"იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ"
მერაბ კოკოჩაშვილის ფილმებზე თაობები აღიზარდა. მისი ღრმა, სულში ჩამწვდომი შემოქმედება ყოველთვის უყვარდათ საქართველოში. დღეს ცნობილი რეჟისორი ჩვენი სტუმარია და ჩვენი საზოგადოების პრობლემებზე გვესაუბრება:
- ბატონო მერაბ, დღევანდელ საქართველოში ხშირად ისმის კულტურის სამინისტროს კრიტიკა, განსაკუთრებით - ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე მოვლენების გამო... როგორ ფიქრობთ, სამართლიანია ეს კრიტიკა?
- რა ხდება ქართულ მუზეუმებში, არ ვიცი, მაგრამ კარგად ვიცი, რა ხდება ჩვენს სფეროში. კულტურის სამინისტრომ კინოსტუდია "ქართული ფილმისთვის" ბევრი კარგი საქმე გააკეთა. ჩვენ კარგა ხანს ვიყავით ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული, მაგრამ ორი წელია, "ქართული ფილმი" კულტურის სამინისტროს ექვემდებარება და ამ უწყებასთან სადავო არაფერია.
- თქვენი აზრით, რას უნდა დავაბრალოთ ე.წ. ჩავარდნა, რომელიც ქართულ კინოს თავისი "ოქროს ხანის" შემდეგ ჰქონდა?
- ის პერიოდი, რომელსაც თქვენ "ოქროს ხანა" უწოდეთ, მხოლოდ მატერიალურმა შესაძლებლობებმა კი არ განაპირობა, არამედ იმან, რომ ქართველმა რეჟისორებმა და ხელოვანებმა ყველას სათქმელი თქვეს. რეზო ჩხეიძის, თენგიზ აბულაძის, გიორგი შენგელაიას, ელდარ შენგელაიას, ოთარ იოსელიანის და სხვათა გამოჩენამ კინემატოგრაფში გამოიწვია ის, რომ 1980-იან წლებში ქართულ კინოს ფენომენი უწოდეს. დღეს რა ხდება? საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთ ქვეყანაში მხოლოდ კინოთეატრების შემოსავლით არსებობა შეუძლებელია. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ღარიბია, კულტურასა და, კონკრეტულად, ქართულ კინოზე, ძალიან მცირე თანხა იხარჯება. ჩვენხელა ევროპული სახელმწიფოები, მაგალითად, ბალტიისპირა ქვეყნები, ჰოლანდია, ფინეთი, შვედეთი და სხვები კინოზე 3-4-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ. ფინანსები ძალიან დიდ გავლენას ახდენს კულტურულ ცხოვრებაზე და საერთოდ, განათლებისა და კულტურის დონეზე, ამიტომ ხელისუფლებამ უპირველესად, ამ ორ სფეროზე უნდა იზრუნოს, თუ გვინდა, იმ მიზანს მივაღწიოთ, რომლისთვისაც ახლა მთელი საქართველო იბრძვის - შევუერთდეთ ევროპულ კულტურას.
- ამის გამო ვეღარ იღებენ საქართველოში ისეთ ფილმებს, როგორსაც ოთარ იოსელიანი, თენგიზ აბულაძე და სხვები იღებდნენ?
- კარგ ფილმებს ახლაც იღებენ, მაგრამ დღევანდელ რეჟისორებს არა აქვთ ყველაზე მთავარი - სისტემატური მუშაობის საშუალება. ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც წლების განმავლობაში ფილმს ვერ იღებს, ვეღარ ვითარდება და წინ ვერ მიდის. რა თქმა უნდა, ფინანსებს ჩვენს საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კინო ისეთი ხელოვნებაა, რომელშიც თანხა წინასწარ უნდა ჩადო, სხვაგვარად ვერაფერს შექმნი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა რეჟისორს უწყვეტი მუშაობის საშუალება ჰქონდეს. ამ სფეროში არა მხოლოდ სახელმწიფო უნდა აქტიურობდეს, არამედ - ბიზნესიც. ქართული ბიზნესი ჩვენი კულტურისა და ხელოვნებისთვის ყველაფერს უნდა აკეთებდეს, როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა. ყველამ იცის, რამდენი რამ გააკეთა მან ქართული კულტურისთვის, მაგრამ ერთი ადამიანი ცოდოა - მთელი საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ კულტურა და განათლება მოწინავე, ცივილიზებული ქვეყნის აშენების უმთავრესი საფუძველია.
