"ცრემლები მოვიწმინდე, ჩემოდანი ჩავალაგე და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე..." - კვირის პალიტრა

"ცრემლები მოვიწმინდე, ჩემოდანი ჩავალაგე და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე..."

გზა, რომელიც ჟურნალისტმა სოფო კორტავამ ემიგრაციაში გაიარა, ბევრი ქართველი ემიგრანტისთვის ნაცნობია. ემიგრაცია დიდი გამოცდაა, რომელსაც ბევრი უძლებს. ენობრივი ბარიერი, ნოსტალგია, მარცხით გამოწვეული სტრესი და ისევ ფეხზე წამოდგომა, რომელიც გაძლიერებს და უცხო ქვეყანაში ქუჩაში დარჩენის შიშით დანებების უფლებას არ გაძლევს, - ასეთია ქართველი ემიგრანტის ცხოვრება,­ რომელიც წლებია გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტშია და განვლილ მძიმე­ დღეებსა და მიღწეულ წარმატებაზე გულახდილად გვიყვება.

- წლების განმავლობაში, როგორც არაერთ რეგიონულ ჟურნალისტს, მეც უმეტესად ენთუზიაზმზე მიწევდა მუშაობა, ძალიან დაბალი ხელფასით, მაგრამ ვისაც თავისი საქმე უყვარს, მაინც თავდაუზოგავად მუშაობს. სკოლის დამთავრებისთანავე რადიო "ჰარმონიის" მუსიკალურ წამყვანად დავიწყე მუშაობა, 18 წლისა კი სამაუწყებლო კომპანია "მეცხრე ტალღის" გუნდს შევუერთდი, რეპორტიორი და საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ვიყავი. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ფოთი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს. ცნობილი და წარმატებული გოგონა ვიყავი. ჟურნალისტობა ბავშვობის ოცნება იყო და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში. მალე გავხდი "ინტერპრესნიუსის", "რადიო პალიტრისა" და "პალიტრა ტვ-ის" რეგიონული კორესპონდენტი და ორმაგად ბედნიერი ვიყავი. 9 წელი ყოველი დღე სიახლის მომტანი იყო და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ საქმეს ოდესმე შეველეოდი, მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა ჩემი ცნობიერება თავდაყირა დააყენა. ერთმა შესაძლოა ვიღაცისთვის ჩვეულებრივმა ამბავმა სრულიად შემცვალა. ერთხელ სამსახურიდან მიმავალს დედამ შინ პურის მიტანა მთხოვა,­ მე კი საფულეში 50 თეთრიც არ მედო (მაშინ პური ასე ღირდა). თითქოს ღრუბლებიდან მიწაზე დავეხეთქე, საკუთარ თავზე, ყველასა და ყველაფერზე გავბრაზდი. პირად ცხოვრებაშიც პრობლემები მქონდა. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და ჩემს თავს ვუთხარი, ან ამ რეალობას შეეგუები და სამუდამოდ ჭაობში იცხოვრებ, ან საკუთარ თავს გადაარჩენ-მეთქი. ვიცოდი, რომ არსებობდა გერმანულ-ქართული პროექტი Aupair, რომელიც ევროპაში მოსახვედრად ძალიან მარტივი გზაა, ოღონდ გერმანული საბაზისო დონეზე უნდა იცოდე და მეც სასწრაფოდ დავიწყე ენის შესწავლა. 4 თვეში გერმანულ ოჯახში ძიძად დავიწყე მუშაობა. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

გერმანიაში უკრაინის გავლით უნდა გავფრენილიყავი. კიევის აეროპორტში მიუნხენის თვითმფრინავს რომ ველოდებოდი,­ გავაცნობიერე, რომ ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი და ცოტა შემეშინდა. იქამდე გზა ცივი გონებით გავიარე... ვიცოდი, რომ მიკროფონი მომენატრებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო და თვითმფრინავს დაველოდე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ გერმანიის აეროპორტში უნთერჰებერების ოჯახი დამხვდებოდა, მეტი არაფერი... 6 წლის შემდეგ ვფიქრობ, რომ არც ერთი გზა არ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით, ყველას რაღაც მოაქვს შენთვის. აქ, უცხო მიწაზე, არაერთხელ მომიწია ჩემი თავისთვის თქმა, "ნუ გეშინია, წადი და შეცვალე ცხოვრება უკეთესობისკენ". ასე გავუმკლავდი ყველა დაბრკოლებას. გერმანია ბიუროკრატიით ცნობილია, რაღაცის მიღწევა ჩემთვის მაღალი შენობიდან გადახტომას ნიშნავდა.

