"თეზისი - არ იქნება ომი, არ იქნება სტატუსი, ნიშნავს, რომ წინასწარვე იმზადებენ ნიადაგს, 12 რეკომენდაცია არ იყოს შესრულებული“ - კვირის პალიტრა

"თეზისი - არ იქნება ომი, არ იქნება სტატუსი, ნიშნავს, რომ წინასწარვე იმზადებენ ნიადაგს, 12 რეკომენდაცია არ იყოს შესრულებული“

"ჩვენ არ გავყვებით "ქართული ოცნების" გეგმას, რომელიც დროის გაწელვის გეგმა და სიცრუის გზაზე დადგომაა, რაც შედეგამდე არ მიგვიყვანს", - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რომან გოცირიძის აზრი ევროკავშირის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების იმ გეგმაზე, რომელიც პარტიებს "ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა. გოცირიძის თქმით, ხელისუფლებისადმი უნდობლობის მრავალი საფუძველი არსებობს. ოპოზიცია მმართველ გუნდსა და საზოგადოებას საკუთარ გეგმას შესთავაზებს, რომელიც რეალურია და რომლის საკითხთა ნაწილის სწრაფად შესრულებას წინ არაფერი უდგას, გარდა "ქართული ოცნებისა". რატომ მიიჩნევს ოპოზიცია დროის კარგვად მმართველ გუნდთან თანამშრომლობას, როგორია მათი გეგმა და როგორ აპირებს მის შესრულებას მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშე, ამის თაობაზე რომან გოცირიძე­ გვესაუბრება:

- ხელისუფლების გეგმა არასერიოზულია: ჯერ დეპოლარიზაცია და შემდეგ დანარჩენი... დეპოლარიზაციის წყარო სწორედაც დანარჩენი მუხლების არსებობაა, სწორედ ეს იწვევს ქვეყანაში განხეთქილებას. ჯერ ფული, მერე სკამები! 12 სკამის შესახებ ფილმი ან წიგნი ვისაც ახსოვს, ასეა. "დილით ფული, საღამოს სკამები". გვაჩვენონ ერთი სკამი მაინც, ერთი რეკომენდაცია მაინც შეასრულონ, პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მიიღონ... იქნებ ბლეფობენ თუ სურვილი არა აქვთ?

- იქნებ არ ბლეფობენ და იქნებ სურვილიც აქვთ?

- გამორიცხულია! ჩვენ უკვე გვაქვს­ "ოცნებასთან" ურთიერთობის მწარე გამოცდილება. რეკომენდაციებში აღნიშნული საკითხები ჩვენი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია და ამას "ოცნებას" ვერ ვანდობთ. მე ხომ ვიცი, რას ცდილობენ, სურთ საზოგადოება შეაგუონ, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მივიღებთ. მთელი მათი განცხადებები მიმართულია დეზინფორმაციისაკენ, სურთ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს დეკემბერში სტატუსს მხოლოდ იმიტომ ვერ მივიღებთ, რომ ომში არ ვართ. თეზისი - არ იქნება ომი, არ იქნება სტატუსი, ნიშნავს, რომ წინასწარვე იმზადებენ ნიადაგს, 12 რეკომენდაცია არ იყოს შესრულებული. სინამდვილეში "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ უნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, იმიტომ, რომ იციან, ძველებურად ერთპიროვნულად, არაფორმალურად ვეღარ მართავენ ქვეყანას და ფულს ვერ გააკეთებენ. ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგანან - ან პრივილეგიები და ბევრი ფული, ან ძალაუფლების დაკარგვა.

- თუ ასე ფიქრობთ, მმართველ გუნდს დამატებით საბაბს ხომ არ აძლევთ იმისთვის, რომ რეკომენდაციები არ ან ვერ შეასრულოს?

- გამორიცხულია, ხელისუფლება ჩვენ ვერაფერს დაგვაბრალებს, რადგან ევროკავშირის 12 პუნქტიდან 11-ის ოპოზიციის გარეშე შესრულება შეუძლია, კონსტიტუციის გარდა, ნებისმიერი კანონის მიღება შეუძლია. პირიქით, სიამაყით შეუძლიათ თქვან - მივიღეთ 11-ვე და მე-12-ს იმიტომ ვერ ვიღებთ, რომ ოპოზიციის ხმები გვაკლდებაო. ჩვენ მიზეზებს კი არ ვეძებთ, ნებისმიერ სამუშაო პროცესში ჩავერთვებით, თუ რეალისტურ გეგმაზე იქნება აგებული.

