"ეს ომი გაყიდული იყო... ისიც ვიცი, რომელ დღეს გაიყიდა" - კვირის პალიტრა

"ეს ომი გაყიდული იყო... ისიც ვიცი, რომელ დღეს გაიყიდა"

29 წლის წინ, 1993 წლის 2 ივლისს, დილის 5 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით 600-კაციანი დესანტი გადასხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დიდი დანაკარგი განიცადა "დუშეთის", "შავნაბადასა" და "ავაზას" ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს და ტამიშის ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდა. "ჩემთვის ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფრაგმენტია",­ - გვეუბნება ამ ბრძოლის მონაწილე, თადარიგის მაიორი მამუკა­ ნავდარაშვილი, რომელიც არა მარტო ტამიშის, აფხაზეთის ომის სხვა ბრძოლების დეტალებსაც იხსენებს.

"დილის 4-5 საათზე შემოვიდნენ რუსები და მძინარე ქართველები ჩახოცეს"

- იმხანად ბატალიონ "ორბის" მეთაურ დათო თევზაძის მოადგილე გახლდით. ახალ კინდღში ვიყავით, დილით განგაში რომ ატყდა. თავიდან არ ვიცოდით, რა ხდებოდა, მერე გავიგეთ... დაგვიკავშირდნენ, დაჭრილები გვყავს და მოგვხედეთ, ექიმები გვჭირდებაო, ჩვენც პოზიციიდან გადმოგვსხეს. ექიმები წავიდნენ, მაგრამ ადგილამდე ვერ მივიდნენ. მერე ჯგუფი წავიდა დასახმარებლად, ისინიც ვერ შევიდნენ ტამიშში, ვინაიდან აფხაზებსა და რუსებს მაგისტრალი აღებული ჰქონდათ. ტამიშში­ პოზიციაზე იდგნენ "ავაზა" და "დუშეთი". ვინაიდან "ორბი" დაზვერვა იყო, პოზიციებზე არ ვიდექით, სადაზვერვო სამუშაოებს ვასრულებდით, შეგვყავდა მოიერიშეებიც. ტამიშის ბრძოლაში თითქმის ყველა ბატალიონი მონაწილეობდა: "თეთრი არწივი",­ "შავნაბადა", "დუშეთი", "ავაზა" და "ორბი". ბრძოლა 10 დღეს გაგრძელდა. "ავაზა" და "დუშეთის" ბატალიონები რამდენიმე საათში აღარ არსებობდნენ, რადგან მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ოჩამჩირის მხრიდანაც და ზღვიდანაც შეუტია, ზურგიდან ხოცეს ბიჭები. დილის 4-5 საათზე შემოვიდნენ რუსები და, პრინციპში, მძინარე ქართველები ჩახოცეს.შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა "დუშეთის" ბატალიონმა მიიღო, 52 მებრძოლი დაიღუპა. მერე დათო თევზაძესთან ერთად დავიწყეთ გეგმის დალაგება და შეტევებზე ფიქრი. შეტევები გამოგვივიდა და ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა - მიუხედავად დიდი დანაკარგისა, შევძელით პოზიციების შენარჩუნება და საზღვაო დესანტის მთლიანად განადგურება.­ 11 ივლისს ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა დროებით ჩაშალა. ქართველმა მეომრებმა ივლისის დღეებში თავგანწირვის უდიდესი მაგალითი აჩვენეს. რუსების დესანტს გენერალი ლებედი ხელმძღვანელობდა, ზღვით გადმოსული იყო სადესანტო-მოიერიშე ჯგუფი "ვიქტორია" - ოფიციალური სამხედრო შენაერთი.

omi2-1657457569.jpg

- ამ ბრძოლაში თქვენ თვალწინ დაიჭრა "ორბის" მეთაური დავით თევზაძეც, რომელიც თქვენ გამოიყვანეთ სამშვიდობოს...

- დიახ, ბატონი დავითი 5 ივლისს დაიჭრა. ჩვენ ერთად ვიყავით ოპერაციაზე. თუ არ ვცდები, "მუხა" ისროლეს, ვიწექით, ისეთი სროლა იყო, დათომ თავი ასწია, რომ შეეფასებინა, რა ხდებოდა და ზუსტად­ მაშინ აფეთქდა ყუმბარა. 1 მეტრში ვიყავი მეც და ვხედავ, თავი მიწაზე უდევს და ცხვირიდან, ყურებიდან და პირიდან სისხლი მოსდის, გამოვიყვანე და დახმარება აღმოვუჩინეთ. ტამიშზე "ორბელები" არ დაღუპულან. მახსოვს, დუშეთის ბატალიონში 22 წლის გოგონა, ლელა ჭინჭარაული, რომელიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, მერე თოკი მოაბეს კისერზე და როგორც ძაღლს, ისე ატარებდნენ ფრონტის ხაზზე, ყველას რომ დაგვენახა. როგორც აღმოჩნდა, მერე მოუკლავთ. მათაც ჰყავდათ ბოევიკი ქალი - "კამა", ძალიან დაუნდობელი. ჩვენთან არასრულწლოვანი მებრძოლებიც იყვნენ, მოხალისეები.

