"ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს - უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო" - ელაშვილების ოჯახის გაუგონარი ტრაგედია - კვირის პალიტრა

"ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს - უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო" - ელაშვილების ოჯახის გაუგონარი ტრაგედია

საშინელი ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა და დღემდე დავიწყებას არ მისცემია, სიღნაღში გასულ საუკუნეში მოხდა. სოფელ ჯუგაანში ორსართულიანი ძველი სახლი საზარელი ღამის გაუგონარ ამბებს ახლაც ინახავს. 1921 წელს ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს - უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო. ელაშვილების ოჯახში სასტიკ სისხლის ღვრას მხოლოდ რამდენიმე წევრი გადაურჩა.

რუსული ხიშტის ნაკვალევშემორჩენილი­ სახლის სანახავად ელაშვილებთან ჩავედით. ტრაგედიას გადარჩენილთა შთამომავლებმა გვითხრეს, რომ მათი წინაპრები, რომელთაც ქიზიყში დაბანაკებულმა რუსმა­ წითელარმიელებმა ორსული ცოლები და შვილები ჯერ უწამეს, მერე კი დაუხოცეს, მალევე მეორედ დაქორწინდნენ. გვარი რომ არ გადაშენებულიყო, ზოგმა გერებიანი ქალი შეირთო და საკუთარი შვილებიც გააჩენინა. ამ ტრაგიკული სახლის მიმდებარედ ახლა ელაშვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და ყველა იმ დიდი საგვარეულოს წარმომადგენელია.

მარინე ელაშვილი, ტრაგედიას გადარჩენილი შაქრო ელაშვილის რძალი:

- ჯუგაანში ყველა მეტყავიანებს გვეძახის. ჩვენს დიდ წინაპარს, ტატიკო ელაშვილს, მეტყავიანთ ტიტე იმიტომ შეარქვეს, რომ ტყავის გამოქნა და ტყაპუჭების კერვა ჰქონდა ნასწავლი თბილისში ვინმე გულბაათ ქართველიშვილისგან. მას კახეთში ამ საქმით ჰქონია სახელი განთქმული. ობლობაში გაზრდილ ბიჭს თავის მეუღლე მართასთან ერთად დიდი ოჯახი შეუქმნია - 6 ვაჟი და ორი ქალი ჰყოლიათ. ერთი ვაჟი მალევე გარდაცვლიათ.

საქართველოში საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შემოსვლის პერიოდში ტიტეს მონაგარი - 5 ძმა შვილებითა და შვილიშვილებით ერთად ცხოვრობდნენ ამ საშინელების შემსწრე სახლში. ტიტეს ქალიშვილები გათხოვილი ჰყავდა. ცნობილი მეტყავის 28-სულიანი ოჯახი შეძლებული იყო. შრომა არ ეზარებოდათ - ჰყავდათ ბევრი ცხვარ-ძროხა, უვლიდნენ ვენახებს, ალაზნის ველზე მარცვლეული მოჰყავდათ და ღორის ფერმაც ჰქონდათ.

მოკლედ, კაცები მეურნეობას უძღვებოდნენ, ქალები შვილებს ზრდიდნენ, ბედნიერად ცხოვრობდნენ. ზამთარ-ზაფხულ ბეღელი სავსე ჰქონდათ და სხვებსაც ეხმარებოდნენ. როგორც ჩანს, ტიტემ ტყავის წარმოება შვილებსაც ასწავლა, რადგან მათ საქმიანობაში მთავარი მაინც მეტყავეობა იყო.

- ტრაგედიის შესახებ მოგვიყევით...

- იმ დროს, როცა ელაშვილების ოჯახში ეს საშინელება დატრიალდა, ტიტე უკვე მოხუცი და მხედველობადაკარგული იყო. ის მეუღლესთან ერთად პირველ სართულზე ცხოვრობდა, მეორეზე კი მათი შთამომავლები. მამამთილისგან ვიცი, რომ კახეთის მაზრაში ასეთი დიდი სახლი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ჰქონდა და ერთ-ერთი ელაშვილების იყო.