პირველ გერმანულ ოჯახში ბავშვების მოვლა მიხდებოდა, მათ კი დედის გარეშე უჭირდათ. ოჯახმა თავად იზრუნა და სხვა სამსახური მიპოვა. მეორე ოჯახში უფრო დიდი ასაკის ბავშვები დამხვდნენ და დავმეგობრდით კიდეც. მათ მასწავლეს თხილამურზე სრიალი, მომატარეს ბევრი საინტერესო ადგილი... შემდეგ სამედიცინოზე სწავლა გადავწყვიტე, რადგან ვიზის გაგრძელება მიწევდა, მედიცინა კი ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც ადვილად იღებ სასწავლო ვიზას. თუმცა ენა ჯერ კიდევ არ ვიცოდი ისე კარგად, თავისუფლად სწავლა შემძლებოდა. მაქსიმუმს ვდებდი, მაგრამ ძალიან მკაცრი სკოლა იყო, ნიშნებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ამასთან, Aგერმანიის კლინიკებში მუშაობა ძალიან რთულია. დღის განმავლობაში უამრავ პაციენტთან მიწევდა ურთიერთობა. თუ ვერ გაიგე, ექიმი რის გაკეთებას გთხოვს, მუშაობა წარმოუდგენელია. მუდმივად დაძაბული ვიყავი. გერმანული სამედიცინო ტერმინოლოგია ძალიან რთულია და ზოგჯერ ექიმს ვემალებოდი, რადგან მეშინოდა, დასახელებული ხელსაწყოს ნაცვლად სხვა არ მიმეტანა. მოკლედ, ვერ გავუძელი და ერთ დღესაც სამსახურმა კონტრაქტი გამიუქმა, ოღონდ ხელაღებით ქუჩაში არავის უშვებენ - ახალი სამსახურის საპოვნელად ვადა მომცეს. ეს კი ნიშნავდა, რომ ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დამეწყო. იმ პერიოდში მარტო ვცხოვრობდი, პირად ცხოვრებაში მიღებულ სტრესთან ერთად.

sofo2-1657454109.jpg

- იპოვო შენს თავში ძალა, ყველაფრის ნულიდან დასაწყებად ძალიან დიდი სტრესია, მით უფრო, უცხო ქვეყანაში.

- იმდენად დიდი, რომ ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი რაიმეს შეცვლას. იმ უზარმაზარ ქვეყანაში თავს უსუსურად ვგრძნობდი. გერმანიაში ბიუროკრატია იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ ვხუმრობ ქაღალდების ქვეყანაში ვცხოვრობ-მეთქი, ერთ საქმეს რომ აკეთებ,­ უამრავი გზის გავლა გიწევს, ნიშნავ შეხვედრებს, გზავნი წერილებს, იღებ საპასუხო გზავნილებს, ეს კი დამღლელია... ძალიან შრომისმოყვარე ვარ და არ მინდოდა დაწყებული გზის დასასრული­ მარცხიანი­ ყოფილიყო. მიზნები მქონდა - წიგნის დაწერა, საკუთარი სახლი... მოკლედ, ცრემლები მოვიწმინდე, ჩემოდანი ჩავალაგე და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე - საკუთარ თავს შეცდომები ვაპატიე და ბრძოლა გავაგრძელე. მივხვდი, რომ იმ რამდენიმე დღეში­ გავიზარდე. შედეგმაც არ დააყოვნა - წიგნის­ იდეას ხორცი შევასხი და როდესაც ის ხელში დავიჭირე, მივხვდი, ყველა მარცხმა გამაძლიერა. ალბათ, საჭიროც არის მარცხი, რომ საკუთარი შესაძლებლობები სხვაგვარად დაინახო.

