"ოპოზიცია ისევ ყალბ მოლოდინს ქმნის და ეს მის ამომრჩეველსვე გაუცრუებს იმედს“ - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ისევ ყალბ მოლოდინს ქმნის და ეს მის ამომრჩეველსვე გაუცრუებს იმედს“

მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებას" გამოყოფილი სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილი დასავლეთს საქართველოში ომის დაწყების მსურველად მორიგეობით აცხადებენ, მმართველი პარტიისგან მსგავსი რიტორიკა აღარ ისმის, თუ არ ჩავთვლით კობახიძის ამ სამეულის გამოსარჩლებას, თითქოს მათი კრიტიკა ხალხის უპატივცემულობაა. 12 პუნქტის შესრულებისთვის მუშაობაში ოპოზიციის ჩართვის მოწოდების პარალელურად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ისიც კი განაცხადა, თუ ევროკავშირი დეკემბერში წევრობის სტატუსს მოგვცემს, რაც 12 პუნქტის შესრულების შედეგი იქნება, ერთ თვეში ჩამოვწევთ საარჩევნო ბარიერს 2%-მდე და 2014 წლის საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებაო. ცხადია, ეს ყველა­ პარტიას აწყობს, რადგან არსებულ ბარიერს, დღევანდელი მონაცემებით, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ძნელად თუ ვინმე გადალახავს­. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი კვლავ უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე და ვინც მონაწილეობს, იმათაც ადანაშაულებენ, თითქოს ამით მმართველი პარტიის ლეგიტიმაციას ახდენენ. არადა, ხელისუფლების ლეგიტიმაცია-არალეგიტიმაციის საკითხს თავად ევროკავშირიდან არავინ აყენებს, პირიქით, დეპოლარიზაციაში ყველა მხარის ჩართულობას ითხოვენ. რას ნიშნავს ყოველივე ეს და როგორ შეიძლება შეფასდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ.

- ცოტა გამაკვირვა ოპოზიციის ასეთმა შეფასებამ, ეს ულტიმატუმია ევროკავშირისთვისო, რადგან კავშირს ვერ ვხედავ. კობახიძემ მოუწოდა ყველას, ვითანამშრომლოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლადო. ისიც აღნიშნა, რომ ამ 12 პუნქტში საარჩევნო ბარიერზე არაფერია ნათქვამი და ეს ნამდვილად ასეა. ბოლოს კი თქვა, თუ შევასრულებთ ამ პუნქტებს, ერთი თვის ვადაში დავწევთ საარჩევნო ბარიერსო. ამიტომ არ მესმის, სად დაინახეს ამაში­ ულტიმატუმი. მისაღებია თუ არა ასეთი შეთავაზება ქართული ოპოზიციისთვის, სხვა საკითხია.

- ამ განცხადებაში იყო მნიშვნელოვანი ფრაზა - თუ მოგვცემენ ევროკავშირის წევრობის სტატუსსო, ეს არის პირობა ბარიერის დასაწევად. სტატუსი ევროკავშირმა უნდა მოგვცეს და ეს არ ცვლის მოცემულობას?

- აბა, ფორმულირება როგორ უნდა ყოფილიყო? შეიძლება ამ ფორმულირებაში სკეპტიციზმი დავინახოთ? თუ ამ 12 პუნქტს შევასრულებთ, ხომ მივიღებთ სტატუსს? ვის უნდა და ვის არა, ეს კიდევ სხვა საკითხია. მთავარი ის არის, ხელისუფლება ამბობს, რომ სურს დეპოლარიზაცია­ და ამას მხოლოდ ერთი მხარე ვერ გააკეთებს! ეს ხომ აქსიომაა? ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩაერთოს ყველა მხარე. ეს თუ არ შესრულდება, არ მოგვცემენ სტატუსს და ეს ორივე მხარის ბრალი იქნება, მხოლოდ ერთის კი არა. ოპოზიციამ სად დაინახა ულტიმატუმი, ამის არგუმენტები ვერ მოვისმინე.

- რეალურად ბარიერის დაწევა არ აწყობთ "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" და ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება სწორედ იმით ხომ არ არის განპირობებული, რომ არ უნდათ მოცემულობის შეცვლა?

