"ოცნების“ ინტერესებს ყველაზე მეტად ყველაზე რადიკალური ოპოზიცია ატარებს“ - კვირის პალიტრა

"ოცნების“ ინტერესებს ყველაზე მეტად ყველაზე რადიკალური ოპოზიცია ატარებს“

"ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მოვახდინოთ დეპოლარიზება და ამასთან გავიგოთ, რას აპირებს "ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ მოცემულ ვადაში ანუ 6 თვეში",­ - ასე აფასებს პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მმართველი გუნდის ინიციატივას რეკომენდაციებზე სამუშაოდ კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ. უფრო ვრცლად პარტიის შეხედულებებზე ვახტანგ­ მეგრელიშვილთან­ საუბრისას შევიტყობთ:

- ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს შენ გჯერა თუ არა "ქართული ოცნების". პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს აძლევ საბაბს პოლარიზაციაში დაგადანაშაულოს. "ოცნების" ლიდერები ძალიან მარტივად ეტყვიან დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიციის ფორმატიც შესთავაზეს და საკითხებიც გააცნეს, მაგრამ მათ მონაწილეობა არ მიიღეს. ჯერ ერთი, "ქართულ ოცნებას" თავის მართლების საშუალება არ უნდა მივცეთ, მერე კიდევ, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საქმის კურსში ვიყოთ და ვიცოდეთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. თქვენ რომ დამირეკავთ, შემდეგ ინტერვიუზე მე ხომ უნდა შემეძლოს გითხრათ, რა მდგომარეობაა. როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის დროს ასეთი ტექნიკური, წვრილმანი საკითხი გამოიყენო ჩხუბის გასაგრძელებლად.

- რატომ ამბობს ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს?

- მრჩება განცდა, რომ როგორც კი "ქართული ოცნება" რაიმე მძიმე შეცდომას ჩაიდენს, მის მაშველ რგოლად წამში­ ჩნდება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც თავად მმართველი გუნდი რადიკალებს უწოდებს. ოპოზიციის ეს ნაწილი­ მხოლოდ პარლამენტში კი არ იქცევა არაადეკვატურად, ყველგან ასეა. ნახეთ რა ქნეს 24 ივნისის, შემდეგ კი 3 ივლისის აქციებზე. უამრავი ხალხი გამოვიდა გარეთ და ხელისუფლებამ კი არა, ოპოზიციამ, ოპოზიციამ, კაცო, დიახ, ოპოზიციამ დაშალა, სახლში გაუშვა! ჩვენმა კოლეგებმა ისეთი აბსურდული მოთხოვნები დააყენეს, რომ ხალხი მაშინვე მიხვდა, მათ იქ დგომას აზრი არ ჰქონდა. გამოდის, "ქართულ ოცნებას", სახელდობრ კი ირაკლი კობახიძეს, ოპოზიცია ეხმარება, რომ გააკეთოს ზოგჯერ შანტაჟის, ზოგჯერ კი მუქარის შემცველი განცხადებები. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის ლიდერმა პირდაპირ მიმართა ევროკავშირს - ჯერ სტატუსი მომეცით და მერე მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებსო. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, რომელსაც მედია რატომღაც ყურადღებას არ უთმობს. ჟურნალისტები არ სვამენ კითხვას, არის თუ არა ოპოზიციონერების შეცდომები "ქართული ოცნების" ერთადერთი გამართლება.

- ამის თაობაზე არათუ მხოლოდ კითხვები გვაქვს დასმული, არამედ მთლიანი სტატიები გვაქვს მომზადებული.

- თქვენ არ გეუბნებით, ზოგადად მედია არ ცდილობს წარმოაჩინოს ის მთავარი პრობლემა, რომელიც "ოცნებას" ფუფუნებას აძლევს მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. ახლა ჟურნალისტები ყველას იმას გვეკითხებიან, შეხვალთ თუ არა ოთახში პაპუაშვილთანო. არადა, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები გუშინ, გუშინწინ და კიდევ იმის წინ ძალიან მშვიდად შედიოდნენ პაპუაშვილის ოთახში, ასევე სხვადასხვა კომიტეტში "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად და რიგით კანონპროექტებს განიხილავდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხია განსახილველი, უარი თქვეს პაპუაშვილის ოთახში შესვლაზე. ესე იგი, დადიან "ქართული ოცნების" ინიცირებულ ჭე-კლასის კანონების განსახილველად და არ მიდიან, როდესაც საქმე ეხება ევროპარლამენტარების რეკომენდაციებს. ახლა თავად განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე.

- როგორ გგონიათ, რას მიიღებს ირაკლი კობახიძე, როგორც თქვენ ამბობთ, შანტაჟის პასუხად?

