"რუსული სპეცსამსახურები სახლში მისულან... ეფ-ეს-ბეს ჰქონია ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ ვმონაწილეობთ მე და ჩემი მეუღლე ანტისახელისუფლებო მიტინგებში" - კვირის პალიტრა

"რუსული სპეცსამსახურები სახლში მისულან... ეფ-ეს-ბეს ჰქონია ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ ვმონაწილეობთ მე და ჩემი მეუღლე ანტისახელისუფლებო მიტინგებში"

ბოლო პერიოდში მექსიკიდან შეერთებულ შტატებში მიგრანტთა გადასვლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მექსიკაში­, ე.წ. გადამყვანები, დიდი თანხის სანაცვლოდ ჰპირდებიან ემიგრანტებს ამერიკაში გადაყვანას, თუმცა გარანტიას ვერ იძლევიან. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი მოცეკვავის თენგიზ ქობალიას ამბავი იმითაც არის საინტერესო, რომ ის აფხაზეთში, ოჩამჩირეში დაიბადა. 90-იანი წლების ომის გამო მის ოჯახს იქაურობის დატოვებამ მოუწია. ერთხანს ანსამბლ "რუსთავში" ცეკვავდა, შემდეგ მოსკოვში გადავიდა, სადაც ანტიპუტინისტური რეჟიმის გაპროტესტებისთვის ეფ-ეს-ბემ კონტროლზე­ აიყვანა, რის გამოც იძულებული გახდა პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკისთვის ეთხოვა.

- წლების განმავლობაში რუსეთში ვცხოვრობდი, იქაური მოქალაქეობა მაქვს,­ ვარ საქართველოს მოქალაქეც. ყოველთვის აქტიური ადამიანი ვიყავი, მაგრამ არა პოლიტიკურად. ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ანსამბლ "რუსთავის" ყოფილი მოცეკვავე ვარ და მოსკოვის რამდენიმე სკოლაში ქართული ხალხური ცეკვების წრეებში ცეკვას ვასწავლიდი, თავადაც ვმონაწილეობდი კონცერტებში. ვმუშაობდი სამშენებლო კომპანიაშიც. როგორც ბევრისთვის, ჩემთვისაც მიუღებელი იყო იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ვაპროტესტებდი კიდეც, მაგრამ უკრაინაში დაწყებული ომით პუტინმა თავის თავსაც კი გადააჭარბა. თავიდან მე და ჩემს მეგობრებს გვეგონა, რომ ეს მისი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა, რუსეთში საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა, მაგრამ სამსახურსა თუ მის გარეთ ამ თემაზე საუბრისას მივხვდი, რომ პუტინს უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ძალადობას უჭერენ მხარს, მაგრამ "რკინის არგუმენტს" იშველიებდნენ - არაერთხელ აფრთხილებდნენ უკრაინას, რომ ნატო, ამერიკა იქ არ უნდა შესულიყო, თანაც რუს მოსახლეობას ავიწროებენ, პროდასავლურობას აიძულებენ და პუტინს ხომ უნდა დაეცვაო. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, მხარს ნუ დაუჭერთ ძალადობასო და ეს ტექსტი სოციალური ქსელის ჩემს კედელზე მეც გავაზიარე. სამსახურში ვიყავი, როდესაც რუსული სპეცსამსახურები სახლში მისულან და ჩემი ოჯახის წევრები დაუკითხავთ, ვინ ვარ, რას ვსაქმიანობ, რუსეთში ლეგალურად ვცხოვრობ თუ არა... რას ვიფიქრებდი, თუ ეფ-ეს-ბეს ჰქონია ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ ვმონაწილეობთ მე და ჩემი მეუღლე ანტისახელისუფლებო მიტინგებში. მალე სამსახურის ხელმძღვანელობამ დამიბარა და მითხრა, ჯობია შენით დაწერო განცხადება და წახვიდეო. მოკლედ, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი, მით უმეტეს, მეგობრებთან ვმუშაობდი და მათაც საფრთხეს შევუქმნიდი. ჯო ბაიდენის განცხადება, რომ ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღების რვაწლიან გზას შესთავაზებდა, სტიმული იყო.

- ვიცი, რომ ამერიკამდე ძალიან რთული­ გზა გაიარეთ.

- დიახ, ბევრნაირი გზა არსებობს: ზოგი მექსიკის გზას ირჩევს, გადამყვანებს­ ფულს უხდის გზის სირთულისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და დიდი რისკის ფასად მექსიკის გავლით ამერიკაში გად­ადიან. ზოგი 10 ათას დოლარს ითხოვს, ზოგიც 15 ან 20-ს.­ არის უფრო ნაკლებიც. მე სხვის დაუხმარებლად გადავწყვიტე წასვლა. რუსეთის მოქალაქეობა ერთგვარი რისკი იყო, შეიძლებოდა უკან დავებრუნებინეთ, მაგრამ უნდა გამერისკა.