- პრობლემა ის არის, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პარტიული და პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქვეყნისა. ეს არის რეალობა და ვისაც როგორ უნდა, ისე იმართლოს თავი, თორემ იმ 12 პუნქტში არაფერია შეუსრულებელი. ამას მხოლოდ სურვილი უნდა და მეტი არაფერი. მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ დეპოლარიზაციაში უნდა ჩაერთოს ყველა მხარე, და თუ არ ჩაერთვება, ალბათ, უნდობლობის გამო. მეც არა ვარ ხელისუფლებისადმი დიდი ნდობით განწყობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. ეს არგუმენტი არ არის. უნდა ჩაერთო და, თუ არ ენდობი, თქვა, რომ არ ენდობი. ქვეყნისთვის რომელი უფრო ჯობს, არ ვენდობი და ამიტომ არ ვმონაწილეობო, თუ ვმონაწილეობ, მაგრამ არ ვენდობიო? არა მარტო ქვეყნისთვის, ოპოზიციის პარტიული მიზნებისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არ უწევს ანგარიშს დასავლელ პარტნიორებს, თავად უწევს?

- ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ ისინი უფრო ცდილობენ რაღაცის გაკეთებას. ფიქრობთ, რომ რეალურად უნდათ რამის გაკეთება?

- ეს ცალკე პიარია. როდესაც ერთი მხარე მეორეს რაღაცას აბრალებს, თვითონ ხომ მაინც არ უნდა აკეთებდეს იმავეს, რაშიც ადანაშაულებს? თუნდაც მიშელის დოკუმენტზე "ნაცმოძრაობას" რა აქვს სალაპარაკო - მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც "ოცნება" გავიდა. ეს ნიშნავდა, რომ არც ერთს არ აწყობდა და კარგად ააწყვეს გეგმები. იგივე ხდება ახლაც, თორემ არ მესმის, რატომ არ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია 12 პუნქტის შესასრულებელ მუშაობაში.

- დანარჩენი ოპოზიციის ნაწილიც არ ერთვება ამ პროცესში. ეს როგორ აიხსნება?

- ეს ნიშნავს­, რომ შეგუებული არიან, რომ არჩევნებში­ დამოუკიდე­ბლად მონაწილეობას ვერ შეძლებენ და ცდილობენ "ნაციონალების" გვერდით ადგილი დაიბ­ევონ. თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა არ მიიღო და ამავე დროს პარტიის რამდენიმე წევრი დეპუტატი გახდეს, მაშინ ყველაზე გარანტირებული ვარიანტია "ნაცმოძრაობასთან" ერთად გასვლა. ეს იურიდიულად როგორ გაფორმდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ბოლო ადგილობრივი არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არც "ლელოს" და არც ვაშაძის პარტიას ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ და ამიტომ საკითხი დგება­ ასე, რისი ინტერესი აქვთ, პარლამენტში ერთი ან რამდენიმე მანდატის მოპოვების თუ პრინციპების­ დაცვის? ამით არის განპირობებული ეს გადაწყვეტილება და გამოდის, რომ არჩევანს პირველზე აკეთებენ.

- ბარიერის 2%-მდე დაწევის შემთხვევაშიც?

- დიახ. თუ ასე გააგრძელებენ, კიდევ უფრო დაკარგავენ მხარდამჭერებს.

- ხელისუფლების პოზიციის, თუნდაც საიმიჯოდ შეცვლას რითი ხსნით? ფიქრობენ,­ რომ სტატუსის მიღება მართლა იქნება "ქართული ოცნების" გადამრჩენელი, თუ იმაზე­ აქვთ გათვლა, რომ ოპოზიცია მაინც არ ჩაერთვება და მერე მათ დააბრალებენ, თავად კი რაღაც კატეგორიის თვალში იმიჯი მაინც შერჩებათ?

- ჯერჯერობით ხელისუფლების ნაბიჯები, თუნდაც ბოლო კვირის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები, ცხადია, იმ სამეულს არ ვგულისხმობ, გაცილებით პროგრესულია, ვიდრე ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე. მერე რას იზამენ, არ ვიცი, მაგრამ დღეს ასე ჩანს. თუ "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან, მერე რას იზამს "ქართული ოცნება", სხვა საკითხია. მაშინ ძალიან გაუჭირდებათ, რომ 12 პუნქტის შეუსრულებლობა ოპოზიციას გადააბრალონ. ჯერჯერობით კი ყველაფერში უმართლებთ - ქვეყანაში დიდი პრობლემები არა აქვთ, ოპოზიცია ერთიანი არ არის და რომც გაერთიანდეს, ეს ელექტორატის გაერთიანებას არ გამოიწვევს. ამიტომ, რაც თქვა კობახიძემ, რომ ადგილობრივ არჩევნებში 48% აიღეს და "ნაციონალური მოძრაობა" თავის სატელიტებიანად 40%-ზე მეტს ვერ იღებს, მართალია. ცხადია, აიღებენ ისევ უმრავლესობას და ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. მოდი, პირდაპირ ვთქვათ - ქვეყანაში ისევ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის და არა ღირებულებითი ბრძოლა. ცუდი კი ის არის, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეწირება ქვეყნის აწმყოც და მომავალიც. ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროკავშირში გაწევრება, ესენი კი ამ საკითხზეც ვერ ახერხებენ ერთად მუშაობას და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, თუ არ მოგვცეს დეკემბერში სტატუსი, დავიქცევითო. არ დავიქცევით, ქვეყანას ბევრად უარესისთვისაც გაუძლია. პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარე საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და არ ფიქრობენ თავად ამ საკითხზე, მხოლოდ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