- "ქართული ოცნების" ოპონენტები ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ბევრ რამეს, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო და არ გააკეთა. თქვენ რას იტყვით ამის თაობაზე?
- ზოგ-ზოგიერთებმა ოღონდ თვითონ მოიპოვონ თანამდებობა და ამის გამო ყველაფერს იკადრებენ. როგორ შეიძლება იმის დავიწყება, რაც ამ პიროვნებამ საქართველოსთვის გააკეთა? წესით, საქართველოში ყველა მისი მადლობელი უნდა იყოს. ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან რომ არ წასულიყო, ალბათ, დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სამწუხაროდ, ქართველები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ, ყველა იმას ამტკიცებს, რომ მისი მოსაზრებაა სწორი და უტყუარი. იმ საკითხებზეც ვერ შეთანხმებულან, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენი მომავალი უნდა განსაზღვროს. ლანძღავენ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში აღარ ერევა, რომელმაც ყველაფერი გვაჩუქა და გვითხრა, სიკეთისთვის მოიხმარეთო.
- თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს.
- ერთი არგუმენტი მაინც მოიყვანონ, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს! არ მართავს, წავიდა, სადავეები სხვებს მიანდო და გვითხრა, ქართველებო, თქვენ მართეთ ეს ქვეყანაო, ჩვენ კი ერთმანეთს გადავემტერეთ და დავერიეთ. დაგვავიწყდა სახარებისეული შეგონება: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ. ჩემი აზრით, განათლების დაბალმა დონემ გამოიწვია ის, რომ პოლიტიკაში ბევრი უცოდინარი ადამიანი მოვიდა, რომელთაც მხოლოდ ქვეყნის მართვა სურთ, მაგრამ როგორ მართონ, არ იციან. დამისახელეთ თუნდაც ერთი დაწესებულება საქართველოში, სადაც ამ საქმეს ასწავლიან - ასეთი დაწესებულება არ არსებობს და ამ სფეროშიც ბევრ შემთხვევით ადამიანს ვხედავთ. ვფიქრობ, პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არც ქვეყნის მართვა იციან და არც - საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჩვენთან კი ლამის ბავშვები იწყებენ პოლიტიკურ საქმიანობას ისე, რომ ამ საქმისა არაფერი გაეგებათ. როცა არ იცი, როგორ უნდა აშენო, ღირებულს ვერაფერს ააშენებ. ცუდად ნაშენებ სახლს მცირე მიწისძვრაც კი დაანგრევს და მეწყერი წაიღებს, მაგრამ თუ შენობას მტკიცე საფუძველი ექნება, მაშინ ვერაფერი მოერევა. როგორც ფილმის გადაღებას სჭირდება ცოდნა და გამოცდილება, ასევე სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობასაც.
- დაბოლოს, მოგვიყევით თქვენს ახალ ფილმზე, რომელსაც იღებთ. როდის ნახავს მას ქართველი მაყურებელი?
- წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან რეჟისორმა არასდროს იცის, როგორ ჩამოყალიბდება ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს მხატვრული ფილმია, რომელსაც უკვე სამი წელია, ვიღებ. დღევანდელ საქართველოში ფილმის გადასაღებად ურთულესი პირობებია: ფულის ნაწილ-ნაწილ მოწოდება ყველაფერს ძალიან ართულებს, მაგრამ იმედი მაქვს, ფილმს წლის ბოლომდე დავასრულებთ და მაყურებელს ის ძალიან მოეწონება.
ხათუნა ჩიგოგიძე