ ისინი, ვისთვისაც დეფიციტის­ პირობებშიც კი, სისხლი ყოველთვის გვაქვს - ესენი არიან ლეიკემიით დაავადებული ბავშვები იაშვილის კლინიკაში, რომლებიც სხვების გაღებული სისხლის გარეშე ვერ იცოცხლებენ. მათ შემდეგ კი მშობიარეებისა და ჩვილების სიცოცხლეა. ახლა თავად განსაჯეთ, ჩვენ მიერ გაღებულ სისხლს რამხელა მისია აკისრია!..