- უნდა აღვნიშნო, რომ ირაკლი კობახიძე ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსია პოლარიზაციისა და დაპირისპირების გაღვივების საქმეში. ყოველგვარი დაფარვის, შეფარვის, ქვეტექსტების გარეშე აშკარად აღიზიანებს ოპოზიციას და ნახეთ, ყველაფერი როგორ "კარგად" და ბუნებრივად გამოდის. კობახიძე აღიზიანებს "ნაციონალებს", რომლებსაც ლიდერი ციხეში ჰყავთ და რომლებიც თავისთავად აჰყვებიან მის აგრესიულ რიტორიკას. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს კოლეგებთან, ასევე ჟურნალისტებთან საუბრით ხელისუფლებას ალტერნატიული პირობები დავუყენოთ.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ის 12 პუნქტი ჩვეულებრივი პირობაა. საუბარი უნდა იყოს არა "ოცნების" მიერ შემოტანილ საკონსტიტუციო კანონპროექტზე 2%-იანი ბარიერითა და ორი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებით, არამედ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბუნებრივ საარჩევნო ბარიერზე, თანაც მხოლოდ ორ საპარლამენტო არჩევნებზე­ კი არა, მუდმივად. ახლა კობახიძეს ეშინია ძალაუფლება არ დაკარგოს და მერე ციხეში არ წავიდეს­. ამიტომ ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევთავაზოთ, რომ ძალაუფლება კი არ დაკარგოს, ციხეში წასვლის საფრთხის წინაშე კი არ დადგეს, ძალაუფლების განაწილების საშუალება მიეცეს. აი, ასეთი მოთხოვნებია საჭირო. ოპოზიცია რომ უფრო კოორდინირებული იყოს, "ქართული ოცნება" იმდენ შეცდომას უშვებს და იმდენად დიდი და სახალხო მხარდაჭერა აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, რომ ჩვენ ნებისმიერ რამეს გამოვგლეჯდით "ქართულ ოცნებას". ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი ხშირად სიბრიყვის გამო არ მოქმედებს ასე არაადეკვატურად. მგონი, მიზანმიმართულად მოქმედებენ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. დიახ, "ქართული ოცნების" ინტერესებს ყველაზე მეტად ყველაზე რადიკალური ოპოზიცია ატარებს.

- პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, 12 რეკომენდაციიდან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საკითხების, ანუ დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციის გადაჭრა შეუძლებელია. თქვენ თუ გაქვთ ამ საკითხების მოგვარების ვერსიები?

- შეუძლებელი ამ სამყაროში არაფერია, მით უფრო, როდესაც საქმე ადამიანურ ურთიერთობებს ეხება. უბრალოდ, ამას ნება სჭირდება. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი ვერსიები. ამ საკითხის მოგვარებაში მთავარია ორი ადამიანი - სააკაშვილი და ივანიშვილი. პოლარიზაციისა და დაპირისპირების მთავარ წყაროს ისინი წარმოადგენენ. შესაბამისად, სანამ სააკაშვილი ციხეშია, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები "ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად პროკურორის შერჩევის წესზე სამსჯელოდ ერთ მაგიდასთან ვერ დასხდებიან. გამოსავალი რაშია, სააკაშვილს ციხიდან ხომ ვერ გავაქრობთ?! უნდა გამოვუშვათ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეუძლებელი გავხადოთ ერთი პირის მიერ ხელისუფლების ტოტალური კონტროლი. ეს ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი დიდი ტრაგედიაა. ყველა ხელისუფალი ასეთი იყო. ბიძინა ივანიშვილი მდიდარიც არის, მაგრამ მისი სიმდიდრე კი არ არის ჩვენი პრობლემა, არამედ ის, რომ ერთპიროვნულად აკონტროლებს მთავრობას. ამის აღსაკვეთად საჭიროა საარჩევნო კანონმდებლობა, კონსტიტუციური რეფორმა, რათა მომავალში­ ერთპიროვნული ძალაუფლება ხელში­ ვერავინ ჩაიგდოს. ჩვენი წინადადება ორპუნქტიანია: ერთი არის სააკაშვილის ციხიდან გამოშვება, რომ "ნაციონალებსა" და "ოცნების" წარმომადგენლებს საშუალება მიეცეთ ერთ ოთახში დასხდნენ და ერთმანეთის ლანძღვის გარდა, სხვა თემებზეც ისაუბრონ. მეორე ის, რომ ერთად მივიღოთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებული გვაქვს. ეს მომავალში პოლარიზების შენარჩუნებას შეუძლებელს გახდის.

ხათუნა ბახტურიძე