მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ მედიასთან „ქართული ლეგიონისა“ და უცხოელი მოხალისეების შესახებ ისაუბრა - კვირის პალიტრა

მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ მედიასთან „ქართული ლეგიონისა“ და უცხოელი მოხალისეების შესახებ ისაუბრა

24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც დათანხმდნენ უკრაინელებს დაეხმარონ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. „უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე, გაიზარდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი.

„რა თქმა უნდა, პერსონალის დიდი ნაწილის შემოდინება 24 თებერვლის შემდეგ მოხდა. უცხოელების დაკომპლექტება იმდენად გართულდა, რომ გარკვეული მომენტით უბრალოდ შევაჩერეთ მათი მიღება იმ ოპტიმალური რაოდენობის აყვანის შემდეგ, რაც ქართულ ლეგიონს სჭირდება. უკრაინის დასახმარებლად მოვიდა საკმაოდ მოტივირებული ხალხის უზარმაზარი რაოდენობა. ისინი პროფესიონალიზმის კრიტერიუმებით ავირჩიეთ და დღემდე მხოლოდ საბრძოლო გამოცდილების მქონე მებრძოლებს ვიღებთ - არა სამხედრო გამოცდილებით, არამედ საბრძოლო გამოცდილებით, რომლებსაც არ სჭირდებათ წინასწარი მომზადება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა მამულაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ლეგიონერები ჩამოვიდნენ დასავლეთის ქვეყნებიდან და ჰქონდათ საბრძოლო გამოცდილება ავღანეთისა და ერაყის მისიებში.

მისი თქმით, ქართველებს შორის ესენი იყვნენ ბიჭები, რომლებმაც გამოიარეს რამდენიმე ომი კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ და აქვთ დიდი გამოცდილება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, აღნიშნული ლეგიონის ძირითად ნაწილს დღესაც ქართველები შეადგენენ.

მანვე უპასუხა კითხვას, რა ამოცანებს ახორციელებს ამჟამად ქართული ლეგიონი, მამულაშვილის თქმით, საუბარია სამეთაურო ცენტრების განადგურებაზე, რუსულ ლოჯისტიკაზე.

ლეგიონის მეთაურს მიაჩნია, რომ უკრაინის არმია 2014 წლიდან დინამიურად ვითარდება და საბრძოლო მოქმედებების საკუთარი სტანდარტი დააწესა.

„ეს არ არის ნატოს სტანდარტი, ეს არ არის ამერიკული, ევროპული სტანდარტი. მე ვფიქრობ, რომ ამ ომის ბოლოს იქნება უკრაინული სტანდარტი, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს შეუძლიათ 8 წლის ომში გახდნენ გამოცდილი და შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი საბრძოლო სტრატეგია. ამიტომ, უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინამ მცირე რევოლუცია მოახდინა“, - აღნიშნა მამულაშვილმა.

IPN