"რასაც ხელი მოჰკიდეს, ყველაფერი ინგრევა: შატილი ჩაბნელებულია. კოშკები ინგ­რევა, ამბულატორია არ მუშაობს, შუქი ქრება..." - კვირის პალიტრა

"რასაც ხელი მოჰკიდეს, ყველაფერი ინგრევა: შატილი ჩაბნელებულია. კოშკები ინგ­რევა, ამბულატორია არ მუშაობს, შუქი ქრება..."

"ბოლო წლებში ჩვენსავით რამდენიმე­ ახალგაზრდა ამოვიდა შატილს ახალი ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ ახლა ყველა უკან ბრუნდება. ჩვენც ვფიქრობთ ემიგრაციაში წასვლას. ეს არა მარტო ხევსურეთის, მთელი საქართველოს პრობლემაა, სამწუხაროდ. ნაცნობი და მეგობარი აღარ დამრჩა,­ ყველა წავიდა და დანარჩენებიც გაქცევაზე არიან... არადა, მშობლიურ კუთხეში სულ სხვა გეგმებით და ოცნებებით ამოვედი, რომლებიც თანდათან უკვალოდ ქრება. ყველა იმედი მეწურება", - მეუბნება შატილიონი გიორგი ჭინჭარაული, რომელიც 6 წელია, რაც წინაპართა კუთხეში,­ საგვარეულო კოშკში დასახლდა, იქვე სიყვარული იპოვა და გასულ წელს დაოჯახდა. დღეს გიორგი და მარგარეტი ელემენტარულ პირობებს ითხოვენ, მათი ხევსურული ზღაპარი რომ არ დასრულდეს.

- მეექვსე წელია შატილში ვარ, მანამდე სოფელ გამარჯვებაში ვცხოვრობდი.­ პირველად ხევსურეთში 15 წლის ასაკში ამოვედი, ბიძამ წამომიყვანა წინაპრების სოფელში. ეს იმხელა აღმოჩენა იყო ჩემთვის, იმ წელსვე გადავწყვიტე ხევსურეთში გადმოსვლა, საბუთები გადმოვიტანე და მე-11 კლასში შატილის სკოლა-პანსიონში ვისწავლე, ზამთარიც აქ გავატარე. მე-12 კლასში ისევ მომიწია ბარში დაბრუნებამ, ვინაიდან უმაღლესისთვის მინდოდა მომზადება და აქ ყველა საგნის პედაგოგი არ იყო. ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც მშენებ­ლობის ინჟინერია 3 წელი ვისწავლე. შემდეგ სწავლა შევწყვიტე, რადგან ისევ შატილში გამომიწია გულმა.­ ქალაქური ხმაურიანი ცხოვრება არასდროს მიზიდავდა, სიმშვიდე,­ მთები იყო ჩემი სტიქია.­ ამჟამად დასაქმებული ვარ ძეგლთა­ დაცვაში­, შატილის კოშკების მოვლა-დაცვა მევალება.­ მაქვს მეორე სამსახურიც მთის სათემო­ ქსელში, ფშავ-ხევსურეთში გავაკეთეთ ინტერნეტი. შარშან დავოჯახდი მარგარეტ დაიაურზე, ისიც ხევსურია, სოფელ მუცოდან. სამი წლის წინ ჩამოვიდა შატილში, საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგად დაიწყო მუშაობა, გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი... ჩემს საგვარეულო კოშკში ვცხოვრობთ, რომელიც დაზიანებული იყო და აღვადგინეთ. გასულ წელს მე და მარგარეტმა კოშკში კაფე "მზესუმზირა" გავხსენით, ტურისტებს ძალიან მოსწონთ. ბოლო 5 წელია, რაც ხევსურეთში თანდათან იკლო ტურისტების რაოდენობამ. წელს არც გაგვიხსნია კაფე, ვინაიდან აღარ არიან ტურისტები, თან შუქიც არ გვაქვს...

