„ათი წელი ვიჯექი ციხეში, როგორც ქმრის მკვლელი“ - კვირის პალიტრა

„ათი წელი ვიჯექი ციხეში, როგორც ქმრის მკვლელი“

ნუნუს მარცხენა ხელზე დიდი ნაიარევი შუათითიდან მკლავისკენ გასდევს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკოვანია და ხელებიც დაძარღვული აქვს, იარა ახალშეხორცებულივით ვარდისფერია. ნუნუ ამბობს, რომ ჭრილობა ძალიან ღრმა იყო და ამიტომაც დარჩა ასეთი ფერის. რამდენჯერაც დავხედავ, იმდენჯერ მახსენდება დღე, რომელმაც უფრო გამაუბედურა და თან თავისუფლებაც მომანიჭაო, არადა, იმ დღეს ნუნუ დააპატიმრეს... ქმრის მკვლელობის ბრალდებით. საუბარზე იმ პირობით დამთანხმდა, რომ არც ფოტოს გადავუღებდი და არც ნამდვილ სახელსა და გვარს ვიტყოდი. ნუნუ უკვე 79 წლის არის. ბავშვური, ნაზი და მშვიდი ხმა და წყლიანი, სევდიანი თვალები აქვს. ისეთი გამხდარია, უმწეოს შთაბეჭდილებას ტოვებს. წარმოვიდგინე, როგორი სიფრიფანა იქნებოდა 50 წლის წინ, როდესაც მაშინდელმა მილიციამ ხელზე ბორკილი დაადო.

ნუნუ: - კარგა ხანია, გავმართლდი და ამიტომაც თავისუფლად შემიძლია ლაპარაკი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც ძალიან მინდა, სადღაც ნაგვის ურნაში მოვისროლო, ან დავწვა. იმიტომ კი არა, რომ დამაბრალეს მკვლელობა­ კაცის, რომელიც მთელი არსებით მოძალადე იყო, იმიტომ კი არა, რომ ციხეში გამომკეტეს, არამედ იმიტომ, რომ წამართვეს შვილები, ცხოვრება...