- ტამიშის გარდა, რომელ ბრძოლებში მონაწილეობდით?

- ომის დაწყების პირველივე დღიდან აფხაზეთში ვიყავი და ყველა ბრძოლაში­ ვმონაწილეობდი. ტამიშის შემდეგ საჯარიმო ბატალიონი ჩახოცეს - ციხეებიდან გამოიყვანეს პატიმრები, ომში წაიყვანეს და დიდი დანაკარგი ჰქონდათ - 106 კაციდან 95 პატიმარი დაიღუპა. ომში სტრატეგიული მნიშვნელობისაა სიმაღლე, აფხაზებმა ვერ აიღეს პოზიცია და მერე ჩვენ მიგვიშვეს და ავიღეთ... მერე იყო ყველაზე გარდამტეხი პერიოდი - დროებითი დაზავება. ქართველებს მძიმე არტილერია გააყვანინეს და აი, იქ იყო, თუ იყო ქაოსი. ორჯერ ვარ დაჭრილი, ერთხელ გაგრაში, 5 ოქტომბერს, როცა სასტუმრო "გრებეშოკის" თავზე შამილ ბასაევს დავეჯახეთ და მეორედ 3 დეკემბერს.

- აფხაზეთის დაკარგვა წინასწარი შეთანხმების შედეგი იყო?

- დიახ, ეს ომი გაყიდული იყო... ისიც ვიცი, რომელ დღეს გაიყიდა - 1992 წლის 3 სექტემბერს სოჭში, არძინბა-ელცინი-შევარდნაძის შეხვედრის დროს გაფორმდა აფხაზეთის გაყიდვა. ჩვენ ზემო ეშერაში ვიყავით და როცა მოლაპარაკება დაიწყო, ამის შემდეგ გამოგვიყვანეს, აღებული­ სტრატეგიული წერტილი დაგვატოვებინეს.­ სწორედ ამ გამოსვლის დროს ყუმბარის აფეთქებას შეეწირა მსახიობი ლევან აბაშიძე, შევესწარი ამ ტრაგედიას...

27 სექტემბერს აიღეს სოხუმი, მძიმე ტექნიკა უკვე გაყვანილი იყო ომის ველიდან. მოგეხსენებათ, სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. ბრძოლები 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა, მასიურ შეტევას ქართული ნაწილები სუსტი შეიარაღებით როგორ გაუწევდნენ წინააღმდეგობას და ქალაქი დაეცა. ამ გადასახედიდან დარწმუნებული ვარ, ეს ომი გაყიდული იყო. სიმაღლეებს რომ აიღებ და გეტყვიან, დატოვეთო, სხვას რას ნიშნავს? გაგრაში, ტყეში რომ ვიყავი, რაღაც არჩევნები იყო, ვფიქრობდი, ამის მერე შეტევა იქნება გაგრაზე და მერე შევუერთდები ბიჭებს-მეთქი. მერე გაგრა არც აღარავის ახსოვდა, არც ის ჩარჩენილი ბიჭები, ვინც ავტომატი არ დადო, არ გადავიდა ფსოუზე და რუსებს არ ჩაჰბარდა (ბევრი ადლერში გადავიდა, ავტომატები ჩააბარეს რუსებს, რომ გადარჩენილიყვნენ). მებრძოლები მთავრობის უყურადღებობაზე ვბრაზობდით. რატომ შეწირეს ამდენი ბიჭის სიცოცხლე, რამდენი ბავშვი დატოვეს უმამოდ და რამდენი ქალი დააქვრივეს, დედები ძაძებით შემოსეს და რისთვის?! ჯერ შევარდნაძემ გაყიდა აფხაზეთი, მერე მიშამ მიაყიდა აფხაზეთ-სვანეთი. ცხინვალშიც ვიომე, იქაც იმედი გამიცრუვდა, ვინ მეთაურობდა, ვინ რას აკეთებდა, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდი, ტანკები "ურალებს" ასწრებდნენ. ვფიქრობ, ცხინვალის ბედიც გადაწყვეტილი იყო... რატომ მისცა სააკაშვილმა აფხაზეთ-სვანეთი რუსებს და ჯარი რატომ გამოიყვანა იქიდან? "მონადირე" ერქვა, თუ რაც იყო, ხეობას ხომ იცავდა და ნაცვლად იმისა, დახმარებოდნენ, მტერს ჩააბარეს ხეობა.