shatili2-1657462229.jpg

ჩვენს მხარეში ბოლო დროს ბევრი რამ კეთდება, ბევრი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ყველა უხეიროდ. ხალხის მოთხოვნაა პროექტები ბოლომდე მიიყვანონ, მაგალითად, გზის პროექტი, რომელშიც 25 მილიონი ლარი დაიხარჯა (შატილამდე მოსასვლელ ბოლო 50 კილომეტრზეა საუბარი), მაგრამ გზა ისევ დაზიანებულია. ისე ჩაიბარეს გზის მონაკვეთები, სამუშაოების მონიტორინგი არ გაკეთებულა, ბოლო 2 წელია მიატოვეს მუშაობა და აღარ მობრუნებულან. შარშან საგზაო დეპარტამენტმა­ გვითხრა, მუშაობას განვაახლებთო, მაგრამ გზა ისევ ისეა. ჰესს, რომელზეც 3 მილ­იონი დაიხარჯა, უამრავი ხარვეზი აქვს და დენი ხშირად არა გვაქვს­. "ბიტეხი 1" ჰესი, რომელზეც რამდენიმე მილიონი დაიხარჯა და 30 ოჯახი უნდა მოემარაგებინა, გაუმართავი­ გამოდგა,­ მშენებლობის დროს რაღაცები არ გაუთვალისწინებიათ... მთელი ზამთარი მოწყვეტილი ვართ გარე სამყაროს, ერთადერთი, ზაფხულია, როცა კავშირი გვაქვს ქალაქთან, ტურისტებთან. ჩვენი ძირითადი შემოსავალიც ეს არის, მაგრამ ხელი გვეშლება. მოგეხსენებათ, ხევსურეთი ზამთარში ჩაკეტილია და წინასწარ ვიმარაგებთ პროდუქტებს. წელს ბევრ ოჯახს მოუწია მარაგის გადაყრამ, გაუფუჭდათ... იყო სკოლის პროექტიც. 3 წლის წინ გაარემონტეს საჯარო სკოლა, 200 ათასი­ დაიხარჯა და გახსნიდან მეორე დღეს დაიწვა. ზერელედ ჩაუტარეს რესტავრაცია, მხოლოდ ფასადურად გაარემონტეს, შიგ კი გაყვანილობა არ ვარგოდა და დაიწვა. ამის მერე მილიონ-ნახევარი დაიხარჯა ახალი სკოლის მშენებლობაზე, გვერდით სასადილო მიადგეს და გახსნიდან 3-4 თვეში ისიც დაიწვა. უხარისხოდ კეთდება ყველაფერი... შარშან 200-ათასიანი პროექტით სოფელში მზის პანელები დადგეს, დღემდე უფუნქციოა, ისე ჩაიბარეს, კომპანიას მუშაობა არც დაუსრ­ულებია. ახლა შატილში გვაქვს უფუნქციო მზის პანელები, რომელსაც, წესით, 10-15 კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. მის ასამუშავებლად დანადგარები უნდა მოეტანათ და დღემდე ველოდებით.

გამუდმებით ვსაუბრობთ ამ პრობლემე­ბზე სხვადასხვა ტელევიზიით, მაგრამ უშე­დეგოდ, მოდიან და მიდიან. ბოლო პერიოდში დიდი ფული იხარჯება,­ მაგრამ ყველა პროექტი უშედეგოა, ვიღაცები­ ფულს შოულობენ და მომკითხავი არავინაა. როგორ მინდა ვინმემ მიხედოს ამ საოცარ კუთხეს...

შატილში ძირითადი მოსახლე 5-6 კომლია, ზაფხულში - 25-30. ახალგაზრდები ტოვებენ აქაურობას, არადა, ბევრი აპირებდა დამკვიდრებას. წინა წლებში (სანამ გზა გაკეთდებოდა) ჟინვალი-ბარისახო-შატილის მონაკვეთი ძალიან დაზიანებული იყო, ახლა 50-კილომეტრიანი გზა მოასფალტდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და 1 საათი მაინც მოიგო მოსახლეობამ. ზვავებმა და წვიმებმა ჟინვალი-ბარისახოს გზა (რომელიც ყოველგვარი გეოლოგიური დასკვნების გარეშე გაკეთდა) დააზიანა. რასაც ხელი მოჰკიდეს, ყველაფერი ინგრევა: შატილი ჩაბნელებულია. კოშკები ინგ­რევა, ამბულატორია არ მუშაობს, ხოლო როცა შუქი ქრება, ტელეფონი და ინტერნეტიც ითიშება და ბართან კონტაქტი წყდება. გაუსაძლისი ასე ყოფნა, სიბნელეში. მე და მარგარეტი კოშკში ვცხოვრობთ, ფანჯრები არა აქვს და ძალიან ბნელა ხოლმე. შატილში რამდენიმე ოჯახს აქვს გენერატორი. მათთან დავდივართ და ტელეფონებს დროდადრო ვტენით... შატილის სკოლაში შარშან 7 ბავშვი სწავლობდა, წელს 4-5 დარჩა, ნელ-ნელა მიდის ყველა...

5-10 წლის წინ აქ გაცილებით ცუდი ინფრასტრუქტურა იყო, მაგრამ იმდენი ტურისტი იყო, ოჯახებში ვერ ტევდნენ. ახლა ყველაფერი ჩამკვდარია. ტურიზმისთვის ხელსაყრელია ხევსურეთი, თითქმის ყველა სოფელში კულტურული ძეგლია, არის ჩანჩქერები, მდინარეები, ლამაზი ბუნება, ანუ ყველა პირობაა, ტურიზმმა იდეალურად რომ იმუშაოს, მაგრამ ბოლო წლებში ყველაფერი უკან-უკან წავიდა, არც რეკლამა კეთდება, ინფორმაცია რომ ჰქონდეთ ქართველ და უცხოელ ტურისტს, რომ ამოვიდნენ. 1-2 თვის მერე იგებენ, რომ გზა გაიხსნა. ბოლო წლებში ჩვენსავით რამდენიმე ახალგაზრდა ამოვიდა, მაგრამ ახლა ყველა უკან ბრუნდება, ჩვენც ვფიქრობთ ემიგრაციაში წასვლას. არადა, სულ სხვა გეგმებით და ოცნებებით ამოვედი მშობლიურ კუთხეში, რომლებიც თანდათან უკვალოდ ქრება.