ძალიან პატარა გამათხოვეს. სუსტი ხარ, ვინმემ რომ მოინდომოს, იოლად დაგჩაგრავსო, ამბობდა ნაადრევად დაქვრივებული დედაჩემი და ბებია, მამიდები, დეიდები კვერს უკარავდნენ. კაცები აღარ იყვნენ ჩვენს ოჯახში, ყველა მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა. ამიტომაც მშიშარა ქალები­ რასაც გადაწყვეტდნენ, ის იყო ჩემი და ჩემი დების ბედი, ძმა კი ისე პატარა იყო, ვერც ხვდებოდა, რა ხდებოდა. ასე გამატანეს არარაობას, რომელსაც შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახიდან იყო. დიდ დროს რუსეთში ატარებდა. დღემდე ვერ ვიხსენებ, იქ რას აკეთებდა, მაგრამ ფული არასდროს გვაკლდა, თუმცა ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე ჯოჯოხეთი იყო. 17 წლის მოკრძალებული გოგო ვიყავი. რა ვიცოდი კაცი, ან ქმართან როგორ უნდა მოვქცეულიყავი? არაფერი ვიცოდი, ის კი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, როგორც მხეცი და მოძალადე, რომელიც გამუდმებით ჩამძახოდა, რომ ლოდი და უსახური ვიყავი. ვითმენდი. რომ არ მომეთმინა, სად წავსულიყავი? დედაჩემთან და მამიდებთან აღარავინ მიმიღებდა. ის სულ წასული­ იყო, როდესაც ბრუნდებოდა, ღრეობდა... ვერც ბავშვების დაბადებამ გააიოლა საქმე. მხოლოდ მაშინ ვიყავი ბედნიერი, როდესაც ქმარი რუსეთში მიდიოდა და ზოგჯერ რამდენიმე თვე არ ბრუნდებოდა. როცა ბრუნდებოდა, დამცინავად მკითხავდა, შენ ისევ ცოცხალი ხარო? მერე იწყებოდა მის მეგობრებთან ერთად გაუთავებელი ქეიფები და მე, როგორც მკვირცხლი მონა-მოსამსახურე, ციბრუტივით ვტრიალებდი, ის კი მაინც უკმაყოფილო იყო. ყოველ წამს მამცირებდა. მაგალითად, ცოლების სადღეგრძელოს რომ იტყოდნენ, დამიძახებდა, გაგიმარჯოს, ოჯახის დიასახლისოო, მერე კი დააყოლებდა, ისე, რას ეღირსე, შე საცოდავო, ამ ოჯახს მზეთუნახავი უნდა დიასახლისობდეს, მაგრამ არ გამიმართლაო... როგორი მოსათმენი იყო? ამივარდებოდა ტირილი და სამზარეულოში გავრბოდი თავჩაქინდრული, მაგრამ გამოვარდებოდა, დამავლებდა ხელს და მიმათრევდა, როგორ გაბედე ჩემი ნებართვის გარეშე ოთახიდან გაქცევა, ჩემს ძმებს პატივს როგორ არ სცემ, მეც მათ თვალწინ როგორ მამცირებო. მისი მეგობრები წამოიშლებოდნენ, აწყნარებდნენ, ცოლს ასე არ უნდა ექცეოდეო. ბავშვებიც ატირდებოდნენ და იდგა ჯოჯოხეთი. მერე, როგორც კი სტუმრები კარს გაიხურავდნენ, უმოწყალოდ მცემდა. იმ დღეს გადაწყვიტა, მოვეკალი, წინააღმდეგობის დროს დანა მკლავში ჩამარტყა და შუა თითამდე ჩამფატრა. სანამ ტკივილისგან გონს დავკარგავდი, დავინახე, როგორ წაბარბაცდა და დაეცა. გონს რომ მოვედი, სისხლის გუბეში იწვა. როგორც ჩანს, ღმერთი კი არა, ეშმაკიც დაიღალა ჩემი ტანჯვით და წაიყვანა - იმავე­ დანაზე, რომელიც მე ჩამარტყა, მკერდით დაცემულიყო. მილიციას მე დავურეკე. როცა მოვიდნენ და გვამი ნახეს, მოითხოვეს, ქმრის ნათესავების ტელეფონის ნომრები მიმეცა. მოვიდნენ დედამთილი, მამამთილი, მული, სხვები. მილიციას უთხრეს, რომ მე მოვკლავდი. ხმას ვერ ვიღებდი, თან ხელიდან გაუჩერებლად მდიოდა სისხლი. მინდოდა, ბოლომდე დავცლილიყავი და სამუდამოდ დასრულებულიყო ჩემი ტანჯვა. ბოროტი ქმრისგან გავთავისუფლდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისმა უფრო ბოროტმა ნათესავებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ციხეში დიდი ხნით დავრჩენილიყავი, დედობა ჩამომრთმეოდა და ჩემი შვილები მათ გაეზარდათ. ათი წელი ვიჯექი ციხეში, როგორც ქმრის მკვლელი. მხოლოდ ჩემმა დისშვილმა არ მიმატოვა. ის ამბავი რომ მოხდა, მაშინ ჩაირიცხა იურიდიულზე. როცა სანახავად მოვიდა და ყველაფერი გამომკითხა, მითხრა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა, სიმართლეს დაამტკიცებდა. რანაირად უნდა ეშველა? არ არსებობდა სამხილი, რომელიც ჩემს უდანაშაულობას დაადასტურებდა. ქმრის ნათესავებმა საგამოძიებო სამსახურს ყველაფერი ისე დააწერინეს, როგორც მათ აწყობდათ. ათი წლის შემდეგ, როდესაც მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი, გავხევდი. არ მჯეროდა. გარეთ ჩემი თინიკო დამხვდა და გულში ჩამიკრა. მაპატიე, რომ ამდენ ხანს ვერ შევძელი, მაგრამ ახლა ვეღარავინ დაგჩაგრავსო. ჩემი მულისშვილი დაუჭერია ქრთამზე. ვიცოდი, რომ მაქინაციებს ეწეოდა და სხვა გზა არ მქონდა, სულ კუდში დავდევდი, რომ ფაქტზე გამომეჭირაო. როდესაც ჩემი მული მასთან მისულა, თინიკოს უთქვამს, აღიარეთ, რომ მამიდაჩემი მართალია, აღიარეთ, სინამდვილეში როგორ გააყალბეთ სამხილები, რომ მის წინააღმდეგ გემოქმედათ და თქვენს შვილს გავათავისუფლებო. აღიარებითი ჩვენება ჩაიწერა და წარადგინა, სადაც ჩემი ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. გამამართლეს. რა თქმა უნდა, არც მულისშვილისთვის უპატიებია ვინმეს ქრთამი და არც ჩემი მულისთვის გადაუსვამთ თავზე ხელი - კანონის მიხედვით ზღო.

- შვილები სად იყვნენ, როცა ციხიდან გამოხვედით?

- შვილები ისე მოწამლეს, დღემდე არ მაღიარებენ. ჩემი თინიკოა ჩემი შვილი­, მისი შვილი და შვილიშვილები კი - ჩემი შთამომავლები. ჩემმა შვილებმა სამუდამოდ უარმყვეს. ყოველდღე მათთვის ვლოცულობ და შვილებთან იდუმალ კავშირს ვგრძნობ. მჯერა,­ როცა მოვკვდები, საფლავზე მაინც მოვლენ და ინანებენ, რომ გული ძალიან მატკინეს. დღეს რომ ვუყურებ, როგორ ხოცავენ ქმრები ცოლებს, გული ისევ ისე მტკივა, როგორც მაშინ, როდესაც ჩემი ქმარი უმოწყალოდ მცემდა, მე კი ვითმენდი, იმიტომ, რომ წასასვლელი არსად მქონდა. მინდა ყველა მშობელს ვთხოვო: თქვენი ქალიშვილების განათლებაზე იზრუნეთ, რომ ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები იყვნენ და შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების სურვილისამებრ მართვა. არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყვნენ გოგონები. მგონია, რომ მათ უმრავლესობას სწორედ ძალადობის მსხვერპლი და ამ ძალადობასთან შეგუებული ქალები ზრდიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქმარს უნდა მოუთმინო. არავის უნდა დაუხარო თავი, როცა მართალი ხარ, მაგრამ ამას მაშინ შეძლებ, როდესაც ზურგს უკან ძალას გრძნობ. ვინც ამას ვერ გრძნობს, ის კვდება, ან კლავენ.

სოფო გამრეკელი