- როგორია რეალისტური გეგმა?

- ეს ხომ ძალიან ნათელია - დავიწყოთ მუშაობა, მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა, გამოვიტანოთ პირველი რიგის საკითხები, რომლებიც, ერთი მხრივ, აღძრავს ნდობას და მეორე მხრივ, დაძრავს პროცესს. პარლამენტში ახლა მუშაობა უნდა ჩქეფდეს, ერთი ამბავი უნდა იყოს ატეხილი, ესენი კი გვეუბნებიან, წადით, დაისვენეთო. 6 წელია დეპუტატი ვარ და არ მახსოვს, ივლისში რიგგარეშე სხდომები არ ჩაგვეტარებინოს. უამრავი საქმეა დასასრულებელი, მათ შორის წლიური ანგარიში როგორც ეროვნული ბანკის, ასევე აუდიტის სამსახურის, ბოლოს და ბოლოს, ვეტო აქვთ დასაძლევი. ვის გაუგია, სამი თვით გადადონ ვეტოს დაძლევა? ეშინიათ, შეკრება არ უნდათ. ჩვენ მუშაობას ვითხოვთ. პაპუაშვილი რომ გვეტყვის, რეკომენდაციების შესრულება დეპოლარიზაციით დავიწყოთ, თქვენ გაჩუმდით, ხმა არ ამოიღოთ და კომისიებში დავიწყოთ მუშაობაო, ეს არ ითვლება. ჯერ დეპოლარიზაცია, შემდეგ რეკომენდაციების შესრულება - ეს არის "ქართული ოცნების" მორიგი ტრიუკი და ამაზე არავინ წამოეგება. ჩვენ უკვე ვიცით, ბიძინა ივანიშვილს ტრიუკები რომ უყვარს. ივანიშვილი იქამდე მიიყვანს საქმეს, სანქციები სანატრელი გაუხდება. გვახსოვს ხომ ბალადა, როგორ დაღუპა რქებმა ირემი? ძალიან რომ მოსწონდა თავისი რქები, რომლითაც მერე ბუჩქებში გაიხლართა და ლომის კერძი გახდა? ივანიშვილი მისმა "რქებმა" დაღუპა: პარტიამ, პრემიერმა, "ტროიკამ", მრჩევლებმა თუ თანამესუფრეებმა. დასწამო ევროპას, ამერიკას, ნატოს, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა სურთ, საერთაშორისო მასშტაბის ავანტიურაა. აგერ თქვენ და აგერ მე, ნახავთ, თუ ივანიშვილი თავისივე დაგებულ მახეში არ გაებას. ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ შვეიცარიული ბანკი კვლავ აფერხებს ბიძინა ივანიშვილის თანხების გადარიცხვას და ამას ევროკავშირის რეზოლუციით ხსნის. ესე იგი, მას რუს ოლიგარქად განიხილავენ. ჯერ სად არის! ფაქტობრივად, ნაწილობრივი სანქცირების რეჟიმშია. ევროკავშირის რეზოლუციას აუცილებლად მოჰყვება სხვა ქმედებებიც. არაა გამორიცხული, ანალოგიური ზომები ამერიკის კონგრესშიც მიიღონ. ან მიტაცებული ძალაუფლების დათმობა, ან სრულფასოვანი სანქციები და ქონება-ძალაუფლების დაკარგვა. არჩევანი ახლა მასზეა. დაბალი ბარიერითა და სრულიად პროპორციული სისტემით მომდევნო არჩევნების ჩატარების შესახებ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ევროკავშირის სტატუსის მიღების შემდეგ იქნება დამტკიცებულიო, ანუ 2023 წელს. ესე იგი, "ოცნებას" ეშინია ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, დამატებითი მოტივები უჩნდებათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად.

- როგორია თქვენი გეგმა, რომელსაც მმართველი გუნდის ალტერნატივად წარმოადგენთ?

- ჩვენი გეგმა იქნება რეალური, რომელთა ნაწილის სწრაფად შესრულებას წინ არაფერი უდგას, გარდა "ქართული ოცნებისა", მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

ხათუნა ბახტურიძე