სამედიცინო სფეროში ძალის მოსინჯვის­ შემდეგ 6 თვე ვიცდიდი, არ ვმუშაობდი, არ მქონდა უფლება და დანაზოგით ვირჩენდი თავს. შემდეგ გერმანულ გასტრონომიაში მოვსინჯე თავი. ეს ის ადგილია, სადაც ადვილად შეგვიძლია ქართველებს სასწავლო ვიზის მიღება. ფოთის პროფესიული კოლეჯი მაქვს დამთავრებული სასტუმრო საქმის მიმართულებით და პროფესიის გაღრმავება გადავწყვიტე. მეგონა, სასტუმროში მუშაობა შედარებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ერთ წელზე მეტია სამზარეულოს განყოფილებაში ვარ. მანამდე ურთულესი გამოსაცდელი პერიოდი გავიარე - მუშაობას დილის ხუთ საათზე ვიწყებდი, გამთენიას სამსახურში ველოსიპედით მივდიოდი და მთელი ძალით ვაწვებოდი პედლებს, არ დამაგვიანდეს-მეთქი. გერმანელების პუნქტუალურობა ხომ ცნობილია.... წარმატებით გადავლახე გამოსაცდელი პერიოდი და ქებაც დავიმსახურე.

- რით არის გერმანული მომსახურება გამორჩეული?

- ყველა საქმეში სრულყოფილი მომსახურებაა. ყოველთვის მიკვირს, საიდან აქვთ ლოდინის, თმენის ასეთი მაღალი კულტურა, არა აქვს მნიშვნელობა დაწესებულებას, თავის რიგს მორჩილად ელოდებიან. მე კი თავიდან ქართული ტემპით სულ სადღაც მეჩქარებოდა, წინ დგომა მინდოდა, მერე შევეჩვიე.

გავიარე პროგრამა და ახლა სასტუმროში­ ვმუშაობ, ეს იგივეა, რაც საქართველოში პროფესიული განათლების მიღება, ოღონდ გერმანიაში თან გასაქმებენ, თან გასწავლიან, ანუ გინაზღაურებენ სწავლისა და მუშაობის ხარჯებს. უნივერსიტეტის შემდეგ ეს პროგრამა მეორე ადგილზეა მოთხოვნით. პრაქტიკულ სწავლებას სამსახურში გადიხარ, თეორიულ მიმართულებას კი სკოლაში ეუფლები. სწავლება 3-წლიანია­ და სასტუმროს ყველა დეტალს, მომსახურებას, ჰაუსქიფინგს, მიმღებში მუშაობას, სამზარეულოსა და სხვა საქმეებს სწავლობ. ყველა განყოფილებას მუშაობის თავისი სპეციფიკა აქვს. შესაბამისად, გრაფიკიც - ხან დილით მიწევს მუშაობა, ხან ღამე. ვისწავლე რესტორანში მუშაობაც. სასტუმრო, სადაც ვმუშაობ, ფრანგული პრინციპით არის აწყობილი და 5-ვარსკვლავიანია. ენის ბარიერი იქაც მქონდა, სულ დაძაბული ვიყავი, მაგრამ პრობლემა ჯერ არ შემქმნია. ძალიან ლაღი სტუმრები გვყავს, ძირითადად, ბიზნესკლასის წარმომადგენლები. ფრანკფურტი ისედაც ბიზნესქალაქია­ და სტუმრებიც შეძლებული ხალხია, კარგი მხარჯველები. მაღალი გემოვნების სეგმენტი გვსტუმრობს.

- ყველაზე ძვირი რა შეუკვეთიათ?

- 3000-ევროიანი ღვინო, თან სამჯერ. თვალებს ვერ ვუჯერებდი. განყოფილების უფროსს ვუთხარი, მე ღვინის ქვეყნიდან ვარ, პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ რაღაც გამეგება და შეიძლება დავაგემოვნო, რით არის განსაკუთრებული-მეთქი. დამთანხმდა. გავსინჯე, მაგრამ დიდი არაფერი. საქართველოში ბევრად უკეთესი­ ღვინოც გამისინჯავს. ასეთ შემთხვევებში ჩემი ქვეყანა მიდგას თვალწინ, მოსახლეობის პრობლემებით... ჩემს კოლეგებს სტუმრების მაღალი შემოსავლები არ უკვირთ. იმედია, ეს ოდესმე ჩემნაირი რიგითი ქართველისთვისაც ჩვეულებრივი იქნება.