ომის შემდეგ რუსეთიდან მექსიკაში ავიარეისები დაბლოკეს, ამიტომ კიდევ ორი გზა რჩებოდა - რუსეთიდან თურქეთში და იქიდან მექსიკაში; ან მოსკოვი-დუბაი-ბარსელონა-მეხიკო. მე მეორე გზა ავირჩიე, იქიდან აკაპულკოში გადავფრინდი, შემდეგ კი ტიხუანაში. იქ უამრავი ჩემნაირი ემიგრანტი გავიცანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, იყვნენ კუბელებიც და მექსიკელებიც. მათი შორის ერთი რუსი გოგო-ბიჭი, რომლებიც რუსეთიდან გამოიქცნენ. სხვათა შორის, უამრავი რუსი წავიდა რუსეთიდან სამუდამოდ, ევროპასა და ამერიკაში გარბოდნენ, ბევრიც საქართველოში მოდიოდა. მოკლედ, იქიდან ამერიკის მოსაზღვრე პატარა ქალაქ მეხიკალეში წავედით. ერთმა გადამყვანმა ორი ადამიანი გადაიყვანა­ დროის სხვადასხვა შუალედში. ორივეს განსხვავებული ამბის გადატანა მოუხდა - ერთმა კოჭებამდე წყალში იარა, მეორე კი ხიდით 15 წუთში გადავიდა და არავითარი პრობლემა არ შექმნია. მექსიკური პატრული მუდმივად იცვლის ადგილს და არავინ იცის, სად გადაეყრები. ემიგრანტები და გადამყვანები აკვირდებიან მოძრაობას და იმის მიხედვით უჩვენებენ ფეხით სავალ გზას... მე, ალბათ, იმიტომ, რომ დამოუკიდებლად გადავწყვიტე წასვლა, ყველაზე დიდი ფათერაკი შემემთხვა. იმ ჯგუფს კი გავყევი, ვისაც გადამყვანი ჰყავდა, მაგრამ მაინც შორი გზის გავლამ მოგვიწია. თითქმის ორი საათის განმავლობაში ხან მკერდამდე წყალში მივტოპავდით, ხანაც ყელამდე ჭაობში. ტემპის შენელება არ შეიძლებოდა და გავრბოდით. კუბელებს გადამყვანმა აუხსნა, რომ კედლის გასწვრივ, სულ მარჯვნივ უნდა ევლოთ და ჩვენც ვცდილობდით არ ჩამოვრჩენილიყავით... რამდენიმეჯერ პატრულის ხმა გავიგონეთ და დავიმალეთ... ასე გადავლახეთ არხი, მაგრამ პანიკა არ გვქონდა განელებული, როგორც კი პატრულის ხმას გავიგონებდით, დამალვას ვცდილობდით. არადა, შემდეგ გავარკვიე, რომ არხის იქით მექსიკელი პატრულის უფლებამოსილება არ ვრცელდება.

- შემდეგ რა მოხდა?

- ღობეს როგორ კი გავცდით და გავაცნობიერე, რომ ამერიკის საზღვარზე ვიყავით, მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ ჩვენი რვაკაციანი ჯგუფის გარდა, უკან ემიგრანტების დიდი ნაკადი მოგვყვებოდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათი, ოცი ან ოცდაათკაციანი ჯგუფები მორბოდნენ. კიდევ კარგი, ამერიკის ტერიტორიაზე ემიგრანტებისთვის ბოთლებითა და ბიდონებით ხელ-პირის დასაბანად წყალი, ბიოტუალეტები, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ადგილებია მოწყობილი, არხის გამოცურვის თუ გადმორბენის შემდეგ ტალახში ვიყავით ამოსვრილი. შემდეგი ნაბიჯია ლოდინი, პატრულს ელოდები. როდესაც მესაზღვრეების მანქანა მოვიდა და იქიდან მექსიკელები გადმოვიდნენ, შევშინდი, ისევ მათ ტერიტორიაზე ხომ არ ვარ-მეთქი... სხვები მათკენ წავიდნენ, ჩვენ შევყოვნდით. მესაზღვრე გოგონამ შეგვატყო, რომ თავს ვიკავებდით და გვითხრა, ნუ გეშინიათ, გამოგვყევითო. ამერიკის სასაზღვრო პოლიცია ყოფილა. გვითხრა, თუ მომავალში აქ ლეგალურად აპირებთ ცხოვრებას, ეს ერთადერთი გზაა, თუმცა თქვენი ნებაა, შეგიძლიათ თვითნებურად შეხვიდეთ სახელმწიფოში, მაგრამ პოლიციასთან პირველივე შეხვედრისას პრობლემები­ ­შეგექმნებათ, კანონიერად ცხოვრების უფლებას ვერასდროს მოიპოვებთო. დავმშვიდდით და გავყევით. რამდენიმე კაცი შეგვკრიბეს, საბუთები გამოგვართვეს, ჩვენი მონაცემები ჩაიწერეს და ავტომანქანით ბორდერში გადაგვიყვანეს. ეს იყო პირველი მიღების ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი იყო თავმოყრილი. მოგვიტანეს სასმელი წყალი, გვირიგებდნენ საკვებს. ჩვენი ნაკადიდან ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც მეორე დღეს გამოკითხვა ჩაუტარდა.

