"ქართველ მეგობრებს ასე ვუხსნი, იაპონიაში ვცხოვრობ თბილისი-ხაშურის პონტში-მეთქი“ - კვირის პალიტრა

"ქართველ მეგობრებს ასე ვუხსნი, იაპონიაში ვცხოვრობ თბილისი-ხაშურის პონტში-მეთქი“

ქართველოლოგი ჰიატე სოტომე იაპონ­იაში დაიბადა და გაიზარდა. საქართველოს შესახებ პირველად შეიტყო ფილმით "მონანიება", მერე ქართული ისე სრულყოფილად ისწავლა, ქართულ ენაზე­ სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვია, საუბრის დროს კი საქართველოში გავრცელებულ ჟარგონებსაც იყენებს.

- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ უცუნომიაში, ტოკიოსთან ახლოს. ქალაქის გარეუბანში ვცხოვრობ მშობლებთან ერთად. ქართველ მეგობრებს ასე ვუხსნი, იაპონიაში ვცხოვრობ თბილისი-ხაშურის პონტში-მეთქი. ჩვენი სახლის წინ ბრინჯის პლანტაციებია, ტყე, მდინარე... "იმენა" სოფელში არ ვართ, გარეუბანში ვართ...

- როდის შეიტყვეთ პირველად საქართველოს შესახებ?

- ტოკიოში უცხო ენების კვლევათა ინსტიტუტში ჩავაბარე, რუსული ენის განყოფილებაზე. შემდეგ პროფესორმა სეიჯი ტაკაჰაშიმ შესანიშნავი ფილმი გვიჩვენა - თენგიზ აბულაძის "მონანიება", საიდანაც საქართველოს შესახებ პირველად შევიტყვე. იმ დროს ჯერ პატარა ბიჭი ვიყავი, ფილმს შინაარსობრივად ვერ ჩავწვდი, მაგრამ საქართველოს შესახებ გავიგე.

უნივერსიტეტში მეორე კურსზე ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა გვასწავლიდა, რომელიც ამჯერად საქართველოში, თბილისში ცხოვრობს... მასთან კვირაში ერთხელ დავდიოდი ქართული ენის გაკვეთილზე, მესამე კურსიდან კი ერთი წლით თბილისში გადმოვედი სასწავლებლად.

- ქართულის სწავლა რთული არ იყო?

- რა თქმა უნდა, თავიდან ურთულესი აღმოჩნდა. იასუჰირო კოჯიმასთან, ძირითადად, გრამატიკა ვისწავლე, მაგრამ პრაქტიკა არ მქონდა. საქართველოში რომ ჩამოვედი, მხოლოდ მაშინ გამოვიყენე პირველად სალაპარაკოდ. გრამატიკა რაღაც დონეზე ვიცოდი, მაგრამ რადგან პრაქტიკა არ მქონდა, თავიდან ქართულად საუბარი ძალიან გამიჭირდა. შემდეგ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვსწავლობდი. მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ ოჯახში ვცხოვრობდი. ახლაც საქართველოში რომ ჩამოვდივარ, იმ ოჯახში ვცხოვრობ, სადაც საყვარელი ბებო მყავს. ქართულ ოჯახთან ყოველდღიური კონტაქტი ძალიან დამეხმარა ქართული ენა მესწავლა.

- საქართველოს კუთხეებს იცნობთ?

- ვიყავი კახეთში, პანკისის ხეობაში და ძალიან მომეწონა... ასევე ვნახე ყაზბეგი, ბოლნისი, ბათუმი, ქუთაისი... ბუნებრივია, ყველგან ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ გამორჩეულად დამამახსოვრდა ფშავ-ხევსურეთი: მუცო, შატილი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში... ახლახან ფშავში­ ისევ ვიყავი დღესასწაულზე. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ხშირად არის ნახსენები ლაშარობა და ძალიან საინტერესო იყო ამ დღესასწაულზე ყოფნა. ჯერ არ ვყოფილვარ თუშეთში, სვანეთში, სამეგრელოში, მაღალმთიან აჭარაში... ძალიან მაინტერესებს, ვნახო და იმედია, მალე მოვახერხებ.

- რომელი ქართველი მწერალი, პოეტი, ხელოვანი მოგწონთ?

- გამორჩეულად მიყვარს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველი მწერლის და პოეტის შემოქმედებას არ ვიცნობ. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე დისერტაცია დავწერე და ამისთვის მხოლოდ პოემები და ლექსები კი არა, მისი ესეები, პუბლიცისტიკაც წავიკითხე. თანამედროვე ნაწარმოებებიდან მომწონს "ჯინსების თაობა".

- თუ გყავთ ქართველი მეგობრები, თუ გქონიათ თავგადასავლები?

- მაგისტრატურაში როცა ვსწავლობდი, სექტემბერში შემთხვევით საქართველოში აღმოვჩნდი. იმ დროს ჩამოვიდა ჩემი თანასკლასელი... მას უნდოდა ერთად სადმე წავსულიყავით. ვუთხარი, ბაზარი არ არის-მეთქი და კახეთში­ რთველში წავედით. კახეთში მეგობარი მყავს, გვარად ქვრივიშვილი, რომელიც ფშავში "ვაჟაობაზე" გავიცანი. ბოდბისხევში ყურძენი დავკრიფეთ და მერე კარგი სუფრა გავშალეთ, ვიქეიფეთ. სამახსოვრო ფოტოებც გვაქვს, იმ სასიამოვნო დღის მოსაგონარი.

დოქტორანტურაში რომ ვსწავლობდი, თბილისში ერთხელ კონფერენცია ჩავატარე, იაპონელი პროფესორებიც მოვიწვიე. ერთ-ერთი რუსული და პოლონური ენისა­ და ლიტერატურის სპეციალისტია. მას მეგობარი ჰყავდა რუსეთში მოღვაწე პოეტი­ ბულატ ოკუჯავა. მისგან იცოდა საქართველოს შესახებ და ძალიან უნდოდა აქ ჩამოსვლა.

ივლისის ბოლოს თბილისში მასშტაბური კონგრესი გაიმართება. ისევ ვცადე, ის პროფესორი ჩამომეყვანა, რომელიც ჩემი ხელმძღვანელიც იყო ტოკიოს უნივერსიტეტში და დისერტაციის დაცვის დროს ერთ-ერთი ოპონენტიც გახლდათ. სამწუხაროდ, იგი ავად გახდა და ახლაც კლინიკაშია. სამაგიეროდ, სხვა, ასევე ცნობილი პროფესორები ჩამოდიან.

მე საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც შემიძლია იაპონელებს საქართველო გავაცნო. ტოკიოში იაპონელებს ქართულ ენას ვასწავლი, რვა მოწაფე მყავს. სადაც მე ვასწავლი, ამ ცენტრს კიდევ ერთი ქართველი პედაგოგი ჰყავს. ამ ცენტრში წელიწადში ორჯერ ან სამჯერ საჯარო ლექციებს ვკითხულობ. ორი კვირის შემდეგ დაგეგმილი მაქვს საჯარო ლექცია - "საქართველოდან დანახული უკრაინის ომი".

შარშანწინ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და ამ დისერტაციის წიგნად გამოსაცემად დაფინანსებაც მოვიპოვე. წიგნი სექტემბერ-ოქტომბერში გამოიცემა და შემიძლია ამ წიგნის მეშვეობითაც ბევრ იაპონელს გავაცნო საქართველო.