იმისთვის, რომ სადებიუტო წიგნი გამომეცა და დედისთვის ოცნება ამეხდინა, ჰქონოდა საკუთარი ბინა, რამდენიმე წლით უცხოეთში გადმოხვეწა და უამრავი სტრესის დაძლევა დამჭირდა. მძიმე დღეებში დედა და ოჯახი ისე მენატრებოდა, მინდოდა ყველაფერი დამეყარა და ჩემს ქვეყანაში გავქცეულიყავი. თუმცა თავს მოვერიე. მძიმე დღეებში საკუთარ თავს ვეუბნებოდი, შენ მარტო არა ხარ, უამრავი ქართველი ახალგაზრდა ცხოვრობს ასე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სანუკვარი ოცნების ახდენა დიდი შრომის ფასად უწევთ-მეთქი. აქ მუდმივი განვითარების, სიახლეების გარეშე ვერ იცხოვრებ. ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი კარგ ანაზღაურებას ეჩვევა და ეს ბევრ რამეს აბალანსებს. ბევრს ვშრომობ, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ ბევრიც ვიმოგზაურო. აქ უამრავი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით დროის ფასი. აქ ორი თავისუფალი წუთიც კი ნაყოფიერად უნდა გამოიყენო. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ, მაგრამ გერმანული, დაგეგმილი გრაფიკით ცხოვრება დღემდე მიჭირს. აქაურებმა კი წინასწარ იციან, რას აკეთებენ მომავალი თვის კონკრეტულ რიცხვში. რამდენიმე ჩემს გერმანელ მეგობარს ვეხუმრები, ოდესმე რამეს სპონტანურად აკეთებთ-მეთქი?.. გაოცებული მიყურებენ, რატომ უნდა გავაკეთოთო. მე კი მიყვარს მოულოდნელობები, შემთხვევითობები, მაგრამ აქ ამის "ფუფუნება" არა მაქვს...

ამას წინათ, ჩემი და ბევრის საყვარელი­ ჯგუფი "ქოლდფლეი" გერმანიაში ჩამოვიდა. კონცერტი ფრანკფურტის სტადიონზე იყო დაგეგმილი. ამჟამად სტადიონის გასტრონომიის ვიაიპ-განყოფილების თანამშრომელი ვარ. მართალია, კონცერტზე­ შრომა გამიასმაგდებოდა, მაგრამ კრის მარტინის შოუ ნახვად მეტიც ღირდა. ის ხომ საოცრებას სჩადის სცენაზე. სასტუმროში ცვლის დასრულებამდე მენეჯერის ასისტენტმა დამირეკა, მიმღებში უნდა იყო და სტუმარი სპა-განყოფილებამდე მიაცილოო და ჰოი საოცრებავ, ჯგუფის სოლისტი კრის მარტინი შემოვიდა, აჩაჩული შარვლით, დამორცხვებული. ხელი ჩამომართვა და ბეიჯზე ჩემი გვარ-სახელის წაკითხვა სცადა. ვუთხარი, სოფია ვარ, საქართველოდან-მეთქი, მე კრისი მქვიაო. ავუხსენი, სად რა იყო. ფოტოების გადაღება აკრძალული გვაქვს, მაგრამ სულმა წამძლია და ტელეფონი ამოვიღე, გავრისკავ-მეთქი, თუმცა ვერ შევძელი, სასტუმროს პრობლემებს შევუქმნიდი და ჩემს კარიერასაც საფრთხე შეექმნებოდა. კრისი ძალიან უბრალო, ლაღი ადამიანია. რა უცნაურია ეს ცხოვრება, კრის დე ბურგსაც ჩავუარე ერთხელ სამსახურში. რა თქმა უნდა, კონცერტს დავესწარი და ძალიან ვისიამოვნე სცენაზე დანთებული ცეცხლით. პირველად ვნახე ემოციებისგან დაცლილი, ატირებული გერმანელი ბიჭი... ასეთი დაუვიწყარი ემოციისთვის წვალება ნამდვილად ღირს. ცხოვრება ხომ დიდი სირთულეების მიუხედავად, დიდი საჩუქარიც არის.

ლალი პაპასკირი