- რა გკითხეს?

- ცალკე შენობაში პოლიციის ინსპექტორთან ერთად გამიყვანეს და ორ საათზე მეტხანს მეკითხებოდნენ, ვინ ვიყავი, საიდან, რატომ დავტოვე რუსეთი, რა წინა პირობები უძღოდა ჩემს გადაწყვეტილებას... ვუთხარი, რომ რუსეთში ჩემი დაბრუნება სახიფათო იყო და ამერიკაში პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვდი. შემეკითხნენ, რომელი ენის თარჯიმანი გჭირდებაო, ვუთხარი, რომ ქართველი ვარ, მაგრამ რუსულადაც ვსაუბრობ-მეთქი, მაგრამ ყველა ენის თარჯიმანი ჰყავდათ. მოკლედ, დეტალურად მოვყევი ყველაფერს... თუმცა ამის მერე დაიწყო მთელი თავგადასავალი, ერთი თვის განმავლობაში ორ შტატში, არიზონასა და ტეხასში ოთხი ციხე და ორი ბორდერი გამოვიარე. მიზეზი ახლაც არ ვიცი და არც არავის აუხსნია. პირველივე ინტერვიუს შემდეგ მე და ერთი რუსი ციხეში გადაგვიყვანეს, ავტობუსსა და თვითმფრინავში, ბორკილები არ მოუხსნიათ - ხელ-ფეხზე მეკეთა, ორივე კიდური ჯერ წელზე შემორტყმულ რკინის რგოლზე, მერე კი ერთმანეთზე მქონდა მიბმული. ფეხსაცმლის თასმები, ქამარი, ქუდის ზონარიც კი მომხსნეს... შემდეგ გავიგე, სუიციდის ფაქტები დაფიქსირებულა, სამ სომეხს ჩამოუხრჩვია თავი ციხეში და მას შემდეგ გამკაცრებულა რეგულაციები. ყველა ადამიანს ერთნაირი ნებისყოფა არა აქვს და ეტყობა, ვიღაცებმა ვერ გაუძლეს. მანამდე მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, არავინ არაფერს მიხსნიდა, ერთადერთხელ ვკითხე პოლიციელს, - რისთვის არის ეს საჭირო-მეთქი და, ასეთი რეგლამენტი გვაქვსო. პირველად კალიფორნიის შტატის ციხეში ვიყავი. ვის არ ნახავდით, ქართველებს, რუსებს, ჩეჩნებს, ყაზახებს, უზბეკებს, ინდუსებს... მაგრამ ეს რა მოსატანია რუსებთან, რომლებიც თითქმის ყოველდღე 50-კაციან ჯგუფებად შემოჰყავდათ. ციხეში ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო. თავისი რეჟიმი ჰქონდა და არევას ვერავინ ბედავდა. გვქონდა სამჯერადი კვება, წყალი, ჰიგიენა.

ბორდერებში ჩვენი მონაცემები ბაზაში შეიტანეს, ფოტოები გადაგვიღეს, თითის ანაბეჭდები აგვიღეს და კითხვები დამისვეს.

იქ ბევრად მძიმე სიტუაცია იყო. ერთ პატარა სივრცეში რამდენიმე კაცი ვიყავით, ძალიან უხეშები იყვნენ ინდუსები, გვატემალელები და მექსიკელები. ზოგიერთი ისე ველურივით იქცეოდა, პოლიციელი შემოდიოდა და დეტალურად უხსნიდა მაგიდის, სკამის, ონკანის, ნიჟარის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთის გამოყენებას. როდესაც ერთ პატარა სივრცეში ხარ, ძნელია ამის ატანა. შეიძლებოდა მათთან კონფლიქტი მოგვსვლოდა, თუმცა თავს მაქსიმალურად ვაკონტროლებდით, რადგან ვიცოდით, ეს ჩვენი ცხოვრების დასასრულს ნიშნავდა - ასეთი წინა პირობებით ციხეში წასულ არალეგალს არავითარი შანსი აღარ აქვს...