მეტყავიანთ ოჯახში საშინელება კვირას, ღამით დატრიალდა. კაცებს დილით ბაზრობაზე წაუსხამთ გასაყიდი ცხვარ-ძროხა. შუადღეს თანასოფლელს, ოჯახის ნათლიას დაუნახავს, როგორ წამოიღეს ურიკით ბაზრიდან ფულით სავსე რამდენიმე ტომარა. ოჯახის დაყაჩაღებაც ამან გადააწყვეტინა. ცხადია, ამ საქმეს მარტო ვერ მოაგვარებდა, ამიტომ დახმარება წითელწყაროში (ამჟამად დედოფლისწყარო) დაბანაკებულ მე-11 არმიის რუსი ჯარისკაცებისთვის უთხოვია. ყაჩაღობის გეგმაც ერთად შეუმუშავებიათ, რაშიც კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი დაუხმარებიათ.

ელაშვილების ოჯახში საყაჩაღოდ მისულებისთვის წინააღმდეგობა რომ არავის გაეწია, ერთი ადამიანი წინასწარ გაუშვიათ და დაუვალებიათ, გაეფრთხილებინა ოჯახი, რომ შემოწმებაზე დადიოდნენ და იარაღი უნდა გადაემალათ. მათაც დაუჯერეს თანასოფლელს და ისე გადამალეს იარაღი, მისი პოვნა ათწლეულების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. სულ ახლახან მივაგენით სხვენში ხანჯალსა და თოფს.

კვირა საღამოს, შებინდებისას, 11 კაცი დაესხა თავს ოჯახს, უმეტესობა რუსი ჯარისკაცი იყო. თავდაპირველად იარაღი მოსთხოვეს. ელაშვილებს უთქვამთ, არა გვაქვსო, მაგრამ არ დაუჯერეს, თავი დაიზღვიეს და სახლი გაჩხრიკეს. როცა ვერაფერი იპოვეს და დარწმუნდნენ, რომ მართლაც უიარაღოდ იყო ოჯახი დარჩენილი, ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს.

ამ დროს ოჯახში მხოლოდ ტიტეს ორი ვაჟი იმყოფებოდა. ოჯახის დანარჩენი წევრები ქალები და ბავშვები იყვნენ. იმ საბედისწერო ღამეს ელაშვილებს რამდენიმე სტუმარიც ჰყავდათ - გათხოვილი, ახალნამშობიარები ქალიშვილი ახალშობილით და ორი პატარა, უდედმამო გოგონა, რომელთაც ოჯახი პატრონობდა. თავდამსხმელებს ოცამდე ადამიანი დახვდათ სახლში, მაგრამ იარაღის გარეშე თავდაცვა მაინც ვერ შეძლეს. რამდენიმე მათგანი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

- ფიქრობთ, რომ ოჯახის ამოხოცვა წინასწარ ჰქონდათ განზრახული?

- არა მგონია. ალბათ, ფიქრობდნენ,­ რომ განიარაღებულები წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, ფულს მისცემდნენ და ისინიც წავიდოდნენ, მაგრამ მწოლიარე მათო ბებოს ერთ-ერთი თავდამსხმელი უცნია. უთქვამს, შენ ჩვენი ნათლია არა ხარ, ამას როგორ კადრულობ, ოჯახს რატომ მიუბედურებ, ხომ იცი, არ შეგრჩებაო. ამის შემდეგ თავდამსხმელები გარეთ გასულან და ერთად გადაუწყვეტიათ მათი დახოცვა. საწყალი ქალები თურმე ეხვეწებოდნენ, ყველაფერი წაიღეთ, ოღონდ ნუ დაგვხოცავთო, მაგრამ გადაწყვეტილება აღარ შეუცვლიათ.

რუსმა ჯარისკაცებმა ჩვენი ოჯახის წევრებს ყელი გამოჭრეს და აჩეხეს. ვინც ნახა ეს საშინელი სურათი, თურმე ამბობდა, გაწვრთნილი ჯარისკაცების გაკეთებულია­ - სიკვდილი ერთია და ასეთი წამება, მეორეო. ფული ვერ იპოვეს, მაგრამ რაც ოქრო ჰქონდათ, სულ წაიღეს. ოქროს სამკაულები ეკეთათ ქალებს და ისინიც ჩამოგლიჯეს - ყველა გარდაცვლილი გაძარცული იყო.