- ოპოზიცია იმაზე აპელირებს, რომ "ქართული ოცნება" უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, სხვანაირად ევროკავშირში გაწევრების შანსი არა გვაქვს. ეს კი საერთოდ არ იკითხება ევროკავშირის რეკომენდაციებში და რატომ აკეთებენ ამას, საქართველოშიც ხომ ესმით ეს და ევროკავშირშიც?

- იმიტომ, რომ პარტიული და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესზე წინ აქვთ დაყენებული.

- ოპოზიციამ ისევ გაააქტიურა სანქციების თემა. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ, მართლაც რეალურად დგას ეს საკითხი და რა გავლენა ექნება ამას თუნდაც სტატუსის მიღებაზე?

- დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილს დაუწესეს სანქციები, მერე რა იქნება? ოპოზიციას რა მოგება აქვს? მცდარი შეხედულება აქვთ პროცესებზე და რაც მთავარია, იმას ხედავენ, რისი დანახვაც სურთ. დავუშვათ, ივანიშვილმა მართლა დატოვა ქვეყანა, რატომ ჰგონიათ, რომ ამით ხელისუფლება ჩამოიშლება? ჯერ ერთი, უმრავლესობას ძალიან ცუდად იცნობენ, საერთოდ თუ იცნობენ, და ესეც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მოწინააღმდეგეს რომ არ იცნობენ და სათანადოდ ვერ აფასებენ. ცნობასა და მოწონებას შორის არსებითი სხვაობაა, მე კი ცნობასა და შეფასებაზე ვლაპარაკობ. უმრავლესობაში საკმაოდ ძლიერი გუნდია და თეორიულადაც რომ დავუშვათ, ივანიშვილი განზე გადგა, უმრავლესობაში დღეს სამი ლიდერია - კალაძე, ღარიბაშვილი და კობახიძე და არც ერთ მათგანს უმრავლესობის დაშლა ხელს არ აძლევს. შესაძლოა ერთმანეთში პრობლემები ჰქონდეთ, მაგრამ მოილაპარაკებენ და ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. 2024 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა სხვა გარემოება იყოს, მაგრამ მაშინაც მოილაპარაკებენ. ძალაუფლება მათ შეაკავშირებს. არ ვიცი, ამას რატომ ვერ ხვდებიან და რატომ აქვთ იმედი, თუ ივანიშვილი წავა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, რამე სარგებელს ნახავენ. არც 2020-ის და არც 2021 წლის არჩევნებში ისეთი გაყალბება არ ყოფილა, რომ დიდი გავლენა მოეხდინა შედეგებზე. ეს შეიძლება გარეთ ილაპარაკო, მაგრამ როდესაც შენთვის აკეთებ ანალიზს, ეს ხომ უნდა გაითვალისწინო? გამარჯვებისთვის სხვა გზებია მოსაძებნი. მეორე პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ისევ ყალბ მოლოდინს ქმნის და ეს მის ამომრჩეველსვე გაუცრუებს იმედს. "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციის პრობლემა დასავლეთში არ დგას. შესაძლოა მათ "ქართული ოცნება" ძალიანაც არ მოსწონთ, მაგრამ ლეგიტიმაციის საკითხს არ დასვამენ, რადგან არ არის ამის საფუძველი. დასავლეთს არა მარტო საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა - და სწორია ამაზე აქცენტების გაკეთება, რადგან არ უნდა აჰყვეს მოსახლეობა მცდარ ნარატივს - არამედ არც არასტაბილურობა უნდა საქართველოში. ახლა ამისთვის არ სცხელათ. ოპოზიცია კი მუდმივად ამ არასტაბილურობის შექმნას ცდილობს. ამას რომ არ ითვალისწინებენ, ამიტომ არიან მუდმივად ამ მდგომარეობაში.

რუსა მაჩაიძე