„თუ პროცესში მონაწილეობაზე უარს ვიტყვით, ეს ხელისუფლებისთვის კარგიც კია, უფრო მარტივად გადმოგვაბრალებს ყველაფერს“
"ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს პრობლემა შეექმნას ქვეყანას სტატუსის მისაღებად და ეს ოპოზიციას დაჰბრალდეს. სრული რადიკალიზაციაა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მათთვის მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრაზე პარტიების ნაწილი მიდის სასაუბროდ საკუთარი დღის წესრიგით და, რა თქმა უნდა, კობახიძე ცდილობს ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, ვინც ცდილობს ცდა არ დააკლოს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ აგრძელებს შეხვედრებს "ქართულ ოცნებასთან", ყველა ერთ კუთხეში მიდენოს და რადიკალური ოპოზიცია დაარქვას. ამით ხელი გაიშვიროს ისევ ოპოზიციისკენ და უთხრას დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიციას ჰყავს რადიკალები, არ დგამს არც ერთ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ და არ ხვდება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობაზე, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს "ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა, თანხმობა განაცხადეს მხოლოდ "მოქალაქეებმა", "გირჩმა", პარტიამ "საქართველოსთვის" და რესპუბლიკურმა პარტიამ. სამნიძე ოპოზიციონერ კოლეგებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროცესში ჩართვისკენ. რატომ ფიქრობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომ ოპოზიციის ჩართვა მნიშვნელოვანია და რას ფიქრობს ოპოზიციონერი ლიდერების პოზიციაზე, ამის შესახებ მასთან საუბრისას შევიტყობთ.
- გეგმა, რომელიც კობახიძემ წარმოადგინა, კონკრეტული შინაარსით დატვირთული არ არის. საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ხედავს ამ პროცესს მმართველი გუნდი. შესაბამისად, რჩება განცდა, რომ "ქართული ოცნება" ადეკვატურად არ აღიქვამს ვითარებას და მხოლოდ ფასადურად აპირებს ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, სწორედ ამიტომ მივმართეთ "ოცნებას" გეგმა შინაარსით და მეტი კონკრეტიკით დაეტვირთა. ოპოზიციის მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ამას აზრი არა აქვს. მე როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი შევხვდი სპიკერს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ საუბარს წინ არაფერი უდგას. ამასთან, მართებულად მივიჩნიე, რომ გაგვეცნო მისთვის ჩვენი დღის წესრიგი და ხედვა. შეხვედრაზე პაპუაშვილს შევთავაზე დეპოლარიზაციისკენ მას გადმოედგა პირველი ნაბიჯი, ვინაიდან სწორედ მმართველი პარტიის ვალია დეპოლარიზაციის შემცირება. ჩემი აზრით, ამისთვის კარგი გზავნილი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი და მეორე მოსმენით მიღება. ეს დაადასტურებდა, რომ "ქართული ოცნება" მართლაც აპირებს დეპოლარიზაციაზე მუშაობას. სამწუხაროდ, საამისო მზაობა ვერ დავინახე. როგორ წავა პროცესი, ამას მმართველი გუნდის ნაბიჯები გვიჩვენებს. რესპუბლიკელები ამაში არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რაღაც ეტაპზე რიგი პირობები შესრულდეს, საქმეში ჩაერთონ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პროცესი გახდეს მთლიანად ინკლუზიური; ან სულაც პირიქით მოხდეს და ვინც მონაწილეობს, მათაც მიატოვონ ყველაფერი. დღეს იმაზე საუბარი, პროცესში არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ მონაწილეობასო, არასწორია. კი, "ქართული ოცნება" ყველანაირად შეეცდება, რომ მუშაობის პროცესში სხვადასხვა მაქინაციით ბარიერები შეგვიქმნას, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. Uთუ პროცესში მონაწილეობაზე უარს ვიტყვით, ეს ხელისუფლებისთვის კარგიც კია, უფრო მარტივად გადმოგვაბრალებს ყველაფერს - იტყვის, რომ ოპოზიციას თავად არ სურს დეპოლარიზება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული მანდატი შესაბამისად გამოვიყენოთ. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ არა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ევროპული მომავლისთვის.
- ამ ფონზე როგორ აფასებთ კობახიძის განცხადებას, რომ დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.
- კობახიძემ მრავალნაცადი ხერხი იხმარა და კიდევ ერთხელ შეეცადა, ოპოზიცია წყობიდან გამოეყვანა და რადიკალური ნაბიჯების გადადგმისთვის ებიძგა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის მიზანმიმართულად აკეთებს ასეთ განცხადებებს სრული რადიკალიზაციისთვის. "ოცნებისთვის" მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრაზე პარტიების ნაწილი მივიდოდა სასაუბროდ და საკუთარ დღის წესრიგსაც მიიტანდა. ახლა ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და შეეცადნენ ხელოვნურად გაერთულებინათ სიტუაცია. ცდას არ აკლებენ, რომ მთლიანი ოპოზიცია რადიკალებად წარმოაჩინონ. დიახ, საბაბი უნდათ, რომ ხელი გამოიშვირონ ჩვენკენ, დასავლელ პარტნიორებს უთხრან, რომ რადიკალი ოპოზიციონერები არ დგამენ არც ერთ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას ოპოზიციური პარტიიდან, ასეთი მიზანმიმართული განცხადების შემდეგ პირიქით, მეტი შემართებით ჩავერთოთ პროცესში, რომ ოცნებამ" წარმოადგინოს, რას აპირებს კობახიძის ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ. შანტაჟის ენით საუბარი მან უკვე დაიწყო ევროკავშირთან. მეორე მხრივ, კობახიძეს ვურჩევ, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს თავი დაანებოს. თუ დატოვებენ 5%-იან ბარიერს და უფრო გააღრმავებენ პოლარიზაციას, თვითონვე გაებმებიან ამ მახეში.
- მახეში რას გულისხმობთ?
- თუ "ქართული ოცნება" შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ისევ 5%-იან ბარიერს დატოვებს, შეიქმნება ოპოზიციური გაერთიანება, რაც ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს.
ხათუნა ბახტურიძე