არიზონის შემდეგ ტეხასში გადამიყვანეს, 80-კაციან ბარაკში. გვქონდა ტელევიზორი, პლანშეტები და დღეში რამდენჯერმე შეგვეძლო სატელეფონო ზარითა და ვიდეოზარით სარგებლობა. ფაქტობრივად, სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა ჩაგვიტარეს. თირკმელებში ოცამდე სხვადასხვა ზომის კენჭი მაქვს და ექიმებმა გამაფრთხილეს, რაც შეიძლება მეტი წყალი სვიო. ზოგან ონკანის წყალი არ ვარგოდა, ბოთლებით შემოტანილი წყალი კი ყოველთვის საკმარისი არ იყო. ჩემამდე ჩეჩენ ბიჭს დაემართა­ შეტევა და რახან ეს ჩემთვის ნაცნობი პრობლემა იყო, ექიმის მოსვლამდე დავეხმარე, წყალი ვასვი, ფეხები სითბოში უნდა ჰქონოდა და სხვა. მას ოპერაცია დასჭირდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოწერის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ტეხასში, მონტგომერის ციხეში მეც მომცა შეტევა. დაცვის პოლიციამ მაშინვე ექიმი გამოიძახა. საავადმოფოში ბორკილებით გადამიყვანეს. ოპერაცია არ დამჭირდა, მაგრამ მიმკურნალეს და ციხეში დამაბრუნეს.

- როგორ გაგათავისუფლეს?

- შევნიშნეთ, რომ ვისაც კოვიდვირუსის პსრ-ტესტს უღებდნენ, გათავისუფლების კანდიდატი იყო. ექიმები კამერაში ხშირად შემოდიოდნენ და სულ ხელებში ვუყურებდით, რა სამედიცინო მანიპულაციას შეასრულებდნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ციხესა და ბორდერში როგორი ადამიანები დაგხვდებიან. მე ერთი თვე გავატარე ციხეებსა და ბორდერებში, სხვები ორი-სამი ან ექვსი თვეც დაუტოვებიათ. ტეხასის ციხეში ერთი მექსიკელი გაიყვანეს და პსრ-ტესტი გაუკეთეს. მივულოცეთ, რამდენიმე დღეში თავისუფალი იქნები, გაგიმართლაო, მაგრამ კრიმინალი აღმოჩნდა, მექსიკაში ეძებდნენ და ამერიკამ გადასცა. დარწმუნებული ვიყავი ჩემს წარსულში, მაგრამ იქ არავინ იცის, რა იქნება. ერთ დღესაც მოულოდნელად სასამართლო პროცესი დამინიშნეს. ვიცოდი, რომ ასეთ დროს გადასახადს უწესებდნენ 10-20 ათასი დოლარის ოდენობით. ჩემთვის კიდეც რომ დაენიშნათ, გადამხდელი არ ვიყავი. 19 მაისს დაინიშნა პროცესი. თანდათან დეპრესია მერეოდა. მეგობარს ვეუბნებოდი, ისეთი პირი უჩანს, აქედან კარგა ხანს არ გამიშვებენ და მგონი, დროა ციხეს შევეგუო-მეთქი. სასამართლომდე ორი დღე იყო დარჩენილი. ამ დროს კარი გაიღო, ჩეჩენი ბიჭი შემოვარდა, ქობალია, პსრ-ტესტი მოაქვთ შენთვისო. სიხარულით საწოლიდან ვერ წამოვდექი. უკვე გასაგები­ იყო, მიშვებდნენ. პირადი ნივთები და ცოტა ფული მქონდა და პირველივე დღეს ჩამომართვეს. ნაწილს იმ ციხის პლანშეტზე მირიცხავდნენ, რომელშიც გადავყავდით, რათა საჭიროების შემთხვევაში, მესარგებლა. ჩემთან ერთად ათი კაცი გამოუშვეს, ჩვენი ნივთები, ტელეფონები და დარჩენილი თანხა გადმოგვცეს და გვკითხეს, ვისთან მივდიოდით, ვინ გვყავდა პატრონი. ამერიკაში უამრავი მეგობარი მყავს, სამშენებლო კომპანიაში მუშაობენ, ცეკვავენ, წრეები აქვთ... ერთადერთი, რაც არ დამიბრუნეს, პასპორტი იყო. შუა ქალაქში რომ გამიყვანეს, გადმომცეს დოკუმენტი, რომლითაც შიდა გადაადგილებას შევძლებ. პირველი სასამართლო პროცესი 2023 წლის თებერვალში იყო დანიშნული, მაგრამ მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოუტანიათ. ეს კარგია თუ ცუდი, არ ვიცი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკა პოლიტიკურ თავშესაფარს მომცემს.

- ოჯახი რუსეთში გყავთ?

- დიახ. ძალიან მალე მეოთხე შვილს ველოდები და მინდა ისინი ამერიკაში ლეგალურად ჩამოვიდნენ. არავის ვუსურვებ იმის გამოვლას, რაც მე გამოვიარე.