tragedia2-1657456053.jpg
"სოფელ ჯუგაანში, ძელიცხოვლის ტაძრის წინ, სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს ჩვენი ოჯახის 17-ვე წევრი. შემდგომ კომუნისტებმა სასაფლაოს ადგილზე შინმოუსვლელთა ობელისკი დადგეს და მიცვალებულები სხვაგან გადაასვენეს, მხოლოდ ელაშვილების 17 საფლავს არ ახლეს ხელი. საფლავებს ადევს დიდი ქვა, რომელზეც სანდრო შანშიაშვილის საზოგადოებისთვის უცნობი ლექსი წერია: "აქ განისვენებს 17 გვამი, მტრებმა ჩაუქრეს სიცოცხლის წამი..."

- როგორც ვიცი, იმ საშინელ ღამეს სიკვდილს გადაურჩა რამდენიმე ადამიანი. მათგან შეიტყვეს, რა მოხდა?

- გადარჩნენ ნაშვილები გოგონები, ახალნამშობიარებმა ქალმა თურმე კალთის ქვეშ შეიფარა ორივე. ქალი მოკლეს, მაგრამ გოგონები გადარჩნენ, მაგრამ ისე იყვნენ თავზარდაცემულნი ორივე მალევე­ გარდაიცვალა. პატარა და-ძმა ბუხარში დაიმალა და ისინიც გადარჩნენ. გადარჩა აკვანში ჩაკრული ახალშობილიც. მას საბნები ჰქონდა ზედ დაყრილი და როგორც ჩანს, ვერ შეამჩნიეს. უდედმამოდ დარჩენილი

პატარა თამარი ლაგოდეხში ნათლიას წაუყვანია და საკუთარი შვილივით გაუზრდია. შემდეგ მაჩხაანში გაათხოვეს. ის სიღნაღის საკრებულოს წევრის, გია ელაშვილის პაპის და იყო. რაც შეეხება გიას პაპას, ბესოს, იმ დღით ის ბებიას გაუგზავნია სოფელ მაჩხაანში რაღაცის წამოსაღებად და ამიტომ გადარჩა. შემდგომ ბესო ელაშვილმა ზოოვეტერინარიის ფაკულტეტი დაამთავრა და უძლიერესი ექიმი გახდა. მან მსოფლიოში პირველმა გაუკეთა ძროხას საკეისრო კვეთა.

მოხუცი ტიტე პაპაც გადარჩა. ბრმა იყო და ვერ დაინახა, რა ხდებოდა, თუმცა ესმოდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის სახლში. თურმე თავდამსხმელებს ხელებით იგერიებდა, ამიტომ მოხუცს ხელები ხმლით ჰქონდა დაჩეხილი.

- სახლში დაბრუნებულ მამაკაცებს ეს საშინელი სურათი რომ დახვდათ, რა მოიმოქმედეს?

- იმ დროს ელაშვილების შორიახლოს არავინ ცხოვრობდა, რადგან წინ თამბაქოს პლანტაციები ჰქონდათ, გვერდით კი დიდი ზვრები... სანამ სამუშაოდან არ დაბრუნდნენ ოჯახის კაცები, ელაშვილების ტრაგედიის ამბავი ვერავინ გაიგო. სისხლის გუბეები დახვედრიათ სახლში. ქალი აღარ დარჩათ, რომ ვინმეს ეტირა და ეგლოვა მიცვალებულები. მთელი კახეთის მაზრა მიდიოდა სამძიმარზე.

ერთხელ თბილისში შემახვედრეს საფრანგეთიდან ჩამოსულ ქართველს, რომელმაც მითხრა, რომ ლევილში ქართველები მეტყავიანთ ოჯახის გარდაცვლილ წევრებს ყოველ შაბათ-კვირას პარაკლისს უხდიდნენ, ისე განიცადეს მათი ტრაგედია.

საქმეზე გამოძიება ჩატარდა. გადარჩენილი ტიტე პაპა ყველაფერს მოყვა და დააპატიმრეს თავდამსხმელები, მაგრამ სასჯელს ორი წლის განმავლობაში არ უსჯიდნენ. ელაშვილები სასამართლოში სისტემატურად დადიოდნენ ამბის გასაგებად, მაგრამ პასუხს არ სცემდნენ.

