"აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, კახა 17 წლის იყო, იარაღი აიღო და თავის მიწა-წყალს იცავდა" - რას ჰყვებიან მეგობრები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე - კვირის პალიტრა

"აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, კახა 17 წლის იყო, იარაღი აიღო და თავის მიწა-წყალს იცავდა" - რას ჰყვებიან მეგობრები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცის, 48 წლის კახა გოგოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეგობრების ინფორმაციით, კახა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 15 დღეში გაემგზავრა და მას შემდეგ ქართველ პარტიზანებთან ერთად, წინა ხაზზე იბრძოდა. სამწუხაროდ, 10 ივლისს, გამთენიისას, ლუგანსკის ოლქთან ახლოს, რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს და ამ დროს დაიღუპა. ქართველი მებრძოლის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული და როგორც სხვა ქართველებს, მისი თანამებრძოლები მასაც ჯერ უკრაინაში გამოემშვიდობებიან და ამის შემდეგ საქართველოში ჩამოსვენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი უკვე ცნობილია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის და მათი დახმარებით მოხდება კახას სამშობლოში გადმოსვენება. ამ დროისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ელისო ჟვანია:

- კახა გოგოლი აფხაზეთიდან დევნილია. გულრიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშავიდან იყო. იქ დაიბადა და გაიზარდა. ჩემი დის თანაკლასელი. ძალიან კარგად ვიცნობდი. ორი ძმა ჰყავს, ჯონი და ლევანი, ორივე სამხედრო პირები არიან და სენაკში მსახურობენ. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, მაშინ კახა 17 წლის იყო, ხელში იარაღი აიღო და სოხუმის დაცემამდე, ბოლომდე იცავდა თავის მიწა-წყალს. მთლიანად ჩართული იყო მთელი ოჯახი ამ ომში და ოკუპანტებს ებრძოდნენ. ყველაზე ბოლოს გადმოვიდა სვანეთის გზით. დევნილები გავხდით, მაგრამ ვერ ეგუებოდა სახლ-კარის და ამ ულამაზესი კუთხის დაკარგვას. არც ომის შემდეგ შეუწყვეტია ბრძოლა. შემდეგ დიდხანს პარტიზანულად იბრძოდა თანამებრძოლებთან ერთად. მისი დედ-მამა ფოთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. კახა თავის ცოლ-შვილთან ერთად თბილისში, დიღომში, ძველი საავადმყოფოს 3-სართულიან შენობაში დევნილები რომ შეასახლეს, იქ ცხოვრობდა. უკრაინის ომი რომ დაიწყო, წასულა და თურმე წინა ხაზზე იბრძოდა. სამწუხაროდ, დღეს ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ, ძალიან განვიცდით. თბილისში ცხოვრობს წლებია. ფიზიკურად მუშაობდა სამშენებლო სამუშოებში. მეუღლეს სულ გვერდში ედგა, ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სამკურნალოდ საფრანგეთში ჰყავდა წაყვანილი, მაგრამ როგორც ვიცი, გამოჯანმრთელებული არ არის. ერთი შვილი ჰყავს. იმდენად განიცდიდა აფხაზეთის დაკარგვას, რომ არ გაჩერდა და უკრაინაშიც ებრძოდა ოკუპანტებს. თავზარდაცემულები ვართ ამ შემზარავი ამბით. თანავუგრძნობთ მთელ ოჯახს და სრულიად საქართველოს. უპატიოსნესი ბიჭია დაღუპული. მებრძოლი სულის, ძალიან კეთილი ადამიანი. ბოროტებას ვერ იტანდა, ყველა ადამიანს დახმარების ხელს უწვდიდა და ცდილობდა გაჭირვებიდან ამოეყვანა. სხვისთვის თავის სულს და გულს არ იშურებდა. ძალიან მეგობრული, მეოჯახე ბიჭი იყო, უღალატო და რაც მთავარია, თავისი კუთხის, თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი. აფხაზეთში მისი სახლის გვერდზე ცხოვრობდა კახას ბიძა, რომელიც ომის შემდეგ იქ დარჩა, არ დატოვა მან თავისი სახლ-კარი. ოკუპანტები კახას ბიძას სახლში შეუვარდნენ და ქართულად რომ უპასუხა, ამიტომ ჩაცხრილეს, სასტიკად აწამეს. ბუნებრივია, ის ამსაც განიცდიდა. სვანეთის გზით ყველაზე ბოლოს დატოვა აფხაზეთი და სამწუხაროდ, ამდენი წლის შემდეგ ისევ ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. მირონობაც გვაკავშირებს მის ოჯახთან. ძალიან განვიცდით, მართლა თავზარდაცემულები ვართ ყველანი. ვუთანაგრძნობ მის არაჩვეულებრივ ოჯახს, მის მშობლებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტრაგედიას. არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი... გუშინ ვიდეოთვალით ელაპარაკა თავის კლასელებს. 25 ივლისს მისი კლასელები სკოლის დამთავრების 30 წლის აღნიშვნას აპირებდნენ და ამ დროისთვის კახას ჩამოსვლასაც ელოდებოდნენ კიევიდან. მეგობრები ღელავდნენ კახა იქ რომ იბრძოდა და ხშირად კითხულობდნენ მის ამბავს. საერთო ჩატიც ჰქონდათ შექმნილი და ესაუბრებოდნენ.

ბოლოს კახას ასეთი შეტყობინება გამოუგზავნია კლასელისთვის: "ხომ ხართ კარგად თქვენ? კარგად და ბედნიერად იყავით ყველანი, ნუ ნერვიულობთ ჩემზე. რაკეტასავით ვარ, მე რა მომკლავს, მადლობა მხარდაჭერისთვის. შემოგევლეთ. თქვენი მხარდაჭერა, ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. შემოგევლეთ. ყველანი კარგად იყავით. გენაცვალეთ და ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. უკრაინაში მყოფი მეომარი, რომეო ფარულავა ამბობს, რომ კახა ქართველი პარტიზანების გვერდზე იბრძოდა. „მისმა ოჯახმაც გამოიარა ის ჯოჯოხეთი, რაც რუსებმა ჩაიდინეს აფხაზეთში. ის პირველივე დღეებიდან იყო ქართველ პარტიზანთა რიგებში. კახა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე - ლისიჩანსკის მიმართულებაზე იბრძოდა, ლუგანსკის ოლქში, სოფელ ტაშკოვკასთან.

გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციით, სავარაუდოდ, კახა გოგოლი ქიმიური იარაღის მსხვერპლი გახდა. ის საბრძოლო დავალებაზე იყო წასული, როცა ბიოლოგიური საწარმოს ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა განხორციელეს. ამ დროს სტრატეგიული ობიექტი აფეთქდა, რის შედეგადაც ქართველი სამხედრო მოიწამლა. კახა გოგოლი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მაგრამ თურმე გზაში გარდაიცვალა. თანამებრძოლების ინფორმაციით, ცხედარი ამჟამად კიევის პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

კახას აუსრულებელი დარჩა ოცნება, საკუთარ აფხაზეთში დაბრუნება.

"კვირის პალიტრა" უთანაგრძნობს დაღუპულის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. მართლაც მძიმეა უკრაინაში დაღუპული ქართველების სტატისტიკა. უკრაინაში ომს დღემდე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

(სპციალურად საიტისთვის)