პოეტი სანდრო შანშიაშვილი ჩვენი სოფლიდან იყო. ამოწყვეტილი ოჯახის ჭირისუფლები სამართლიანობის აღსრულებას ითხოვნენ, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, პოეტთან მივიდნენ და დახმარება სთხოვეს. ელაშვილებს ერთ-ერთი მოკლული ბავშვის მოკვეთილი ხელი ჰქონიათ შენახული და ისიც თურმე თან დაჰქონდათ. სანდრო შანშიაშვილმა ურჩია, როგორ მოქცეულიყვნენ და, ბოლოს და ბოლოს, ჩატარდა გაუგონარი სისხლის ღვრის მომწყობთა სასამართლო პროცესიც, თუმცა ამასობაში რუსეთის არმიის მე-11 პოლკის მეთაურმა მოასწრო და თავდასხმაში მონაწილე ორი ჯარისკაცი რუსეთში გააპარა.

სასამართლომ თავდასხმის ორგანიზატორ-მონაწილეებს დახვრეტა მიუსაჯა, რამდენიმე ადამიანს კი, რომლებიც გულუბრყვილოდ დაეხმარნენ მათ, 10 წელი. ჩემს მამამთილს უხვეწნია, ერთ-ერთი მაინც მე მომაკვლევინეთო. ეტყობა, უნდოდა ოჯახის ამოწყვეტისთვის ჯავრი ასე მაინც ეყარა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. ელაშვილების თვალწინ დახვრიტეს მთავარი დამნაშავეები, მათ შორის ოჯახის ნათლია, რომელმაც თავდასხმა დაგეგმა.

- ახლა რომ ვნახეთ, ამ სახლიდან გაასვენეს 17 მიცვალებული?

- დიახ. სოფელ ჯუგაანში, ძელიცხოვლის ტაძრის წინ, სოფლის სასაფლაოზე გვერდიგვერდ დაკრძალეს ჩვენი ოჯახის 17-ვე წევრი. სიღნაღის მაზრის ყველა სოფლიდან ყოფილა ხალხი მოსული. შემდგომ კომუნისტებმა სასაფლაოს ადგილზე შინმოუსვლელთა ობელისკი დადგეს და მიცვალებულები სხვაგან გადაასვენეს, მხოლოდ ელაშვილების 17 საფლავს არ ახლეს ხელი. საფლავებს ადევს დიდი ქვა, რომელზეც სანდრო შანშიაშვილის საზოგადოებისთვის უცნობი ლექსი წერია: "აქ განისვენებს 17 გვამი, მტრებმა ჩაუქრეს სიცოცხლის წამი...".

ელაშვილების გადარჩენილ კაცებს შვილები აღარ დარჩათ. ძმებმა მოილაპარაკეს,­ მოდი, გერიანი ქალები მოვიყვანოთ, ჩვენებიც გავაჩენინოთ და ყველა ბავშვი ელაშვი­ლის გვარზე დავწეროთ, ასე გავამრავლოთ გვარიო. ამ საშინელების შემდეგ ელაშვილებს რწმენა შეერყათ. ნათელ-მირონს აღარ ენდობოდნენ, ისე იყო ოჯახი შეშინებული. შვილები რომ შემეძინა, მამამთილი არ მანათვლინებდა, რად გვინდა, ვინმე დავიახლოვოთ, ბოლოს მტრად არ გვექცესო...

ყველა ელაშვილმა უნდა იცოდეს იმ ტრაგიკული ღამის ამბავი - პატარამაც და დიდმაც. ვაპირებთ, ამ ბევრისმნახველ სახლს ახალი ფუნქცია შევძინოთ - შევარემონტოთ, ვაკურთხებინოთ და ელაშვილების თავშეყრის ადგილად ვაქციოთ. იქ შევიკრიბებით გადარჩენილი ელაშვილების შთამომავლები, იმ ქვეყნად უდროოდ წასულების ხსოვნის სადღეგრძელოს ვიტყვით და გავიხსენებთ ამბავს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. უფლის წყალობით, სანაქებო და წარმატებული თაობები გვეზრდება, ვმრავლდებით და ვმრავლდებით.

ნელი ვარდიაშვილი